5 minute read

ცირკულარული ეკონომიკა და ნარჩენების მდგრადი მართვა

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ „ცირკულარული ეკონომიკის პაკეტი“ წარმოადგინა, 2020 წლის 12 მარტს კი მიიღო ცირკულარული ეკონომიკის ახალი სამოქმედო გეგმა - „ევროპული მწვანე შეთანხმების“ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ევროპის ახალი დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის. მოიცავს რა საქონლის მთელი სასიცოცხლო ციკლისათვის განკუთვნილ ღონისძიებებს, ახალი სამოქმედო გეგმის მიზანია ევროკავშირის ეკონომიკის „მწვანე მომავალზე მორგება“, მისი კონკურენტუნარიანობის განმტკიცება და, ამავდროულად, გარემოს დაცვა.

ახალ გეგმაში ყურადღება მიპყრობილია ცირკულარულ ეკონომიკაზე მორგებულ წარმოებაზე, რაც ევროკავშირის ეკონომიკაში გამოყენებული რესურსების შეძლებისდაგვარად დიდხანს შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

Advertisement

მწვანე ეკონომიკური განვითარება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამჟამად გაბატონებული ეკონომიკური სისტემა, ე.წ. წრფივი ეკონომიკა მოქმედებს პრინციპით „აიღე-მოიხმარე-გადააგდე“ და რესურსებს არაეფექტიანად მოიხმარს. შედეგად, რესურსების დეფიციტისა და გარემოს დაბინძურების საკითხები დღითიდღე მწვავდება, ხოლო შეზღუდული რესურსების ეფექტიანად მართვა და ნარჩენების შემცირება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა დღის წესრიგში დგას საქართველოშიც, რაც მას მდგრადი განვითარების მიზნების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.

ცირკულარული ეკონომიკა ტრადიციული, წრფივი ეკონომიკის (წარმოება, მოხმარება, ნარჩენების გადაყრა) ალტერნატივაა, სადაც რესურსებს შეძლებისდაგვარად დიდხანს ვიყენებთ, სარგებლობისას მათი ღირებულების მაქსიმუმს მოვიხმართ, ხოლო შემდეგ, ექსპლუატაციის ყოველი ციკლის ბოლოს პროდუქტებსა თუ ნედლეულს აღვადგენთ და ახალ სიცოცხლეს შევძენთ.

„ანუ მთავარი პრინციპი არის ის, რომ ნარჩენი არ არის ნაგავი და უნდა მოხდეს კვლავ დაბრუნება ეკონომიკაში, მისი გადამუშავება, აღდგენა ან ექსპორტზე გატანა. ცირკულარული პრინციპი გულისხმობს იმას, რო პროდუქტის მოხმარების შემდეგ ხდება არა პროდუქტის გადაგდება, არამედ მისი ხელმეორედ გამოყენება ეკონომიკაში“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა „დიპლომატთან“ საუბრისას.

სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მოსამზადებლად დიდი სამუშაოებია შესასრულებელი: შესასწავლია, საქართველოს რეალობაში რა დარგებში და მიმართულებებში იქნება ყველაზე მარტივი ან ყველაზე პერსპექტიული ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა; შესამუშავებელია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი სტრატეგიები; გასაანალიზებელია, რა საკანონმდებლო ცვლილებები, ინვესტიციები და ტექნოლოგიებია საჭირო ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივების ხელშეწყობისათვის; შესამუშავებელია ცირკულარული ეკონომიკის მასტიმულირებელი და წამახალისებელი მექანიზმები, მათ შორის კანონმდებლობა; გამოსავლენი და შესაფასებელია ხელშემშლელი ფაქტორები და რისკები, და შესამუშავებელია ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მათი აღმოფხვრა და დასაგეგმი და განსახორციელებელია საპილოტე და სადემონსტრაციო პროექტები.

„სწორედ ამ მიზნით რეგლამენტზე მუშაობა საქართველომ 2019 წლიდან დაიწყო. ეს არის არამარტო გარემოს დაცვითი, არამედ ეკონომიკურიც, რადგან ვალდებულს ხდის იმპორტიორს და მწარმოებელს, ყველას ვისაც ამ სპეციფიკურ ნარჩენებთან აქვს შეხება, რომ მათ გარკვეული შენატანი განახორციელონ იმ საერთო ორგანიზაციაში, რომლის მიზანიც სწორედ ამგვარი ნარჩენების მართვაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით უკვე გადაიდგა გარკვეული თანამიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც წრებრუნვის დანერგვას უწყობს ხელს; მიღებულია „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ნარჩენების მართვის იერარქიისა და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.

საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების გადამუშავების დარგში, დემეტრეს ეკონომიდესი „დიპლომათან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველო გარდამავალ პერიოდშია, რომლის მიზანია ნარჩენების ეფექტური მართვის პირველი საბაზისო დონის ჩამოყალიბება. ეს ძალისხმევა ვრცელდება ნარჩენების მართვის ფართო სპექტრზე: ნარჩენების შეგროვებიდან, ტრანსპორტირებიდან და განთავსებიდან სანიტარიულ ნაგავსაყრელამდე. ეს ეტაპი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან რეგიონების უმეტესობა საინჟინრო, შესყიდვების და მშენებლობის სტადიაზეა. მისი თქმით ამ დონის ჩამოყალიბებას 2-3 წელი დასჭირდება.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, აქტიურად ზრუნავს მუნიციპალიტეტების გაძლიერებაზე როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ტექნიკური აღჭურვის კუთხით. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, კომპანიამ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ნარჩენების მართვის გეგმისა და სტრატეგიის შემუშვების საკითხებზე არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩაუტარა. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მუნიციპალიტეტების მომარაგება ნარჩენების შესაგროვებელი და გადამზიდავი სპეციალური, ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით. გარდა ამისა, საპილოტე პროექტების ფარგლებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში იგეგმება სეპარირების სპეციალური ურნების შეძენა და გადაცემა რეციკლირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა.

გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” 2012 წელს, ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით შეიქმნა და დაარსების დღიდან აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის ნორმებთან დაახლოებული ნარჩენების მართვის კოდექსისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში. კომპანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაშია და პასუხისმგებელია, როგორც საქართველოს მასშტაბით (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ყველა არსებული (ძველი) ნაგავსაყრელის ოპერირებაზე, სისტემურ რეაბილიტაცია-კეთილმოწყობაზე, დახურვასა და დახურვის შემდგომ მოვლაზე, ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და ახალი რეგიონული არასახიოფათო ნარჩენების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტების მშენებლობაზე.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 54 არსებულ ნაგავსაყრელს მართავს, რომელთა შორის 24 - საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიხურა, 30 მათგანს კი, სისტემატურად უტარდება რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშოები; გარდა ამისა, მოეწყო ნარჩენების გადამტვირთავი 5 სადგური.

ყველა მოქმედი ნაგავსაყრელი საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული შესაბამისობაში მოყვანის გეგმის მიხედვით. ნაგავსაყრელებზე აღირიცხება შეტანილი ნარჩენების სახეობა და ყოველდღიური რაოდენობა ტონებში და მონაცემები გადაეცემა ცენტრალურ მონაცემთა ბაზას.

2030 წლამდე კომპანია, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, 6 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (სამეგრელო-ზემო სვანეთი; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; კახეთი; ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; შიდა ქართლი) მოწყობას გეგმავს. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების ოპერირების დაწყების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად ეტაპობრივად დაიხურება ყველა არსებული (ძველი) ნაგავსაყრელი.

რეგიონული ცენტრების მშენებლობის შედეგად ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა დაინერგება, რომლის საშუალებით, ნარჩენების მართვა ბევრად ხარჯეფექტური იქნება და გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პირობებს

თუმცა, ცირკულარული ეკონომიკა არ გულისხმობს მხოლოდ სპეციფიკურ ნარჩენებს. ის ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს. ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის მიმართულება, მაგ. ყურძნის გადამუშავება და ა.შ. ამ ყველაფრის წარმოებაში შემოტრიალებაა მნიშვნელოვანი. როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა შესაბამის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება ამ წლის შემოდგომაზე და იქ კარგად გამოიკვეთება ის შედეგები, რაც საბოლოო ჯამში მიიღწევა და გამოჩნდება, თუ რომელ დარგებში აქვს საქართველოს მეტი პოტენციალი.

დემეტრეს ეკონომიდესი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნარჩენების გადამუშავების გაუმჯობესების მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია. ძირითადი სფეროებია საკანონმდებლო ბაზის აღსრულება, მენეჯერული სტრუქტურა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და საზოგადოების წევრების მონაწილეობა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველამ გააცნობიეროს, რომ ნარჩენები არ არის სხვისი პრობლემა, არამედ ის ეხება ყველას და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მის ეფექტური მენეჯმენტში“, - აღნიშნა ეკონომიდესმა. რჩევის სახით კი ხაზი გაუსვა მყარი ნარჩენების ეროვნული სტრატეგიის განახლებას წრიული ეკონომიკის საფუძველზე, ნარჩენების ეფექტური მართვის მიზნით საკანონდმებლო ბაზის გაუმჯობესებას, ინიციატივებს ნარჩენების კომბინირებული მართვის შესახებ და ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების ჩართულობას ისახავს მიზნად.

This article is from: