8 minute read
15 წელი საკონსულტაციო სფეროში: პროგრესისა და ტრანსფორმაციის ხელშეწყობა
ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელთან ალექსი ალექსიშვილთან
როგორ შეიქმნა PMCG და როგორია მისი 15-წლიანი ისტორია?
Advertisement
კომპანია 2007 წლის ბოლოს დავაფუძნეთ. მისი შექმნის იდეა მაშინ არსებულ ვითარებას ემყარებოდა. საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში ახორციელებდნენ საკონსულტაციო საქმიანობას, პროექტების დასრულების შემდეგ ტოვებდნენ ქვეყანას. ვხედავდით, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ ვითარებაში გროვდებოდა, წარმატებულ თუ წარუმატებელ პროექტებში, საქართველოში არ რჩებოდა; ხოლო, ადგილობრივი ადამიანური რესურსი, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტებში, იფანტებოდა.
შესაბამისად, დავინახეთ საჭიროება და გვსურდა, რომ უფრო მეტად ორგანიზებული ხასიათი მიგვეცა ამ ყველაფრისთვის.
საკონსულტაციო საქმიანობის დაწყების კიდევ ერთი მიზეზი ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობას უკავშირდება. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულნი იმ რეფორმებში, რომლებიც განხორციელდა 2004 წლიდან 2008 წლამდე. ეს ცვლილებები იყო ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული და აღიარებული თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ბუნებრივია, ეს ზრდიდა გამოცდილების გაზიარების სურვილს.
ასე შეიქმნა PMCG, საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას (policy advice) და ასევე, მართვასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას (management consulting), რომელიც ხელს უწყობს როგორც საჯარო, ისე არასაჯარო კომერციული თუ კერძო ორგანიზაციების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ, ერთი მხრივ, პოლიტიკის ფორმირება მოხდეს სწორად და, მეორე მხრივ, მისი სწორად წარმართვა განხორციელდეს. ეს არის ორი მთავარი საკითხი, რომელიც იშლება ძალიან ბევრ ქვეკომპონენტად. ეს შესაძ- ლებელია, იყოს ინფრასტრუქტურის მიმართულებით კონკრეტული, სხვადასხვა აქტივობა, საჯარო ფინანსები, კონკრეტული პროექტის მონიტორინგი და შეფასება.
ამ ყველაფერმა შეკრა ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ინსტიტუტი, და უკვე 15 წელია, ვართ ბაზარზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი, უფრო მეტი ცოდნა შევიძინოთ, მეტი სიღრმე შევსძინოთ ჩვენს საქმიანობას და, შესაბამისად, გავხდეთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე. არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში ან კონკრეტული რეგიონის მასშტაბით, არამედ გლობალურ სივრცეში.
რომელ ქვეყნებს უწევთ მომსახურებას, რომელია ძირითადი სექტორები და სერვისები, რომელთაც სთავაზობთ მათ?
იმის გამო, რომ ჩვენ საქართველოდან დავიწყეთ, საქართველოა ჩვენი მთავარი ბაზა. ჩვენი მთავარი საქმიანობა იყო ტრანსფორმაცია. ეს გულისხმობდა პოსტსაბჭოთა სისტემის გარდაქმნას, რადგან ის ვერ უზრუნველყოფდა იმ მოთხოვნას, რაც საჭირო იყო მსოფლიო კონკურენტუნარიანი ეკონომიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებისთვის. ამგვარ ტრანსფორმაციაში მივიღეთ მონაწილეობა და ეს ცოდნა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩვენი საქმიანობის გაფართოება, ევრაზიის რეგიონის მასშტაბით, ბალკანეთის ქვეყნებიდან დაწყებული მონღოლეთით დამთავრებული და, ასევე, აფრიკის ქვეყნებში. ძალიან საინტერესო იყო, რომ იმ სისტემის საჭიროება, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოში კონკრეტული საკითხების უზრუნველყოფისთვის იქ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანდა. მაგალითად, საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი, ცენტრალიზებულ ეკონომიკასთან დაკავშირებული გარემოებანი, რომელთა ტრანსფორმაცია იყო საჭირო საქართველოში, მოზამბიკში კიდევ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, გავიაზრეთ, რომ ის ცოდნა, რომელიც აქ არის დაგროვებული, რელევანტურია არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ამ რეგიონს მიღმაც. აქტიურად ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ იორდანიაში.
რაც შეეხება სექტორებს, თავიდან ჩვენ დავიწყეთ ორი მთავარი მიმართულებით: policy advise-ს სერვისი უშუალოდ ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით. პირველი ეს იყო საჯარო ფინანსების მართვის საკითხი. ეს არ არის ერთი კონკრეტული სფერო, რადგან ის შეიძლება, მოიცავდეს როგორც საგადასახადო თუ საშემოსავლო ნაწილს, ისე ხარჯვით ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, კონსულტირება მოგვეხდინა იმ მიმართულებით, სადაც ყველაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება გაგვაჩნდა.
მეორე მიმართულება, დერეგულაციისკენ და თავისუფალი ბაზრის ფორმირებისკენ ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა იყო. უმრავლეს შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ბიუროკრატიული, კორუფციის ხელშემწყობი სისტემები, ლიცენზიები, ნებართვები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციები, ინსტრუმენტები, რომლებიც არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის ეკონომიკის გაძლიერებას და ზრდას. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება. ამ სისტემისგან თავის დაღწევა, გააზრებულად, თანმიმდევრულად, ჩამოყალიბებულად.
თავიდან ამ მიმართულებებით დავიწყეთ. შემდეგ, ჩვენი პარტნიორების, კლიენტების საჭიროების მიხედვით დავამატეთ სხვადასხვა სერვისი და დავხვეწეთ სექტორები. მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება და რეგიონალურ-ეკონომიკური საკითხები, პროექტების და პროგრამების მონიტორინგი და შეფასება. აუცილებელი იყო, კომპანიაში დაგვენერგა პროექტების შეფასების სწორი მექანიზმი.
ძალიან აქტიურად ვიყენებდით კვლევით ინსტრუმენტებს, ანალიტიკური საქმიანობა არის ერთ-ერთი საყრდენი ჩვენთვის. ბუნებრივია, ეს სერვისი პირველივე ეტაპზე გვქონდა.
დაახლოებით 5 წლის წინ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის სფეროში აქტიური საქმიანობა, სოციალური ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ურბანული სერვისები, წყლის სისტემები, ნარჩენების მართვის სისტემები და ასე შემდეგ.
ჩვენი მიზანია, რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოში არსებული ცოდნით, მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო ცოდნაც და აქ შევქმნათ, დავაგროვოთ გამოცდილება, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოგვადგება. მაგალითად, განათლების სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი სფეროა შემდგომი განვითარებისთვის.
რომ გამოყოთ ის რამდენიმე მდგრადი რეფორმა, რომელიც თქვენი ჩართულობით განხორციელდა და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა.
ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფისკალური რეფორმაა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით. კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩვენ გვქონდა, უნიკალურია დღევანდელ ვითარებაშიც კი.
2003 წელს, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საქართველოს შემოსავალი, დაახლოებით, 12 პროცენტი იყო. მაშინ, როცა საქართველოს ვალდებულება და ხარჯი იმდენად მაღალი იყო, რომ ქვეყანა ვერ ახერხებდა როგორც საგარეო ვალის დაფარვას, ისე მიმდინარე ხარჯის გაწევას. ეს მუდმივი პრობლემა იყო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ქმნიდა როგორც სოციალურ, ისე ფინანსურ თუ პოლიტიკურ პრობლემას. რეფორმის მთავარი არსი იყო, რომ შეგვემცირებინა და გაგვემარტივებინა საგადასახადო სისტემა. ამ რეფორმის განხორციელება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც შედგა საქართველოში. 2007 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი შემოსავალთან მიმართებაში უკვე 26 პროცენტი იყო.
