5 minute read

კვების უსაფრთხოება და მდგრადი სოფლის მეურნეობა პანდემიის დროს: „კავკასიის გენეტიკის“ ბრწყინვალე მაგალითი - Diplomat Magazine

14 წელია, „კავკასიის გენეტიკა“ მეცხოველეობის სფეროში საქართველოს მთავარი მიმწოდებელია ფერმის აღჭურვილობის, რძისა და ხორცის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით. მიუხედავად პანდემიისა, „კავკასიის გენეტიკა“ წინსვლას განაგრძობს, ცოტა ხნის წინ ის რძის ინდუსტრიის სფეროში მაღალტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელი, მსოფლიოში ლიდერი, კომპანიის Delaval-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. ამ და სხვა წარმატების ისტორიებზე „კავკასიის გენეტიკის“ პრეზიდენტს, ქალბატონ თამარ ყაჭაშვილს, ვესაუბრეთ.

ქ-ნო თამარ, როგორია „კავკასიის გენეტიკის“ როლი საქართველოში აგრარული სფეროს განვითარებაში?

Advertisement

დაარსების დღიდან ვემსახურებით მერძეულ და მეხორცეულ მეცხოველეობას და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შემოვიტანეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის ინდუსტრილიზაციისთვის. მე-15 წელია, რაც საქართველოში ამ სექტორის განვითარებას ვემსახურებით და ჩვენი მისიაც ზუსტად ეს არის, რომ ჩვენი კომპეტენცით, პროფესიონალიზმითა და ამ საქმისადმი ერთგულებით დავეხმაროთ ფერმერებსა და მეცხოველეობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, მიიღონ მათთვის საჭირო ცოდნა და ტექნოლოგიები, რომ წარმატებით გაუძღვნენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურებისა და პროდუქციის მაღალ ხარისხს, ვქმნით ღირებულებათა სრულ ჯაჭვს ნაყოფიერი ფერმერული საქმიანობისათვის; ვართ ერთგული და საიმედო პარტნიორი გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, სადაც კლიენტის წარმატება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

პანდემია შოკი იყო ყველასთვის და ამ მხრივ არც ჩვენი ინდუსტრიაა გამონაკლისი. ეს არის სფერო, რომელსაც მთლიანად ვერ გადაიყვან დისტანციურ ოპერირებაზე. მისი გაჩერება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ისეთი პროდუქციის წარმოებას ვუჭერთ მხარს, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან. ერთ-ერთი გამოწვევა იყო ის, თუ როგორ გვეწარმოებინა სამუშაოები ისე, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის უკვე შემდგომ არ წარმოქმნილიყო პრობლემები. შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გვეკეთებინა დისტანციურად, გადავედით დისტანციურ რეჟიმზე, ავაწყვეთ მიწოდების უფრო აქტიური მოდელი და თავი გავართვით ამ ძალიან რთულ პერიოდს, თუმცა მსგავსი სიტუაციისთვის თავის გართმევა არ ნიშნავს, რომ პრობლემები აღარ არსებობს. ზოგადად, ეს სფერო ძალიან რთული, შრომატევადი და კაპიტალტევადია. საჭიროა გარკვეული ტექნოლოგიები და ამის დანერგვას მსხვილი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. საბედნიეროდ, დღეს ფინანსური მხარდაჭერის არაერთი შესაძლებლობაა, საგრანტო პროგრამები, იაფი აგროკრედიტები, მაგრამ კვალიფიციური კადრების არსებობა კვლავ პრობლემად რჩება.

„კავკასიის გენეტიკა“ ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გადასცეს ცოდნა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს. რომელ პროექტებს გამოყოფდით ამ მიმართულებით?

როდესაც დავარსდით, ამ მიმართულებით არაფერი ხდებოდა და ჩვენი მთავარი ამოცანაც ზუსტად ის იყო, რომ დაინტერესული სექტორისთვის ინფორმაცია და ცოდნა მიგვეწოდებინა. საგანმანათლებლო მიმართულება დღესაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველ წელს ვახორციელებთ სასწავლო პროგრამებს ჩვენს ადგილობრივ თუ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება ევროპასა და ამერიკაში და არიან ლიდერები ცოდნისა და ტექნოლოგიური თვალსაზრისით. გვაქვს სასწავლო პროექტები, როგორიც არის ფერმის მენეჯერების გადამზადება, ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტების მომზადება და სხვ. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ 2006 წელს, როცა დაფუძნდა ჩვენი კომპანია, არ არსებობდა არც ეს მომსახურება და არც ამ საქმის სპეციალისტი. დღეს კი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებობს მეცხოველეობის დარგისთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი, ხელოვნური განაყოფიერების სერვისი და არსებობენ სპეციალისტები. გასულ წელს 70-მდე ფერმის მენეჯერი გადავამზადეთ ესტონეთში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასა და წამყვან უნივერისტეტთან თანამშრომლობით. საგანმანათლებლო-სასწავლო ტური გვქონდა ავსტრიაშიც, რომელიც ძირითადად ეხებოდა მერძეულ მეცხოველეობაში კვების საკითხებს. მსგავსი პროგრამები ჩავატარეთ საფრანგეთში, კანადაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ისეთი სფეროეობს წამოწევა, როგორიც არის სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება. როგორია თქვენი ხედვა ამასთან დაკავშრებით?

დიახ, ზუსტად პანდემიამ გვაგრძნობინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის საკვებით უზრუნველყოფას ემსახურება. დღეს მსოფლიო გამალებით მუშაობს იმისთვის, რომ სასურსათო უსაფრთხოება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყოს სტაბილური. მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე ჩნდება ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა და ამასთნავე მნიშვნელოვანია სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის პრობლემა. მიჩნეულია რომ, თავის მხრივ მეცხოველეობის სექტორი ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ინკლუზიურ სოციალურ განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებას. ასევე, მიიჩნევა რომ, რძის ინდუსტრია ძლიერი იარაღია სიღარიბის დაძლევისთვის. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტექნიკური ნოუ-ჰაუს გადაცემა არ არის საკმარისი სექტორის განვითარებისთვის, ასევე რძის ინდუსტრიაში წარმატებული ისტორიების მაგალითები მეტყველებს სექტორის მყარი პოლიტიკური განვითარების მნიშვნელობაზე. საკვებით უზრუნველყოფის საკითხი არის პირველი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანაშიც სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სფერო ზუსტად იმას ემსახურება, რომ ჩვენთან სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული. ასევე, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას. პანდემიის დროს ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ შეზღუდა ხორბლისა და სხვა აუცილებელი პროდუქციის ექსპორტი, რადგან მათ დაუდგათ საშიშროება და თვითუზრუნველყოფაზე გადავიდნენ. სწორედ პანდემიამ დაგვანახა, რომ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ სფეროს. შეიძლება ეს სფერო არის ძალიან შრომატევადი, ბიზსენის კეთების მხრივ სეგმენტურად არც თუ ისე სახარბიელო და სხვადასხვა მიმართულებით დივერსიფიცირება არის საჭირო, მაგრამ ეს აუცილებელია და მივდივართ იქამდე, რომ ამ კუთხით ვიყოთ აქტიურები და ძალიან სასიხარულო არის ის ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა ვირუსის გავრცელებიდან მალევე - ადამიანებმა მოინდომეს მიწის შეძენა, გაიაზრეს, რომ შეუძლიათ, მოიყვანონ გარკვეული პროდუქტი და გაიაზრეს კვების პროდუქტების წარმოების მნიშვნელობა.

როგორ აფასებთ სახელმწიფოს ჩართულობას პანდემიის პირობებში, რა მოლოდინები გაქვთ აგროპოლიტიკის მიმართულებით?

აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და ყოველთვის ვიზიარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას. სახელმწიფოს ჩართულობა სექტორების განვითარებასა და კავშირების გამყარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა იმის თქმა, რომ რაღაც კონკრეტულს მოველი სახელმწიფოს მხრიდან, რომ „ჩემი გასაკეთებელი“ გააკეთოს, არ იქნება სწორი. ერთადერთი არის ის, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე ააწყოს სისტემა ისე, რომ მე, როგორც ბიზნეს ოპერატორს, ხელი არ შემეშალოს, პირიქით, უნდა დამეხმაროს. ვგულისხმობ სახელწიფო პოლიტიკას ამ კუთხით და სწორი რეგულაციების გატარებას. ზოგადად, ეს რთული სფეროა, ძალიან ბევრი საკითხია, თუნდაც მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოების მხრივ. ბევრი რამ შეიცვალა მწარმოებლის სასიკეთოდ. თუმცა არის ნიუანსები, რომლებიც ღრმად გადახედვას საჭიროებს, ამის გაკეთება კი ერთ წელში ან ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება. თუმცა, მთავარია, იყოს განწყობა იმისა, რომ ის, რაც წარმოადგენს პრობლემას ან ხელის შემშლელ ფაქტორს, მოგვარდება და შემდგომ მოჰყვეს თანმიმდევრული აღსრულება.

თქვენი კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ლიდერ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან. რა მნიშვნელობისაა საერთაშორისო თანამშრომლობა თქვენი კომპანიისთვის და როგორ ხედავთ მისი გაფართოების გზებს?

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ რძის ინდუსტრიის სფეროში მაღალტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელი, მსოფლიოში ლიდერი, შვედური კომპანიის, Delaval-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

Delaval-ის წარმომადგენლობა ხელმისაწვდომს ხდის ქართულ ბაზარზე რძის წარმოების ინდუსტრიაში არსებული ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის აღჭურვილობას. ჩვენი პარტნიორობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან ევროპასა და ამერიკას გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, როგორც ტექნოლოგიური მიღწევების, ასევე ცოდნის თვალსაზრისით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ

სულ ახლახან, კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ რძის ინდუსტრიის სფეროში მაღალტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელი, მსოფლიოში ლიდერი, შვედური კომპანიის, Delaval-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, ის ცოდნა, რომელსაც ვიზიარებთ და ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ, ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას ჩვენთან.

„კავკასიის გენეტიკას“ ქალი პრეზიდენტი ჰყავს. სოფლის მეურნეობა საკმაოდ რთული სფეროა. როგორია, იყო წარმატებული ქალი მენეჯერი ამ სფეროში?

ეს ის სფეროა, სადაც ფიქრობენ, რომ მამაკაცები ლიდერობენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ არ არსებობს გენდერული დაყოფა იქ, სადაც ფიქრობ შენი წვლილის შეტანასა და რაღაც სასიკეთოს შექმნაზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. 30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავს ამ საქმიანობას დავუკავშირებდი, თუმცა მთელი სულითა და გულით ჩავერთე და გავხდი ამ სფეროს გულშემატკივარი. მჯეროდა, რომ ყველაფერი, რაც კი უნდა გაკეთებულიყო ამ სფეროს განვითარებისთვის, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გაგვეკეთებინა. ჩემი ამოსავალი წერტილიც ეს იყო და გამიჩნდა მოწოდება, რომ ეს დარგი არის მნიშვნელოვანი და გარკვეული მიმართულებებით მეც შემეძლო მხარდაჭერა. ნებისმიერ საქმეში მთავარია მონდომება. თუ მონდომება გაქვს, უკან არ იხევ, რისკზეც მიდიხარ და საბოლოოდ ყველაფერი გამოდის.

დაბოლოს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „კავკასიის გენეტიკისგან“?

ძალიან კარგ პროექტს ვუყრიდით საფუძველს და პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ვაპირებდით, ფერმის მენეჯერების გადამზადების პროექტის შემუშავებას, რომელიც იქნებოდა აკრედიტირებული და ამაში გვეხმარებოდა ჩვენი უცხოელი პარტნიორი. პანდემიამ ეს პროექტი დროებით შეაჩერა. როგორც კი სიტუაცია შეიცვლება უკეთესობისკენ, რასაც ყველა მოველით, ამ პროექტს აუცილებლად სისრულეში მოვიყვანთ. სამომავლოდ აქცენტი გვინდა გავაკეთოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაზე. დღეს მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვოპერირებთ და გვაქვს მიზანი, გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე.

This article is from: