8 minute read

USAID, საქართველო პარტნიორობის 30 წელი

USAID-ის მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის ინტერვიუ

საქართველოში 30 წლის მოღვაწეობის მანძილზე, USAID-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. რა ცვლილებების მომსწრენი გახდით, სახელმწიფოს ან საზოგადოების მიმართებით ამ ბოლო 30 წლის მანძილზე?

Advertisement

პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის არაჩვეულებრივი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის შემდეგ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მრავალი წარმატების აღნიშვნა შეიძლება, მათ შორის კერძო სექტორის როლის გაზრდა, რაზეც დამატებით ინფორმაციას ქვემოთ მოგახსენებთ. თუმცა მინდა გამოვყო ორი სფერო სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ვაჭრობა და ექსპორტი: საქართველო ისტორიულად ცდილობდა სავაჭრო პარტნიორობები ჩრდილოელი მეზობლების მიღმაც გაეფართოვებინა. დღეს ვხედავთ იმ ქართული ბიზნესების მზარდ რიცხვს, რომლებიც თავიანთი ექსპორტის დივერსიფიკაციას ახდენენ ევროკავშირში, გალფის ყურესა და მის ფარგლებს გარეთ. ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, დაწყებული ბიზნესის მფლობელებით, დასრულებული სოფლის მეურნეობის კოოპერატივებით და ქალი მეწარმეებით, USAID-მა გააორმაგა საქართველოში შექმნილი პროდუქციის ხარისხი, რაც შედეგად ქვეყანას უფრო კონკურენტუნარიანს და მომგებიანს გახდის. მაგალითად USAID დაეხმარა ქართულ აგრობიზნესს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, რაც სავაჭრო ბაზრობებსა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

ტოლერანტობა და ინტეგრაცია: USAID-ში ვაფასებთ, რომ საქართველო მიზანმიმართულად გარდაიქმნა უფრო ტოლერანტულ, ინკლუზიურ ქვეყნად. ახალი ინსტიტუტებისა და სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით ქვეყანა აუმჯობესებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტრომ მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა ამ სფეროში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რათა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტოლერანტობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა. USAID-მა მხარი დაუჭირა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის ქართული ენის მოსამზადებელი ერთწლიანი პროგრამის შექმნასაც, რომელიც ცნობილია 1 + 4 პროგრამის სახელით და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გაუმარტივოს წვდომა განათლებასთან. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომაც USAID გააგრძელებს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და ჩვენი პროგრამების ფარგლებში ხელს შევუწყობთ ტოლერანტობასა და ინკლუზიას.

USAID საქართველოში მრავალ პროგრამას ახორციელებს, ხომ არ გამოყოფდით თქვენს ფავორიტ მიმართულებას და რომელია მათგან ყველაზე წარმატებული?

USAID საქართველოს კეთილდღეობას მრავალმხრივ უჭერს მხარს. ჩვენმა ბევრმა პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ, აყვავებულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველოში ჯერ ჯიდევ არის ხარვეზები და გამოწვევები, ისვე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში. წარმოუდგენლად ვამაყობთ ჩვენი პროგრამებით, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი პროგრესია - როგორ უნდა გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა?

ჩვენ არა რომელიმე კონკრეტულ პროგრამაზე, არამედ მიდგომაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოში USAID-ის სტრატეგიის მამოძრავებელი ძალა და ქვეყნის მომავლის განვითარების წამყვანი ფაქტორი კერძო სექტორის ჩართულობაა.

კერძო სექტორს საქართველოს განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს, არა მხოლოდ როგორც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას, არამედ როგორც ნამდვილ პარტნიორს პასუხისმგებლიანი დემოკრატიის, ანგარიშვალდებული მმართველობისა და უფრო მედეგი საზოგადოების შექმნაში. ამიტომ ჩვენი სტრატეგია სულ უფრო მეტად ორიენტირებულია კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში ერთობლივად მივალთ ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რაც ხელს შეუწყობს USAID-ის მხარდაჭერის დასრულების შემდეგაც საქმიანობის წარმატებულ გაგრძელებას. რას გულისხმობს ეს?

ვმუშაობთ აჭარა ჯგუფთან, საპარტნიორო ფონდთან, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალთან, TBC ბანკთან და მრავალ სხვა ორგანიზაციასთან, რათა გადავჭრათ მიწოდების ჯაჭვის ძირითადი პრობლემები, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისა და ქალების დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების მობილიზებას, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უახლესი გადამამუშავებელი ქარხნების გახსნას, რეგიონში საუკეთესო ფიზიოთერაპიის ცენტრის განვითარებას და სხვა. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მთელს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

გასულ თვეს USAID-მა, ჩვენი ერთერთი პროგრამის ფარგლებში ხელი მოაწერა ურთიერთიგაგების მემორანდუმს Mastercard-თან, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის გაციფრულების მხარდაჭერას. ახალი პარტნიორობა, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, გააძლიერებს მონაცემთა ანალიტიკას, გაზრდის მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობებს ელექტრონულ კომერციაში და შექმნის საქართველოს ე.წ. ფინტეკ ეკოსისტემას (ფინანსურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეკონომიკა). ჩვენი ყველაზე ახლი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით, რომელსაც ახალგაზრდები ჩაუდგებიან სათავეში.