საერთაშორისო გამოცდილების თვალსაზრისით, ეს საინტერესო ქეისად ითვლება. უმრავლეს შემთხვევაში, ქვეყნები ვერ ახერხებენ ამ დილემიდან გამოსვლას, ერთი მხრივ, უზრუნველყონ შემოსავალი და, მეორე მხრივ, თავიანთი შემოსავალი გამოიყენონ შემდგომი განვითარებისთვის. ამავე დროს, დასწიონ წნეხი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე. ფისკალურმა რეფორმამ მოგვცა ორი ძირითადი შედეგი: ბიზნესისთვის შეიქმნა სასურველი გარემო, ეს იყო მთავარი ამოცანა დაბალი გადასახადისა და ნებართვების, ლიცენზიების გარემოს შეცვლით. ასევე, მოხდა შემოსავლის ზრდა, რაც მნიშვნელოვანი იყო შემდგომი ინვესტირებისთვის, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ეს საკმაოდ კარგი მაგალითი აღმოჩნდა შემდგომი პერიოდისთვისაც. მიუხედავად მთავრობისა და პოლიტიკური გარემოს ცვლილებისა, ამ მიმართულებით პროცესი საკმაოდ მდგრადია. 2017 წელს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო წინ წასულიყო ეს პროცესი და კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, შენარჩუნებული მოგება არ დაბეგრილიყო. ამ ნაბიჯმა გააჩინა საქმიანობაში რეინვესტირების საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო და კარგი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცნობილია საქართველოში, როგორც ესტონური მოდელი (მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იმეორებს ესტონურ მოდელს). ამ ცვლილებამ კიდევ უფრო გაამყარა მარტივი და ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა.
2012 წელს მოხდა მთავრობის ცვლილება საქართველოში. როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ამგვარი ცვლილება არ აისახოს რეფორმის მდგრადობაზე?
საკონსულტაციო კომპანია მუშაობს მთავრობასთან, მაგრამ მთავრობის ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ მთავრობას ამა თუ იმ გადაწყვეტილების გაანალიზებაში და შემდგომ სწორად განხორციელებაში. ყოფილა დრო, როცა ჩვენ არ ვიზიარებდით მთავრობის მოსაზრებებს, ვცდილობდით, აგვეხსნა - რატომ. მაგრამ, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, მაინც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც.
რაც შეეხება მთლიანობაში მდგრადობას, იყო რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაბამისობაში იყო იმ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც თავის დროზე იქნა მიღებული. ეს მნიშვნელოვანი და არცთუ მარტივად განსახორციელებელი იყო. მაგალითისთვის, ის რომ ჩვენ გვჭირდება მარტივი საგადასახადო სისტემა, არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. კარგია, რომ ამასთან მიმართებით დამოკიდებულება არ შეცვლილა. მათ შორის ის, რომ ჩვენ გვჭირდება სასურველი ბიზნესგარემო საინვესტიციო საქმიანობისთვის და უცხოური ინვესტიციის მიღებისთვის.
ჩვენი საუბრის დასაწყისში ისაუბრეთ ტრანსფორმაციის საკითხებზე. PMCG-ის მთავარი როლი და მისიაც სწორედ ისაა, რომ პოსტსაბჭოთა არაეფექტიანი სისტემის ტრანსფორმაციაში მიიღოს მონაწილეობა: თავისუფალი გარემოს შექმნა, თანაბარი შესაძლებლობა და ასე შემდეგ. როგორია დღევანდელი გამოწვევები ამ კუთხით?
სხვადასხვა ქვეყნებისთვის განსხვავებულია. განვითარების აბსოლუტურად სხვადასხვა დონეა. არსებობს რაღაც, რასაც „გლობალური განვითარების გზა“ ჰქვია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დონე ინსტიტუციონალური განვითარების და პოლიტიკის შექმნის განსხვავებულია. ის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენთანაა, უკვე გასცდა იმ ზღვარს, როცა ჩვენ ვეძახდით „პოსტსაბჭოთას“. ახლა ვართ განვითარების სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი. მაგალითად, როგორ შეგვიძლია, განათლების სექტორში კიდევ უფრო მეტი გარღვევა გვქონდეს, შევქმნათ უკეთესი გარემო. ასევე, როგორ შეგვიძლია, მაღალტექნოლოგიური სისტემის უზრუნველყოფა საქართველოში, ინვესტიციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ასე შემდეგ.
ერთობლიობაში შეგვიძლია, გავიაზროთ, რომ ის პროცესები, რაც დღეს ჩვენთან მიმდინარეობს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი თემატიკაა, მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან ისინიც: დგას საკითხი მეტი ინტეგრაციის გლობალურ ეკონომიკაში, ევროპული ინტეგრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სხვა. ბუნებრივია ეს განსხვავებულია ცენტრალური აზიისგან, იქ ჯერ სხვა პრიორიტეტებია. ზოგიერთ მათგანში საბჭოთა მემკვიდრეობა კიდევ უფრო აშკარაა სახელმწიფოს აქტიური ჩარევით ეკონომიკაში, სახელმწიფო ბანკების, არაეფექტიანი სტრუქტურების არსებობით და ასე შემდეგ. მაგალითად, უზბეკეთმა დაახლოებით რამდენიმე წლის წინ დაიწყო ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ნელა, მაგრამ საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური გარდაქმნის პროცესი, ეს არის მენტალური გარდაქმნის პროცესი და მას სჭირდება დრო, ასევე - საზოგადოების კრიტიკული მასის მზაობა, რომ ის მიიღოს.
როგორ აფასებთ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე?
უკრაინა ჩვენი კომპანიისთვის არის ისეთივე სახლი, როგორც საქართველო - მთავარი ბაზა; ის, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადგილია, სადაც ჩვენ ვსაქმიანობთ. ვფიქრობ, ომი უკრაინაში არის მსოფლიოში გარდამტეხი მომენტი, რომელიც არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ეს ეხება გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, და დღეს არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, ამ შემთხვევაში, გაეროს სახით, ადასტურებს, რომ არსებული მოცემულობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უსაფრთხოება იქნას შენარჩუნებული. ამ ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად ერთი დიდი აგრესორი ქვეყნის აგრესიის შესაკავებლად.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შეუძლებელია, ომი დასრულდეს აგრესორის სასარგებლოდ. საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, ეს ომი რუსეთისთვის იყოს სასარგებლო. სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ის რამდენიმე ათეული წლით უკან დაიხევს. მეორე მნიშვნელოვანი შედეგი, გლობალური უსაფრთხოების სისტემის გადახედვის საჭიროება იქნება.
პროცესი, რომელიც უკრაინაში ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გავლილი აქვს 2008 წელს. მასშტაბი გაცილებით მცირე იყო გლობალური თვალსაზრისით, თუმცა, ჩვენთვის საკმაოდ დიდი. ის, რაც უკრაინაში ხდება, ახლა არ დაწყებულა, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. კონკრეტული შედეგები საქართველომ თავად გამოსცადა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთევროპული ქვეყნების (მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის „ტრიოს“ - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) განვითარების მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რეფორმის საფუძველი, არის ევროპული სისტემის ჩამოყალიბების სურვილი. ჩვენი სისტემა უნდა იყოს მორგებული იმ მთავარ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ვეძახით „ევროპას“. ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არათუ მათზე უარის თქმა, არამედ ამ ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერება, დანერგვა და ცხოვრებაში გადმოტანა, გათავისებაა. PMCG-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ამგვარი ინსტიტუციონალური სისტემების ფორმირების და გაძლიერების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ორი მთავარი საკითხი: ეკონომიკური პოლიტიკის და მმართველობითი სისტემის ტრანსფორმაცია, მეტი თავისუფალი სივრცის შექმნა, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, განათლება და მასთან დაკავშირებული რეფორმები. ამ ორის ერთობლიობით იქნება შესაძლებელი ამ ქვეყნების შემდგომი განვითარება.