1 minute read

განვითარების მიმართულებით გერმანია საქართველოს თანამშრომლობის მრავალწლიანი ტრადიცია

გერმანია-საქართველოს თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით - ისტორია

1992 წელს გერმანია იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. საქართველო საბოლოოდ კვლავ დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ იმ დროისთვის ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. ხანმოკლე სამოქალაქო ომმა გაანადგურა თბილისის ცენტრის დიდი ნაწილი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომების შედეგად ასობით ათასი ადამიანი გადასახდლა ათასობით ადამიანი კი დაიღუპა. ენერგომომარაგება, ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა დიდწილად მოიშალა. ქუჩებს ანარქია მართავდა და ბევრი ადამიანი ფიქრობდა სამშობლოს დატოვებას.

განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა თავიდანვე იყო გერმანია-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. 1992 წლიდან გერმანიამ საქართველოს 1,2 მილიარდი ევროს პირდაპირი მხარდაჭერა გამოუყო. გასულ წელს აღვნიშნეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 30 წელი. ამ წლებს რომ გადავხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით სწორ პრიორიტეტებს შეეხო: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გერმანიამ მხარი დაუჭირა საქართველოს, კერძოდ, მისი სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმაში. სხვათა შორის, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციის შემუშავებაში გერმანია იყო ჩართული. ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო 20 წლის განმავლობაში და ინფრასტრუქტურაში მასიურმა ინვესტიციებმა ტექნიკური საფუძველი შექმნა ენერგიის იმპორტისა და ექსპორტისთვის. დაცული ტერიტორიების განვითარებამ და ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებულმა მენეჯმენტმა საქართველოს უდიდესი ეკოლოგიური აქტივების დაცვა შესაძლებელი გახადა. ჩვენ ერთად მოვახერხეთ კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის დაძლევა ორმაგი პროფესიული სწავლების დანერგვით მნიშვნელოვან ინდუსტრიებში, როგორიცაა მეღვინეობა, ტურიზმი და ლოჯისტიკა. ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტირებით ჩვენ არა მხოლოდ შევძელით ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, არამედ გავაუმჯობესეთ შავი ზღვის დაცვა და სამუშაო ადგილების შექმნა ტურიზმში. ეს შედეგები მიღწეულია სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით.

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ამ პროექტების უმეტესობა განხორციელდა ადგილზე ჩვენი ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და საქართველოში ცნობილი და სანდო პარტნიორების, GIZ-ისა (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) და KfW განვითარების ბანკის წყალობით, ორივე მათგანმა გახსნა რეგიონალური ოფისი თბილისში 2006 წელს. კიდევ ბევრი გერმანული ორგანიზაციაა, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტების განხორციელებას ადგილზე, როგორიცაა Sparkassenstiftung, DVV, Sequa, Deutsche Welle Akademie (DWA), Brot für die Welt, Renovabis, SOS ბავშვთა სოფლები, გერმანიის კარიტასი, DAAD და გერმანული პოლიტიკური ფონდები (Adenauer, Böll, Ebert, Naumann).

მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით

დღეს, გერმანია-საქართველოს თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით ძირითადად ფოკუსირებულია ტექნიკურ და პროფესიულ განათლებასა და ტრენინგზე, კერძო სექტორისა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე, განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე, მდგრად ურბანულ განვითარებაზე, რათა მხარი დაუჭიროს სამართლიან ტრანსფორმაციას, კარგ ფინანსურ მმართველობას, ასევე ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.

გერმანია აღიარებს ენერგეტიკის სექტორის გადამწყვეტ გეოპოლიტიკურ როლს საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. გერმანია იყო და არის ყველაზე დიდი ორმხრივი კონტრიბუტორი კავკასიის გადამცემი სექტორის განვითარებაში და გეგმავს გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ამ სფეროში. გარდა ამისა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვან რეფორმას პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხებით (PBL), საფრანგეთის AFD-ესთან და ევროკავშირთან ერთად. გერმანია ასევე მხარს უჭერს დუალურ პროფესიულ განათლებას საქართველოში ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ პერიოდში კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდა 17 გრძელვადიანი და 30-ზე მეტი შრომის ბაზარზე ორიენტირებული სერტიფიცირებული მოკლევადიანი პროგრამა. ტურიზმისა და მეღვინეობის სექტორისთვის, ასევე ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სექტორისთვის მომავალში შეიქმნება სამი ჰოლისტიკური ფლაგმანი პროფესიული განათლებისა და სწავლების (ტექნიკური და პროფესიული განათლება და ტრენინგი) დაწესებულება (Centres of Excellence, CoE) 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის. ეს ხსნის ახალ პერსპექტივებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველებისთვის, და ხელს უწყობს კვალიფიციური მუშაკების დეფიციტის შემცირებას.

2007 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით დაარსდა „კავკასიის ბუნების ფონდი“. ფონდის მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რადგან ის არის ერთ-ერთი 25 ყველაზე მნიშვნელოვანთაგანი, მაგრამ ასევე ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი მსოფლიოში. ფონდის მუშაობა მოიცავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის შენარჩუნებას. საქართველოს ეკოსისტემებთან და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ფონდის მუშაობა ასევე ხელს უწყობს საქართველოს პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას ტურიზმის სფეროში. სხვათა შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა თორმეტი დაცული ტერიტორია, რომლებიც შენარჩუნებულია და იმართება გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

განვითარების მიმართულებით გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის მომავალი

გერმანია-საქართველოს მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც ცოტა ხნის წინ (2023 წლის ივნისი) ბერლინში გაიმართა, 68 მილიონ ევრომდე დაფინანსების პაკეტი გამოიყო მომდევნო ორ წელში გერმანია-საქართველოს თანამშრომლობისთვის განვითარების მიმართულებით. პროექტები ფოკუსირებული იქნება წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლის სისტემის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღარიბი სოფლების მოსახლეობისთვის, რეგიონული სატრანსპორტო ქსელის მოდელის შემუშავებაზე და თბილისსა და ბათუმში ურბანული მობილობის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა ცდილობს გააგრძელოს წვლილის შეტანა დასაქმების მდგომარეობის გაუმჯობესებაში შერჩეულ მზარდ სექტორებში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან თანამშრომლობით. კერძოდ, მინდა გამოვყო პირველი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მწვანე წყალბადის ტექნოლოგიაში კავკასიის რეგიონში, რომელიც შეთანხმებული იქნა მთავრობის მოლაპარაკებების დროს. გერმანია 23 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოში მწვანე წყალბადის გაფართოებისთვის. თანხები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოყენებული იქნება ელექტროლიზის ქარხნის ასაშენებლად წყალბადის შესანახი ავზით და ქარის ტურბინებით საჭირო ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს მწვანე ენერგიის ჰაბი და განავითაროს მწვანე ეკონომიკა.

დაბოლოს, ამგვარად გაგრძელდება გერმანულ-ქართული პარტნიორობის მრავალწლიანი ტრადიცია განვითარების თანამშრომლობის სფეროში. ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭებით საქართველოსთვის ჩვენ კიდევ ერთი განზომილება შევმატეთ ბოლო 30 წლის ურთიერთობებს და გერმანია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული მომავლის გზაზე და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

This article is from: