4 minute read

დიაგონალური კუმულაცია - ახალი შესაძლებლობა ქართული და თურქული კომპანიებისთვის

2022 წლის მაისში 5 წელი შესრულდა რაც საქართველო პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციას შეუერთდა. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირთან და ასევე ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით (სქემით) მრავალმხრივ ფორმატში. კერძოდ, კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ნედლეულისა და მასალების გამოყენება, საქონლის წარმომავლობის პრეფერენციული სტატუსის დაკარგვის გარეშე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქართულმა მხარემ გახსნა მოლაპარაკებების პროცესი თურქეთთან, საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, დიაგონალური კუმულაციის მეთოდის (სქე- მის) ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის აპრილში ამოქმედდა. საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შედეგად შესაძლებელია თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებამდე თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ვერ სარგებლობდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით და ისევ თურქეთში ბრუნდებოდა.

Advertisement

ტექსტილის სექტორი ამ დარგში მოწინავე აღმოჩნდა. ეს პირველი დარგია რომელიც თურქეთიდან მოწოდებული ნედლეულით, საქართველოში აწარმოებს საბოლოო პროდუქტს და შემდეგ ხდება მისი ექსპორტი ევროპაში. სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით სექტორი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის მოცულობა, შესაბამისად არსებობს შესაძლებლობებიც. ამის კარგი მაგალითია პანდემიის და მსოფლიო კრიზისის დროს, რუსთავში ახალი საწარმოს აშენება და გახსნა.

„დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება, სხვა სექტორებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ „დიპლომატთან“ საუბრისას.

საქართველოს, ევროკავშირს და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას მხარს უჭერს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაც, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, ქართული მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლების ზრდა.

„თუ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში თურქული ნედლეულით საქართველოში წარმოებულ პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანთ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს თურქი მეწარმეების დაინტერესება საქართველოში საწარმოების გახსნით, რაც მოხდა კიდეც ტექსტილის შემთხვევაში. ვფიქრობთ აღნიშნული შესაძლებლობა გავრცელდება სხვა სექტორებზეც“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელმა გიორგი დარჩიამ.

პოტენციურად მომგებიანი სექტორების კვლევის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ჩაერთო: “ჩავერთეთ შემდეგი გზით: ჩვენი კონტრაქტორი კომპანია არის საკონსულტაციო კომპანია PMCG, რომელმაც განახორციელა კვლევა (კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია ყველაზე მომგებიანი თურქული ნედლეული, პროდუქტი, რომელიც შესაძლოა იწარმოოს საქართველოში). საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დახმარებით, გავაანალიზეთ საწარმო სიმძლავრეები, თურქეთში არსებული ნედ- ლეულები, მათგან დამზადებული პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში - სად იყო ზრდის ტენდენციები; აქ, საქართველოში რა ადამიანური რესურსი არსებობს, რა ინსტიტუციური ცოდნა, რომ მარტივად იქნას ათვისებული ქართული კერძო სექტორის მიერ ესა თუ ის ინდუსტრია.“ - აღნიშნა გიორგი დარჩიამ.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-მ კვლევის შედეგად გამოავლინა ყველაზე პერსპექტიული სექტორები და ღირებულებათა ჯაჭვები, რომლებიც სარგებელს ნახავენ დიაგონალური კუმულაციის შედეგად. გამოიყო ის თურქული ნედლეული მასალები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული/დამატებული იყოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაში დიაგონალური კუმულაციის მიზნებისთვის. პრიორიტეტული სექტორებიდან/ღირებულებათა ჯაჭვებიდან გამოვლინდა თექვსმეტი პროდუქტი, რომელთა წარმოება საქართველოსთვის ეკონომიკურად ყველაზე მიმზიდველი იქნება, თურქული ნედლეულის გამოყენებით და რომლის ექსპორტიც შესაძლებელია საქართველოდან პირდაპირ ევროკავშირში, FTA-ის ფარგლებში.

გარდა იმ პროდუქტების გამოვლენისა, რომელთა საქართველოში წარმოება სარგებლიანი იქნება ქვეყნისათვის, პროექტის ფარგლებში ასევე იდენტიფიცირდა ქართული და თურქული კომპანიები. კომპანიების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა: საერთაშორისო გამოცდილებას, წარმოების პოტენციალს, ქალ მეწარმეებსა და მმართველებს. ამ კომპანიების მონაწილეობით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გეგმავს ღონისძიების ჩატარებას სექტემბერში, რომლის მიზანიც იქნება ქართველი და თურქი მეწარმეების დაკავშირება სამომავლო თანამშრომლობის განვითარებისათვის.

„დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ასევე ხელს შეუწყობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართულ-თურქული კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციას საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს სექტორში და შექმნის ახალ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კონსულტანტმა ქეთევან ბაბიაშვილმა.

საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოსმან თურანი მიიჩნევს, რომ ეს სიახლე პოზიტიური დატვირთვის მატარებელია ორივე მხარისთვის, რადგან დიაგონალური კუმულაციის საშუალებით ქართული და თურქული კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდებიან ევროპულ ბაზარზე, მეტად განვითარდება და გაიზრდება წარმოება, რაც პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს დამატებით ინვესტიციებს და მეტ დასაქმებულ ადამიანს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღებით შეირჩეს ის სექტორები და მიმართულებები, რომლებიც ამ სიახლით ისარგებლებენ. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, საკმაოდ დიდია დაინტერესება ავეჯის და ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებლების მხრიდან.

კითხვაზე თუ რა არის მთავარი, რომ დიაგონალური კუმულაციის პოტენციალის სრულად ათვისება მოხდეს, ასოციაციის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ეს დინამიური პროცესია. პოზიტიურად აფასებს, რომ საქართველოში ბევრი დიდი თურქული კორპორაცია ეწევა ბიზნესსაქმიანობას, რადგან თითოეული მათგანი ერთგვარი სავიზიტო ბარათია ქვეყნისთვის და ინდიკატორია სხვა თურქული ორგანიზაციებისთვის საქართველოში არსებული პოზიტიური ბიზნესკლიმატის არსებობისა. „არსებული პოტენციალის ათვისებას ჩემი აზრით მეტი დრო, ამ შესაძლებლობის უფრო ფართო მასებისთვის მიწოდება და სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის უფრო მეტად გაზრდა სჭირდება“, - განაცხადა ოსმან თურანმა.

This article is from: