4 minute read

ნინო კასრაძე: რისი გვჯერა თავისუფლების შესახებ

გარშემო ხომ ყველა დესტრუქციული ნაკადი ამას ცდილობს, რომ დაგარწმუნოს არჩევანის არარსებობაში და ამით თავისუფლების უაზრობა დაგანახოს

ალბათ, ყველაზე მეტად რაზეც დღეს საჭირო და აუცილებელია რომ ადამიანმა ილაპარაკოს, თავისუფლებაა, ადამიანმა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიბადა და გაიზარდა. ეს ის ადამიანია, რომელიც ერთი სისტემის ნგრევას და შემდეგ სხვა ფორმაციაში გადასვლას შეესწრო; შეესწრო თავის ქვეყანაში წამოწყებულ სამოქალაქო ომს და აგრესორის მიერ განხორციელებულ ორ “კამპანიას”, რის შედეგადაც ქვეყანამ თავისი ტერიტორიის 20% დაკარგა. ეს ადამიანი მე ვარ.

Advertisement

დღეს ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი კითხვას სვამს: წარმოგვედგინა თუ არა ოდესმე, რომ ამდენი რამის მომსწრენი გავხდებოდით, ამდენ ომს თუ ვნახავდით, ამდენ გაჭირვებას. შემდეგ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ არა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით, ამის დაჯერება შეუძლებელი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

დღემდე ბევრი კამათია იმის შესახებ, თუ როგორი იყო ის ძველი ცხოვრება: კარგი, ძალიან კარგი, ცუდი თუ საშინელი. ერთ თავყრილობაზე შეკრებილმა ხალხმა შეიძლება იჩხუბოს კიდეც იმის შეფასებისას, საბჭოთა კავშირში მიღებული განათლება ვარგოდა თუ არა. ნაწილი ამტკიცებს, რომ არაფერიც არ ვარგოდა, პროფანაცია და ზერელე მიდგომა იყო, ნაწილი კი არ ეთანხმება და ამბობს, რომ არც ასეა საქმე, რომ საბჭოთა განათლება “გერმანული” განათლების პრინციპებს ეყრდნობოდა და რომ მხოლოდ იდეოლოგიური ნაწილის ჩამოცილება იყო საჭირო და არა მისი ნგრევა, რის გამანადგურებელ შედეგებს ახლა ვიმკით.

ასეა ყველაფერში, ყველა თემისა და მოვლენის შეფასებისას დაუსრულებელი კამათი, აზრთა სხვადასხვაობა. ყველამ ყველაფერი ვიცით და საბოლოო ჯამში არავინ არაფერიც არ ვიცით. ქაოსი, გაურკვევლობა და მუდმივი კითხვა, როდის დასრულდება ეს დაუსრულებელი გარდამავალი ეტაპი და როდის დადგება ის ნანატრი სტაბილურობის განცდა, რომელიც ხალხს “მაშინ” ჰქონდა. ძალიან მეშინია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ის განცდა ჩვენს თაობას აღარასდროს დაუბრუნდება. მორჩა, დამთავრდა… ხოლო ახალგაზრდებს ის არ ახსოვთ და მათთვის დღევანდელი “ქაოსი” უფრო მშობლიურია, რადგან სხვა არც არაფერი უნახავთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას, ყველა თაობას ერთნაირად გვინდა თავისუფალ, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, ეს ერთნიშნაა... დიახ, თავისუფალ… მაგრამ რა არის ეს თავისუფლება? რისთვის არის საჭირო? რის ფასად მოიპოვება? უნდა მოგანიჭონ, გაჩუქონ, თუ შენ თავად უნდა მოიპოვო? ამას რიტორიკისთვის არ ვამბობ, ძალიან უბრალოდ და ადამიანურად ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს. ბევრჯერ მომისმენია აღშფოთება იმის თაობაზე, რომ იმ ძველ დროსაც თავისუფალი იყო ჩვენი თანამემამულე, რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. ამ მოსაზრებასაც აქვს თავისი სიმართლე. დიახ, ალბათ ასე იყო, ვცხოვრობდით “ჩვენებურად”, სხვა უკიდეგანო საბჭოეთის რესპუბლიკებისგან სრულიად განსხვავებულად.

მე კი მახსენდება, რომ ვცხოვრობდით ინერციით, წინასწარ დაგეგმილ-გათვლილად, რადგან არჩევანი არ არსებობდა, არჩევანი იმისა, რომ პროტესტი გამოგეთქვა, კითხვა დაგესვა, ცუდი ყოფილიყავი ან უბრალოდ განსხვავებული. გახსოვთ ალბათ, რითი მთავრდებოდა ყველა მცდელობა რაღაცის უშედეგო “მოტაცებით“, (თვითმფრინავისა არ იყოს…). თუმცა ცხოვრება გრძელდებოდა, მთელი თავისი სილამაზით, ვნებათაღელვით, ქართული შემოქმედებით გაოცებული დასავლეთით, კოსმოსში ვოიაჯერით გაგზავნილი ჰანგებით, ჩემპიონთა თასით, ენის წართმევის მცდელობაზე საკადრისი პასუხითა და საბოლოოდ ენის შენარჩუნებით... განა არა, ცხოვრება მაინც გრძელდებოდა...

ერთი ეპიზოდი მახსენდება: 1989-ში საფრანგეთში ნათესავებთან მივემგზავრებოდით, რა თქმა უნდა მოსკოვის გავლით, (აბა, თბილისიდან გამგზავრებას ვინ განდობდა), ტრაპის წინ უზარმაზარი რიგი შეიქმნა, მთელი თვითმფრინავი კიბესთან გაიჩხირა, ბოლოს ლოდინით გაბეზრებულმა ბორტგამცილებლებმა იკითხეს რატომ დგახართ სულელებივით, რას ელოდებითო? სულ წინ, პირველმა მგზავრებმა კი უპასუხეს: "ველოდებით, რომ გვითხრან ახლა რა უნდა გავაკეთოთო.”

ან უკვე მოგვიანებით, 97-ში გერმანიიდან (5-დღიანი გადაღებიდან) ვბრუნდები, თვითმფრინავში ჩემს გვერდით ძალიან სიმპათიური, ასაკოვანი მამაკაცი ზის, ექიმი, გერმანულის მშვენიერად მცოდნე, ისიც მივლინებიდან ბრუნდება. ფრანკფურტში გადაჯდომისას ცოტა ხნით ვიშლებით და ერთმანეთს კვლავ მაშინ ვხვდებით, როცა შემდეგი ფრენა გვიწევს. ვხედავ, რომ ჩემი “მეზობელი” მიმართულების მაჩვენებელ წარწერას ჩაუვლის და სულ სხვაგან მიდის, მე საშინელი პანიკა მიპყრობს, ვნერვიულობ, რადგან აბა, გერმანულენოვან, სიმპათიურ მეზობელს ხომ არ შეეშლებოდა, თუმცა მეორე მხრივ, წარწერა ჯიუტად მიმითითებს გასასვლელისკენ და მეც შიშისგან საბედისწერო სწორ არჩევანს ვაკეთებ.

ოც წუთში ჩემი თანამგზავრი მიახლოვდება, დარცხვენილი, აღელვებული და გულწრფელად დაუმალავად მიზიარებს, რომ აი, ესაა ჩვენი აღზრდის და გარემოს შედეგი, რომ ამხელა კაცს კითხვის დასმის ეშინია, რომ წარწერა კი წაიკითხა, მაგრამ ადრე გასასვლელი სხვაგან იყო და ზედმეტი შეკითხვის დასმის გამბედაობა არ აქვს. ამ პატარა, ყოფით ინციდენტს ჩემი სიმპათიური თანამგზავრი თავისუფლების არქონას უკავშირებდა და ჩემთვის ეს ორი მაგალითი უფრო მეტია, ვიდრე სხვა ყველა არგუმენტი ჩვენი “განსხვავებული”, მაინც “თავისუფალი” ცხოვრების შესახებ.

დიახ, ჩემი და ჩემი თაობის არსებობა ინერციული, წინასწარ გათვლილ-დაგეგმილი იყო და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. 1989 წლის 9 აპრილი, 92-93 წლების ომი, 2008 წლის ომი, 2020 პანდემია, 2022 წლის უკრაინის ომი… ერთი თაობისთვის ბევრია, არა? თუმცა ჩვენ ჩვენი ბებია-ბაბუების შთამომავლები ვართ, მათ ბედისწერას ვიმეორებთ, ზოგი პირველ მსოფლიო ომსაც მოესწრო და რევოლუციასაც, შემდეგ ოცდაჩვიდმეტსაც და მეორე მსოფლიო ომსაც. და მაინც, ეს თავისუფლება რაღაა? ის მხოლოდ წარსულის (გადარჩენისათვის ბრძოლას ვგულისხმობ) და ისტორიის საკუთრებაა, თუ ეფემერული მომავლის? მე მგონია, რომ ამ კითხვას თავად ჩვენი ცხოვრება სცემს პასუხს, თავისუფლება არჩევანშია.

დიახ, თავისუფლება არჩევანშია! იმაში, რომ ადამიანს სჯეროდეს, რომ მას არჩევანის უფლება აქვს და ამ არჩევანს გავლენა ექნება მის ცხოვრებაზე. გარშემო ხომ ყველა დესტრუქციული ნაკადი ამას ცდილობს,რომ დაგარწმუნოს არჩევანის არარსებობაში და ამით თავისუფლების უაზრობა დაგანახოს, რომ “თავისუფლება” მხოლოდ ოცნებად დარჩეს, ეფემერად. არადა, რა ტკბილია თავისუფლება, როცა შეგიძლია, რომ თქვა ან არ თქვა, თავისუფლება, რომ შენი ფიქრი, ნათქვამი და საქციელი ერთმანეთს ემთხვეოდეს, თავისუფლება, რომ კითხვების დასმის არ გეშინოდეს არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ საჯაროდ, რომ საკუთარი უფლებები იცოდე, დაბოლოს, ალბათ რა ტკბილია ის თავისუფლება, რომელსაც თავად მოიპოვებ და მიაღწევ.

This article is from: