13 minute read

საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმატება, საინვესტიციო პოტენციალი და რეგიონული აგრარული ჰაბის სტატუსი - Diplomat Magazine

მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის წლევანდელი შედეგებით კმაყოფილია, თუმცა შორს არის იმ აზრისგან, რომ ფერმერებს პრობლემები არ შეხებიათ და არ უგრძვნიათ. რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველოს აგრარული სექტორი პანდემიას და რა იყო მთავარი გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც სამინისტროს მოუხდა, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მინისტრს პირადად ვესაუბრეთ.

კრიზისი უფრო მეტად აგროსასურსათო სფეროს შეეხო. კერძოდ, ჩვენ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში სურსათის მიწოდების მხრივ შევნიშნეთ შეფერხებები. ეს უკავშირდებოდა რამდენიმე ფაქტორს: 1) სასურსათო მარაგებს - ფიზიკურად პროდუქციის არსებობას და 2) ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რადგან ინფექციის გავრცელების გამო შემოვიდა ახალი რეგულაციები როგორც სატვირთო, ისე საავიაციო გადაზიდვებზე და სატრანსპორტო ნაკადები შეიზღუდა. პირველი, რაზეც ჩვენ - ხელისუფლებამ - ვიზრუნეთ, იყო ის, რომ მოსახლეობას სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა არ შექმნოდა. სამინისტრომ მიიღო დავალება და დაიწყო ძირითადი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის მონიტორინგი, რათა მარაგები მუდმივად შევსებული ყოფილიყო. ამავდროულად, შევქმენით კერძო სექტორთან კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მუდმივ რეჟიმში დაგეგმვისა და მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას გვაძლევდა, რათა ჩვენი მოსახლეობისათვის სურსათი მუდამ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. რაც შეეხება კონკრეტულად აგრარულ სექტორს, იგი აგრძელებდა მუშაობას, რადგან, განსხვავებით სხვა დარგებისგან, სეზონური ფაქტორი სოფლის მეურნეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მკაცრი ჩაკეტვის პირობებშიც კი ფერმერებს ჰქონდათ საველე სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. თუმცა საველე სამუშაოებს სჭირდება ძალიან ბევრი დამხმარე, კერძოდ მომსახურების სფეროსა და სხვა სამრეწველო სფეროების გამართულად მუშაობა. მსგავსი მომსახურების სფეროებია: მექანიზაცია, ტექნიკის გამართვა/შეკეთება, საწვავის მიწოდება, დამხმარე მასალების (სასუქის პესტიციდების, აგროქიმიკატების) შეუფერხებლად მიწოდება. ხშირ შემთხვევაში ამ სამუშაოს კომბინირებული ოპერატორები ახორციელებენ, რაც მკაცრი ჩაკეტვის პირობებში საკმაოდ შეზღუდული იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ არ შეჩერებულა განვითარებაზე ორიენტირებული არცერთი გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა, როგორებიცაა, მაგალითად, თანადაფინანსებები, ახალი მეურნეობების შექმნის ხელშეწყობა და ა.შ.

Advertisement

რომელი ინდუსტრიები დაზარალდა ყველაზე მეტად პანდემიის შედეგად და როგორია სამინისტროს ხედვა მათ მხარდასაჭერად?

ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად დაზარალდა. როდესაც 9 მილიონი ტურისტი, როგორც მომხმარებელი, აკლდება ქვეყანას, ბუნებრივია, შიდა ბაზარზე მიწოდების ფასი იზრდება. მოთხოვნის შემცირება გამოიწვია მოსახლეობის შედარებით იაფ პროდუქტზე მაკომპენსირებელმა გადართვამაც. მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც გაზაფხულზე ბურღულეული გაძვირდა და ბაზარზე გამოჩნდა სეზონური კარტოფილი (რომელიც საკმაოდ იაფია), მან სასურსათო პაკეტში ბურღულეული ჩაანაცვლა. თუმცა ეს ჩვენი ფერმერებისათვის ხელსაყრელი არ არის. ამიტომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირებისას მივეხმარეთ მწარმოებლებს და აქცენტი გავაკეთეთ წარმოების დანახარჯების შემცირებაზე.

ფერმერები თითო ჰექტარზე 200-ლარიანი დახმარებით სასუქისა და სარგავ-სათესი მასალების შეძენას შეძლებდნენ. პირდაპირი დახმარების პაკეტმა დაახლოებით 40 მილიონი შეადგინა. ფერმერებმა ასევე მიიღეს დიზელი შეღავათიან ფასად. საერთო ჯამში ეს იყო 5 მილიონი ლარის შეღავათი იაფად შეძენილი დიზელის სახით. ასევე გაიცა 30 მილიონამდე კრედიტები ერთწლიან კულტურებზე, რომელიც იაფი ფულის რესურსი იყო ყველასთვის, ვისაც სოფლის მეურნეობის დარგში საქმის კეთება უნდოდა, რადგანაც საბანკო პროცენტს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. შესაბამისად, იაფი ფულით იაფი გახდა წარმოებაც. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის სუბსიდია და ინტერვენცია ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობით სავსე ნაბიჯი იყო. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელი სოფლის

აღსანიშნავია, რომ არ შეჩერებულა განვითარებაზე ორიენტირებული არცერთი გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა, როგორებიცაა, მაგალითად, თანადაფინანსებები, ახალი მეურნეობების შექმნის ხელშეწყობა და ა.შ.

მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით წინა წელზე უკეთესია და ჩვენ ველოდებით, რომ ყოველი შემდგომი წელი უკეთეს შედეგებს მოიტანს. ეს ყველაფერი კი იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც გავწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის მაგალითებია: ატმის კულტურის რეკორდული ექსპორტი, პირველად დაწყებული კენკროვანი კულტურების, კერძოდ კი ლურჯი მოცვის რამდენიმემილიონიანი ექსპორტი. ბოლო ათი წელია, საქართველოს ვაშლი რეგულარულ ექსპორტზე აღარ გაჰქონდა. ჩვენ უკვე მეორე წელია, რაც წარმატებით დავუბრუნდით ბაზარს და დავიწყეთ ქართული ვაშლის რეალიზება საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ასევე ცხვრის ხორცისა და ცოცხალი ცხვრის გაზრდილი ექსპორტი და ფრინველთა რეკორდული რაოდენობა.

2015-2020 წლის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში გაწერილი გაქვთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა თითოეულ რეგიონზე სპეციფიკურად იქნება მორგებული მდგრადი სამეწარმეო განვითარების მისაღწევად. რომელ რეგიონში დაიწყო ამ გეგმის განხორციელება და სად გვაქვს შესამჩნევი პროგრესი პროდუქტიულობის ზრდის მიხედვით?

როდესაც ვსაუბრობთ რეგიონულ ხედვაზე, ჩვენ ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ ევროკავშირის სწორი და წარმატებული მაგალითით. ევროკავშირს აქვს მიდგომა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ე.წ. LAG-ების (Local Action Group), განვითარებაზე, რომლებიც მოიცავენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, იქნება ეს ფერმერული საზოგადოება, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აკადემია თუ მეცნიერული ინტელიგენციის წარმომადგენლები. კონკრეტული რაიონისა და მუნიციპალიტეტისათვის ისინი აყალიბებენ პრიორიტეტებს და მუშაობენ სასოფლო განვითარების გეგმაზე, რომელსაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ. ჩვენ ამ ეტაპზე მსგავსი ადგილობრივი სამოქმედო საპილოტე ჯგუფები 19 მუნიციპალიტეტში გვაქვს ჩამოყალიბებული ევროკავშირთან ერთად. გამოყოფილი გვაქვს ორი კომპონენტი: პირველი, რომელიც მოიცავს სუფთა სასოფლო სამეურნეო საქმიანობებს და მეორე, რომელიც გულისხმობს სასოფლო ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წახალისებას, ანუ სოფლად სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების წახალისებას, რომელიც შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა ან მასთან დაკავშირებული ახლობელი დარგები, როგორებიცაა ინდუსტრიული, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება (შენახვა, შეფუთვა და სორტირება), ასევე შეიძლება მოიცავდეს ტურისტულ ელემენტებს, როგორებიცაა აგროტურიზმი, ეკოტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ასევე შეიძლება იყოს სატყეო და ბუნებრივი რესურსებით სწორად სარგებლობის საშუალება, რადგან საქართველოში არის მუნიციპალიტეტები, სადაც სასოფლო სამეურნეო შესაძლებლობები და სახნავი მიწა ძალიან მწირია, თუმცა წარმოდგენილია ტყის რესურსები, რომლებითაც სწორად და მდგრადად სარგებლობა ეკონომიკური სარგებლის მომტანია. ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ასევე ველოდებით კიდევ ერთი ახალი პროგრამის დაწყებას, რომელიც რამდენიმე რეგიონზე იქნება ორიენტირებული და მოიცავს სოფლის განვითარების ბევრ კომპონენტს შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით წინა წელზე უკეთესია და ჩვენ ველოდებით, რომ ყოველი შემდგომი წელი უკეთეს შედეგებს მოიტანს. ეს ყველაფერი კი იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც გავწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

რეგიონული კონტექსტი გათვალისწინებული იყო ჩვენს სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროგრამებშიც, კერძოდ კი, ნიადაგობრივი და კლიმატური მოცემულობების გათვალისწინებით აღმოჩენილი მხარდაჭერა, მაგალითად, პროგრამა „ქართული ჩაი“ ითვალისწინებდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ჩაის ძირითად მწარმოებელ რეგიონებში (სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა). ასევე თხილის დახმარების პროგრამა, რომელიც მავნე დაავადებებთან ბრძოლას ისახავდა მიზნად. ფერმებში აგროტექნიკის შეტანა და გამოცდილების დამკვიდრება ასევე რეგიონული განვითარების ელემენტებს მოიცავდა. მრავალწლიანი კულტურების გაშენებაც კონკრეტულ რეგიონებზეა გათვლილი, რომელიც ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოწმდება და დასტურდება.

გაეროს განვითარების პროგრამის 2013 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხორბლისა და სიმინდის წარმოებით საქართველო როგორც რეგიონის, ისე სხვა საკმაოდ ღარიბ ქვეყნებსაც ჩამორჩება, თუმცა რაიმე ფიზიკურ-გეოგრაფიული დაბრკოლება ექსპერტებმა ვერ ამღოაჩინეს. რა გააკეთა სახელმწიფომ მარცვლეული მეურნეობის პროდუქციის ზრდის კუთხით?

ამ საკითხის გარშემო უამრავი სპეკულაციაა და მინდა ეს ინტერვიუ გამოვიყენო საპასუხოდ. როდესაც რუსულ ხორბალზე ჩვენს დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში იაფი და ხარისხიანი მარცვლეულის გლობალური მიმწოდებელი სწორედ რუსეთია. მან ძალიან ბევრი ქვეყნის ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლა და ყოველწლიურად ხსნის რეკორდებს ექსპორტში. ამავდროულად, რეგიონში არის მეორე უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა - უკრაინა, რომელიც მარცვლეულის ლიდერი და კონკურენტუნარიანი მწარმოებელი ქვეყანაა. ასევე მსოფლიო ლიდერ მწარმოებელ ქვეყნებთან ახლოსაა ყაზახეთიც. ასე რომ, რეგიონული კონტექსტი ამ მიმართულების განვითარებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია. სოფლის მეურნეობაში მთავარია, ჩვენ მეტ ღირებულებას ვქმნიდეთ და მეტი იყოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობა და შემოსავალი. ეს არის ორი ამოსავალი ფაქტორი სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის ჩამოყალიბების პროცესში და არა ის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული კულტურის წარმოებაზე ვიყოთ ორიენტირებული. რაც შეეხება სიმინდს, ჩვენ მისით სრულად შეგვიძლია საქართველოს უზრუნველყოფა. პროდუქტიულობა კი წლიდან წლამდე იზრდება. მაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტის წარმოებას შევძლებთ. ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ მარცვლეულ კულტურებში, ფერმერთა საწარმოო და ტექნოლოგიური განვითარებისათვის და მათი მოტივაციისათვის იაფ ფულად რესურსებზე მოვახდინეთ წვდომა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და არ გვაქვს ფუფუნება, დაბალპროდუქტიულნი ვიყოთ მაშინ, როცა სარწყავი ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეგვიძლია ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობა მნიშვნელოვანწილად გავზარდოთ. ჩვენ უკვე გვაქვს შესაბამისი სარწყავი მასალის გამოყენების მაგალითები, იქნება ეს დასასხურებელი თუ მიწისქვეშა წვეთოვანი, თუმცა მასობრივი გამოყენებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ამ კუთხით დავიწყეთ საგრანტო პროგრამა რომელიც 50%-იან თანადაფინანსებას გულისხმობდა წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში და ვგეგმავთ, რომ 2021 წლიდან ჩამოვაყალიბოთ ისეთი კავშირები, სადაც მსგავსი ტიპის საირიგაციო სისტემები იქნა გამოყენებული და სადაც აგროკოოპერაციის ელემენტებს შევიტანთ. პროდუქტიულობის ზრდის კიდევ ერთი ასპექტია ხარისხიანი სათესი მასალის არსებობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მარცვლეულ და ბოსტნეულ, ისე ბაღჩეულ კულტურებში. აქ აღსანიშნავია როლი ევროკავშირისა, რომლის დახმარებითაც დავიწყეთ სარგავი და სათესი მასალის სერტიფიცირების პროცესი. კანონმდებლობის მიღებასთან ერთად ასევე მნიშნელოვანია, არსებობდეს ორგანო, რომელიც ადგილობრივად აწარმოებს სერტიფიცირებულ თესლს, რითაც ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებას მოგვცემს. ასეთი მწარმოებლები აქა-იქ უკვე გაჩნდნენ. პირველია ხორბლის კულტურა, რომელიც უკვე სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. ამასთანავე, სანათესო კვლევით ცენტრში უკვე დაიწყო სერტიფიცირების სისტემის დანერგვა, ავსტრიის დაფინანსებით შეიქმნა ლაბორატორია, გადამზადდნენ სპეციალისტები და შემუშავდა პროტოკოლები. პირველ ეტაპზე ეს სისტემა იყო უფასო, შემდეგ ეტაპზე კი ის მწარმოებლებისათვის ფასიანი თუმცა ხელმისაწვდომი იქნება. შემდეგი წლიდან მეორე ეტაპად ვგეგმავთ სარგავი და სათესი მასალის მწარმოებლებისათვის სპეციალური დახმარების შეთავაზებას. დახმარების თანადაფინანსების კომპონენტის გაჩენით გვინდა ადგილზე ვაწარმოოთ ხარისხიანი სათესი მასალა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მეტი მარცვლეულის წარმოებასა და პროდუქტიულობასთან და, შესაბამისად, ფერმერთა გაზრდილ შემოსავალთან. შემდეგი უმნიშვნელოვანესი ასპექტია მოსავლის სწორად დაბინავება. ჩვენ ამ კუთხითაც დავიწყეთ მოსავლის ამღები ტექნიკის 50%-იანი თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ორი წელია, მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აქტუალურია მოსავლის ამღები ტექნიკის კერძო სექტორში გაჩენა. ეს მათ მისცემს საშუალებას ნაკლები დანაკარგითა და სწორად გათვლილ დროში აიღონ მოსავალი ხარისხის მაქსიმალური შენარჩუნებით. მსგავსი კომპლექსური მიდგომით, რომელიც მოიცავს თესლის მწარმოებელი რგოლის მხარდაჭერას, ვფიქრობ, შევძლებთ პროდუქტიულობის გაზრდას. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ამ ყველაფერს სერტიფიცირების პროცესი უნდა ჰქონოდა საფუძვლად, რასაც თავის მხრივ ჯიშთა გამოცდა, დარაიონება და კატალოგში შეყვანა უძღვის წინ. ეს ასევე საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდა და 2013 წლიდან დაიწყო პრაქტიკული სამუშაოები. ამ საქმიანობას სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია უდგას სათავეში, რომელიც როგორც ადგილზე წარმოებული ჯიშების, ისე იმპორტირებული ჯიშების დარაიონებასა და სამრეწველო გამოცდას ახორციელებს. იმპორტირებული ჯიშების სპეციფიკურ კლიმატსა და ნიადაგობრივ პირობებში გამოცდა, გამოცდილების დაგროვება და რამდენიმეწლიანი დაკვირვების წინმსწრები პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერტიფიცირების პროცესისას კატალოგში შესატანად, რათა თავიდან ავიცილოთ წარსულში არსებული წარუმატებელი შემთხვევების განმეორება. ამ ყველაფრისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაც საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფომ. ასევე არ შეიძლება, არ ვახსენოთ ის საჯარო ინფრასტრუქტურა, რაშიც ჩვენ დიდი ხანია, ჩავდეთ ინვესტიცია. ვგულისხმობ სადრენაჟე ინფრასტრუქტურას დასავლეთ საქართველოში, სადაც სიმინდის კულტურების პროდუქტიულობისათვის, ნიადაგზე ჭარბი წყლის მოცილება მნიშნელოვანია. აღმოსავლეთ საქართველოში კი როგორც სიმინდისათვის, ისე სხვა მარცვლეული კულტურებისათვის მნიშვნელოვანია საირიგაციო ინფრასტრუქტურის შექმნა და ჩვენს შემთხვევაში აღდგენა, რათა წყალი იყოს ხელმისაწვდომი. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, 2012 წელს ჩვენ საქართველოში ორმოცი ათასი ჰექტარი თეორიულად გასარწყავიანებლი ტერიტორია გვქონდა, ახლა კი ასი ათასზე მეტი გვაქვს და დაახლოებით ორასი ათასის გეგმას ვასრულებთ 2020 წლის ბოლოს მთლიანობაში დრენაჟითა და ირიგაციით. სწორედ ამ მასშტაბური სამუშაოების დამსახურებაა, რომ ჩვენ ამ ფართობების გამოყენება შეგვიძლია როგორც მარცვლეული, ისე სხვა კულტურების პროდუქტიულობის გასაზრდელად. რომ არა საჯარო ინფრასტრუქტურა, ყველანაირი მოწოდება ფერმერებისადმი პროდუქტიულობის ზრდის კუთხით ფუჭი იქნებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში სექტორული და დარგობრივი სპეციალისტების ძალიან დიდი ნაკლებობაა. რას აკეთებს საგანმანათლებლო კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტრო?

გეთანხმებით, ამ მხრივ ნამდვილად დიდი დეფიციტია და ეს პირდაპირ უკავშირდება იმ ეკონომიკურ ვითარებას, რაც ამ მიმართულებით შეიქმნა და ეს ლოგიკურიცაა. არ ამხოლოდ ამ დარგში, არამედ სხვა ისეთ დარგებშიცაა დეფიციტი, როგორებიცაა სამშენებლო და სამრეწველო დარგები. ჩვენ 2012 წლიდან დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, თუმცა მყისიერად ეს არ ასახულა მოთხოვნაზე. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ორი-სამი წელია, რაც მოთხოვნა გაჩნდა, მართალია, არა იმ ოდენობით, რამდენითაც ჩვენ გვინდოდა, თუმცა უკვე გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა ოდენობაში შესამჩნევი ცვლილებები. ბაზარი ქმნის მოტივს, რომ ახალგაზრდამ ეს სფერო და სპეციალობა აირჩიოს და მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს უფრო მეტი ახალგაზრდა აირჩევს ამ მიმართულებებს და მეტი სპეციალისტი გვეყოლება. ასევე ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების შეთავაზების, უზრუნველყოფისა და მიწოდების ნაწილში ყოფილიყო შესაბამისი სამუშაოები. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დიდწილად განათლების სამინისტრო მუშაობს, თუმცა ჩვენთან საკმაოდ მჭიდრო კავშირში. ჩვენ მოვამზადეთ მონაცემთა ბაზა დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, თუ რამდენი სპეციალისტი იყო საჭირო თოთოეულ დარგში რეგიონების დონეზე. განათლების სამინისტრომ კი ამაზე აქცენტირებით დაგეგმა საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების პროცესი. ასევე მინდა შევეხო პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტროს მიერ ამ კუთხით გატარებული რეფორმა ნამდვილად რევოლუციური იყო. თუ ადრე პროფესიული განათლება არამიმზიდველი იყო, რადგანაც მისი არჩევის შემთხვევაში ახალგაზრდა კარგავდა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის პერსპექტივას, დღესდღეობით ჩენ შემოვიტანეთ დუალური მოდელიც, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდას შეუძლია გამოიყენოს პროფესიულ სასწავლებელში დაგროვილი კრედიტები უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებისას. ფაქტობრივად, ახალგაზრდა არათუ არ კარგავს დროს, არამედ ემზადება უმაღლესი განათლებისათვის, თუ მას ამის სურვილი ექნება. თუმცა პროფესიული განათლების პრესტიჟულობაც ნელ-ნელა იმატებს, რადგანაც ჩვენ ბევრი ტექნიკოსი გვჭირდება ქვეყანაში. ამიტომ პროფესიული განათლების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა. UNDP-ისთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ რომ სასწავლო პროგრამები სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში შემუშავებულიყო მათი ქმედითუნარიანობისათვის. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია დუალური ელემენტი, რომელიც პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლებას მოიცავს, სადაც განათლების დიდ ნაწილს სტუდენტები შემდგომ პოტენციურ დამსაქმებლებთან იღებენ, როგორებიცაა მაგალითად მარნები, აგრო საწარმოები, ფერმები და ა.შ. ბოლო ეტაპზე მინდა ასევე შევეხო ჩვენს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ქსელს, რომელიც 2014 წლიდან შევქმენით რეგიონებში და ყოველ წელს კიდევ უფრო უმჯობესდება დასაქმებულთა კვალიფიკაციის ზრდის პირდაპირპროპორციულად. ამ ქსელში დასაქმებული ადამიანები არიან კონსულტანტები რომლებიც ფერმებში უშუალოდ პრაქტიკოს ფერმერებს აძლევენ რჩევებს.

სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს სუბსიდიებითა და ე.წ. იაფი ფულით, თუმცა ეს ძირითადად მსხვილ ფერმებზეა გათვლილი. მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები კი აგროსესხს საკმაოდ დიდი საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში იღებენ. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, ეს ჩაითვალოს მცირე ფერმერული საქმიანობისათვის დამაბრკოლებელ ფაქტორად?

ჩვენ გვესმის, რომ მსხვილი ფერმერები უფრო აქტიურები არიან. მათ აქვთ გარკვეული უპირატესობა მატერიალური რესურსის ფლობის

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ასევე ველოდებით კიდევ ერთი ახალი პროგრამის დაწყებას, რომელიც რამდენიმე რეგიონზე იქნება ორიენტირებული და მოიცავს სოფლის განვითარების ბევრ კომპონენტს შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

კუთხით. თუნდაც ბანკთან ურთიერთობისას მათ მეტი გამოცდილება აქვთ და დაკრედიტების კუთხითაც მეტად საინტერესონი არიან. შესაბამისად, ჩვენი დაფარვის ზონა სწორედ რომ მცირე ფერმერები არიან, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: მასზე, ვინც საკარმიდამო ნაკვეთით სარგებლობს, ჩვენ გაგვიჭირდება, რაიმე ტიპის ფერმერულ საქმიანობაზე ვისაუბროთ, რადგანაც ეს უფრო სოციალური კატეგორიაა. განმსაზღვრელი კრიტერიუმებიდან მცირე ფერმერად ჩვენ ვთვლით მას, ვისაც 0.2 ჰექტარი და მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს. ასეთი ფერმერებისათვის ჩვენ გვქონდა პირდაპირი სუბსიდირება და დახმარება ჰექტარზე, მიმდინარე წელს, ჩვენ ასევე შევიმუშავეთ 100%-იანი თანადაფინანსებები ახალი მეურნეობების დაწყების შემთხვევაში, მაგალითად, კენკროვანი კულტურების გაშენების შემთხვევაში. იაფი საბრუნავი საშუალებების შემთხვევაში სახელმწიფო პირადად მიჰყვებოდა ფერმერს ბანკებთან, სადაც გაიცემოდა ხუთიდან ასი ათას ლარამდე საბანკო სესხი. ეკონომიკის სამინისტრომ ზუსტად ასეთი ინიციატივებისთვის ჩვენთან კონსულტაციის ფარგლებში შეიმუშავა 30 000-ლარიანი მიკროგრანტების პროგრამა. თუ სოფლის მეურნეობის ტიპის საქმიანობისათვის ფერმერს საწარმოო საშუალებები სჭირდება, ეს მიკროგრანტები საჩუქრად გადაეცემა მას. ასე რომ, ძალიან ბევრი ეკონომიკური ინსტრუმენტია, რომლებიც მცირე და მოწადინებულ ფერმერებზეა მორგებული და გათვლილი. იგივე აგროდაზღვევის ფორმატიც 5 ჰექტრამდე მეურნეობებს ფარავს და 30 ჰექტრამდე მარცვლეულ კულტურებში. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკის ძირითადი აქცენტი მცირე და საშუალო მეურნეობებზეა.

საქართველო საერთაშორისო აგროდიპლომატიის ერთ-ერთი ბენეფიციარია, ვგულისხმობს შემდეგი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობას: USAID, UNDP DCFTA, FAO, ENPARD. ასევე გვაქვს ბილატერალური ურთიერთობები და თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია. ფიქრობთ თუ არა, რომ აგროსფეროს პროფესიონალი ატაშეები მნიშვნელოვნად წასწევდნენ საქართველოს წინ აგროდიპლომატიის მიმართულებით?

ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრონლობთ, რაც ელჩების დონეზე ჩართულობასაც მოიცავს ყველა საჭიროების დაფარვის კუთხით. ეს გულისხმობს როგორც სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ თანადგომას, ახალი ბაზრების მოძიებასა და ათვისებას, ასევე სავაჭრო ბარიერების დაძლევასა და ტექნიკური რეგლამენტების ამა თუ იმ ქვეყანასთან შეთანხმებას. ამ უკანასკნელისათვის დიპლომატიური ჩართულობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ სასურსათო პროდუქციით ვაჭრობაზე, სპეციფიკიდან გამომდინარე, ის თავის თავში მოიცავს ბევრ დამატებით ელემენტს: როგორებიცაა ვეტერინარული კონტროლი, ვეტერინარული სერტიფიკატების აღიარება და სხვადასხვა ტექნიკური საკითხი რომლებიც ქვეყანათა ან ქვეყნების ბლოკებს შორის უნდა შეთანხმდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დონორული მხარდაჭერისას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაცია,

სასათბურე მეურნეობების კუთხით ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის პრიორიტეტულია და სპეციალური შეთავაზებებიც მზადდება ინვესტორებისათვის. მაგალითისთვის გვაქვს იმერეთის სასათბურე კლასტერის პროექტი, სადაც ჩვენ ვფიქრობთ რომ მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელების საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს.

რადგანაც მოლაპარაკება უამრავ ელემენტსა და დეტალს მოიცავს. აღარაფერს ვამბობ ბევრ სიტუაციურ ელემენტზე, როგორებიცაა კონფერენციებსა და საერთაშორისო ფორუმებზე მხარდაჭერა. თუმცა თქვენ მართალი ბრძანებთ იმ კუთხით, რომ მომავალში, როდესაც აგროსექტორის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი სავაჭრო პროდუქტი და მოცულობა გვექნება, ამ დროს დღის წესრიგში დადგება კონკრეტული სპეციალიზებული თანამშრომლობის არსებობა, იქნება ეს ატაშე თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც პოტენციურ ინვესტორს მოიზიდავს?

ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი ბიზნესკლიმატის შექმნაა, რაც ბიზნესის კეთების ხელშეწყობას გულისხმობს. ამ კუთხით საქართველოს რეიტინგები მართლაც შთამბეჭდავია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, კარგი საცხოვრისი გარემო, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების ფაქტორებსა და საკუთრების ხელშეუხებლობის მაღალ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ინვესტორებისათვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი როგორც ჩვენს, ისე სხვა სფეროებშიც. ასევე მახლობელ ბაზრებზე წვდომა, რასაც საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უზრუნველყოფს. წვდომა გვაქვს როგორც ჩრდილოეთის საკმაოდ დიდ ბაზარზე, ისე ევროკავშირის რამდენიმე ასეულ მილიონიან ბაზარზე, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის მილიარდიანი შეთანხმება ჩინეთთან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თურქეთთან. ასე რომ, ეს საკმაოდ დიდი პოტენციალია საიმისოდ, რათა საუბარი შეჩერდეს მხოლოდ პირველად წარმოებაზე ან ეგრეთწოდებულ ფერმერულ მეურნეობებზე და არ გაგრძელდეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვა მრავალი დარგის მიმართულებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის დამხმარე მასალების წარმოების, ინდუსტრიისა, სერვისების მიწოდების კუთხითა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით იყოს საინტერესო და შეითავსოს ჰაბის ფუნქცია. ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვა ჰაბი და იმის პოტენციალი მართლაც არსებობს, რომ ქვეყანა იყოს სავაჭრო ნაკადების კოორდინატორი. ამისთვის კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი იდგმება საგადასახადო სტიმულის შექმნის კუთხით ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება მიწის რესურსებს, აქ უნდა გვესმოდეს, რომ დიდი ფერმების შექმნის რესურსების მხრივ საქართველო შეზღუდულია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტა სახნავ-სათესი მიწა გვაქვს, რომელიც ძალიან ბევრი ქართველი ფერმერის ინტერესის ობიექტსაც წარმოადგენს. თუმცა სასათბურე მეურნეობების კუთხით ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის პრიორიტეტულია და სპეციალური შეთავაზებებიც მზადდება ინვესტორებისათვის. მაგალითისთვის გვაქვს იმერეთის სასათბურე კლასტერის პროექტი, სადაც ჩვენ ვფიქრობთ რომ მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელების საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს.

This article is from: