7 minute read

ახალი ენერგეტიკული ბაზრის მოდელზე გადასვლა: გამოწვევები და პერსპექტივები

2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი ამოქმედდება. აღნიშნული სიახლე განპირობებულია იმ ვალდებულებებით რაც საქართველომ აიღო 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას. ამასთანავე, 2017 წელს ქვეყანა გახდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გარდაქმნას მისი ენერგეტიკული ბაზარი ევროკავშირის დირექტივების მიხედვით (ევროკავშირის ენე- რგეტიკული პაკეტი).

„თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზარი, აუცილებელია საქართველოსთვის, რათა განახორციელოს თავისი მისწრაფება გახდეს გლობალური ენერგეტიკული ბაზრის ნაწილი და ინტეგრირდეს ევროპის ენერგეტიკულ საზოგადოებაში“, - განუცხადა „დიპლომატს“ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ანი სტიდმა. მან ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის ახალი ბაზრის სიკეთეებზეც და აღნიშნა, რომ ის საშუალებას მისცემს ქართულ ოჯახებს, ბიზნესს და მწარმოებლებს იპოვონ ეკონომიური, ეფექტიანი და ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტა და გააკონტროლონ თავიანთი ენერგეტიკული ხარჯები. ენერგიის მიმწოდებლებს კი მოუწევთ უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის მდგრადობას ავთვისებიანი გავლენის მიმართ.

Advertisement

ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოსაყალიბებლად, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. მთლიანად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა, დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვა, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილებები მაინც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას უკავშირდება, რომელიც პირველი სექტემბრიდან რიგ, გარდამტეხ სიახლეებს შემოიტანს ელექტროენერგეტიკის სექტორში.

„დღეისათვის გვაქვს ასეთი სურათი, მატულობს იმპორტის წილი ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც არ არის მისასალმებელი. გვჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ენერგოპოტენციალს. შესაბამისად, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მის სწორად განხორციელებაზე არის დამოკიდებული ბაზრის განვითარების შემდგომი ეტაპები“, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალ დიპლომატთან საუბრისას.

ნარმანიას მოსაზრებას იზიარებს ანი სტიდიც და აღნიშნავს, რომ ახალი ენერგეტიკული ბაზარი უზრუნველყოფს საქართველოს უფრო სტაბილური და საიმედო ელექტროენერგიის მიწოდებას საკუთარი სუფთა და განახლებადი ენერგიის გამომუშავების წყაროებიდან, რაც შეამცირებს ზედმეტ დამოკიდებულებას იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე რომელიმე ერთი პროვაიდერისგან.

„USAID განიხილავს კონკურენტულ ენერგეტიკულ ბაზარს, როგორც მოთხოვნას მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ისეთი გარემოს შექმნისთვის, რომელსაც შეუძლია მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოს განახლებადი ენერგიის რესურსებში, რაც დაეხმარება საქართველოს შეასრულოს სუფთა ენერგეტიკის მიზნები და კლიმატის ვალდებულებები, უზრუნველყოს ახალი მაღალტექნოლოგიური დასაქმების შესაძლებლობები და შეამციროს დამოკიდებულება იმპორტზე“, - განაცხადა ანი სტიდმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომ მოემზადოს ამ მნიშვნელოვანი ახალი ბაზრისთვის, კიდევ უფრო განავითაროს თავისი ეკონომიკა და ენერგეტიკული უსაფრთხოება.

როგორც სემეკის თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შედეგად, ბაზარზე მსხვილი მომხმარებლების მიერ ენერგიის ყიდვა შესაძლებელი იქნება როგორც საცალო ბაზარზე, ისე - ბირჟის მეშვეობით და არა კონკრეტული მონოპოლისტებისგან, როგორებიც იყო სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. ბირჟაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასი იქნება, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დადგინდება. შედეგად, ახალი ბაზრის მოდელის ამოქმედება დაასტაბილურებს ფასებს, რაც კარგია ენერგოუსაფრთხოებისთვის, ფინანსური კუთხიდან გამომდინარე. ტექნიკური მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, ჩადებულია ისეთი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს დარგის მუდმივ და განუხრელ განვითარებას.

„მომხმარებელი შეძლებს, რომ არაპიკურ საათებში შედარებით იაფი ენერგია შეიძინოს. მაგალითად, საქართველოს რკინიგზა შეძლებს, რომ ღამის საათებში იაფიანი ენერგია შეიძინოს და ტვირთი გადაზიდოს, რაც ნაკლები დაუჯდება ამ შემთხვევაში, ვიდრე ფიქსირებული ტარიფის პირობებში. ჩვენი გადმოსახედიდან, ამით ბირჟაზე ენერგიით მოვაჭრე ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოიგებს - ევროპული პრაქტიკაც ამას გვკარნახობს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ბირჟა, როგორც მოკლევადიანი, საათობრივი პროდუქტების ბაზარი, საშუალებას აძლევს ბაზრის მონაწილეებს, ივაჭრონ ყოველი საათისთვის და ამ გზით შეიმცირონ უბალანსობა - სხვაობა დაგეგმილ და ფაქტიურ წარმოებას/მოხმარებას შორის.

„შესაბამისად, იმისთვის, რომ ბირჟა ამოქმედდეს, უნდა ამოქმედდეს ბაზრის მთლიანი მოდელი - საბითუმო დონეზე უნდა დაიწყოს საათობრივი ვაჭრობა და ბაზრის მონაწილეებს უნდა დაეკისროთ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა. მხოლოდ ამ პირობებში შეიძენს ბირჟა რეალურ ფუნქციას. სწორედ ამიტომ, ბაზრის მოდელის კონცეფციით, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტია, ბირჟის და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ერთობლივად ამოქმედება დაგეგმილი“, - განუცხადა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ „დიპლომატს“.

რაც შეეხება გამოწვევებს, ნარმანია და მილორავა განსაკუთრებულ სირთულეებს არ ელოდებიან და აცხადებენ რომ საქართველო მომზადებული ხვდება ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებას. ამის დასტურად ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბაზრის ოპერატორის - ნორდ პულის პლატფორმით სარგებლობას ასახელებს. ეს კომპანია ევროპის 16 ქვეყანაში ოპერირებს და აღნიშნავს, რომ მათთან თანამშრომლობით სამართლებრივი და ტექნიკური დოკუმენტების შემუშავება, სავაჭრო პლატფორმის გამართვა და მონაწილეებისათვის წარდგენა დაგეგმილ ვადებში მოხდა.

ამჟამად პლატფორმა ტესტირების რეჟიმშია, მიმდინარეობს დემოვაჭრობა. ვაჭრობისას პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებით სავალდებულო გახდა სუბიექტებისთვის ბირჟაზე რეგისტრაცია. ბირჟაზე დარეგისტრირებული არიან ერთი მხრივ, ელექტროენერგიის მწარმოებლები მაგალითად ჰესები და სხვა ტიპის სადგურები და მიმწოდებლები, მეორე მხრივ – მსხვილი მომხმარებლები, რომელთაც მომავალში ბირჟის მეშვეობით ენერგიის ყიდვა შეეძლებათ.

ახალი რეფორმის ძირითად გამოწვევად ბაზრის მონაწილეების მზადყოფნა და ახალ რეალობასთან ადაპტაცია სახელდება. „მონაწილეები ათეული წლების განმავლობაში ოპერირებდნენ იმ სისტემაში, სადაც მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ დაგეგმილ გენერაციასა და მოხმარებაზე. შესაბამისად, ეს სიახლე მათთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ სწორი პროგნოზების გაკეთება მხოლოდ მონაწილეებზე არ არის დამოკიდებული და ადმინისტრაციული ორგანოებიდან ისეთი სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა მაგალითად ჰიდროლოგია, ამინდის პროგნოზი და ა.შ. ეს პრობლემა განსაკუთრებით კრიტიკულია განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის“, - აღნიშნა მილორავამ.

ბაზრის ახალი მოდელი ახალ გამოწვევებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს. ბაზარზე გაჩნდებიან ახალი მოთამაშეები - ტრეიდერები და მიმწოდებლები, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვით იქნებიან დაკავებულები და მაგალითად მწარმოებელს ან მომხმარებელს, რომელსაც არ სურს ელექტროენერგიით ვაჭრობის რთულ საქმიანობაში ჩართვა, შესთავაზებენ სხვადასხვა სახის მომსახურებებს.

მილორავა მიიჩნევს, რომ ახალი ბაზარი სერიოზული სტიმული უნდა გახდეს ახალი გენერაციის განვითარებისათვის. არსებული ბაზრისგან განსხვავებით, ახალ მოდელში ჩნდება კიდევ ერთი ახალი სეგმენტი - სიმძლავრის ბაზარი, სადაც გენერაციის ობიექტებს შეეძლებათ სისტემის ოპერატორისათვის სარეზერვო სიმძლავრის შეთავაზება და გაყიდვა, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება გენერაციის ობიექტებისთვის.

„საათობრივი ვაჭრობა და ყოველსაათობრივი ფასის ფორმირება სწორ საფასო სიგნალებს მისცემს გენერაციის ინვესტორებს და შედეგად ჩვენ მივიღებთ მოთხოვნის დაფარვაზე ორიენტირებულ გენერაციის ახალ ობიექტებს, რამაც საბოლოო ჯამში ელექტროენერგიის დეფიციტი მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს“, - განაცხადა მილორავამ.

ირინა მილორავა, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი

ბაზრის ახალი მოდელის მთავარ უპირატესობად დავით ნარმანია ელექტროენერგიის ნამდვილი ფასის ცოდნას ასახელებს, რაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ინვესტორს ეცოდინება რომ კონკურენტული ტიპის ბაზარზე შემოდის, ამისთვის კი საკმარისი იქნება მხოლოდ სემეკისთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა. ასევე, თუ ინვესტორი გადაწყვეტს ელექტროსადგურის აშენებას, მას ეცოდინება როგორია ბაზარი და შესაბამისად, შეეძლება ფასების პროგნოზირება როგორც დღის შიგნით ბაზარზე, ასევე სეზონების მიხედვით. ამის საფუძველზე ეცოდინება, თუ რა რაოდენობის გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზებას მოახდენს.

ახალი ბაზარი შესაძლებლობებს აჩენს მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც პასიური მომხმარებლებიდან აქტიურ მომხმარებლებად უნდა გადაიქცნენ. მილორავა მიიჩნევს, რომ დროში დიფერენცირებული ტარიფები აუცილებლად შეცვლის მომხმარებლის ქცევას და ისიც საბაზრო ფასზე ორიენტირებული იქნება, რადგან მომხმარებელიც ზუსტად ისევე რეაგირებს საბაზრო ფასზე, როგორც გენერაციის ობიექტი.

„უფრო მეტიც, მომხმარებელს, გენერაციის ობიექტების მსხგავსად, შესაძლებლობა ექნება ივაჭროს სიმძლავრის ბაზარზე და ამ გზით დამატებითი სარგებელი მიიღონ. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რეფორმა და ბაზრის ახალი მოდელი საინტერესო აღმოჩნდა ისეთი ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ შეხება ენერგეტიკასთან. ისინი მონაწილეობენ სატესტო ვაჭრობაში, აბარებენ გამოცდებს, ხდებიან სერტიფიცირებული მოვაჭრეები და, შედეგად, ბევრი ახალი და საინტერესო სახე შემოუერთდა სექტორს“, - აღნიშნა მილორავამ.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლას დადებითად აფასებს USAID-ის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში ნიკოლოზ ოყრეშიძეც და აღნიშნავს, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შექმნისკენ. „თუმცა, მეტი სამუშაო რჩება გასაწევი ძალიან რთულ ეკონომიკურ გარემოში. გლობალურად, ენერგეტიკული ბაზრები არასტაბილურია უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის და სხვა ფაქტორების შედეგად. საქართველოს ახალი ბაზრის მოდელი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე არსებული და საქართველოს წინა გამოცდილებამ თანამედროვე ბაზრის მოდელების ამოქმედებაში უნდა გააძლიეროს ახალი „დღით ადრე“ მოდელის ამოქმედება.“

როგორც ოყრეშიძე აცხადებს, ბაზრის წარმატებული გაშვებისთვის მრავალი პოტენციური დაბრკოლება რჩება, მათ შორის გამოწვევები აღრიცხვისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ბაზრის ახალი მონაწილეების შესაძლებლობების შესახებ და კომუნალური მომსახურების განცალკევების შესახებ. „ბირჟის ამოქმედების ვადების რამდენჯერმე გადადებამ ასევე გაზარდა გაურკვევლობა დაინტერესებულ მხარეებს შორის – თუმცა, მთავარია ბირჟის გახსნა სწორად მოხდეს, რადგან ბაზრის ნაადრევად გახსნამ შეიძლება გამოიწვიოს არაფუნქციონალური ბაზარი, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის დაინტერესებულ მხარეებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უზრუნველყოს, რომ ყველა საჭირო დეტალი გათვალისწინებული იყოს ბაზრის გააქტიურებამდე.“

კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზარი გადამწყვეტია საქართველოს უწყვეტი ეკონომიკური განვითარებისთვის, მისი ევროატლანტიკური გზისა და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის.

„USAID-ი რჩება საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და ენერგეტიკის დაინტერესებული მხარეების მხარდამჭერად, რათა განახორციელონ ის ბოლო ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ახალი ბაზრის მოდელის წარმატებული ამოქმედებისთვის - და იმ უზარმაზარი შესაძლებლობებისთვის, რაც მას მოჰყვება“, - განაცხადა ოყრეშიძემ.

ნიკოლოზ ოყრეშიძე, USAID-ის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში

This article is from: