4 minute read
ENPARD – ევროკავშირი უფრო ძლიერი საქართველოსთვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ღვინო, თონე, შემოდგომაზე მოსავლის აღება - სოფლის მეურნეობა საქართველოს მდიდარი კულტურისა და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შესაბამისად სექტორის განვითარებას ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის თუ თხილის ხარისხი საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, ქართული სოფლები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, მათ შორის შემოსავლების სიმცირის და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლების კუთხით. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის ცენტრში. ამ მხარდაჭერის საუკეთესო მაგალითია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD), რომელსაც ევროკავშირი საქართველოში 2013 წლიდან ახორციელებს. ENPARD მიზნად ისახავს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სოფელ ადგილების გაძლიერებას, მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორთან და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. დღემდე, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამისთვის 500 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, ხოლო მომდევნო ახალი ფაზისთვის დამატებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს. პროგრამა ENPARD ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით პარტნიორებთან ერთად, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მის სააგენტოებთან, სხვა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ქეა (CARE), ფიფლ ინ ნიდ (People in Need), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ჰექს/ეპერ საქართველო (HEKS/EPER), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ჩეხეთის კარიტასი (Caritas Czech Republic), მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. დღემდე, ENPARD-ის დახმარებით 250,000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ქვევით იხილეთ ინფორმაცია პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
Advertisement
უკეთესი პოლიტიკა უფრო ძლიერი სოფლის მეურნეობისთვის
სოფლის მეურნეობის სექტორის აღმავლობისთვის ეფექტურ სამთავრობო პოლიტიკას გადამწყვეტი როლი აქვს. სექტორის გაძლიერების მიზნით ENPARD უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. პროგრამის დახმარებით მთავრობის 400-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა, სექტორის განვითარების ფუნდამენტური პოლიტიკის დოკუმენტები შემუშავდა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, სოფლის მეურნეობის ექსტენციის სტრატეგია ან სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია. ENPARD-ს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ახალი 2021-2027 წლების სტრატეგიისა და სურსათის უვნებლობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. პოლიტიკის გაუმჯობესების შედეგად სახეზეა ზოგიერთი ისეთი მნიშნელოვანი ღონისძიება, როგორიცაა სურსათის ბაზრის ფასების საინფორმაციო სისტემის შექმნა, რომელიც ფერმერებს საუკეთესო ფასების მიღებაში ეხმარება, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც განსაკუთრებულ საერთაშორისო სტატუსს ანიჭებს ქართულ პროდუქტს, როგორიცაა მაგალითად ჩურჩხელა, და სხვა.
სასოფლო-სამეურნეო ხარჯების შემცირება, მოსავლის ზრდა, შემოსავლების გაუმჯობესება
შემოსავლების გაზრდა ENPARD-ის უმთავრესი მიზანია. ამ მიზნისთვის, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელი დავნერგეთ. კოოპერატივები ფერმერებს რესურსების გაერთიანებაში, ხარჯების შემცირებაში და შემოსავლების ზრდაში ეხმარება. დღეს საქართველოში 1000-ზე მეტი რეგისტრირებული კოოპერატივია, რომელთაგან 300-ს ევროკავშირის პირდაპირი ფინანსური და ტექნიკური დახმარება აქვს მიღებული. თავდაპირველმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მიდგომა წარმატებულია - კოოპერატივებმა შემოსავლები 30% -ით გაზარდეს და ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნეს. ცოდნის გავრცელება ENPARD-ის ქვაკუთხედია. დღიდან დაწყებისა, პროგრამამ პარტნიორებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებთან ერთად, ფერმერების გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო. ბოლო პერიოდში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა გაეროს სურსათის ორგანიზაციასთან (FAO) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად - თანამედროვე ტექნიკის მნიშვნელობის და შედეგების საჩვენებლად ქვეყანაში 25-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო. ამ პროგრამებით 1000-მდე ფერმერი გადამზადდა. პირველი სეზონის ბოლოს ისინი უკვე 40%-ით მეტ მოსავალს და 30%-ით შემცირებულ ხარჯებს იღებენ. ამასთან, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდები მათი საქმიანობის მეტ მდგრადობასაც უზრუნველყოფს. პროგრამა ასევე აკავშირებს ფერმერებსა და საცალო მოვაჭრეებს, რაც ხელს უწყობს ფერმერთათვის სტაბილური შემოსავლის შექმნას და მაღაზიებში უფრო მეტი ქართული პროდუქციის შეტანას. ფერმერთა ისტორიების შესახებ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ აქ: https://eu4georgia.ge/goodharvest/. წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში სოფლის მეურნეობის მომავლისთვის გადამწყვეტია. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს არამხოლოდ შიდა სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, არამედ ქართულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა ევროპულ ბაზრებზეც გაზარდოს, უკეთ გამოიყენოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) და ამ პროცესში სოფლის მოსახლეობის შემოსავლებიც მეტად გაზარდოს.
ფართო ხედვა - სოფლის განვითარება
ENPARD-ის პროგრამა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას არ გულისხმობს - სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად თავად სოფლის განვითარებაც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულების ხელშესაწყობად, ჩვენი დახმარებით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია შეიმუშავა, ამასთან ქვეყანაში ხორციელდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის, LEADER მიდგომის დანერგვა. სოფლის განვითარების შესანიშნავი მაგალითია ENPARD-ის პროგრამის მიერ ადგილობრივი საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა, რაც ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნით ხორციელდება. LAG-ები გადაწყვეტილების მიღების პროცესის ‘ქვემოდან ზემოთ’ მიდგომას ეფუძნება. ისინი ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებას და გაძლიერებას ახდენენ, რათა ადამიანებმა თავად მიიღონ მონაწილეობა საკუთარი თემის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში. ევროკავშირმა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დღემდე 12 LAG-ის დაარსებას დაუჭირა მხარი, 500-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა, დასაქმების შესაძლებლობები შექმნა, სოფლად ეკონომიკური მრავალფეროვნების გაზრდა და 10,000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობების გააუმჯობესა. პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია შერვაშიძეების ოჯახი ქედაში. მათ ადგილობრივი LAG-ის საშუალებით დაფინანსება მიიღეს და საკუთარ ვენახებთან ახლოს ოთხი სასტუმრო კოტეჯი, ტრადიციული აჭარული ნალია ააშენეს, გააფართოვეს ტურიზმის ბიზნესი და სტუმრებს ღამისთევის შესაძლებლობა მისცეს. მსგავსი ამბების ნახვა შეგიძლიათ აქ: https://eu4georgia.ge/myvillage/
სამომავლო გეგმები
ENPARD-ის მიმდინარე პროგრამები (ENPARD I-III) 2022 წლამდე გაგრძელდება. ახალი, მეოთხე ეტაპის შესახებ მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე სრულდება. ENPARD IV პროგრამის წინა ფაზების პოზიტიურ შედეგებს დაეფუძნება და ორ მთავარ კომპონენტად დაიყოფა: (1) სურსათის უვნებლობა და სანიტარული და ფიტოსანიტარული (SPS) ზომები და (2) სოფლის განვითარება. პროგრამის IV ფაზა საქართველოს სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების დანერგვის მხრივ დამატებით დახმარებას გაუწევს, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. მეოთხე ფაზა გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. იგი ასევე მხარს დაუჭერს სურსათის ბიზნესოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირებისთვის.
ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ახალი რეგიონები ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი შეთანხმებით შეირჩევა (მათ შორისაა კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).
ENPARD პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.enpard.ge.