8 minute read

USAID Zrda–ს საქმიანობა საქართველოში: სოფლის მეურნეობის გაძლიერება ტექნოლოგიისა და ინოვაციების საშუალებით - Diplomat Magazine

USAID-ის პროექტის Zrda ხელმძღვანელი საქართველო-ში, ქეთი ჭუმბურიძე, უკვე 20 წელზე მეტია, რაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობს. იგი წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტის როგორც მმართევლი, ისე ტექნიკური გუნდის წევრი იყო. USAID-ის მრავალმილიონიან და მრავალპროფილიან პროექტებში - AgVantage, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), მმართველობა განვითარებისათვის (G4G) - ქეთი ჭუმბურიძე მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო და სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებას ხელმძღვანელობდა. პრიოროტეტებსა და მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე ქეთი ჭუმბურიძე „დიპლომატს“ ესაუბრა.

დაახლოებით 22 წელია, USAID-ის სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობ. ეს კონკრეტული პროექტი 4 წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად პროექტში გახლდით დირექტორის მოადგილე. ცოტა ხნის წინ ჩვენმა ხელმძღვანელმა სხვა ქვეყანაში გადაინაცვლა ახალი პრეოქტის ხელმძღვანელის პოზიციაზე და შესაბამისად, მე გავხდი პროექტის ხელმძღვანელი. Zrda ამჟამად ყველაზე დიდი პროექტია საქართველოში USAID-ის დაფინანსების კუთხით. პროექტის ფოკუსი თავიდანვე გახლდათ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებსა და სოფლებში მუშაობა, კერძოდ, შიდა ქართლში, სამეგრელოში, ზემო-სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში. პროექტი ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართულებითაც ფოკუსირდება (სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში). მოგვიანებით, როდესაც პროექტის ბიუჯეტი გაგვეზარდა, ჩვენი გეოგრაფიული არეალის გაფართოება შევძელით და საქმიანობა დავიწყეთ ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ, პანკისის ხეობასა და თუშეთში. ეს კუთხეები განსაკუთრებულად საინტერესოა ეკონომიკური, ბიზნესისა თუ ტურიზმის განვითარების კუთხით.

Advertisement

რა მიზანი აქვს პროგრამას? რა ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს გვთავაზობს ის?

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რათა უფრო მეტად პროდუქტიულები გახდნენ და გაეზარდოთ შემოსავლები როგორც საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ, ისე სოფლებში ჩასახლებულ ეთნიკურ უმცირესობებს . ასევე, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ეკონომიკური კავშირები, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ადამიანებმა თავიანთი ნაწარმოები პროდუქცია სხვადასხვა საბაზრო ქსელში გაყიდონ. პროდუქციის რაოდენობის გარზრდაში დახმარების გარდა ორიენტირებული ვართ, ფერმერებს დავეხმაროთ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაშიც. ჩვენი პროექტი, ძირითადად, სამი სექტორის მიმართულებით მუშაობს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სერვისები. დღეს საქართველოს ეკონომიკისათვის სამივე მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კარგად იცით, რომ პანდემიამდე ტურიზმი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი გახლდათ. ამ მიმართულებების მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც დონორი საქმიანობას დაასრულებს, ბენეფიციარებმა განაგრძონ თავიანთი ბიზნესები და მომავალში კიდევ უფრო განვითარდნენ. ვფიქრობ, ჩვენი პროექტის მეშვეობით ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და მიხარია, რომ ბევრი ხელშესახები და ადვილად დასანახი შედეგი გვაქვს. შევქმენით საინტერესო მოდელები, რომლებიც, ვფიქრობ, მომავალში სხვა ორგანიზაციებსაც გამოადგებათ, ისინიც გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას, თუნდაც სოფლის მეურნეობის კუთხით.

Zrda-ს პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. რა როლს ასრულებს ეს პროგრამა ამ სფეროების განვითარებისთვის და რა გავლენა იქონია ამ მიმართულებით COVID-19-მა?

პანდემიამდე ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იყო სამიზნე რეგიონებში მუნიციპალიტეტების დონეზე მდგრადობის გაძლიერება სხვადასხვა რისკის, მათ შორის ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა სეტყვა, ზვავი, ხანძარი ან სხვა, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის განვითარებაზე. ამიტომ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან, RDFG-სთან, ერთად აქტიურად ვიმუშავეთ 17 მუნიციპალიტეტში „რისკების მართვის გეგმების“ შემუშავებასა და დანერგვაზე. რას გულისხმობს ეს? მაგალითად, სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს ყოველთვის მაღალ სამთავრობო დონეზე იქმნება ჯგუფი, რომელიც

მართავს სიტუაციას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ადგილობრივად, მუნიციპალიტეტების დონეზეც არსებობდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და წინასწარ განსაზღვრული როლი ყველა რგოლისთვის. სწორედ კორონა კრიზისის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ასეთი გეგმების არსებობა კრიტიკულად აუცილებელია რეგიონებში. პანდემიის პერიოდში გამოწვევების წინაშე დავდექით, რადგან ხვნა-თესვითი სამუშაოები სწორედ იმ პერიოდში იწყებოდა, არ იყო მიზანშეწონილი პროცესების გაჩერება, პარალელურად იწყებოდა ტურისტული სეზონი, რომელიც წელს, ფაქტობრივად, ჩავარდა. სწორედ ამიტომ პრიორიტეტად დავისახეთ, უპირველესად, ჩვენს ბენეფიციარებს დავხმარებოდით, რათა მომხდარიყო ვირუსთან შედარებით უმტკივნეულო ადაპტაცია. რა გავაკეთეთ ამ მიზნით: შევიძინეთ საველე კარვები/ჰოსპიტლები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადავეცით; ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად განვახორციელეთ საინფორმაციო კამპანია - ჩვენ მიერ დაქირავებულმა მოხალისეებმა სამიზნე რეგიონებში ტურიზმში ჩართულ ბიზნესებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციები ბეჭდური მასალის სახით დაურიგეს. ეს კამპანია ძალიან სასარგებლო იყო, რადგანაც რეგიონებში ინფორმაციაზე წვდომა ყოველთვის პრობლემაა. გარდა ამისა, გადავამზადეთ 400-მდე გიდი, რომლებისთვისაც ასევე აუცილებელი იყო არსებული რეგულაციების ცოდნა, რათა ისინი მომზადებული ყოფილიყვნენ ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურების შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია ჩვენ მიერ ტურისტული ოპერატორებისათვის სპეციალურად ორგანიზებული საინფორმაციო ტურები, რომლებიც სწორედ ადგილობრივი ტურიზმის ხელშესაწყობად ჩავატარეთ. ამ ტურების მეშვეობით დაინტერესებულ ადამიანებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული საინტერესო ტურისტული ადგილების შესახებ და შევახსენეთ, რომ საქართველოში მოგზაურობაც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენი პროექტი კოვიდ პანდემიამდეც და ახლაც ყოველ წელს აწყობს ამგვარ ტურებს, მუდმივად ვახდენთ ჩვენს რეგიონებში ახალი ტურისტული თუ აგროტურისტული ლოკაციების იდენტიფიცირებას, ვეხმარებით მათ სხვადასხვა მიმართულებით და შემდგომ უკვე ტურების მეშვეობით ვაცნობთ ტურისტულ კომპანიებს. ამით ჩვენი ბენეფიციარების პოპულარიზაციას და მათი ეკონომიკური კეთილდღობის გაუმჯობესებას ვუწყობთ ხელს.

2017 წელს ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა მობილური აპლიკაცია, „აგროვანტი“. რამდენად მარტივად ადაპტირდნენ მასთან ფერმერები, ხომ არ იყო სირთულეები? რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს აპლიკაცია ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების, ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების მხრივ?

მოგხსენებათ, პანდემიის გამო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ტრენინგები თუ საკონსულტაციო მომსახურება ონლაინრეჟიმზე გადავიყვანეთ. სწორედ აქ გამოჩნდა, რომ მეტი ეფექტურობისათვის ტექნოლოგიების და ინოვაციური მეთოდების გამოყენება აუცილებელი გახდა. რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული კომერცია? პანდემიამ ნათლად გვაჩვენა, რომ ძალიან სასარგებლოა ელექტრონული პლატფორმების გამოყენება, სადაც ფერმერს ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, სწრაფად მიიღოს სასურველი თუ საჭირო ინფორმაცია. ასეთი ელექტრონული პლატფორმებია ჩვენ მიერ მხარდაჭერილი „Kalo.ge“, „აგრონავტი“. Kalo.ge ბევრ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს თავის მომხმარებელს. მობილურ აპლიკაცია „აგრონავტში“ ჩაშენებულია უამრავი საინტერესო ფუნქცია, თუმცა ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მას მუდმივად ახალი ფუნქციები ემატება. ამ აპლიკაციის იდეა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, ეკუთვნის, რომელიც მუდმივად აკეთებს მონიტორინგს, თუ რა ფუნქციები უნდა დაემატოს აპლიკაციას, რა აინტერესებთ ფერმერებს, რა საჭიროებები აქვთ მათ. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა. ჩვენი მიზანია, Zrda პროექტის დახმარებით ეს აპალიკაცია კომერციული პროდუქტი გახდეს და დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს. სასიხარულოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გაჩნდა ინტერესი ამ აპლიკაციის მოდელის შესაძლო რეპლიკაციის შესახებ. კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად გავაკეთეთ, ეს არის „აგროსტოპი“ - ვიდეორგოლები, რომელთა მიზანიცაა აგროტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია, აგროტურიზმში ჩართული ადამიანების ცხოვრებისა და მათი საინტერესო ისტორიების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის. ამ ვიდეოებით ქართველ და უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ ახალ და უნიკალურ გამოცდილებას, ვაცნობთ ადგილებს, სადაც შეეძლებათ, ეწვიონ ოჯახურ მეურნეობას, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები, თუნდაც მოწველონ ძროხა და ამოიყვანონ ყველი, ბაღში დაკრიფონ მარწყვი თუ კენკრა, დაესწრონ თაფლის დამზადების პროცესს და ასე შემდეგ. დღეს სწორედ ამაზეა მოთხოვნა, ასეთი გამოცდილების შეძენა სურს მოგზაურს და სწორედ ამისთვის შეიქმნა აგროსტოპი.

„გეოგაპის“ სერტიფიცირების სქემასაც შევეხოთ, რომლის განვითარებით ფერმერთა ასოციაცია მათ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. როგორ მუშაობს „გეოგაპის“ სერტიფიცირების სქემა ფერმერებისთვის?

„გეოგაპი“, ანუ ქართული სტანდარტი, ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომელიც ასევე ჩვენი მხარდაჭერით შეიქმნა ფერმერთა ასოციაციასთან ერთად. მისი შექმნის იდეა გაჩნდა აპლიკაცია „აგრონავტის“ შექმნის შემდეგ. მოგეხსენებათ, აპლიკაციას აქვს ერთგვარი პლატფორმა, რომელსაც „match-making platform-ს“ ვეძახით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სივრცე, სადაც აპლიკაციის მეშვეობით ფერმერები უკავშირდებიან სადისტრიბუციო კომპანიას და შეთანხმების საფუძველზე ყიდიან თავიანთ ქართულ პროდუქციას, რომელიც საბოლოოდ ხვდება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენლის, „აჭარა ჯგუფის“, ცნობილ რესტორნებსა თუ სასტუმროებში. ადრე და ახლაც უმეტეს რესტორნებსა თუ კაფეებში კერძები მეტწილად მზადდება იმპორტირებული პროდუქციისგან. „აჭარა ჯგუფმა“ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა სურვილი, ფერმერთა

ასოციაციის დახმარებით შეექმნა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ამ ჯგუფში არსებულ კვების ობიექტებში მომხმარებელს შესთავაზებდა მხოლოდ ქართული პროდუქტისგან დამზადებულ კერძებს. სწორედ ამ იდეით შეიქმნა „აგრონავტი“ ფერმერებისთვის დამაკავშირებელი ეგრეთწოდებული პლატფორმით, რომლის დახმარებითაც ისინი წარმატებით ყიდიან ასზე მეტი დასახელების პროდუქტს. სწორედ ამ ქსელის აწყობის პროცესში დადგა საჭიროება, რომ აუცილებელია არსებობდეს რაღაც ტიპის სტანდარტი, რაც ერთგვარად პროდუქტის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი იქნება. გაჩნდა იდეა, ჩვენი პროექტის ხელშეწყობით შექმნილიყო საქართველოს რეალობაზე მორგებული „ევრო-გაპის“ მსგავსი სტანდარტი. მოგეხსენებათ, „ევრო-გაპი“ არის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დანერგვაც რთულ პროცესებთან და დროსთანაა დაკავშირებული. მას უმეტესად თავიანთ საწარმოებში ის მსხვილი ფერმერები ნერგავენ, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი. რამდენიმე წლის წინ სწორედ USAID-ის დახმარებით დაინერგა პირველად „ევროგაპის“ სტანდარტი ცნობილ კომპანიაში „ჰერბია“ და ბედნიერი ვარ, რომ მეც მაქვს ამ კომპანიის შექმნისა და მისი წარმატების მიღწევის პროცესში მონაწილეობა მიღებული. Zrda-ს უცხოელმა ექსპერტებმა და ფერმერთა ასოციაციის ჯგუფმა ორი წლის განმავლობაში იმუშავეს და შექმნეს პირველად ქართული სტანდარტი „გეო-გაპი“. „ჰერბია“, ზოგადად, პიონერია სიახლეების დანერგვის კუთხით და სწორედ ის აღმოჩნდა პირველი კომპანია, რომელმაც დანერგა პირველი ქართული სტანდარტი „გეო-გაპი“ თავის საწარმოში. „გეო-გაპის“ შექმნის იდეას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაუჭირა მხარი. დღეს რამდენიმე ფერმერმა უკვე გაიარა „გეო-გაპის“ სერტიფიცირების პროგრამა და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ფერმერი გამოთქვამს სურვილს სტანდარტის დანერგვის მიმართულებით.

რა საპასუხო აქტივობები გატარდა კოვიდის პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რა ნაბიჯები გადაიდგა საფრთხის რისკის შემცირების კუთხით?

კორონა კრიზისმა საინტერესო ტენდენცია გვაჩვენა. როგორც გითხარით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში, ვაძლევთ მათ სათანადო ცოდნას და ვუზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას იმისთვის, რომ მოძველებული მეთოდები ჩაანაცვლონ ახლით, გაიზიარონ ახალი ტენდენციები თავიანთი ბაღების გაშენებისა თუ საწარმოების შექმნის პროცესში. ხშირად ვხედავთ, რომ რეგიონებში ფერმერები აწყდებიან პრობლემას უხვმოსავლიანობის დროს, როცა მათი მოყვანილი პროდუქციის გასაყიდი ფასი ძალიან დაბალია. ასეთ დროს ფერმერებს აქვთ გამოწვევა, დააბინაონ მოსავალი სამაცივრე მეურნეობებში, რათა მოგვიანებით, როცა ბაზარი ნაკლებად გაჯერებულია, გამოიტანონ და გაყიდონ პროდუქცია შედარებით მაღალ ფასად. ჩვენი პარტნიორი პროექტები და სახელმწიფო პროგრამებიც მუშაობენ სამაცივრე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამებზე, თუმცა ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობა. ამიტომ შარშან ჩვენმა პროექტმა დაიწყო სოფლის დონეზე პატარა სამაცივრე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობის პროგრამა და დღეს ჩვენს სამიზნე რეგიონებში დაახლოებით 50-მდე ასეთი ტიპის სამაცივრე მეურნეობაა ჩვენი დახმარებით შექმნილი. სამაცივრე მეურნეობების სიკეთე სწორედ პანდემიის დროს გამოჩნდა - მოსავლის აღების დროს პანდემიის პირობებში, გართულდა ტრანსპორტირება, დაიკლო პროდუქციაზე მოთხოვნამ, ბევრი პრობლემის წინაშე დადგა ფერმერი. სწორედ ამ დროს დაეხმარა მაცივრები ფერმერებს, რომ დაებინავებინათ თავიანთი მოსავალი და მოგვიანებით გამოეტანათ ბაზარზე გასაყიდად უფრო მაღალ ფასად. აქაც გამოჩნდა, რომ ტექნოლოგიების განვითარება ამ დარგში მნიშვნელოვანია.

ალბათ, არიან ფერმერები, რომლებმაც არ ისურვეს მოსავლის დაბინავება და ნაწილი გაყიდეს. დარჩა რაღაც მოსავალი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეინახავენ...

ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და საგრანტო პროგრამებით დავაფინანსეთ პატარა საშრობები, რომელთა დახმარებითაც ფერმერებმა შეძლეს ჩირის წარმოება სხვადასხვა ხილისგან. მოგეხსენებათ, ხარისხიანი ჩირის ფასი საკმაოდ მაღალია და კარგ ფასადაც იყიდება ბაზარზე. Zrda პროექტის გეოგრაფიული შეზღუდვის გამო ჩვენი ინიციატივები მხოლოდ ჩვენს სამიზნე რეგიონებში ხორციელდება, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში სხვა რეგიონებშიც გაკეთდება ანალოგიური პროექტები.

რას გვეტყვით სამომავლო გეგმებსა და მომავალ პროექტებზე?

ჩვენი პროექტი ერთ წელიწადში სრულდება, თუმცა USAID საქართველოში მუდმივად ახორციელებს საინტერესო პროექტებს საჭიროებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ USAID-ც წარმატებით აგრძელებს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური თუ სხვა მიმართულების განვითარების კუთხით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ სხვა ახალი ინიციატივები გამოჩნდება USAID-ის თუ სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი პროექტების ინიცირება, სადაც კერძო სექტორის როლი გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი იქნება. ამის თქმის საფუძველს იძლევა „აჭარა ჯგუფთან“ ჩვენი თანამშრომლობა. ან თუნდაც BP-სთან ჩვენი პარტნიორული პროექტი, რომლის ფარგლებშიც USAID/Zrda პროექტმა და BP-მ გავაერთიანეთ რესურსები და 41 სოფელში შევძელით 170-მდე მცირე ბიზნესის დაფინანსება და ათამდე ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთბა. ასეთივე წარმატებით ვთანამშრომლობთ საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოსთან“ და ერთად ვახორციელებთ პროექტს „Invest in ABL“, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საწარმოების შექმნას, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ინიციატივის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 6 საწარმოს შექმნის პროცესი. მათ შორის არის რძის გადამამუშავებელი საწარმო, ქართული კრამიტის წარმოება, სასმელი კომბუჩას საწარმო და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორედ იქ, საზღვრისპირას, მოვახდინოთ ეკონიმიკური აქტივობის დემონსტრირება, იქ შევქმნათ სამუშაო ადგილები, რაც იქაურ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გაზარდოს თავისი შემოსავლები და გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა.

This article is from: