5 minute read
კრიზისის შესაძლებლობლად გადაქცევა - „მერსი ქორფსის“ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია - Diplomat Magazine
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობას წელს ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის 20 წელი შეუსრულდა, თუმცა გლობალური პანდემია როგორც ყველას, ამ ორგანიზაციასაც შეეხო და იუბილეს აღნიშვნის გადადების გარდა, საქმიანობაშიც გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწიათ. საქართველოში დღემდე „მერსი ქორფსმა“ სხვადასხვა დონორის დაფინანსებით 20-ზე მეტი პროექტი განახორციელა, ამჟამად ხორციელდება 4 პროექტი, რომლებსაც აფინანსებენ შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ასევე ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD-ის) ფარგლებში. „მერსი ქორფსი“ ჰუმანიტარულსა და განვითარების პროგრამებს ახორციელებს 45 ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ . კონკრეტულ პროექტებზე „დიპლომატს“ ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, ირაკლი ქასრაშვილი, ესაუბრა.
რა გეოგრაფიულ არეალში ახორციელებთ პროექტებს და რის მიხედვით არჩევთ რეგიონებს?
Advertisement
პროექტებს ძირითადად რეგიონებში ვახორციელებთ. უმეტესად ვმუშაობთ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ამჟამინდელი პროექტები მიმდინარეობს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებში, თუ არ ჩავთვლით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომელშიც ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციის - ფინანსებისა და მენეჯმენტის ფრანკფურტის სკოლის - პარტნიორები ვართ და რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.
რომელ პროექტებზე მუშაობთ და რას მოიცავს ის?
ჩვენი ყველაზე დიდი პროექტია „ალიანსების კავკასიის პროგრამა“. ამჟამად მიმდინარეობს ამ პროგრამის მესამე ფაზა. მისი პირველი ფაზის განხორციელება შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით 2008 წელს დაიწყო სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში და ახლა პროგრამა ოთხ რეგიონს - კახეთს, ქვემო ქართლს, სამცხე ჯავახეთსა და აჭარას - მოიცავს. მიმდინარე ფაზა ხორციელდება შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით. პროექტი დაიწყო 2017 წლის აპრილში და დამთავრდება 2022 წლის მარტში. იგი იყენებს საბაზრო სისტემების განვითარების მიდგომას და მუშაობს მეცხოველეობაში - მერძევეობისა და მეხორცეობის განვითარების მიმართულებით, ასევე - მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის სექტორში. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში დაახლოებით 300 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო სარგებელი.
კონკრეტულად რა ხელშესახები სარგებელი იგულისხმება?
ხელშესახები სარგებელი შემოსავლების ზრდას გულისხმობს. „მერსი ქორფსის“ როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს ბაზრის სხვადასხვა მოთამაშე და თუ საჭიროება მოითხოვს, გარკვეული დახმარებაც გაუწიოს თანადაფინანსების სახით. ამავე დროს, ამ პროექტში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხორციელებაში. ასევე უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რადგან თუ ჩვენ გვსურს სისტემური ცვლილებები (მაგალითად, მეცხოველეობის, მეცხვარეობის, მეფუტკრეობის სექტორში), არა მხოლოდ უნდა დავეხმაროთ სხვადასხვა საბაზრო მოთამაშეს, არამედ, ამავე დროს აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მთავრობასთანაც, რათა შემუშავდეს ისეთი სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკეთესი გარემოს შექმნას ბიზნესსაქმიანობებისათვის. რაც შეეხება პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის - სოციალური მეწარმეობის განვითარება სომხეთსა და საქართველოში“, იგი 2020 წლის იანვარში დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ის ახალი და არსებული ახალგაზრდული სოციალური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს საქართველოსა (კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები) და სომხეთში (ტავუშის, ლორესა და შირაქის პროვინციებში). პროექტის ძირითადი მიზნებია: 1) ახალგაზრდების უზრუნველყოფა მდგრადი სოციალური საწარმოების შექმნისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით; 2) სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მივიღოთ სპეციალური კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ. კანონის არარსებობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოსა და სომხეთში სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის.
სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით განხორციელდა. „მერსი ქორფსი“ ბორჯომის განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტს. რა სარგებელი მოიტანა ამ პროექტმა?
„მერსი ქორფსმა“ ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში განახორციელა სოფლის განვითარების პროექტის ორი ფაზა. ჩვენ დავაფინანსეთ ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ შერჩეული 50 პროექტი. ძირითადად, ეს იყო ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სპორტული და კულტურული განვითარების, აგრეთვე გარემოს დაცვის პროექტები, საიდანაც სარგებელი მიიღო არა მარტო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობამ, არამედ ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმაც. ორგანიზაციამ ასევე ჩამოაყალიბა სასოფლო მომსახურების ცენტრი, რომელიც მოსახლეობასა და ფერმერებს აწვდის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, ატარებს ტრენინგებს და ასევე ეხმარება ბაზრებთან და მყიდველებთან კავშირის დამყარებაში. რა შეიცვალა ამ ჯგუფებისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელებისას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაფართოებისა და გაზრდის მიმართულებით. ეს ცენტრი ახალქალაქში 12 წელია მუშაობს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით 2016 წლიდან „მერსი ქორფსი“, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პარტნიორი, მონაწილეობს სოფლის განვითარების პროექტის განხორციელებაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. პროექტი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. ჯგუფის წევრები არიან კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები და ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა პროექტები დაფინანსდეს მუნიციპალიტეტში. ამ პროექტებს სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისა და მოსახლეობისათვის. ასეთი პროექტებია: ქალთა და ბავშვთა ცენტრის დაარსება, ადგილობრივი რეწვის განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო სასტუმროების განვითარება და მრავალი სხვა.
როგორც ცნობილია, „მერსი ქორფსი“ ასევე ეხმარება ფერმერებს სხვადასხვა სოფლიდან ასოციაციებისა და კოოპერატივების შექმნაში. ფერმერთა კოოპერატივები მუნიციპალიტეტებში გაძლიერდა. პირველი ფაზა 21 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. რა წვლილი შეიტანა ამ პროექტმა თქვენი მიზნის მიღწევაში?
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც 2014-2017 წლებში ვახორციელებდით ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის ფარგლებში. ვმუშაობდით სამიზნე ჯგუფთან, მცირე ფერმერებთან, რომლებიც საქართველოში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. პროექტის ფარგლებში დაფინანსებით დავეხმარეთ 74 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მომსახურების 65 მიმწოდებელს. ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ ყველა კოოპერატივი მალევე ვერ მიაღწევდა მდგრადობას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უმრავლესობა კვლავ ფუნქციონირებს. კოოპერაციის განვითარებას მრავალ ქვეყანაში ათლწლეულები დასჭირდა, ამიტომ იმის ილუზია, რომ 5-6 წელიწადში სასოფლო-სამეურენო კოოპერატივები საქართველოში სათანადოდ განვითარდება, არარეალურია. ეს არის მხოლოდ საწყისი ნაბიჯები იმ პერსპექტიული მიმართულებისა, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს, ერთობლივი საქმიანობით განავითარონ სოფლის მეურნეობა საქართველოში.
რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მხარდაჭერას/თანამშრომლობას ქართული აგრარული სფეროს გავითარებისთვის, ქართული სოფლებისა და სოფლად მცხოვრები ხალხის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და რა პოტენციალი არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით?
საერთაშორისო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ის ხელს უწყობს იმ საქმიანობებსა და მიმართულებებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. მათ აგრეთვე შემოაქვთ ისეთი მიდგომები, როგორებიც ჩვენს ქვეყანაში მანამდე არ იყო გამოყენებული და წარმატებით ხორციელდებოდა აშშ-სა და ევროპაში. მაგალითად, სოფლის განვითარების LEADER მიდგომა, რომლის განხორციელება საქართველოში არ დაიწყებოდა, ევროკავშირის მიერ მხარაჭერილი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა რომ არ ყოფილიყო.
„ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში“ - ეს ფრაზა, რომელიც თქვენი ორგანიზაციის მისიაში ამოვიკითხე, პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მიზნის განხორციელება COVID-19-ის კრიზისის ფონზე?
ვფიქრობთ, რომ COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებით მომავალში განვახორციელებთ გარკვეულ პროექტებს, რომლებიც კოვიდის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს შეებრძოლება და მოსახლეობას დაეხმარება, რადგან ჩანს, რომ ამ ვირუსის გავლენები გრძელვადიანია. შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ალიანსების კავკასიის პროექტის ფარგლებში გარკვეული დახმარება უკვე განვახორციელეთ ქვემო ქართლის რეგიონში - დავეხმარეთ ყველის გადამამუშავებელ საწარმოებს (როდესაც ჩაკეტილი იყო რამდენიმე მუნიციპალიტეტი) მოსახლეობისთვის თავის რეგიონში საკუთარი პროდუქციის შეუფერხებლად მიწოდებაში.
მომავალში რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ და როგორ შეაჯამებთ შედეგებს?
მანამდე მინდა აღვნიშნო პროექტი „ქალთა ოთახების“ (ახალი მუნიციპალური მომსახურების) შექმნა, რომელთა განვითარებაც მოხდა ორი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომელთაგან ერთი არის შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ალიანსების“ პროგრამა, ხოლო მეორე - USAID-ის „გაუმჯობესებული შესაძლებლობების“ პროექტი, რომელიც განხორციელდა 2014-16 წლებში. ამჟამად „ქალთა ოთახები“ ფუნქციონირებს საქართველოს 31 მუნიციპალიტეტში და სომხეთის ერთ პროვინციაში. ეს არის მომსახურება, რომელიც სასოფლო ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებს ეხმარება, რომ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შესახებ, აწვდის მათ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ, აძლიერებს მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. იქედან გამომდინარე, რომ ეს პროექტი კარგად მუშაობს, რამდენიმე მუნიცპალიტეტში, მაგალითად, გურიის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და დაფინანსებით ჩვენი კონსულტაციების საფუძველზე უკვე თავად შექმნეს ქალთა ოთახები. რაც შეეხება „მერსი ქორფსის“ მომავალ საქმიანობას საქართველოში, აუცილებლად განვაგრძობთ მუშაობას სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების, ასევე სოფლის განვითარების მიმართულებით. ამასთანავე ძალიან საინტერესოდ მიგვაჩნია ახალგაზრდებთან მუშაობა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. შეიძლება, დროთა განმავლობაში სოციალური მეწარმეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ამავე დროს, იგი საშუალებას აძლევს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. გარდა ამისა, ძალიან გვაინტერესებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით მუშაობა და გენდერული პროექტების განხორციელება.