2 minute read
ავსტრია-საქართველოს ურთიერთობები: კავშირები და განსხვავებები ურთიერთობების გასაღრმავებლად - Diplomat Magazine
მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, საქართველოს ავსტრიასთან საინტერესო ურთიერთობა აქვს. ურთიერთობა, რომელიც 1992 წელს დაიწყო, დღითიდღე ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ბევრ ქვეყანას შორის კავშირები დასუსტდა, ავსტრია-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება. ამ ინტერვიუში საქართველოში ავსტრიის ახალდანიშნულ ელჩთან, თომას მიულმანთან, ვსაუბრობთ იმ მიმართულებებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების გაძლიერებისთვის იდგმება.
ცოტა ხნის წინ დაინიშნეთ ავსტრიის ელჩად საქართველოში. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ამ ქვეყანაზე?
Advertisement
სამწუხაროდ, კორონას პანდემიის გამო საქართველოში ჩამოსასვლელად საუკეთესო დრო არ არის. ძალიან მინდოდა გასვლა და ბევრად მეტ ხალხთან შეხვედრა, ვიდრე აქამდე შევძელი. მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და შევინარჩუნოთ დისციპლინა. ამის მიუხედავად, უკვე შემიძლია გაგიზიაროთ პირველი შთაბეჭდილებები. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. საქართველო მომხიბლავი ადგილია, უხვად დაჯილდოებული განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, ლამაზი ბუნებით, უძველესი კულტურით, და ბოლოს, ძალიან მეგობრული ხალხითა და ფანტასტიკური სამზარეულოთი. მე და ჩემს ოჯახს გვსურს, სიღრმისეულად დავათვალიეროთ ეს ქვეყანა, როგორც კი ეპიდ. სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს.
გეგმავთ თუ არა საქართველოში მოგზაურობას? რომელი ადგილების მონახულებას აპირებთ?
რასაკვირველია! ვიმედოვნებ, შევძლებ ყველა რეგიონის მონახულებას. იმდენი რამ არის შესასწავლი, რომ მოუთმენლად ველი პირველივე შესაძლებლობას.
როგორ აფასებთ ურთიერთობებს ავსტრიასა და საქართველოს შორის? სად ხედავთ კავშირების გაღრმავების პოტენციალს?
ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია. მე ამას გულწრფელად ვამბობ. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური ფრაზა. გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. გვაქვს საინტერესო კავშირები პოლიტიკური, კულტურული, ბიზნესისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე. ეს კავშირები უკვე ძალიან ძლიერია, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში შევძლებ, მათ კიდევ უფრო გაღრმავებაში ჩემი წვლილი შევიტანო. სად ვხედავ კავშირების გაღრმავების პოტენციალს? კორონას კრიზისისა და ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, ბიზნესკავშირების განმტკიცება ნამდვილად არის ის სფერო, სადაც ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ერთობლივად გადავლახოთ მომავალი წლების გამოწვევები. ჩვენ უკვე ვამზადებთ კონკრეტულ ნაბიჯს სამომავლო ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლო სფეროების შესასწავლად - ჩვენი პირველი „ვირტუალური სავაჭრო მისია” საქართველოში 3 დეკემბერს გაიმართება.
პანდემიის დაწყებამდე ავსტრიელი ბიზნესმენების ქართული ბაზრით დაინტერესების მზარდი დინამიკა შეინიშნებოდა. რა ვითარებაა ამ მხრივ და რა ძირითადი გამოწვევები აქვთავსტრიელი ინვესტორებს ამ კუთხით?
ცხადია, კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოში, ბევრი მათგანი გადარჩენისთვის იბრძვის. არც ავსტრიაა გამონაკლისი. მაგრამ კორონას შემდგომი ეტაპიც დადგება და დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი კვლავ გაიზრდება.
თუ ავსტრიელი ინვესტორების მთავარ საზრუნავზე იკითხავთ, მე ალბათ აღვნიშნავდი ორ სფეროს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიციისთვის. ეს არის კანონის უზენაესობა და კარგად მომზადებული მუშახელის მნიშვნელობა.
ავსტრია დაინტერესებულია, დაეხმაროს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. როგორია ამ თანამშრომლობის ძირითადი დინამიკა?
2011 წლიდან საქართველო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პრიორიტეტული ქვეყანაა. მას შემდეგ სოფლის მეურნეობის სექტორი, სატყეო მეურნეობის ჩათვლით, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენ უკვე ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შევძელით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა 80 მილიონ ევროზე მეტი ფულადი რესურსით. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სოფლის განვითარება განსაკუთრებულ კავშირშია სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასთან. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი ღირებულების ჯაჭვების შექმნის, ორგანული მეურნეობის წილის გაზრდის ან ტყის მენეჯმენტის გაუმჯობესების საქმეში. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა ასევე ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობაზე. შესაბამისად, მხარდაჭერას ვუცხადებთ ბიზნესპარტნიორობას ავსტრიასა და საქართველოს შორის. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა ავსტრიის თესლის მომწოდებელ „Saatbau Linz-სა"და ქართულ კომპანიას „Noblex-ს" შორის თანამშრომლობას საქართველოში ხორბლის წარმოებისთვის ხარისხიანი თესლის შესაქმნელად. ამ დროისთვის მიღწეულია მრავალი შესანიშნავი შედეგი. ამასთან, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამრიგად, დარწმუნებული იყავით, რომ ავსტრია გააგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ საქართველოსთან მიმართებით ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე უახლოესი წლებისთვის და ველოდებით კიდევ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას!