4 minute read
რუსუდან კვაჭანტირაძე: რისი გვჯერა საკუთარი თავის შესახებ?
რწმენა უძლიერესი მოტივატორია. მას შეუძლებლის რეალობად ქცევა შეუძლია. მისი არსებობა გვაძლევს შინაგან ძალას, გვაჩვენებს სწორ მიმართულებას და შესაძლებლობებს, გვიბიძგებს აქტიური მოქმედებისკენ.
Advertisement
რწმენაზე ფიქრისას პირველ რიგში მზერას გარეთ მივმართავთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე თუ რამდენად გვჯერა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების. აქ არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ადამიანი სამყაროს ნაწილი, ერთი მთლიანობის განუყოფელი შემადგენელი, მაგრამ მაინც ინდივიდია. აქ იმალება მთავარი პარადოქსი, ერთდროულად იყო მთლიანობის ნაწილიც და ამავდროულად ინდივიდიც. ამ ორ მოცემულობას შორის დაბალანსებული, ჰარმონიული ურთიერთკავშირი გვაძლევს შესაძლებლობას ვიცხოვროთ სავსე და შინაარსიანი ცხოვრებით.
ჰარმონიული მდგომარეობის მისაღწევად უნდა გვქონდეს ფართო, ერთიანი ხედვა, ვინ ვარ მე როგორც სამყაროს ნაწილი: როგორ ვლინდება ჩემი ერთიანობა მასთან? რას ვიღებ მე სამყაროსგან და მე რა ღირებულება მომაქვს მისთვის? და კონკრეტული ფოკუსი, მოცემულ მომენტში მე, როგორც ინდივიდს, რა როლი მაქვს სამყაროში? რა სარგებელი მოაქვს ამ როლს ჩემთვის და გარშემომყოფებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ფოკუსის დეტალიზება, მე როგორც ინდივიდს, რა როლები მაქვს? რადგან ჩვენ, ერთდროულად რამდენიმე როლიდან ვურთიერთობთ გარემოსთან, მაგ: ჩემი როლი საზოგადოებაში, ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან და ა.შ.
თითოეული როლის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, გვჭირდება როლის არსის, დანიშნულების და შესაძლებლობების გააზრება. რას მოიცავს ჩემი თითოეული როლი, რა უნდა განვახორციელო ამ როლის ფარგლებში და რა ცოდნის, დამოკიდებულების, უნარების და ქცევების ერთობლიობა მჭირდება ამ როლის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად. რამდენად სწორად ვაფასებ ჩემს ხელთ არსებულ რე- სურსებს. რამდენად მაქვს შესაძლებლობა განვავითარო ან შევიძინო ამ როლიდან გარემოსთან ეფექტიანი ინტერაქციისთვის საჭირო რესურსები. და ბოლოს, რამდენად შემიძლია ამ ყველაფრის განხორციელება? მაქვს თუ არა საკუთარი თავის რწმენა? რამდენად მჯერა საკუთარი ძალების?
სწორედ საკუთარი თავის და ძალების რწმენაზეა დამოკიდებული რამდენად სწორად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს, სასურველი ცვლილებების აქტიური შემოქმედები ვიქნებით, თუ დამკვირვებლის პოზიციიდან გავაგრძელებთ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებას.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საკუთარი თავის რწმენა მოცემულობაა, იგი ან გვაქვს ან არა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მუდმივი ველი თვითდაკვირვების, თვითშეცნობის და განვითარებისთვის. ჩვენი როლები მუდმივად იცვლება, ახალი გვემატება, ძველს ფუნქცია ეკარგება ან ტრანსფორმირდება კონტექსტის, რეალობის ან ჩვენი პრიორიტეტების ცვლილების შესაბამისად. ყოველი ცვლილების შემდეგ თვითცნობიერების პროცესის ხელახლა დაწყების დრო დგება.
საკუთარი თავის რწმენა თვითცნობიერებით, საკუთარი თავის და დანიშნულების შეცნობით იწყება. გვაქვს კი შესაძლებლობა ყოველდღიურობის რუტინის და ცხოვრების აჩქარებული რიტმის ფონზე გამოვყოთ თუნდაც სულ მცირე დრო ამ საკითხებზე ფიქრისთვის? ან სათანადოდ ვიაზრებთ მათ მნიშვნელობას მუდმივი დედლაინების და გამოწვევების ფონზე?
თუ რწმენა უძლიერესი მოტივატორია და საკუთარი თავის რწმენა სასურველი ცვლილებების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს, მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ პერიოდულად საკუთარ თავს შესაძლებლობა შევჩერდეთ და სხვადასხვა რაკურსიდან შევხედოთ ჩვენს თავს, გავითვალისწინოთ კონტექსტი, ჩვენი სურვილები და საჭიროებები და გავცეთ პასუხი კითხვებს: ვინ ვარ მე და რა როლებს ვასრულებ ჩემი ცხოვრების მოცემულ ეტაპზე?
თვითრწმენის შესაქმნელად, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ეტაპზე, როლები ჩვენს შინაგან ღირებულებებთან უნდა დავაკავშიროთ. რწმენა და ღირებულებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ერთდროულად ეფუძნება და გამომდინარეობს ერთმანეთისგან. ამ კავშირის გააზრებით და როლებთან დაკავშირებით იწყება საკუთარი ძალების მოძიების და სწორად გამოყენების პროცესი. რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია თვითრწმენის გზაზე და გვიხსნის შემდეგი წინსვლის შესაძლებლობას _ გავაცნობიეროთ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები.
და აქ, ჩვენ აღმოვჩნდით უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცესთან ძალიან ახლოს, მაგრამ იქ მოსახვედრად ბეწვის ხიდი გვაქვს გასავლელი. „ოქროს შუალედიდან“ მცირედი გადაცდომაც კი გადამეტებული ან დაბალი თვითშეფასების მიმართულებით, ქმნის დისჰარმონიის და გარესამყაროსთან ერთიანობის, სინერგიის დაკარგვის საშიშროებას. რაც გამოიხატება მოტივაციის დაკარგვით, ცხოვრებით უკმაყოფილებით, სტრესის და გაღიზიანების მატებით, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე დარდით.
შეიძლება ითქვას, რომ ადეკვატურთან აცდენის შემთხვევაში საკუთარი თავის რწმენა ტოქსიკური ხდება. თანაბარი ზიანი მოაქვს როგორც გადაჭარბებულ, ასევე დაბალ თვითრწმენას. დაბალი თვითრწმენისას ვერ ვიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს, რადგან უბრალოდ არ ვიცით მათი არსებობის შესახებ, ან იმდენად არ გვჯერა მათი ქმედითობის, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია როგორ არის შესაძლებელი ჩვენი უნარებით დასახული მიზნების მიღწევა. შედეგად, ხშირად უმოქმედობის რეჟიმს ვირჩევთ. საკუთარი თავის და უნარების გადაჭარბებული შეფასებისას კი ჩვენი აქტიურობა და ქმედებები ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს და ყველაზე ხშირად იმედგაცრუება გვიპყრობს ან ჩვენს წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულებას ვიწყებთ.
ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ადეკვატური შეფასებისთვის საკუთარი თავის პროცესში, თვითდაკვირვებასთან ერთად სწორ ორიენტირს გვაძლევს საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე ჩვენი ხედვის გარშემომყოფების აზრებთან და დაკვირვებებთან შეჯერება, უკუკავშირის მოსმენა. ხშირად სხვებისთვის უფრო ნათელია ჩვენთვის უხილავი ჩვენივე შესაძლებლობები. რა თქმა უნდა საუკეთესოა როდესაც შეგვიძლია გულწრფელი საუბრისას შევიტყოთ მათი მოსაზრებები, მაგრამ თუ სხვადასხვა მიზეზებით ეს არ გვიხერხდება, დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები: რა შემთხვევებში მენდობიან და მეყრდნობიან? რას ხედავენ ჩემში ისეთს, რაც მათ ნდობას იწვევს?
ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი თავის რწმენა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარემოსთვის, თვითონაც ვითარდება და სხვებსაც უბიძგებს განვითარებისაკენ, საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობით მეტი სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვისაც. ანუ, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, თვითონაც ბედნიერია და სხვებსაც აბედნიერებს.