4 minute read
USAID–ის ახალი განვითარების სტრატეგია - აგრობიზნესის მხარდაჭერა უფრო ძლიერი საქართველოსთვის - Diplomat Magazine
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) არის მთავარი ორგანიზაცია, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებას აწვდის სხვა ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის/აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, USAID მუშაობს, რათა დაეხმაროს საქართველოს სირთულეების გადალახვაში და თვითუზრუნველყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.
USAID–ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი საქართველოში დიპლომატს ესაუბრა USAID–ის განვითარების პრიორიტეტებსა და სოფლის მეურნეობის პერსპექტივებზე.
Advertisement
რა არის USAID–ის პრიორიტეტები საქართველოში განვითარების მიმართულებით?
USAID-ის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თვითუზრუნველყოფას, რაც ნიშნავს მათი შესაძლებლობების ისე გაძლიერებას, რომ ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლად შეძლონ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, მათი დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება. ჩვენ ამას ვუწოდებთ გზას თვითუზრუნველყოფისკენ. ეს გზა მორგებულია თითოეული ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებზე. საქართველოში ეს ნიშნავს ყურადღების გამახვილებას სამ მთავარ მიმართულებაზე: ეკონომიკის შექმნაზე, რაც მაღალხარისხიან და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს; მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული დემოკრატიის გაძლიერებაზე; კრემლიდან ან საქართველოდან წამოსული მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილ მედეგობაზე. დავიწყოთ ბოლო პუნქტიდან. USAID სრულად აღიარებს საქართველოს წინაშე მდგარ იმ შიდა და გარე გამოწვევებს, რომლებიც მავნე ზეგავლენასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ პირველად USAID/საქართველოს განვითარების სტრატეგია ორიენტირებული იქნება კონკრეტულად მავნე ზეგავლენაზე. ჩვენ ვცდილობთ ინოვაციური საშუალებებით ხელი შევუწყოთ საქართველოში დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების მზარდ საფრთხეებთან ბრძოლას, ვაფართოებთ ამ მიმართულებით ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის საკითხებზე მუშაობას და მაღალმთიან რეგიონებში ვქმნით მეტ შესაძლებლობებს. მეორე პუნქტი, ანგარიშვალდებული დემოკრატია, მჭიდროდაა დაკავშირებული მავნე ზეგავლენასთან. საბოლოო ჯამში, სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას ქვეყნის მომავალი პოლიტიკაში მონაწილეობითა და დეზინფორმაციისა და მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლით. ამის გაკეთება შეუძლებელია ძლიერი, ინფორმირებული მოქალაქეებისა და პროაქტიული, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის გარეშე. USAID-ის პროგრამები თანამშრომლობენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შექმნან ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს. და ბოლოს, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის მიზნით USAIDისთვის პრიორიტეტულია მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მთელ ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაზე. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში, რათა ქართული საწარმოები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, მოვიზიდოთ ინოვაციური ინვესტიციები და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო შევქმნათ.
როგორ ეხმარება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას?
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება 8000 წელზე მეტს ითვლის და იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში. მიწათმოქმედება კი ყველაზე გავრცელებულ ქართულ პროფესიად რჩება. სოფლის მეურნეობა ქვეყანაში საკვები პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა არ ქმნის მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილებს. USAID სწორედ ამ საკითხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვით ხელს შევუწყობთ საქართველოში მოსავლიანობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ პროდუქციის შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანას. ჩვენი პროგრამები ინვესტიციების მოზიდვის მიზნით თანამშრომლობენ მთავრობასთან და კერძო სექტორთან და აქტიურად იყენებენ ინოვაციურ მობილურ აპლიკაციებსა თუ სხვა მაღალი ხარისხის საშუალებებს. ინვესტიციები, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ სექტორის გაძლიერებას, მწარმოებლების შემოსავლების ზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვში დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნას.
USAID-ის მხარდაჭერილი პროგრამებიდან რომელ წარმატებულ ისტორიას გაიხსენებდით, რომელიც სოფლის მეურნეობას უკავშირდება?
პირველად USAID/საქართველოს განვითარების სტრატეგია ორიენტირებული იქნება კონკრეტულად მავნე ზეგავლენაზე. ჩვენ ვცდილობთ ინოვაციური საშუალებებით ხელი შევუწყოთ საქართველოში დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების მზარდ საფრთხეებთან ბრძოლას, ვაფართოებთ ამ მიმართულებით ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის საკითხებზე მუშაობას და მაღალმთიან რეგიონებში ვქმნით მეტ შესაძლებლობებს. უპირველესად გამოვყოფდი თხილის სექტორს. 2015 წელს აზიური ფაროსანას გამოჩენამ უარყოფითად იმოქმედა თხილის წარმოებაზე. რთული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით USAID მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის ფერერო/აგრიჯორჯიასთან. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იმაზე უფრო მეტად გავაუმჯობესეთ თხილის წარმოების ხარისხი და რაოდენობა, ვიდრე ეს აზიური ფაროსანას გამოჩენამდე იყო. მაგალითისთვის, მხოლოდ წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 50 000 ტონაზე მეტი მაღალხარისხიანი თხილი მივიღეთ. თხილის სექტორი წარმატებით აგრძელებს განვითარებას და ველით, რომ დივერსიფიკაციას სხვა თხილეულის წარმოებაშიც მოვახდენთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე. ჩვენ წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს Smart Logistics-თან, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანიასთან, რომელმაც ჩვენი მხარდაჭერით მიიღო საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატი. ეს არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ამ სერტიფიცირების შედეგად დაიწყო „მაკდონალდსის“ ქართული რესტორნების მომარაგება საქართველოში წარმოებული ბოსტნეულით. იმედია, Smart Logistics–ის წარმატება გზას გაუხსნის სხვა ქართველ მწარმოებლებს, რათა მათაც შეძლონ თავიანთი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე გაყიდვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალხარისხიანი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა. და ბოლოს, მოგიყვებით იმ ინოვაციურ სამუშაოზე, რომელსაც ტექნოლოგიების გამოყენებით ვასრულებთ, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კორონა ვირუსის პერიოდში. USAID 2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა (GFA) და საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან (GFDC). ასევე მუშაობს აჭარა ჯგუფთან მობილური აპლიკაცია „აგრონავტის“ განვითარებაზე, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივ მწარმოებლებს წამყვან სასტუმროებსა და რესტორნებთან აკავშირებდა. დღეისათვის „აგრონავტის“ საშუალებით ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კულტურული მეურნეობების ტექნიკური დახმარებისა და მიწის აუქციონების შესახებ. სექტემბერში აგრონავტმა დამატებითი ინვესტიცია მიიღო 100 000 ლარის გრანტის სახით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA). GITA-ს გრანტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის ინტეგრირების საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფერმერებისა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ ეტაპზე აპლიკაცია დაეხმარა საქართველოს 4 000-ზე მეტ ფერმერს (რომელთა უმრავლესობა სამეგრელოსა და შიდა ქართლში მდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობაა) 4.4 მილიონი დოლარის ღირებულების გაყიდვების გენერირებაში.
USAID/საქართველო ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე, მხარს უჭერს რა სოფლის მეურნეობის საწარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, ბიზნესის გაფართოებასა და მათ დივერსიფიკაციას. წარმატებული სოფლის მეურნეობის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რაც საქართველოში დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნის გარანტიას იძლევა.
როგორ გააგრძელებს ამერიკა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას?
შთამბეჭდავია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ მიღწეული პროგრესი. მოვინახულე თანამედროვე გადამამუშვებელი საწარმოები და სათბურები, სადაც პირადად გავეცანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სამუშაოებს და ბაზარზე ორიენტირებულ ინოვაციურ მიდგომებს. თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. სოფლის მეურნეობის სექტორს შესაძლებლობების გაუმჯობესებით შეუძლია შექმნას მაღალხარისხიანი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს სოფლად ეკონომიკის გაძლიერებას. USAID-ის ახალი სტრატეგია ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით გადაახალისებს პროგრამებს და ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მეტ ჩართულობაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით ვითანამშრომლებთ ბიზნეს ასოციაციებთან და საქართველოს მთავრობასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას. სტრატეგიის განხორციელებისას თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავალთ კერძო სექტორთან, რისი საშუალებითაც გრანტების უბრალოდ გაცემის ნაცვლად, ერთობლივად მოვახდენთ პროექტებში თანაინვესტირებას. ასევე მხარს დავუჭერთ ისეთ სექტორებს, რომელთაც აქვთ ზრდის პოტენციალი და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. მაგალითად, ახლახანს დავიწყეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს უკეთესი ხარისხის და მეტი რაოდენობის პროდუქციის წარმოებაში. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP), მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეურნეო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხელს ვუწყობთ საქართველოს ფერმერებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო დაიწყებს ჩიფსების წარმოებისთვის საჭირო კარტოფილის მოყვანასაც. მიგვაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება შესაძლებელია კერძო სექტორისა და საქართველოს მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით, რადგან სწორედ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საკუთარი ქვეყნის აგრობიზნესს საჭირო სერვისებითა და მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა გლობალურ ეკონომიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს, რაშიც ჩვენი სტრატეგიის განხორციელებისას მიღწეული წარმატებაც შეუწყობს ხელს.