6 minute read
30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებიდან
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი
Advertisement
გაეროს რეფორმის შედეგად, გაეროს მუდმივი კოორდინატორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში გაეროს სააგენტოების კოორდინირებულ მუშაობაში. რა გავლენა იქონია ამან გაეროს აქტივობებზე საქართველოში?
2019 წლიდან, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი წარმოადგენს ცალკეულ ერთეულს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში გაეროს ყველა სააგენტოს, ფონდისა და პროგრამის კოორდინირებულ მუშაობას. მუდმივი კოორდინატორი არის გაეროს ყველაზე უფროსი წარმომადგენელი ქვეყანაში და ის პირდაპირ ანგარიშვალდებულია გაეროს გენერალური მდივნის წინაშე. გაეროს რეფორმა ახლა საკმაოდ წინ წასულია, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. მუდმივი კოორდინატორები და ჩვენი შესაბამისი ჯგუფები გვევლინებიან ლიდერებად და კოორდინირებულად ახდენენ ეროვნული განვითარების პრიორიტეტების მიზნების მიღწევას.
საქართველოში ჩვენი ძალისხმევა მიმართულია 14 რეზიდენტი და 4 არარეზიდენტი სააგენტოს მუშაობის გაძლიერებაზე, რომლებიც ქმნიან გაეროს სააგენტოთა ჯგუფს (UNCT). ჩვენს შემთხვევაში ასევე მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) არიან UNCT-ის წევრები. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში და ამჟამად უკვე 1,5 წელია რაც ვახორციელებთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ გაეროს ქმედებების თანმიმდევრულობას და რომ რესურსები და ექსპერტიზა მოხმარდეს მაქსიმალური ეფექტის მიღწევას.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ განხორციელებული თავიანთი სააგენტოს სამუშაოს გარდა, ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ ცხრა ერთობლივ პროგრამას საქართველოში, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ერთობლივი პროგრამის ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაციისადმი. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში გაეროს სააგენტოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ განვითარების, ჰუმანიტარულ და სამშვიდობო ქმედებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემებში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერას, მათ შორის ვეხმარებით COVID-19 გამოწვევების დაძლევაში.
როგორც მუდმივი კოორდინატორი, თქვენ მოხვედით იმ დროს, როდესაც მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში სერიოზული საფრთხის ქვეშაა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რა არის თქვენი პრიორიტეტები?
გაეროში ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ეროვნულ პარტნიორებს რომ საქართველო იყოს უფრო წარმატებული და ძლიერი ქვეყანა, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით, რომლებიც სარგენლობენ მოსახლეობის ნდობით და ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს ქმნიან.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნისადმი რეგულირდება 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების (UNSDCF) მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის. UNSDCF შედგება ხუთი სტრატეგიული პრიორიტეტისაგან, რომლებიც ემყარება 2030 წლის დღის წესრიგს და მთავრობის განვითარების პრიორიტეტებს. ჩვენს UNSDCF-ს აქვს ერთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პრიორიტეტი: გააძლიეროს ადამიანთა კეთილდღეობა, შექმნას შესაძლებლობები და სოციალური თანასწორობა საქართველოში. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო მდგრადი მშვიდობისთვის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში და ასევე კონფლიქტის საზღვრებთან.
რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა უკრაინაში გლობალური ყურადღება მიაპყრო შავი ზღვის რეგიონს. რა როლს თამაშობს გაერო, უკრაინის და ასევე სხვა პოტენციურ ცხელ წერტილებში, მათ შორის საქართველოში, საკითხის გადაწყვეტაში ?
გაერომ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არაერთხელ მოუწოდა ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ; ასევე მოითხოვა შეუზღუდავი ჰუმანიტარული დახმარების წვდომა ქონდეს ყველას, ვისაც ეს ჭირდება, საბრძოლო ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო დაცვა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ადამიანის უფლებების პატივისცემა.
24 თებერვლიდან გაერომ და ჩვენმა პარტნიორებმა მკვეთრად გააფართოვეს დახმარება და თითქმის 7,8 მილიონ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება მთელს უკრაინაში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაეროს 1400-ზე მეტი პერსონალი ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება, მათ შორის ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უკრაინის 24 პროვინციაში.
ამ ომს აქვს სერიოზული შედეგები და აზიანებს ეკონომიკას მთელს მსოფლიოში. ეს არის სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური კრიზისი, სადაც ყველაზე დაუცველი ქვეყნები და ეკონომიკები კვლავ ყველაზე მეტად დაზარალდებიან. ჩვენი კოლეგები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) გვაფრთხილებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესამედზე შესაძლოა წელს არ იყოს მოსავალი ან არ მოხდეს მათი დამუშავება.
ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მხრივ რუსეთზე და უკრაინაზე დამოკიდებული საქართველო აგრძელებს ომის ეკონომიკური შედეგების მართვას და ჩვენ, გაეროში, მზად ვართ მას მხარი დავუჭიროთ.
გაერო ჩართული იყო კონფლიქტის გავლენის შესამცირებლად და შემდგომი საომარი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაეროს წევრი ქვეყანა გახდა ოცდაათი წლის წინ, 1992 წელს. ეს სამუშაო ყოველდღიურად მიმდინარეობს და მოიცავს გაეროს რამდენიმე სააგენტოს და ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებენ. გაერო თანათავმჯდომარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ჩავერთოთ და ხელი შევუწყოთ დიალოგსა და კომუნიკაციას, ასევე შევთავაზოთ გაეროს დახმარება, ექსპერტიზა და შეკრების შეუდარებელი ძალა, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ინსტრუმენტები. ამ მხრივ, გაერო ნამდვილად უნიკალური აქტორია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მანდატი და გლობალური აღიარება.
წელს საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წელი სრულდება. როგორ ფიქრობთ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში?
1992 წლის 31 ივლისიდან, გაერო-საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვნად განვითარდა, დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან, დამთავრებული ძლიერ პარტნიორობამდე, ის ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების ყველა ასპექტზე. დამოუკიდებლობამ საქართველომ შესაძლებლობა მისცა ისტორიის ახალი ფურცელი გადაეშალა. ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური განვითარების კუთხით და ეტაპობრივად ჩაუყარა საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებ- ლობას. როგორც გაერო, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევძელით წვლილი შეგვეტანა პოზიტიურ ცვლილებებსა და განვითარების მიღწევებში და მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე.
რა არის ყველაზე აქტუალური გამოწვევები ქვეყნის წინაშე დღეს და როგორ ეხმარება გაერო მათ დაძლევაში?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, გამოწვევები მაინც რჩება. რომ დავასახელოთ რამდენიმე მათგანი: COVID-19-ის პანდემიის შედეგები, სოციალური გამოწვევები, ეკონომიკური განვითარება და ასევე უსაფრთხოება, მუდმივად უნდა ხდებოდეს მათი მოგვარება.
გაერო არის საქართველოს რეფორმების დიდი ხნის მხარდაჭერი, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ და ვიცავთ მარგინალიზებული და მოწყვლადი ადამიანების უფლებებს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ხანდაზმულებს, შშმ პირებს, ლტოლვილებს, მიგრანტებსა და უმცირესობებს. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციალური სერვისები, განათლება და ღირსეული სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანია. დამატებით, სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა და ბიზნესის გაციფრულება სოფლად, ასევე სხვა ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის, ჩვენი დახმარების მთავარი მიმართულებებია, მათ შორის, ქალების ეკონომიკური გაძლიერება.
გაერო ასევე მხარს უჭერს საქართველოს COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრაში. ევროკავშირთან (EU) და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გასული წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ახალი ინიციატივა ტელემედიცინის შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან და პარტნიორებთან ერთად კლიმატის პოლიტიკის დახვეწასა და საქართველოს გარემოს დასაცავად. 2021 წელს ჩვენ დავნერგეთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა 26 მუნიციპალიტეტში და შევქმენით სამუშაო ადგილები სოფლად. პროგრესის ეს გზა უნდა გაგრძელდეს!
როგორ აფასებთ საქართველოს ძალისხმევას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად?
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შემდეგი მიმართულებებით: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია (SDG 7), უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა (SDG 1), მდგრადი მოხმარება და წარმოება (SDG 12), ხარისხიანი განათლება (SDG 4) და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება (SDG 3). პირველადი ჯანდაცვის უკეთესი ხელმისაწვდომობა (SDG 3) და სკოლამდელი განათლება (SDG4) არის მიზნები, რომლებზეც უნდა გავაგრძელოთ ფოკუსირება. ზოგიერთი ინდიკატორი კვლავ შემაშფოთებელია, კერძოდ, ქალების მიმართ ძალადობის (SDG 5) და კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა (SDG 13). ზოგადად, მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG) ხელახლა ფოკუსირება, რადგან გლობალურად მათი მიღწევა უფრო რთული გახდა, განსაკუთრებით პანდემიის დროს გარკვეული უკუსვლის გამო.
რა არის თქვენი ხედვა საქართველოს განვითარების მომავალზე?
მე ოპტიმისტი ვარ! საქართველოს განვითარების ტრაექტორია შთამბეჭდავი იყო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა გააგრძელებს ფოკუსირებას ადამიანებზე, ჩვენს პლანეტაზე და პარტნიორობაზე. გაეროს ოჯახი რჩება ერთგული, დაეხმაროს ჩვენი მასპინძელი მთავრობის განვითარების პრიორიტეტებსა და წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში, იმ საკვანძო პრინციპის შესაბამისად, რომ არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა ისარგებლებს იმ პროგრესით, რომელსაც ქვეყანა აღწევს.