4 minute read
კარლო როველი: რისი გვჯერა დარწმუნებულობის შესახებ
მჯერა სამართლიანობის. მჯერა რომ დედამიწა მრგვალია. მჯერა რომ ჩემი სახელია კარლო და მამაჩემს ფრანკო ერქვა. მჯერა, რომ სიცოცხლე ღირს. ჩემი რწმენა-წარმოდგენები ჩემშია გამჯდარი. ისინი განმსაზღვრავენ. ისინი ძვირფასად მიმაჩნია და ნებისმიერი გამოწვევისგან მტკიცედ ვიცავ მათ. მაგრამ სრულად არ ვარ მათში დარწმუნებული. არასოდეს გვაქვს სრულად დარწმუნებულობის საფუძველი, მაგრამ არც გვჭირდება - არც გვინდა. სრულ უცოდინარობასა და სრულ დარწმუნებულობას შორის უზარმაზარი შუალედური სივრცეა, სადაც ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ვატარებთ.
Advertisement
ჩვენ ვვითარდებით და ჩვენი რწმენის ეჭვქვეშ დაყენებისადმი ღიაობით, ვაგროვებთ მეტ სანდო ცოდნას. ეს მეცნიერული აზროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტია. ყველაზე სანდო რწმენა ისაა, რომელიც მუდმივ შეკითხვებს უძლებს.
თუკი გვჯერა, რომ დედამიწა მრგვალია, ხოლო პენიცილინი კი ფილტვების ანთებას კურნავს, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მეცნიერებმა ჩვენი წინაპრების რწმენა-წარმოდგენები, მაგალითად, რომ შეგვეძლო დედამიწის კიდეში გემით გაცურვა ან ჯადოქრობა რომ მედიცინის ერთ-ერთი კანონიერი ფორმა იყო, ეჭვქვეშ დააყენეს.
ალბერტ აინშტაინმა ნიუტონის მეცნიერება დააყენა ეჭვქვეშ, ხოლო კვანტური თეორია სამყაროს კლასიკურ მოწყობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. იყო დრო, როცა რეალობა მარტივი გვეგონა: ნაწილაკები სივრცეში, დროში მოძრაობა. ახლა სივრცე იხრება, ირწევა და დრო დამოკიდებულია ჩვენს ადგილსამყოფელსა და იმაზე თუ როგორ ვმოძრაობთ.
კვანტურმა ფიზიკამ დაამტკიცა სრულიად საპირისპირო იმისა, რისიც გვჯეროდა ამ საკითხების შესახებ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სიბნელეში ვართ, ან რომ სრულყოფილი ცოდნის ნაკლებობის გამო, თავი პარალიზებულად უნდა ვიგრძნოთ. თუ ქუჩაში მიმართულებებს ვიკითხავ - ადამიანისგან ან ჩემი სმარტფონიდან - არ არსებობს გარანტია, რომ პასუხი სწორი იქნება. შესაძლოა, ადამიანმა არასწორად გაიაზრა ჩემი შეკითხვა, ან შეიძლება შეცდომით დავწერე სმარტფონში შეყვანილი მისამართი. მაგრამ ეს ხელს არ შემიშლის გადაწყვეტილებაში, რომ ვიარო და თუ რა მიმართულებით წავიდე.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მხოლოდ კერძო საკუთრების მქონე თეთრკანიან მამაკაცებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა; ფერადკანიანი ადამიანებისათვის მხოლოდ მონობა იყო შესაფერისი; რომ ჯადოქრები წყალში ჩაგდებისას ტივტივებდნენ. მადლობა ღმერთს, წარსულში ზოგიერთს ჰქონდა ძალა შესწინააღმდეგებოდა იმ დროის სტანდარტებს. ეს რომ არა, ქალებს დღემდე ჩავქოლავდით ქუჩაში.
ჩვენი რწმენა-წარმოდგენების ამგვარი გადახრები, ჩვენს განსჯას ნაკლებად ღირებულს არ ხდის. არცერთი ადამიანი, წიგნი ან დაწესებულება არ ფლობს უპირობო ჭეშმარიტებას. ცვლილებებისადმი ღიაობა ჩვენი რწმენის სიძლიერეზე და მისი გაძლიერების პოტენციალზე მიუთითებს.
ამგვარად შეიძლება ითქვას ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ცალკეული ადამიანებისა და ჯგუფების მტკიცე პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებულმა დაჟინებულმა მონდომებამ შექმნა თანამედროვე სამყარო. მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში - არამედ მისგან შორს. თუ ჩვენ გვექნება დადგენილი წესებისა და ნორმების შეწინააღმდეგების სურვილი, შევძლებთ სამყაროს გაუმჯობესებას. მაგრამ ფრთხილად იყავით: ახალი მბრწყინავი იდეოლოგიების მიღება შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს, ვიდრე ძველის. იდეო ლოგიაზე ახალმოქცეული ხშირად ემოციებსაა აყოლილი. მათ შეიძლება ვერ დაინახონ ბოროტება თავიანთ ახალ მრწამსში. გერმანიას შეუყვარდა ნაციზმის ბრწყინვალე წესრიგი. ათწლეულის შემდეგ კი, როდესაც ევროპა განადგურდა და მილიონობით ადამიანი დაიღუპა, ქვეყანამ სასტიკი გამოღვიძება განიცადა. მოულოდნელად გამოჩნდა ნაცისტური წლების სიმახინჯე და საშინელება.
შეწინააღმდეგების გარეშე, ძველი რწმენა-წარმოდგენები გამა- ნადგურებელი შეიძლება აღმოჩნდეს; მაგრამ ის მოტივაცია რაც ახალ რწმენას შთააგონებს, შეიძლება კატასტროფის საფუძველი გახდეს. ბალანსის დაცვა არასდროსაა მარტივი; ერთადერთი და საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც გვიხელმძღვანელებს, ჩვენი შეზღუდული და მუდამ არასრული გონებაა. არ არსებობს სხვა სანდო მრჩეველი, გარდა დაურწმუნებლობისა.
გამოცდილება ჩვენი რწმენა-წარმოდგენების შეცვლას იწვევს, და მათი შეცვლის მიზეზი სხვადასხვა შეხედულებების დამახსოვრება და მუდმივი შედარებაა. კაცობრიობის მრავალფეროვნება და ჯაჭვური კავშირები კაცობრიობაში, ნაყოფიერი ნიადაგია, რომელიც ქმნის აზრთა გაცვლის უსასრულო ქსელს, რაც ქმნის ჩვენს რწმენას, მაგრამ თან მათ განვითარების საშუალებას აძლევს. სახეობების მუდმივად მოძრავი და შერეული გენეტიკის მსგავსად, ჩვენი რწმენა-წარმოდგენები გარესამყაროსთან და მასში მცხოვრებ ადამიანებთან ჩვენი უწყვეტი ინტერაქციის შედეგია.
სინამდვილეში, არც ისე “ჩვენი” - ჩვენი ინდივიდუალურობის მახასიათებელი - რწმენა-წარმოდგენები ის სიმდიდრეა, რომელსაც კაცობრიობა იზიარებს და მუდმივად სახეს უცვლის. ჩვენ ვიტყობთ, ვფიქრობთ მათ შესახებ, ვუმატებთ ძველ წარმოდგენებს და გადავცემთ სხვებს. ისინი აგრძელებენ არსებობას. მათ განვითარებაში, ჩვენ საკვანძო წერტილები ვართ.
აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩვენი საერთო კულტურის ნაწილია: დაუსრულებელი დიალოგი, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენი საუკეთესო პოლიტიკური, მორალური და მეცნიერული რწმენა-წარმოდგენები ამ გრძელი დიალოგიდან განვითარებული გამოვლინებებია.
მჯერა სამართლიანობის. მჯერა რომ დედამიწა მრგვალია. მჯერა რომ ჩემი სახელია კარლო და მამაჩემს ფრანკო ერქვა. მჯერა, რომ სიცოცხლე ღირს.
თუმცა, ასევე ვიცი როგორი მაცდურია სამართლიანობის ცნება და როგორ გამოიყენებოდა ის არასწორად სხვადასხვა დანაშაულის გასამართლებლად.
დედამიწა მრგვალია, მაგრამ ვიცი, რომ არ არის ისეთი მრგვალი, როგორიც ნამდვილი სფეროა. მისი ფორმა უფრო დახვეწილია.
ჩემი სახელია კარლო, მამაჩემს ბავშვობიდან ფრანკოს ეძახდნენ, იქამდე სანამ აღმოაჩინა, რომ ფრანკო უბრალოდ სახელი იყო, რომელიც დედამისს მოსწონდა და მამამისის მიერ გაფორმებული დაბადების მოწმობის თანახმად მისი სახელი სინამდვილეში ჯულიო იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ცხოვრება ღირებულია, ვიცი რომ არსებობს სირთულეები და კრიზისები, რომლებიც ბევრ ადამიანს სხვაგვარად ფიქრისკენ უბიძგებს.
ჩემი რწმენა-წარმოდგენები ძვირფასად მიმაჩნია, მაგრამ არასდროს შევწყვეტ მათ ეჭვქვეშ დაყენებას.