4 minute read

მაიკ შური და ტოდ მეი: რისი გვჯერა თავისუფლების შესახებ

ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება სხვების მიმართ. ამის უარყოფა, ყველა ჩვენგანს საფრთხეს უქმნის

თავისუფლება, ალბათ ყველაზე აღმატებული კონცეფცია ამერიკელების ცხოვრებაში, თავდასხმის ქვეშაა. ჩვენ ეს აზრი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვესმოდა, მაგრამ განსაკუთრებით გასულ წელს გამოიკვეთა, როდესაც მცირე თავისუფლებების დათმობაზე თხოვნებს (როგორიცაა პირბადეების ტარება) არაერთხელ შეხვდნენ ბრაზით, დაცინვითა და გაურკვეველი რევოლუციებისკენ მოწოდებით.

Advertisement

ამერიკელებისთვის თავისუფლების ცნება ყოველთვის საკამათო თემაა; მისი განხილვა დავის გარეშე არასდროს ჩაივლის. ბოლო დროს, თავისუფლება საკმაოდ ხშირად განიმარტება, როგორც უნარი გჯეროდეს იმის, რაც მოგწონს, მიუხედავად ფაქტების არსებობისა. ეს თავისთავად შესაძლოა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდეს, გარდა იმისა, რომ ჩვენი რწმენები არ არის მიძინებული ჩვენს გონებაში; ისინი წარმოშობენ მოქმედებას. ის, რისიც გვჯერა და როგორ ვიქცევით, ურთიერთდაკავშირებულია.

ფილოსოფია მოითხოვს, რომ სხვების რწმენა-წარმოდგენებთან ერთად, ეჭვქვეშ დავაყენოთ საკუთარი რწმენებიც. მაგრამ სანამ ამას დავიწყებდეთ, უნდა ვახსენოთ ძირითადი, ფუნდამენტური იდეა, რომლიდანაც იწყება ყველა დანარჩენი. ის ჩვენია: როგორც საზოგადოების წევრებს, ჩვენ ვალდებულებები გვაქვს სხვების წინაშე.

რატომ გვჭირდება გვჯეროდეს სხვების წინაშე ვალდებულებების, რათა ადეკვატურად მივუდგეთ ჩვენს ბევრ სხვა რწმენას? იმის გამო, რომ ადეკვატურად გვჯეროდეს, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რწმენა განუყოფელია ჩვენი პასუხისმგებლობისგან იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე და ბედნიერებაზე, ვისთანაც ვიზიარებთ ჩვენს პლანეტას. ამის გარეშე ჩვენ დავკარგავთ საერთო საზოგადოებაში არსებობის შესაძლებლობას. ჩვენ შევასრულებთ მარგარეტ ტეტჩერის ცუდ ხუმრობას: „საზოგადოება არ არსებობს“.

გაითვალისწინეთ: რისიც გვჯერა გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე. ის, რისიც ჩვენ გვჯერა პანდემიის დროს პირბადეებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს დაუცველების დაცვის პასუხისმგებლობა. რისიც გვჯერა არჩევნების შესახებ, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე. და რისიც გვჯერა იმ ადამიანების რწმენის შესახებ, ვინც არ გვეთანხმება, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ მათ, ისევე როგორც ისინი ვალდებულნი არიან პატივი გვცენ ჩვენ. როგორც განდიმ თქვა, ყველანაირ ჭეშმარიტებაზე წვდომა არავის აქვს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რწმენა გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ეს ყოველ მათგანზე არ ვრცელდება. შეიძლება გვჯეროდეს, რომ მიწისთხილის კარაქისა და ჟელეს სენდვიჩი ყველაზე კარგი კენკრის ჯემით გამოდის, ან მარველის ფილმები გადაჭარბებულია (ან ნაკლებად დაფასებული) იმის გათვალისწინების გარეშე თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მას სხვები. ჩვენი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილი შეიძლება ვიცხოვროთ შეუზღუდავ თავისუფლებაში.

მაგრამ სხვა დროს ჩვენი არჩევანის ტალღა იკვეთება სხვების ცხოვრებასთან და ჩვენი თავისუფლება, ვაკეთოთ და გვჯეროდეს ის, რაც გვინდა, უნდა შეიზღუდოს. როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ რწმენის შესაბამისად, ჩვენ ხშირად შეგნებულად ან გაუცნობიერებლად ვადგენთ მიზეზების ჩამონათვალს, თუ რატომ და რა მიზნით ვაკეთებთ ამას. თუ ამ საკონტროლო სიის პირველი პუნქტი ყოველთვის არის: „იმიტომ, რომ მე მაქვს უფლება გავაკეთო და მჯეროდეს რაც მინდა“, მაშინ ტეტჩერი მართალია - საზოგადოება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სტივი, ჯამელი, სელენა და 332 მილიონი სხვა მსგავსი ეგო-სახელმწიფო; ინდივიდთა კონფედერაცია, რომლისთვისაც თავისუფლება, უსაფრ- თხოება და განვითარების უნარი ნულოვანი ჯამის თამაშია.

მაგრამ თუ სანაცვლოდ ამ საკონტროლო სიის პირველი პუნქტი არის: „იმიტომ, რომ მე ვზრუნავ ჩემს გარშემომყოფთა ცხოვრებაზე და მესმის, რომ მათ აქვთ ისეთივე განვითარების უფლება, როგორც მე“, მაშინ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დედამიწაზე და ჩვენი თავისუფლება არ არის სხვაზე მნიშვნელოვანი. თუ ამას გავაკეთებთ, საზოგადოება გააგრძელებს არსებობას.

სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ “სხვების მიმართ ვალდებულება” ბუნდოვანი ცნებაა. რამდენად უნდა გავითვალისწინოთ სხვების მდგომარეობა, როდესაც ვწყვეტთ როგორ მოვიქცეთ ჩვენი რწმენის შესაბამისად? რამდენად უნდა შევზღუდოთ საკუთარი თავისუფლება გარშემომყოფების მდგომარეობის გათვალისწინების გამო? შეგვიძლია ამ ყველაფრის მათემატიკურად დაანგარიშება? არსებობს საზომი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ? ან აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც შეგვიძლია?

მოკლედ რომ ითქვას, არ არსებობს. მაგრამ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც შესაძლოა გახდეს სახელმძღვანელო ჩვენი რწმენებისთვის. მაგალითად, შეგვიძლია ვენდოთ მეცნიერებს სამეცნიერო საკითხებში და ექიმებს სამედიცინო საკითხებში, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავს და სხვა არაექსპერტებს დავეყრდნოთ. მაგრამ ამ კრიტერიუმებსაც კი აქვთ თავისი საზღვრები (რაც შეგვიძლია ერთი სიტყვით აღვნიშნოთ: ეკონომისტები).

არსებობს სფეროები, სადაც კრიტერიუმები გაურკვეველია. მაგალითად, რისი უნდა გვჯეროდეს სიტყვის თავისუფლების სათანადო შეზღუდვების შესახებ? აქ უნდა გამოვიყენოთ განდის მოძღვრება და გავითვალისწინოთ როგორ აისახება ჩვენი სიტყვები სხვებზე. ამის გააზრების შემდეგ, ვაღიარებთ, რომ ხშირად მარცხს განვიცდით. ალბათ ამიტომაა, რომ აბსოლუტური თავისუფლების რწმენა ასეთი მაცდურია - თუ ამ გზას მივყვებით, ჩვენ ყოველთვის "მართალი" ვიქნებით, რაც მარტივია.

სატელევიზიო შოუ "კარგი ადგილის" შექმნის დროს, ერთ-ერთი ავტორი მივიდა დასკვნამდე, რომ მთავარი ეთიკური კონცეფცია არის მცდელობა. (რომელი ავტორი იყო ეს - პროფესიონალი სატელევიზიო პროდიუსერი თუ სხვა ვინმე - მკითხველისთვის თავსატეხად დავტოვებთ). შემდეგ, როდესაც მარცხს განვიცდით, ვეცდებით უკეთესად გავაკეთოთ. ეს არც ისე მარტივი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო თანაგრძნობით აღსავსე და, რაც მთავარია, უფრო ჰუმანური გზაა.

ეს არის ის, რასაც ვფიქრობთ: სანამ გადავწყვეტთ რისი გვჯეროდეს, უნდა გვჯეროდეს, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ მნიშვნელობა. თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ამ ვალდებულების გათვალისწინებით და მაინც მარცხს წავაწყდებით, მაშინ უნდა გადავხედოთ, ვისწავლოთ მეტი, მიზნად დავისახოთ განვითარება და ხელახლა ვცადოთ. ჩვენი გარდაუვალი წარუმატებლობა უფრო მეტს ნიშნავს და იქნება უფრო პროდუქტიული, თუ ისინი დაფუძნებულია იმაზე, რასაც ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ვუწოდოთ „სხვა ადამიანების გათვალისწინება“ - მოსაზრება, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებზეც პირდაპირ და არაპირდაპირ აისახება ჩვენი რწმენები, სიტყვები და ქმედებები.

პირიქით, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ შეუზღუდავი პირადი თავისუფლების განცდით, ჩვენს წარუმატებლობას არანაირი მნიშ- ვნელობა არ ექნება. ხოლო, იმის აღიარებაზე უარის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები სხვების წინაშე და რომ ჩვენი რწმენა და ქცევა უნდა ეხმაურებოდეს ამ იდეას, არის სრულად ჩვენი პასუხისმგებლობა.

This article is from: