1 minute read

საფრანგეთის წვლილი საქართველოს რეგიონულ განვითარებაში

საფრანგეთის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0,56% მიმართულია საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერისკენ, სიღარიბესა და უთანასწორობასთან ბრძოლის მიზნით. საქართველოში, სადაც დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის დიდი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობაა, საფრანგეთი თანამშრომლობს ქართულ ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ევროკავშირის ოჯახთან, გაეროსთან და სხვა თანამოააზრეებთან, რათა ხელი შეუწყოს უფრო აყვავებულ, მდგრად და სოლიდარულ მომავალს მთელი საქართველოსთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საფრანგეთი დაეხმარება საქართველოს ამ გზაზე წარმატების მიღწევაში ყველა ქართველის საკეთილდღეოდ.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

საფრანგეთი მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამების განოხრციელებას საჯარო სკოლებში საქართველოს რეგიონებში, მაგალითად, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ფრანგულის გაკვეთილებით უზრუნველყოფის გზით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, საფრანგეთი ხელს უწყობს 32 ფრანგული მასწავლებლის სტაჟირებას მთელი საქართველოს მასშტაბით და სთავაზობს ტექნიკურ ექსპერტიზას 23 სკოლას, რათა დაეხმაროს მათ ფრანგული მასწავლებლების დაქირავებაში. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ დუისში სკოლის შემდგომი პროგრამის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავდა პანკისის ხეობაში ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტში წვდომის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

საფრანგეთმა ასევე დაამყარა საგანმანათლებლო პარტნიორობა რამდენიმე ქართულ სამხედრო დაწესებულებასთან, როგორიცაა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა და ქუთაისისა და გორის სამხედრო უმაღლესი სკოლები, რამაც ხელი შეუწყო რეგულარულ გაცვლით პროგრამებს ამ სკოლებისა და ფრანგული სკოლების მოსწავლეებს შორის.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში არსებით როლს თამაშობს ადამიანთა შორის ურთიერთობის დამყარება. ამ მიზნით, ჩვენ დავეხმარეთ ფრანგულ და საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებს ოცამდე კოოპერატიული საწარმოს შექმნაში, რაც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ სტუდენტური მობილობის პროგრამებში საფრანგეთში და ეზიარონ ფრანგულ კულტურას. ყოველწლიურად, საფრანგეთში მობილობის პროგრამებში მონაწილე ქართველი სტუდენტების 25% რეგიონიდან მოდის.

ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი პარტნიორობის შესწავლა ერთობლივი აკადემიური პროგრამების დივერსიფიცირებული პორტფოლიოს შეთავაზების მიზნით. პირველი საშუალებას მისცემს ფიზიკის სტუდენტებს იმოგზაურონ პარისაკლეის უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, ხოლო მეორე შედგება სამმხრივი ტურიზმის სასწავლო პროგრამისგან, რომელიც მოიცავს ანჟერის უნივერსიტეტს, ბათუმის უნივერსიტეტსა და გორის უნივერსიტეტს. ურთიერთგაგებისა და კულტურული გამოცდილების ხელშეწყობის გარდა, ჩვენ ასევე ვახორციელებთ რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების მთელ რიგ პროექტებს, მაგალითად, სერჟის უნივერსიტეტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული უნარების ერთობლივი სემინარების მოწყობას.

ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ყველასთვის

საფრანგეთი ფოკუსირებულია ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე და მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური და გენდერული უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

კახეთისა და იონის (საფრანგეთი) რეგიონებს შორის ნაყოფიერი, ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული და ისტორიული თანამშრომლობის წყალობით, გურჯაანი მასპინძლობს სამედიცინო ცენტრს გურჯაანში, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებას სოფლად. ექიმებისა და პროფესიონალების ყოველწლიურმა შეხვედრებმა გააუმჯობესა ცენტრი, რომელიც ახლა გთავაზობთ გამოკვლევების ფართო სპექტრს (ენდოსკოპია, მამოგრაფია, ბაქტერიოლოგია, დიალიზი, C ჰეპატიტის სკრინინგი და ა.შ.). Covid-19-ის პანდემია იყო შესაძლებლობა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მხარდაჭერა ქვემო ქართლსა და სამეგრელოში ნიღბებისა და სადეზინფექციო გელის მიწოდებით.

საფრანგეთი მხარს უჭერს ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც დიდი გამოწვევების წინაშე დგანან მედიაწიგნიერების თვალსაზრისით, ქალებს ზუგდიდში, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, შშმ ბავშვებს აჭარაში (შუახევი, ბათუმი) და სამცხე-ჯავახეთში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა). ამ მიმართულებებზე საფრანგეთი მუშაობს გაეროს სააგენტოებთან, ფრანგულ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

მდგრადი განვითარების მხარდაჭერა

სოფლის მეურნეობის და აგროინდუსტრიული სექტორები გადამწყვეტ როლს თამაშობენ მდგრადი ეკონომიკის განვითარებასა და ინკლუზიურ ზრდაში მთელ საქართველოში. 2019 წლიდან საფრანგეთი, მისი განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით, ევროკავშირთან ერთად, ხელს უწყობს ფერმერების ბაზრებზე ჩართვას მათი უნარების განვითარებითა და ინოვაციების ხელმისაწვდომობით. ამ პროექტის ფარგლებში, არაერთი სასწავლო კურსი იქნა შეთავაზებული და ახალგაზრდა ქართველმა პროფესიონალებმა გაიარეს სტაჟირება საფრანგეთში თავიანთი კვალიფიკაციის სრულყოფის მიზნით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ თანატოლთა ტრენინგს სოფლის მეურნეობის სფეროში, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ფრანგული გრანტის წყალობით, ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაცია FERT, GBDC-სთან და « ერთობასთან » ერთად დაეხმარება მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის აშენებას, რომელიც დაფუძნებულია შემოსავლისუნარიან და გამძლე საოჯახო მეურნეობებზე.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის განვითარება მოითხოვს ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და მათ მდგრად მართვას. რეგიონში წყალზე მდგრადი ხელმისაწვდომობის აღდგენის მიზნით, საფრანგეთი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მოდერნიზებაზე. წყალმომარაგებისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების მასშტაბური პროექტი ასევე მიმდინარეობს ხაშურსა და მიმდებარე რაიონებში. პროექტის დაწყებამდე ადგილობრივ თემებს წყალზე წვდომა ჰქონდათ დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩამდინარე წყლები კი პირდაპირ ჩაედინებოდა მდინარეში, რასაც უარყოფითი გავლენა ჰქონდა გარემოზე, ადგილობრივ საარსებო წყაროსა და ჯანმრთელობაზე. ამ პროექტის დასასრულს ხაშურის რეგიონს ექნება სასმელი წყლის მდგრადი მიწოდება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ეფექტური სისტემა.

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ეკოლოგიურად სუფთა განვითარებისკენ. ჩვენი განვითარების სააგენტო ცდილობს მოახდინოს ტრანსკავკასიური მწვანე დერეფნების ოპტიმიზაცია საქართველოს რკინიგზასთან მუშაობით და საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურირება KfW-სთან და ევროკავშირთან ერთად. იდეა მდგომარეობს შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისთვის, ამასთანავე იმის უზრუნველყოფით, რომ რეფორმას ექნება დადებითი გავლენა საქართველოს დაუცველ მოსახლეობაზე.

This article is from: