4 minute read
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია: განვითარების გზა დღემდე
თანამედროვე კონფლიქტში, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, დამკვიდრდა არატრადიციული საშუალების გამოყენება. კიბერსივრცე ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. კიბერშეტევა წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, აღნიშნული საქართველომ თავის თავზე ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოცადა. სწორედ ეს ომი იქცა საქართველოს კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის განვითარების კატალიზატორად.
საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი იაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი მონაპოვარი, რაც 2008 წლის გამოცდილების შედეგად მივიღეთ, არის, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული მუშაობა დაიწყო. მან „დიპლომატთან“ ისაუბრა იმ გრძელ გზაზე, რაც საქართველომ კიბერუსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით განვლო.
Advertisement
„2010 წელს შეიქმნა მონაცემთა გაცვლის სააგენტო (დღევანდელი - ციფრული მმართველობის სააგენტო). 2011-2012 წლებში მიღებულ იქნასაქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ; 2013 წელს, საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე, სადაც გამოყენებულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, დაშენდა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. 2008 წლიდან 5 წლის ვადაში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, მათ შორის მთავარი ორგანოს შექმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში, კანონმდებლობის შემუშავება, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის განსაზღვრა და ასე შემდეგ.“ - აღნიშნა იაშვილმა.
2021 წელს შემუშავდა კიბერუსაფრთხოების რიგით მესამე სტრა- ტეგია, რომელიც უფრო მეტად განვითარებული და დახვეწილია წინა სტრატეგიებთან შედარებით. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2021-2024 წლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად დასახელებულია ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარება, შესაძლებლობის გაძლიერება კიბერსივრცეში საფრთხისა და ინციდენტებთან გამკლავების მიზნით.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ლუკა მგელაძე „დიპლომატთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი სტრატეგია წინა სტრატეგიებთან შედარებით მეტად დახვეწილია, რაც ბუნებრივია, რადგან წინა წლებში უფრო ნაკლები გამოცდილება არსებობდა, მას შემდეგ მოხდა დამატებითი ცოდნის თავმოყრა, რამაც ასახვა პოვა ახლანდელ სტრატეგიაზე.
სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების კიბერცნობიერების ჩამოყალიბება-ამაღლება, ასევე, საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობა. მგელაძემ ხაზი გაუსვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის განსაზღვრის/რეგულირების მნიშ- ვნელობას. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განახლდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კატეგორიზაცია, კანონის მოქმედების არეალი გავრცელდა კერძო სექტორის სუბიექტებზეც. 2021 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხა.
„კიბერსივრცე ქვეყნისთვის გახდა გამოწვევა. თუკი 2008 წელს, ქვეყნის დამოკიდებულება შედარებით ნაკლები იყო საინფორმაციო სისტემებზე, დღეს ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურისა თუ ზოგადად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულება საკმაოდ მზარდია. რეალურად, ეს არის სივრცე, რომელიც, ერთი მხრივ, ამარტივებს ბიზნესის წარმოებას (ციფრული ტრანსფორმაცია), თუმცა, ასევე არის ფართო სივრცე არაკეთილისმოსურნეთათვის.“ - განაცხადა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, „დიპლომატთან“ საუბრისას.
როგორც აღინიშნა, მოქმედი კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ იმ მახასიათებლებს, რითაც ის ბევრად უპირატესია წინა სტრატეგიებთან შედარებით (დეტალიზაციის ხარისხი, მეტი კონცენტრირება კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობაზე და ასე შემდეგ). თუმცა, განხორციელების თვალსაზრისით, ბევრი გამოწვევა არსებობს.
იაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ორ ძირითად პრობლემას, რაც აფერხებს შესაბამის აქტივობათა შესრულების პროცესს: „პასუხისმგებელ უწყებებში, ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა განახორციელოს ეს აქტივობები, საკმაოდ მწირია. მეორე საკითხია ფინანსური რესურსი, ბიუჯეტის ნაწილი. სტრატეგიაში ნაკლებადაა საუბარი მონიტორინგის საკითხზე, მკაფიოდ არ ჩანს, განხორციელდება თუ არა, ან რა ხარისხით, ესა თუ ის აქტივობა.“
მან ახსენა ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი "საქართველო-ბრიტანეთის კიბერ თანამშრომლობა", რომლის განხორციელებაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ საქართველოს კიბერსტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობაა. „ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საბაბს იძლევა.“ - განაცხადა მან.
მგელაძისა და იაშვილის მიერ ასევე ხაზგასმულ იქნა საქართველოს აქტიურობის მნიშვნელობა საერთაშორისო სივრცეში. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან კიბერსწავლებაში ჩართვა. ამის პარალელურად, საქართველო არის რეგიონალური კიბერთავდაცვის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც მდებარეობს ლიეტუვაში. ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრირებულად მუშაობის აუცილებლობას:
„ინფორმაციის გაზიარება თუ არ მოხდება, ძალიან რთულია, იზოლირებულად გაუმკლავდე ამ სივრცეს, რომელშიც რთულია გაგება, რეალურად საიდან და როგორ ხდება შეტევა, რადგან კვალის დაფარვა გაცილებით ადვილია.“ - განაცხადა მგელაძემ.
იაშვილმა ხაზი გაუსვა უკრაინის აქტიურობას ამ მიმართულებით: უკრაინამ გასულ წელს გააკეთა განაცხადი ნატოს კიბერ- და თავდაცვითი ცენტრის წევრობასთან დაკავშირებით და წელს უკვე ჩაერთო, როგორც კონტრიბუტორი წევრი. ნატოს კიბერთავდაცვით მთავარ ინსტიტუციაში, უკრაინა არის ფაქტობრივად სრულფასოვანი წევრი და წარმატებულად იყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ნატოს არაწევრი ქვეყანაა.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ უკრაინამ, იმის გათვალისწინებით რა გამოცდილებაც გააჩნია, მართლაც მნიშვნელოვნად განივითარა და დახვეწა კიბერუსაფრთხოების სფერო. „რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად უმკლავდება ქვეყანა კიბერსივრცეში არსებულ გამოწვევას და საფრთხეს, დასაწყისიდანვე როგორ რეაგირებს. სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი მობილიზებაა.“ - განაცხადა მან.
საბოლოო ჯამში, თანამედროვე დროში, როდესაც ინფორმაციის ვეპონიზაციის პროცესი აშკარაა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულად აღქმა. ამ საფრთხეების მნიშვნელობა მით უფრო ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ნატოს მიერ კიბერსივრცე დამკვიდრდა მეხუთე დომეინად, რაც გულისხმობს, რომ საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და კოსმოსური სივრცის პარალელურად, დღეს კონფრონტაციის რეალურ, მნიშვნელოვნად გასააზრებელ სივრცეს წარმოადგენს კიბერსივრცეც.
შესაბამისად, რაც უფრო გაიზრდება კიბერცნობიერება, რაც უფრო სერიოზულად იქნება აღქმული კიბერთავდასხმისგან მომდინარე საფრთხე, უფრო მეტად მომზადებული შევხვდებით რეალობას, სადაც ყველა ომი სინქრონიზებული იქნება კიბერელემენტთან. ამ საჭიროების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს სწორედ ამგვარი რეალობაა.