4 minute read
რუსკა ჟორჟოლიანი: "რთულია ორი კულტურის საზღვარზე დგომა!"
დღეს მის ნაწარმოებებზე მთელი იტალიური სამწერლობო საზოგადოება საუბრობს. აფასებენ, როგორც პერსპექტიულ მწერალს და ნაწარმოებს დადებით რეცენზიებს უძღვნიან, თუმცა ამ წარმატებამდე მისასვლელი გზა მარტივი სულაც არ ყოფილა. ყველაფერი კი ომის ცრემლიანი ისტორიით დაიწყო გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინიდან.
რუსკა ჟორჟოლიანი დღეს აღიარებული იტალიურენოვანი ქართველი მწერალია. მან ჟურნალ Diplomat-ს უამბო იმ თავგადასავალზე, რომელმაც ორი ქვეყნის ლიტერატურის საზღვრამდე მიიყვანა.
Advertisement
დავიწყოთ იმ გზით, რომლის გავლაც მცირე ასაკში მოგიწიათ საქართველოდან იტალიამდე, როგორ აღმოჩნდით პალერმოში ?
როდესაც თბილისში ჩამოვედით, ძალიან გვიჭირდა. 1996 წელს გავიგეთ პროექტზე, რომელსაც ახლადჩამოყალიბებული "საზოგადოება საქართველო-იტალია" ახორციელებდა. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ვახტანგ ესვანჯია. პალერმოსა და თბილისის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დამეგობრებულან, მაშინდელ პალერმოს მერს, ლეოლუკა ორლანდოს, განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან. ახლაც, როდესაც ვინმე ქართველს შეხვდება, სიამაყით აჩვენებს ხოლმე პატრიარქის ნაჩუქარ ჯვარს და ამბობს, მე ნახევრად ქართველი ვარო. 1996 წლებში იგი მეორე მოწვევის მერი იყო. როდესაც შეატყობინეს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ, დაინტერესდა ათასობით ბავშვის ბედით. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო, ჰუმანიტარული დახმარება გაეწია ბავშვებისთვის და თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში უკეთეს პირობებში საცხოვრებლად მიეწვია. შერჩეულ ბავშვებს შორის მეც მოვხვდი, მაშინ 11 წლის ვიყავი. კერძო ჩარტერული რეისით გადავფრინდით პალერმოში და იქ ოჯახებში გადაგვანაწილეს. ასე მოვხვდი იმ ოჯახში, რომლის შვილობილიც ვარ დღემდე.ყოველ ზაფხულს შეეძლოთ ამ ოჯახებს, თავისთან მივეწვიეთ. ზაფხულში გვიწვევდნენ იმიტომ, რომ სკოლა მთავრდებოდა და არდადეგები იწყებოდა.
გახსოვთ ის პირველი ემოციები, როდესაც იტალიაში აღმოჩნდით ?
რამდენიმე თვის წინ ვნახე იტალიაში ჩვენი ჩასვლის ვიდეო, საკმაოდ შეშინებული და დაბნეული სახეები გვაქვს ბავშვებს. იყო შიში ენობრივი ბარიერის, უცხო ხალხთან ცხოვრების, შიში იმის, რომ ჩვენს ოჯახებს კარგა ხანი ვერ ვნახავდით. შემდეგ კადრებში უკვე იცვლება ჩვენი ემოციები. როდესაც მასპინძელ ოჯახებს შევხვდით და გავეცანით, იქ ჩემი სახე ცოტა დამშვიდებულია.
როდის მიხვდით, რომ წერა იყო ის, რაც გინდოდათ?
იტალიაში ჩამოსვლისას დღიურის წერა დავიწყე, შეიძლება ეს ჩემი ემოციური მდგომარეობითა და ნოსტალგიური განწყობით იყო განპირობებული. ვაკვირდებოდი ყველაფერს და ვწერდი. ისიც კი მეგონა, ჩემ გარშემო ყველა დანარჩენი ბავშვი წერდა. მახსოვს, ერთხელ ვიკითხე კიდეც, თქვენ არ წერთ-მეთქი?! - ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თურმე სხვები არ წერდნენ.
ფურცელს ვუმხელდი საკუთარ შიშებს, მომავლის ბუნდოვან მოლოდინს... ვწერდი ქართულად, ისე, როგორც შემეძლო. წერა მიმსუბუქებდა უცხო ქეყანაში ყოფნის სიმძიმეს. მერე ვიგრძენი, რომ მსიამოვნებდა და თითქოს კარგად გამომდიოდა კიდეც. მოზრდილ ასაკში პოეზიის თარგმნა დავიწყე, ვთარგმნიდი ქართულიდან იტალიურად და პირიქით. თუმცა ფიქრი იმაზე, რომ რამე სერიოზულს შევქმნიდი, ამ პერიოდში არ მქონია.
საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იტალიაში მოიპოვეთ ნიჭიერი და პერსპექტიული მწერლის სტატუსი, 22 წლის ასაკში თქვენი ლექსი გახდა პოეტურ კონკურს "მონდელო ჯოვანის" რჩეული, ხომ არ იქცა ეს ერთგვარ მოტივაციად, დაგეწერათ რომანი?
როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავასრულე და აქ ჩამოვედი, მივხვდი, მზად ვიყავი თავად შემექმნა ნაწარმოებები და უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს. ერთ-ერთი პირველთაგანი, რაც დავწერე, ზუსტად ის ლექსი იყო, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა, რასაკვირველია, ეს ერთგვარი მოტივაციაც აღმოჩნდა, მეტად დავახლოებოდი წერას.
თქვენ წერთ იტალიურად, გამომცემლობამ „Corrimano” თქვენი პირველი წიგნი "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი" 2016 წელს გამოსცა, რამდენად რთული იყო ქართველი გოგონასთვის იტალიურ გამომცემლობასთან მისვლა და იმაში დარწმუნება, რომ თავისი ნაწარმოები მართლაც იმსახურებდა გამოქვეყნებას?
გზა რომანის დაბეჭდვამდე ნამდვილად რთული იყო, თავიდან არც მეგონა, რომ ვინმე დაბეჭდვის ღირსად ჩათვლიდა ჩემს ნაწარმოებს. გამომცემლები ათასობით ნაწერს იღებენ ყოველთვიურად, ხშირად ისინი წაუკითხავად გიშორებენ თავიდან. მათთვის ერთგვარი რისკია უცნობი, დებიუტანტი ავტორების წიგნების გამოცემა. ჩემ შემთხვევაში, ვიტყოდი, ნამდვილად გამიმართლა.
გამომცემლობა „Corrimano", რომელმაც ჩემი წიგნი დაბეჭდა, პალერმოში ახალგაზრდებმა დააარსეს. ისინი ეძებდნენ "ახალ კალმებს". უფრო მიმღებლები იყვნენ და მიმართულნი იმისკენ, აღმოეჩინათ ღირებული ნაწარმოებები. მათთან მივედი და წიგნის პირველი ნაწილი მივიტანე. არაფრის პირობა არ მოუციათ. მახსოვს, რამდენიმე თვე ველოდი პასუხს. მანამდე სხვა გამომცემლობებშიც ვგზავნიდი, მაგრამ ისინი წაუკითხავად მიშვებდნენ უარყოფილთა სიაში. და, აი, „Corrimano-დან“ დამირეკეს და მითხრეს, მეორე ნაწილიც მიმეტანა, რადგან უკვე მზად იყვნენ წიგნის გამოსაქვეყნებლად.
როგორი იყო იტალიელი მკითხველის პირველი შთაბეჭდილებები ?
ჩემი პირველი მკითხველნი პალერმოს მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. ძალიან დიდი ინტერესი და სითბო ვიგრძენი მათგან. ნაციონალურ დონეზე პირველად გაზეთ La Stampa-ში დაიბეჭდა რეცენზია. ამ რეცენზიამ ერთგვარად გზა გაუხსნა წიგნს. მერე უკვე ჩრდილოეთ იტალიიდან, ფლორენციიდან, მილანიდან და იტალიის სხვა ნაწილებიდანაც მეხმიანებოდნენ. ეს შეტყობინებები, რომლებიც დღემდე გრძელდება, გულს მითბობს და ერთგვარი სტიმულია ჩემთვის.
წიგნში "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი" მოქმედება საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთ გამოგონილ ქალაქში ვითარდება, მთავარი თემა კი სტალინური რეპრესიებია, რატომ კონკრეტულად საბჭოთა კავშირის პერიოდი?
ეს იყო რეალობა, რომელსაც ასე თუ ისე ვიცნობდი. სინამდვილე, რომელიც მაწუხებდა. საბჭოთა კავშირში დავიბადე, ახალგაზრდობისას მის ნანგრევებს მოვესწარი. შეიძლება ითქვას, უარესიც კი იყო ამ ნანგრევებში ცხოვრება.
რეალურად, გამოგონილი ქალაქის პროტოტიპი საქართველოა, მაგრამ ისიც არ მინდოდა, ვინმეს ეფიქრა, მე საქართველოზე ვწერდი და ყურადღების მიქცევას ამით ვცდილობდი - ჩემი დევნილობით ან წარსულით. არაპირდაპირ კი ბევრი რამ მიუთითებს, რომ ავტორი ქართველია.
როგორც ვიცი, ახალ წიგნზეც მუშაობთ, რას შეეხება წიგნი?
წიგნი რედაქტირების პროცესშია და მარტში გამოვა. რომანში მოქმედება XX საუკუნის 20- 30-იანი წლების იტალიაში იწყება და 50-იანი წლების ბოლომდე, ეკონომიკური ბუმის დასაწყისამდე გრძელდება. ეს არის წიგნი ფაშიზმის პერიოდზე, იტალიის ისტორიასა და იმაზე, რომ რაღაცები უცვლელი რჩება. კერძოდ, არსებობს ისეთი რამ ეროვნულ ხასიათში, რაც ქმნის ისტორიას და პირიქით, რასაც ისტორია სახეს აძლევს და აყალიბებს. ეს თემა ერთგვარად საკმაოდ სარისკო იყო. ერთი შეხედვით, თითქოს მე პრეტენზია არ უნდა მქონოდა იტალიის ისტორიაზე. თუმცა რატომაც არა, ეს ხომ გარეშე თვალით დანახული რეალობაა, რომელიც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს თავად იტალიელებისათვის.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ ხართ ქართველი მწერალი, რომელიც გარემოებების გამო იტალიურად წერს. ხომ არ ფიქრობთ მომავალში ქართულად დაწერაზე?
აუცილებლად, მე ვთვლი, რომ თუ რამე ღირებულის შექმნა მართლა შემიძლია და თუ რამე ნიჭი გამაჩნია, ამ ნიჭის საზომი, უპირველეს ყოვლისა, ჩემი მშობლიური ენაა. ჩემთვის მშობლიურ ენაზე წერას მზაობა სჭირდება, ეს სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც მკითხველთან ის რჩები, ვინც სინამდვილეში ხარ.
იტალია და საქართველო - ორი ქვეყანა, რომელიც თქვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს აკავშირებს. რას ნიშნავს თქვენთვის, ატარებდე ამ ორ დიდ კულტურას?
ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ქართველებისა და იტალიელების ორი უმთავრესი კულტურული ნიშანი არის ლიტერატურა და ენა. შესაბამისად, როცა ან ერთ ენაზე წერ, ან მეორეზე, უნდა იცოდე, ამ უდიდესი ლიტერატურული ტრადიციების მქონე ხალხს ვერაფერს გამოაპარებ და მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე. მითუმეტეს, რთულია, როცა ამ ორი კულტურის საზღვარზე დგახარ. ხან - ერთის, ხან მეორეს მხარეს იცქირები, თითქოს საბოლოოდ ერთ-ერთ მხარეს უნდა გადახვიდე. არჩევის არანაირი სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს და ცხოვრებამ დამაყენოს გადაწყვეტილების მიღების წინაშე. ზღვარზე დგომა ძალიან რთულია, იმდენად რთულია, ყოველგვარ ადამიანურ ძალისხმევას აღემატება. ამასთანავე, დადებითი მხარეც აქვს - გარკვეულ სიმდიდრეს ფლობ! ოღონდ სიმდიდრეს სწორად გამოყენება და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. შეიძლება, დღეს გქონდეს, ხვალ ხელში შემოგეფშვნას, გაგეფანტოს. ასე თუ ისე, მზად ვარ ამ ყველაფრის სატარებლად.
ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ორივე მხარის კულტურულ ურთიერთობებში, თარგმანებითა თუ საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობით, რომლებშიც ვხედავ ჩემი ჩართულობის საჭიროებას.
გამოსავალი ეს არის, როდესაც ამ საზღვარზე დგახარ. რთულია წონასწორობის დაცვა, მაგრამ ვცდილობ, ორივე მხარეს სიკეთე შევძინო.