მხოლოდ 2021 წელს კერძო სექტორის ჩვენმა პარტნიორებმა 25 მილიონ დოლარზე მეტის მობილიზება მოახერხეს კერძო სექტორის პარტნიორებისგან, შექმნეს 1 465 სამუშაო ადგილი და გამოიმუშავეს 92 მილიონი აშშ დოლარი ახალი გაყიდვებით. ამ ტიპის პარტნიორობა და შედეგები უზრუნველყოფს საქართველოს მუდმივ განვითარებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა გაუძღვება: კერძოდ საქართველოს კერძო სექტორის საწარმოები და იქ დასაქმებული ადამიანები.

რომელია ქვეყნის განვითარებისა და გაუმჯობესების ყველაზე აქტუალური გამოწვევები? როგორ უწყობს ხელს USAID ამ გამოწვევების გადაჭრას?

ათწლეულებზე მეტია USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან ვითარდება, ქვეყანაში არსებული საჭიროებების მხარდაჭერის მიზნით. დღევანდელი გამოწვევები მკვეთრად განსხვავდება 1990 და 2008 წლებში არსებული გამოწვევებისგან და შესაბამისია USAID-ის პასუხებიც.

ჩვენი პროგრამები ამჟამად ებრძვის გარე მავნე ზეგავლენას, აძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და ჰქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. USAID-ის ეს სამი პრიორიტეტი ემთხვევა ქვეყნის სამ ძირითად გამოწვევას.

გარე მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა: რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოავლინა გარე მავნე ძალების მიმართ საქართველოს დაუცველობა ყველა სექტორში. USAID აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, სავაჭრო პარტნიორებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რათა ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებულება მავნე ქვეყნებზე, ხელს ვუწყობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერ გაძლიერებას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობას და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება: თუ საქართველოს სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაშინ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უწყვეტ პროგრესს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში. USAID-მა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია და კვლავ აგრძელებს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ვმუშაობთ საქართველოს საბაზისო განათლების და სამოქალაქო განათლების სისტემების გაძლიერებაზეც, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერაზე, რათა საქართველოს მოსახლეობას საშუალება მივცეთ უკეთ შესძლონ თავიანთი თავის ადვოკატირება და ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ ხელისუფლებას.

მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა: გლობალურ პანდემიამდეც კი, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებისთვის არ გადაზრდილა ეკონომიკურ დინამიზმში ან შესაძლებლობებში. შესაბამისად კვლავ მნიშვნელოვანია ხარისხიანი სამუშაოს და ეკონომიკური შესაძლებლობების საკითხი. USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებიდან მრავალია ისეთი, რომელიც ორიენტირებულია წამყვან ეკონომიკურ სექტორებში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ICT (ტექნოლოგიების) სექტორი, საერთო ინტეტელქტუალური სერვისები და ნარჩენების მართვა.

რომელი მიმართულებით გამართლდა თქვენი მოლოდინები და რომელი მიმართულებით წააწყდით ყველაზე მეტ იმედგაცრუებას?

ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების მოწმე გავხდი, რომელიც COVID- 19-ის პანდემიის დროს ერთ-ერთი მოწინავე გახდა მსოფლიოში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ამერიკის მთავრობის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად დავრწმუნდით, რომ საქართველო უზრუნველყოფილია მსოფლიო კლასის ინფექციურ დაავადებებზე მომუშავე ლიდერი სპეციალისტებით, გამოვლენის სისტემებით და ექსპერტიზით, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ეფექტიანი პროგრამების და პოლიტიკის შემუშვებასა და დანერგვას.

როცა საქართველოში ჩამოვედი, არავინ ელოდა გლობარული პანდემიის დაწყებას, თუმცა COVID-19-ზე საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელებულმა მყისიერი რეაგირების სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გადაწონა ჩემი მოლოდინები.

გლობალური კონტექსტი კი მნიშვნელოვნად შეიცვალა ამ პერიოდისთვის, ახლა, როცა უკვე ვტოვებ საქართველოს, მომსწრენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის, არამედ მთელს რეგიონში რუსული აგრესიის შედეგად დაძაბულობის ზრდის. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს სჭირდება მეტი ერთიანობა საზოგადოებაში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას და უწყვეტ პროგრესს ამ რთულ პერიოდში.

რამდენადაც საქართველოში ყოფნა მოგიწიათ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როგორ შეაჯამებდით აქ ყოფნის ოთხ წელიწადს?

ჩემთვის დიდი პატივი იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელობა. ნამდვილად გამიმართლა, რომ ვმუშაობდი კელი დეგნანის ელჩობის პერიოდში, აშშ-ს საელჩოს ერთგულ გუნდთან ერთად. რა თქმა უნდა, გასული ოთხი წელი სავსე იყო ისეთი გამოწვევებით, როგორიცაა: COVID-19 პანდემია, რუსეთის სასტიკი შეჭრა უკრაინაში და საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერება, რამაც მნიშვნელოვანად დააზარალა ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი.

თუმცა არც ისეთი რთული მდგომარეობაა საქართველოში. ამერიკელი ხალხის დახმარებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. მაგალითად ახალ ეტაპზე გადავედით და კიდევ უფრო გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარების და განათლების სამინისტროებთან, რათა ხელი შევუწყოთ მდგრადი, ინკლუზიური და ფართო ეკონომიკური ზრდის საფუძვლების გაძლიერებას. გავაძლიერეთ საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების, ისეთების როგორიცაა სურსათის ეროვნული სააგენტო და სულ მალე სახალხო დამცველის ოფისიც. USAID ამ მიდგომას „ლოკალიზაციას“ უწოდებს- რომლის ფარგლებშიც ქვეყნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად ადგილობრივი აქტორები და ინიციატივები მოიაზრება.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიზნით გავაორმაგეთ მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც დავიწყეთ ახალი ინიციატივები დეზინფორმაციასთან ბრძოლის, ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესების და უმცირესობების თემების სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში უკეთ ინტეგრირების მიზნით.

და ბოლოს, მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი ჩართულობა საქართველოს კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესი წარმოადგენს ეკონომიკის პროგრესის და სამუშაო ადგილების შემქნის მამოძრავებელ ძალას ასევე, ის ძლიერი, დემოკრატიაზე ორიენტირებული საშუალო კლასის განვითარების ხელშემწყობიცაა. მხოლოდ რამდენიმე თვის განმვალობაში, პარტნიორობა გავაფორმეთ აჭარა ჯგუფთან, TBC ბანკთან, საქართველოს ბანკათან და Mastercard-თან, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი მიენიჭება მიკრო და მცირე ბიზნესის ზრდას და ქალი მეწარმეებისთვის შესაძლებლობების შექმნას. სამუშაო ადგილებზე შევიტანეთ მეტი ინოვაცია, როგორიცაა - გაციფრულება, კიბერუსაფრთხოება და ფინანსური ინოვაციები. მთლიანობაში, ის საქმე რასაც ვაკეთებთ მართლაც შთამბეჭდავია. მოუთმენლად ველი იმ წარმატებას, რომელსაც ეს პარტნიორობა მოიტანს რამდენიმე წელიწადში.

მალე მიდიხართ საქართველოდან, ხოლო USAID-ს კი მისიის ახალი დირექტორი ეყოლება, რას ურჩევდით მას?

ჩემი შემცვლელიც საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც ძალიან კარგად იცის ყოფილი საბჭოთა კავშირი, შესაბამისად რჩევასაც ვერაფერში მივცემდი! თუმცა გავუზიარებდი ჩემს რამდენიმე გამოცდილებას, რომლის გაგებასაც ალბათ თავიდანვე ვისურვებდი. პირველი- ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ბიზნესმენებთან, თემის ლიდერებთან და სხვა, ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია ყველგან, მაგრამ საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებულია.

საქართველოში USAID-ს აქვს ურთიერთობების დიდი მარაგი, რომელიც ადგილობრივ პარტნიორებთან ათწლეულების მანძილზე ვითარდებოდა. ამ ურთიერთობების გააზრება და მათი გამოყენება საერთო ღირებულებებსა და მიზნებზე პროგრესის გასაძლიერებლად ქმნის ერთგვარ იმპულსს - რაც უფრო მეტ ინვესტიციას დებთ და მეტ პარტნიორს იძენთ, მით მეტი შესაძლებლობა ჩნდება. როცა, სხვები ამ პარტნიორობების მოწმენი ხდებიან, მათ მოტივაცია ეძლევათ თავადაც შექმნან მსგავსი პარტნიორობები. ეს გარკვეულწილად ენერგიის შერწყმის კონცეფციაა.

მეორე, დაკვირვება, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეხება თბილისის რეგიონების განვითარების საჭიროებას და შესაძლებლობებს. ეს ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანია და მომხიბლავი, თუმცა მისი საჭიროებები და შესაძლებლობები მკვეთრად განსხვავდება რეგიონებში. ამიტომაც აუცილებელია, რომ ამერიკა გავიდეს და მოიცვას საქართველოს მთელი ტერიტორია (მათ შორის აფხაზეთიც). შეიქმნას ახალი ურთიერთობები და შესაძლებლობები.

და ბოლოს, ვლაპარაკობთ რა შესაძლებლობებზე: საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. იქნება ეს ახალი სივრცეების შექმნა ტექნოლოგიებში ქალებისთვის, თუ ახალგაზრდების მეწარმეობა; სამოქალაქო ინოვაციების და არაფორმალური აქტივიზმის ხელშეწყობა; ახალი სტარტაპების დაწყება; მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ძირითადი საკითხების მოგვარება, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარება ან კლიმატისთვის ხელსაყრელი თანამედროვე სოფლის მეურნეობის გაძლიერება - საქართველოში ძალიან ბევრია პარტნიორობის მსურველი. ჩვენი მოვალეობაა მოვიძიოთ ისინი და დავეხმაროთ მათ წარმატების მიღწევაში.

This article is from: