4 minute read
საქართველოს წყალმომარაგების გაუმჯობესება: მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები
საქართველოში წყალმომარაგების სექტორში მრავალი პროექტი მიმდინარეობს, მზარდია სახელმწიფოს მხრიდან წყალმომარაგებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსიც. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულმა გამოყოფილმა თანხებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 380 მილიონ ლარს შეადგენს. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ღირებულების მიმდინარე და უკვე დაპროცესებული პროექტების ფარგლებში 172 ლოკაციაზე დამატებით 558 ათასს ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 181 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24 საათიან წყალმომარაგებაზე.
გაერთიანებული წყლის კომპანიის ცნობით 2022 წლის განმავლობაში დასრულდება შემდეგი პროექტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა; სოფელი მატანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების- ქვემო მაჩხაანის, ფანიანისა და ილიაწმინდას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა; დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბულაჩაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი) წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. გარდა ამისა, საერთაშორისო დონორის დაფინანსებით მიმდინარეობს პროექტი თელავში. აღნიშნული პროექტის დასრულების შედეგად ქალაქის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით.
Advertisement
2022 წელს დაიწყება ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ღირებულება შეადგენს 260 მილიონ ლარს. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ვაზიანის და ახალი სამგორის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მე-3 ფაზის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ასევე, მიმდინარეობს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დედოფლისწყაროსა და 17 სოფლის 24 სთ წყალმომარაგების სამუშაოები; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, და საქობაოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მშენებლობა; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქ თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის და 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი ასურეთი) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა; გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურასა და ბადიაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა; ქალაქ ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობა; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ცხვარიჭამია, მუხრანის, თეზამისა და კევლიანის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-პროექტირება; ქ. მარტვილის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია / მშენებლობა და მარტვილის წყალარინების ქსელის მშენებლობა; ქალაქ ყვარელის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია/მშენებლობა.
„მთლიანობაში, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი განვითარების გეგმის შესაბამისად, განვადებით მშენებლობის ფარგლებში, განვახორციელებთ 350 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს, რომლის შედეგადაც, 2025 წლის ბოლომდე, საქართველოს ყველა ქალაქის 665 ათასი ბენეფიციარი იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით. წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას ექნება წვდომა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე“, - აღნიშნა გაერთიანებული წყლის კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევდორაძემ „დიპლომატთან“ საუბრისას.
მან ასევე ისაუბრა ჩამდინარე წყლების მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც აშენდა გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში. ასევე მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები გუდაურში, მარნეულსა და ფოთში. დღეის მდგომარეობის დაპროცესებულია და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ყაზბეგი, ბაკურიანი, ჭიათურა, ქუთაისი, გურჯაანი, სიღნაღი, წნორი. „დასახული მიზნების მისაღწევად 10 წლიანი განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება 9,2 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც 2,5 მილიარდი ლარის პროექტები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.
ცალკე უნდა აღინიშნოს აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით, პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი ბათუმი. 2007 წლამდე აჭარის მოსახლეობის 70%-ზე ნაკლებს ჰქონდა წვდომა ონკანის წყალმომარაგებაზე (დაახლოებით დღეში 12 საათი) და მხოლოდ ყოველ მესამე მოსახლეს ჰქონდა წვდომა ჩამდინარე წყლების სისტემებზე. დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი მიმართავდა სატუმბ სისტემებს, რომლებიც საზიანო იყო მთელი სისტემისთვის, ნაწილმა კი უარი თქვა უხარისხო წყლის საფასურის გადახდაზე, ეს ბუნებრივია სახიფათო იყო ადამიანების ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, გაჟონვამ და უკანონო მიერთებებმა გამოიწვია წყლის 90%-მდე დაკარგვა იქ, სადაც სისტემები ჯერ კიდევ მუშაობდა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ბათუმის ერთადერთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა დაიხურა 1990-იან წლებში, შედეგად, დაუმუშავებელი კანალიზაციის გაშვება ხდებოდა შავ ზღვაში. ქალაქის ერთადერთ დასაყრდენს წვიმის წყლის დრენაჟის სისტემა წარმოადგენდა. შედეგად, ძლიერი წვიმა ქალაქის დიდი ნაწილის ხშირ დატბორვას იწვევდა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა დიდი რაოდენობით რისკებმა, ეკოლოგიურმა დეგრადაციამ და წყლის დანაკარგებმა უბიძგა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) დაეწყო პროექტი „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბათუმში“ 2006 წელს. ინიციატივა მიზნად ისახავს ბათუმისა და მიმდებარე სოფლების წყლის თანამედროვე მართვისა და გამწმენდი სისტემებით უზრუნველყოფას. 240 მილიონი ევროზე მეტის სასესხო და საგრანტო დაფინანსებით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და KfW-ს მიერ, ასევე 20 მილიონ ევროზე მეტი ევროკავშირის გრანტების სახით, პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში.
„ბათუმის წყლის“ რესტრუქტურიზებული წყალმომარაგება უზრუნველყოფს ახალრეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის მდგრად მართვას და მოვლას გრძელვადიან პერსპექტივაში. რომელიც, მოემსახურება სულ უფრო მეტ ტურისტს, რომლებიც ესტუმრებიან აჭარას დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროზე წყლის გაუმჯობესებული ხარისხის გათვალისწინებით. გარდა ამისა, წყალმიმღები და გაშვების სიმძლავრის გაფართოების და მისი უფრო ეფექტური მართვისა და შენარჩუნების გამო, წვიმის წყლის ახალ დრენაჟს აქვს მნიშვნელოვნად მაღალი ტვირთამწეობა, რაც თავის მხრივ ამცირებს ქალაქის დატბორვის რისკებს.
ბათუმში მიღწეული წარმატებებით წახალისებული ახალი პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, აჭარის რეგიონის სოფლების საზოგადოებრივ წყალმომარაგებასთან დაკავშირებას და ჩამდინარე წყლების გატარებას ისახავს მიზნად. იგი მოიცავს საქართველოსთვის მთლიანად ახალ ინსტიტუციონალურ მიდგომას ახლადდაარსებული წყლის მიმწოდებლების ზერეგიონული ასოციაცია და საპროექტო რეგიონების მაცხოვრებლები თავად ირჩევენ და ამუშავებენ მომავალ საპროექტო ადგილებს. პროექტის განხორციელება იგეგმება 2024 წლამდე. დაფინანსება მოიცავს 40 მილიონი ევროს სესხს და 10 მილიონი ევროს გრანტს ევროკავშირისა და BMZ-სგან.