5 minute read

ჰარი რიდი: რისი გვჯერა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (U.F.O) შესახებ

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არიან ისინი - მაგრამ შესაძლოა ახლოს ვიყოთ ამის გარკვევასთან

ერთ დღეს, 1996 წელს, დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ჯორჯ კნაპმა, რომელიც გახლავთ KLAS-TV გამომძიებელი რეპორტიორი, CBS ფილიალი ლას ვეგასში. მან მითხრა: „ჰარი, არის რაღაც, რასაც უნდა დაესწრო. მან მიმიწვია კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა, როგორც ამას ამერიკის მთავრობა უწოდებს „ამოუცნობი საჰაერო ფენომენი“, ხოლო ხალხი კი უბრალოდ უწოდებს „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ (U.F.O.) . ბატონ კნაპს ამ საკითხისადმი ჰქონდა და ახლაც აქვს განსაკუთრებული ინტერესი.

Advertisement

დიდი საკონფერენციო დარბაზი სავსე იყო აკადემიკოსებით, საზოგადოების დაინტერესებული პირებით და რამდენიმე უცნაური ადამიანით. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს აკადემიკოსებმა, რომლებიც მეცნიერების ენაზე საუბრობდნენ ამოუცნობ საჰაერო მოვლენებზე, განიხილავდნენ ამ საკითხს ტექნოლოგიური წინსვლისა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ ამბავმა ჩამითრია.

მომდევნო წლების განმავლობაში, უფრო მეტად დავინტერესდი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით (U.F.O.) - მქონდა საუბრები ყოფილ ასტრონავტ ჯონ გლენთან, მეგობარ სენატორთან, რომელიც ჩემნაირად ცნობისმოყვარე იყო - მიუხედავად ამისა, ჩემი თანამშრომლები მუდმივად მაფრთხილებდნენ არ გამოვჩენილიყავი რომ ამ საკითში ჩავერთე. „ჯანდაბა, მოშორდი ამ ყველაფერს“ მეუბნებოდნენ ისინი. მე მათ ზრდილობიანად ვაიგნორებდი. ვიყავი ცნობისმოყვარე და სენატორი გლენის მსგავსად, ვთვლიდი, რომ ეს საკითხი ყურადღებას მოითხოვდა, მქონდა შესაძლებლობა მემოქმედა და ვიმოქმედე კიდეც.

2007 წელს, სენატის უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ყოფნისას, მე ვმუშაობდი სენატორებთან - ტედ სტივენსი, რესპუბლიკელი ალასკადან და დანიელ ინოიე, დემოკრატი ჰავაიდან - რათა მიმეღო 22 მილიონი დოლარის დაფინანსება, რაც ცნობილი გახდა, როგორც გაძლიერებული საჰაერო საფრთხის იდენტიფიკაციის პროგ- რამა. პენტაგონის ამ ფარულმა ოპერაციამ გამოიკვლია U.F.O.s-ის და სხვა ფენომენების შესახებ ცნობები, მათ შორის იყო U.F.O. შე- ხვედრები ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან. ამ გასაოცარი შეხვედრების ამსახველი ზოგიერთი ვიდეო და ფოტო გამოქვეყნდა საჯაროდ, რამაც გამოიწვია ამერიკის გატაცება U.F.O.s-ით.

მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის პროგრამა, რომლის შექმნაშიც მე დავეხმარე, აღარ არსებობს, მთავრობამ განაგრძო U.F.O.s-ის შესწავლა, ბოლო დროს ახალი პროგრამის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც ამოუცნობი საჰაერო ფენომენის სამუშაო ჯგუფი.

2013 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების პილოტებმა დააფიქსირეს რვა შემთხვევა ამოუცნობ საჰაერო ხომალდებთან შეხვედრის, იუწყება 2020 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტები. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის აშშ თავდაცვის დეპარტამენტს.

ყოველთვის მხიბლავდა ის, რაც არ მესმოდა - იდუმალი და ამოუხსნელი - მჯერა, რომ ეს გატაცება მოდის ბავშვობიდან, ნევადაში, სოფლად გაზრდიდას. მე ვარ ლას ვეგასიდან სამხრეთით 50 მილის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქიდან, სახელწოდებით Searchlight, უდაბნოში, სადაც დღეს დაახლოებით 300 მოსახლეა. სახლი, რომელშიც გავიზარდე, რკინიგზის ხის ძელებით იყო აშენებული და ცურვა ქალაქის ერთადერთ აუზში ვისწავლე, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბორდელში მდებარეობდა. პროსტიტუციამ გადაუსწრო მაღაროებს, როგორც Searchlight-ის წამყვან ბიზნესს, და გარშემო ბევრი ცუდი რეპუტაციის სახლი იყო.

საბედნიეროდ, იყო ასევე დიდი, ლამაზი ცა და ბევრი საოცრება მასზე გამოსახული. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის სოფლებში, დიდი ქალაქების დაბინძურებისგან მოშორებით, შეუძლიათ ღამის ცას უყურონ, დატკბნენ ირმის ნახტომის საოცრებით და სხვა. Searchlight-ში, ახალგაზრდობაში მრავალი საღამო გავატარე ძველ ლეიბზე დაწოლილმა და უსასრულო, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას გავყურებდი. იშვიათად იყო ღამე, როდესაც ვარსკვლავი არ ჩამოვარდნილა. ამ მოციმციმე სივრცემ ფანტაზია გამიღვიძა.

ყოველთვის მაწუხებდა, რომ მეცნიერების სფეროდან არ ვიყავი. დაწყებით სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებელი არ გვყავდა და როცა საშუალო სკოლაში მივედი, მხოლოდ ლიმიტირებული კურსები იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ მეცნიერული ცოდნის ნაკლებობის მიუხედავად, ან შესაძლოა სწორედ ამის გამო, დიდი ხანია, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. მზე რატომაა ცხელი? - ყოველთვის მაინტერესებდა. რატომ არ ცივდება ის დღის ბოლოს? ახალგაზრდობაში შეიძლება პასუხებს ვერ ვპოულობდი, მაგრამ არასდროს შემიწყვეტია კითხვების დასმა. როგორც ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა: „ცნობისმოყვარეობას არსებობის საკუთარი მიზეზი აქვს“.

წლების შემდეგ, როცა საჯარო ცხოვრებაში შევაბიჯე, ვიყავი ისეთივე ცნობისმოყვარე, როგორც ყოველთვის. როგორც ნევადას დემოკრატი სენატორი, ვეწვიე 51-ე ზონას, ყველაზე საიდუმლო საჰაერო ძალების საცდელი ადგილი, სამხრეთ ნევადაში, რომელიც დიდი ხანია უკავშირდება U.F.O.-სთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს. ნანახმა გამაოცა, თუმცა ამ ყველაფრის უდიდესი ნაწილი, საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ერთი ვიზიტის ფარგლებში, გავიარე მცირე მანძილი იმ ობიექტამდე, სადაც განთავსებული იყო საჰაერო ძალების ახალი საიდუმლო მებრძოლები. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, პილოტებს მხოლოდ ღამე ფრენა შეეძლოთ - ნევადას იმ ვარსკვლავებთან ერთად, რომელსაც მე, მონუსხული შევცქეროდი პატარაობაში.

მიუხედავად იმისა, რომ 51-ე ზონა ათწლეულების წინ, ცივი ომის დროს, შეიქმნა, მისი არსებობა, საჯაროდ , აშშ-ს მთავრობის მიერ 2013 წლამდე, არ იყო აღიარებული. ადრე ამის გაკეთება საზიანო იქნებოდა ჩვენი, როგორც ერის უსაფრთხოებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მთავრობა მუდმივად აბალანსებს საიდუმლოებისა და გამჭვირვალობის პრიორიტეტებს დემოკრატიაში.

ბოლო დრომდე, ბევრ სამხედროს ეშინოდა ეღიარებინა, რომ გაურკვეველი საჰაერო ფენომენი ნახა. მაგრამ მე მჯერა, რომ არაოფიციალურმა ტაბუმ, შეხვედრების გულწრფელ აღიარებასთან დაკავშირებით, შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და შეაფერხოს ტექნიკური წინსვლის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, სენატორ სტივენსთან და ინოიესთან ერთად, მე დავეხმარე პენტაგონის საიდუმლო პროგრამის შექმნას 2007 წელს. ჩვენ გვინდოდა U.F.O-სთან შეხვედრების ტექნოლოგიური შედეგებისთვის მეცნიერულად შეგვეხედა.

მე მჯერა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომელიც გამოაშკარავდა მთავრობის ფარული გამოძიების შედეგად ამოუცნობ საჰაერო ფენომენებზე და მათი გამჟღავნება საზოგადოებისთვის შესაძლებელია, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ამერიკელი ხალხი იმსახურებს მეტის ცოდნას - და იმედია მალე ეცოდინებათ კიდეც, მას შემდეგ რაც მთავრობა გამოაქვეყნებს ყოვლისმომცველ ანგარიშს, სამხედროების ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრების შესახებ, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტმა მოითხოვა. (ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს ივნისში, თუმცა შესაძლოა გადაიდოს კიდეც)

რა გავიგე მე პირადად, ამოუცნობ საჰაერო ფენომენებზე ოფიციალური გამოძიებებიდან? სიმართლე, შესაძლოა ამან იმედი გაგვიცრუოს, მაგრამ ბევრი რამაა, რაც ჯერ კიდევ არ გვესმის. გაურკვეველია, შეიძლებოდა თუ არა U.F.O.-ები შექმნილი ყოფილიყო უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ, იყო თუ არა ჩვენი მფრინავების ვიზუალური აღქმა ზოგიერთი შეხვედრის დროს დამახინჯებული, თუ ჩვენ ნამდვილად გვაქვს არამიწიერი ვიზიტების სანდო მტკიცებულება. შეიძლება არსებობდეს სხვა, ჯერ კიდევ უცნობი ახსნა ზოგიერთი ამ უცნაური ხილვისა.

მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების ხელმძღვანელობას U.F.O.s-ის შესწავლისას. პატარა მწვანე კაცებზე ფოკუსირება ან შეთქმულების თეორიები შორს ვერ წაგვიყვანს. რასაკვირველია, რაც არ უნდა გვითხრას მეცნიერებამ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კვლავაც სჯერა იდუმალი U.F.O.-ების რეალობის, ეს რწმენის საკითხია. საბოლოო ჯამში, U.F.O. დებატები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: ისინი, ვისაც მეცნიერების სჯერა და ისინი, ვისაც უცხოპლანეტელების გულწრფელად სჯერა. მე, მეცნიერების მხარეს ვარ.

ნება მომეცით განვმარტო: მე არასოდეს მქონია განზრახული დამემტკიცებინა, რომ სიცოცხლე დედამიწის მიღმა არსებობს. მაგრამ თუ მეცნიერება ამტკიცებს, რომ ეს ასეა, მე ამასთან პრობლემა არ მაქვს. რადგან რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო მეტად ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რაც არ ვიცი.

ჰარი რიდი იყო შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი ნევადადან. 2007 წლიდან 2015 წლამდე იყო სენატის უმრავლესობის ლიდერი.

This article is from: