6 minute read
ჯულია ალვარეზი: რისი გვჯერა იდენტობის შესახებ
ერთ-ერთი დამაბნეველი რამ, რაც ჩემი ოჯახის შეერთებულ შტატებში 1960 წელს ჩასვლისას მოხდა, იყო ჩვენი განმსაზღვრელი ტერმინის პოვნა. არავინ იცოდა სად იყო დომინიკელთა რესპუბლიკა. მაშინ შეერთებულ შტატებში ბევრი დომინიკელი არ იყო - დიქტატურამ გაართულა ემიგრაცია. ასე რომ, როდესაც გვეკითხებოდნენ საიდან ვიყავით, ჩვენ უბრალოდ ვერ ვიტყოდით: "ჩვენ დომინიკელები ვართ, იცით, როგორც სემი სოსა ან ალექს როდრიგესი". ჩვენს კლასელებს ხშირად ეშლებოდათ ჩვენი ქვეყანა კარიბის ზღვის სხვა ერში, დომინიკაში. ”ოჰ, იღბლიანი ხარ! ჩვენ იქ ვიყავით საგაზაფხულო არდადეგებზე!” ყოველ შემთხვევაში, დომინიკა იმავე კუნძულების სამეზობლოში იყო.
დეფისით დაწერილი ეროვნება (დომინიკელ-ამერიკელი, ჩინელ-ამერიკელი, თუნდაც აფრო-ამერიკელი) ჯერ არ იყო მოგონილი. უნდა დაგვეკმაყოფილებინა შესაბამისი ველი, რომელიც სხვადასხვა ეროვნებასთან ერთად (“შავკანიანი”, “ესკიმოსი”), ჩვენ არ მოგვიცავდა. ჩვენ ბუნდოვნად “ესპანური წარმოშობის” ვიყავით, რაც ნამდვილად სჯობდა სხვა, სათამაშო მოედანზე გაგონილ, შეურაცხმყოფელ ტერმინებს (“spic,” “wetback,” “greaser”).
Advertisement
დავიბადე ნიუ-იორკში, მაგრამ როცა ერთი თვის ვიყავი, ჩემი მშობლები სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი ისევ ემიგრაციაში წავიდნენ, როდესაც ათი წლის ვიყავი. მე ვიყავი ამერიკელი, მაგრამ არა - ამერიკელი. ემიგრანტი ვიყავი, მაგრამ ნამდვილი - არა. თავიდანვე, ჩემი ვინაობის გარკვევა მარტივი არ იყო. არ ვიცოდი როგორ მელაპარაკა ჩემს ვინაობაზე, მაგრამ ვიცოდი რა მაწუხებდა. პოპულარულ კულტურაში ესპანური წარმოშობის ორი მოდელი იყო - მისის ჩიკიტა ბანანა და რიკი რიკარდო - ერთი, ზედმეტად მომხიბვლელი პერსონაჟი, რომელიც საკუთარი საქონლის, ბანანებისა და საკუთარი თავის გასაღებას ცდილობდა და მეორე, ხუმრობები, რომელსაც ხმის ამოღებისთანავე სიცილის ტალღა მოჰყვებოდა. (აუცილებელია იმის თქმა, რომ მე არ მიყვარდა „მე მიყვარს ლუსი“.) იდეა იმის შესახებ, რომ მე შემეძლო ჩემი იდენტობის დეტალებსა და სირთულეებზე პასუხისმგებლობა ამეღო, არასოდეს გამჩენია. ვიცოდი, რომ მხოლოდ ერთი არჩევანი მქონდა.
არ არსებობდა ლექსიკური ტერმინი, რომელიც ნათელს მოჰფენდა იმ საზღვრებს, რომელთა შორისაც ჩემი იზოლირებული “მე” იყო გამომწყვდეული და ელოდებოდა საზღვრების გახსნას, რათა სხვები შემოეშვა. შექსპირის გაკვეთილზე წავიკითხეთ ჩემი ჰიპი მეგობრების საყვარელი ფრაზა - “იყავი საკუთარ თავთან მართალი”. მაგრამ რომელ თავთან? ვფიქრობდი. დიდი ვიყავი; მოვიცავდი დიდ მასებს, როგორც ბატონი ვიტმანი. როგორ ვთქვა? ინგლისური ის ენა იყო, რომლითაც მეტყველებას ვცდილობდი და ჯერ ისევ ვერ ვიპოვე ჩემთვის ტერმინი, რომლის ქვეშაც სრულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
ტერმინი როგორც “მდედრობითი”, რომელიც ჩემს ერთ მხარეს აღნიშნავდა, არ უშვებდა ისეთ ვარიაციებს და მოდიფიკაციებს, როგორც ტერმინი “ლათინოამერიკელი ქალი”, მდედრობითის სახესხვაობა. "ინტერსექციონალურობა" არ იყო სიტყვა, რომელსაც ვინმე იყენებდა, თუმცა რუკაზე ტერიტორია, რომელსაც ის მოიცავდა, იყო სადაც მე ვცხოვრობდი. მხოლოდ მაშინ, როცა წერა დავიწყე, ვიპოვე სივრცე, სადაც საკუთარ ბევრ “მეს” დეტალურად გამოვიკვლევდი.
1980-იან წლებში, ისევე როგორც კოლუმბმა „აღმოაჩინა“ ამერიკა, რედაქტორებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მწერლები, თუმცა ბევრი ჩვენგანი უკვე წერდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ჩვენი ნამუშევრები, ქვეყნდებოდა რეგიონული ჟურნალებისა და მცირე პრესის მიერ. მაგრამ ჩვენს ლიტერატურულ მწვანე ბარათებთან ერთად მოვიდა იდენტობის ახალი გამოწვევები და წინასწარი დასკვნები, რომელთაც ჩვენ უნდა გავმკლავებოდით. ჩემი პერსონაჟები ყოველთვის უნდა ყოფილიყვნენ Latinx-ები? ჩემი სცენარი ყოველთვის მათი საკითხების გარშემო უნდა ყოფილიყო? რატომ არის რომ წიგნები რომლებსაც მიგზავნიან რეცენზიის დასაწერად Latinx-ების ან სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დაწერილია? (“ძალიან მოგეწონება,” მპირდებიან რედაქტორები.) ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ჩემს ეთნიკურობას გავურბივარ, უბრალოდ არ მინდა მივიღო სხვების შეზღუდული შეხედულებები და სცენარი.
ამასთან ერთად იყო მიმდინარე პრობლემა თუ რას ვუწოდებდით საკუთარ თავს. “ესპანური წარმოშობის” გადაიქცა “ლათინოამერიკელად”, რომელიც გახდა სტიგმატიზებული, როგორც ხალხის აღწერის მიზნით შექმნილი ტერმინი, რომელიც არ ითვალისწინებდა ჩვენს მკვიდრ და აფრიკელ “მეს”. ბევრმა ჩვენგანმა ამ მიზეზით დაიწყო ტერმინი “ლათინოამერიკელის” გამოყენება (მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი რომის იმპერიაზე დიდ კოლონიზატორს ეხმიანებოდა); ამის შემდეგ წამოვიდა უფრო ყოვლისმომცველი და გენდერულად ნეიტრალური ტერმინი “Latin@”; და ამ ბოლო დროს - “Latinx”. თითოეული ტერმინი არის მცდელობა, განვსაზღვროთ საკუთარი თავი და აღვიდგინოთ ჩვენს თავზე კონტროლი. ასე რომ, ვცდილობდი გამეაზრებინა თუ რას ნიშნავდა კონკრეტული იდენტობით და არა შემდეგ მონიჭებული ან რომელიმე სხვასთან შერწყმულით ცხოვრება.
ცოტა ხნის წინ, მე და ერთმა ეთნიკურმა მწერალმა ვიმსჯელეთ განვითარებაზე მულტიკულტურალიზმამდელ სამყაროში. “და ჯერ კიდევ ვწერთ!” შესძახა. დაუმარცხებლები. მართლაც შვება იყო ღიად საუბარი მასთან, ვინც მსგავს დაბნეულობასა და სევდას განიცდიდა ცეცხლიდან კიდევ უფრო მეტ ცეცხლში მოხვედრით.
მხოლოდ იმაზე ფიქრი შემეძლო თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ცვლილებებს დროში და ჩემ თავში. ყოფიერების რომელმა ფუნდამენტურმა პრინციპმა გამოიარა უარყოფის, დაუდევრობისა და აღმოფხვრის ქარცეცხლი? წლების მატებასთან ერთად, მსურს ამ ფუნდამენტის შენარჩუნება იყოს ჩემი ტრიუმფალური მიღწევა.
ასაკის მატების ერთ-ერთი სიამოვნებაა ახალგაზრდა ლათინოამერიკელებისგან იმის მოსმენა, რომ ჩემი და ჩემი კოლეგა ლათინოამარიკელი მწერლების შემოქმედება მათ, მთელი თავისი სირთულეებისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ცხოვრების შეცნობაში დაეხმარა.
მაგრამ ახლა, როცა 71 წელს ვუახლოვდები, აღმოვაჩინე, რომ ცვალებადი ურთიერთობა მაქვს იმ იდენტობასთან, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, ვაყალიბებდი და ვასოცირდებოდი. უწოდეთ ამას სიბერე - ან წლების განმავლობაში მედიტაციის პრაქტიკის შედეგი, სადაც ყურადღება გამახვილებულია “მეს” გათავისუფლებაზე და სიცარიელის მიღებაზე - მაგრამ ახლა მე უფრო მაინტერესებს საკუთარი “მეს” შრეებად დაყოფა. ძირითად “მესთან”, ფესვებთან დაბრუნება.
სულ უფრო და უფრო მიზიდავს იაპონური ჰაიკუს ესთეტიკა, რომელშიც ყველაფერი ზედმეტი და არასაჭირო ქრება და რჩება მხოლოდ მნიშვნელოვანი. აღფრთოვანებული ვარ მოკლე, პოეტური რომანებით, რომლებიც ცხოვრობენ ჟანრის საზღვრებსა და ზღვრულ სივრცეებში. მომწონს თანამგზავრი და ხანდაზმული პერსონაჟები, განსაკუთრებით ხანდაზმული ლათინოამერიკელები, რომლებიც ზუსტად, სტერეოტიპების გარეშე, არიან წარმოდგენილი (ბრძენი ბებია, პატრიარქის ოდესღაც მშვენიერი ქალბატონი, წითელქუდიანი და იისფერმოსაცმელიანი ქვრივი, კაპასი კუდიანი დედაბერი). როგორ მოვახდინოთ ზუსტად ანგარიში მოგზაურობის ამ ეტაპზე, მიღმა დარჩენილ "მეებზე", როგორ გამოიყურება და როგორია იდენტობა ცხოვრების ამ შემდგომ ეტაპზე? რამდენიმე “მეს” მიტოვების შემდეგ, ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ შევაფასოთ იდენტობა, მისი გამოვლინება და მასთან ასოცირებული გრძნობები?
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ შრეებში. თქვენ ვერ დაკარგავთ იდენტობის იმ შრეს, რომელიც არასდროს მოგირგიათ და რომელშიც არასდროს გიცხოვრიათ. როგორც მშვიდი და ბრწყინვალე ოუშენ ვუონგი წერს, "ზოგჯერ არც არსებობ, სანამ არ მოგცემენ არჩევანს, განსაზღვრო ვინ ხარ". ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც არ შეუძლია ჩარჩოებიდან თავის დაღწევა, როგორც ჩემი ვეტერანი მეგობარი სანდრა ცისნეროსი გვახსენებს "სახლი მანგოს ქუჩაზე" ბოლოს - სიყვარულით გაკეთებულ საქმეში ჩარევისას, გამართლება არავის არ აქვს.
მის ერთ-ერთ ლექსში „შრეები“, სტენლი კუნიცი წერს მრავალ ცხოვრებასა და ფენაზე, რომელშიც უცხოვრია და დაუტოვებია. და მაინც, „მერთულება გადავუხვიო ზოგიერთ არსებობის/ყოფიერების პრინციპს“.
ეთნიკური „უმცირესობის“ წევრობა ნიშნავს ცხოვრებას იმ მრავალ განსაზღვრებასა და შრეში, რაც ახალმა ენამ და კულტურამ წარმოგვიდგინა. როგორ შევიცნოთ ძირითადი “მე”, რომელიც გადაურჩა ამ თავდასხმებს და რომელსაც მისი სრული, მრავალფეროვანი სახე აქვს შენარჩუნებული? (ასაკში, მე მესმის ტონი მორისონის გამომწვევი განცხადება, რომ ის არ წერდა თეთრკანიანი მკითხველებისთვის, რაც იწყება გაუცხოების იდეების უკუგდებით.
"შრეების" დასასრულს, ხმა ცხოვრებისეული მარცხით აღელვებულ მოხუც პოეტს “ნარჩენების ნაცვლად, შრეებში ცხოვრებისკენ” უბიძგებს. რატომ უნდა ვიფიქროთ წყენებზე, სიმწარის ნარჩენებზე, სხვებისთვის ზიანის მიყენებასა და მცირე “მეების” შემზღუდველ საზღვრებზე? ამის ნაცვლად, მსურს ვიცხოვრო ყოველი შრის ცნობიერებითა და დაფასებით. ეს გულისხმობს საკუთარი მრავალფეროვნების მიღებას, საკუთარი თავის მიტევებას, საკუთარი თავის პერსპექტივით, იუმორით, გულუხვობითა და შემწყნარებლობით დანახვას და ყოვე- ლივე ზემოთქმულის სხვა ადამიანებზე გავრცელებას, რომელიც მათ მსგავსად, მეც გამოვიარე.
ეს შეიძლება იყოს ის ძირითადი პრინციპი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ, რისიც მჯერა: არა ცხოვრების არსი ან მრწამსი, არამედ სამყაროში ცხოვრების, არსებობის გზა - ცხოვრება სიკეთეში და მუდმივ სიყვარულში.
ამავდროულად, ჯერ კიდევ არის სამუშაო. როგორც კუნიცი წერს თავისი ლექსის ბოლო სტრიქონში: „მე არ დამისრულებია ჩემი ცვლილებები“. შემდგომ ცხოვრებაში იდენტობის ტერიტორია შესწავლასა და ჩამოყალიბებას საჭიროებს. ისევე, როგორც ჩვენი ადრინდელი მოთხრობები ეხმარებოდა ახალგაზრდა ლათინოამერიკელებსა და სხვა მკითხველებს საკუთარი თავის გაგებაში, ჩვენი ასაკოვანი ადამიანების ისტორიები დღეს შეიძლება მათ მომავალ ცხოვრებაში დაეხმაროს. რას ნიშნავს იყო ასაკოვანი, არა მხოლოდ ჩვენი ფერადკანიანი თემის მიმდინარე ბრძოლაში, არამედ ყველაზე დიდი სამოქალაქო უფლებების ბრძოლაში პლანეტის გადასარჩენად, რომელიც ყველას წინაშე დგას? როცა დავბერდები, მხოლოდ იმ სტრიქონებში გამოვჩნდები, რომლებსაც ვწერ.
ეს იქნებოდა დამაკმაყოფილებელი დასასრული: გაქრობა, უოლტ უიტმენის მსგავსად, ჩექმების ძირების ქვეშ - გახდე მიწა, რომელზეც სხვებს დგომა შეეძლებათ.