1 minute read
ელჩი მააიკე ვან კოლდამი: საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, გამოწვევებსა და ნიდერლანდების მხარდაჭერაზე
საქართველოში ყოფნის პერიოდში ნიდერლანდების ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა იმოგზაურა სხვადასხვა რეგიონში, დაინახა მათი უნიკალური მახასიათებლები, განვითარების პერსპექტივები, გამოწვევები და გამოუყენებელი პოტენციალი. ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერიდან დაწყებული კულტურული გაცვლის ხელშეწყობასა და ქალთა უფლებების დაცვამდე, ელჩი ვან კოლდამი ამ ინტერვიუში ნათელს ჰფენს საელჩოს მცდელობებს გააძლიეროს კავშირები ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან. და ვინაიდან მისი მისია დასასრულს უახლოვდება, ეს შემაჯამებელი ინტერვიუ ასევე ასახავს ელჩის თვალით დანახულ ქვეყნის პროგრესს, მდგრადობასა და მის მისწრაფებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ.
საქართველოში მისიის დროს თქვენ ეწვიეთ რამდენიმე რეგიონს. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები რეგიონებზე, მათ განვითარებაზე, გამოწვევებზე და პოტენციალზე?
მართალი ხართ, მე მოვინახულე რამდენიმე რეგიონი და თითოეულმა ამ მოგზაურობამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. როგორც ელჩი, დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ დედაქალაქში, სადაც შემიძლია დავუკავშირდე ჩემს კოლეგებს - მთავრობას, პარლამენტს, ჩემს უშუალო კოლეგებს - სხვა ელჩებს. თბილისი ის ადგილია, სადაც მუდმივად ყველაფერი ხდება – წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ ღონისძიებებს, ბიზნესმენები მეპატიჟებიან სხვადასხვა შეხვედრებზე; და, ბუნებრივია, ჰააგაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამუდმებით კონტაქტში ვარ, ჩემი სამუშაო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს სამუშაო მაგიდასთან ვატარებ. თუმცა, ვფიქრობ, ქვეყნის უკეთ შესასწავლად აუცილებელია რეგიონების მონახულება, თბილისის გარეთაც ყოფნა, უშუალო კონტაქტების მიღმა სხვა ადამიანებთან საუბარი. საქართველოს რეგიონების უმეტესობაში ნამყოფი ვარ - შეიძლება დამრჩა ერთი-ორი სადაც არ ვყოფილვარ, (ბოლოს და ბოლოს, ჩემი აქ ელჩად ყოფნის ორი წელი დაემთხვა Covid-ს და ჩაკეტვას); მაგრამ კარგია, როცა რაღაც გრჩება უნახავი, ეს არის მიზეზი რატომაც უნდა დაბრუნდე იქ სხვა დროს.
ყველა რეგიონი განსხვავებულია, მაგრამ ის რაც საერთო აქვთ ეს არის შესანიშნავი ქართული კერძები რეგიონალური გავლენით, ულამაზესი ბუნება, უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა და, რაც მთავარია, ბევრი შრომისმოყვარე, ნიჭიერი ქალი და მამაკაცი. რეგიონებში ცხოვრება ხანდახან შეიძლება უფრო რთული იყოს ვიდრე თბილისში - ნაკლები სამუშაო აიძულებს ბევრ ადამიანს თბილისში გადავიდეს - ან თუნდაც ევროპაში წავიდეს სამუშაოდ და ტოვებენ თავიანთ ლამაზ ქალაქს ან სოფელს. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეძლებენ დაბრუნებას.
როგორ ხედავთ ამ რეგიონების განვითარების პოტენციალს და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი?
რეგიონების უმეტესობა ხედავს განვითარების პოტენციალს ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში და, საბედნიეროდ, არსებობს მრავალი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ეხმარება ადგილობრივი სასტუმრო სახლების მფლობელებს ან ფერმერებს გააძლიერონ და გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნესი. რაც შეეხება ნიდერლანდების მხარდაჭერას, აქ ჩვენი აქცენტი სოფლის მეურნეობაზეა.
განვითარების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ზოგიერთი გამოწვევა შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურასა და განათლებაში, განსაკუთრებით პროფესიულ მომზადებაში. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კანონის უზენაესობა რჩება არსებით გამოწვევად კარგი საინვესტიციო კლიმატისთვის, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლო და საზოგადოების დაუცველი ჯგუფების დაცვა. ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენი საელჩო მზად არის გაერთიანდეს ჩვენს ქართველ კოლეგებთან, მათ შორის აქტიურ და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან.
შეგიძლიათ გაგიზიაროთ კონკრეტული გამოცდილება ან მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები რეგიონებში თქვენი ვიზიტებიდან?
ცდუნება მაქვს გაგიზიაროთ იმ რეგიონის სახელი, რომელიც ჩემი ფავორიტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უსამართლო იქნება დანარჩენის მიმართ, რადგან ყველგან, სადაც მივდივარ, პატივისცემითა და სტუმართმოყვარეობით მხვდებიან, საოცარი პირადი ისტორიებითა და ერთგულებით. ბოლო დროს გამორჩეული იყო ხის მეჩეთები ზემო აჭარაში, ჩირუხის მთაზე ქალბატონებთან შეხვედრა, რომლებიც ზრუნავენ პირუტყვზე და რძის პროდუქტებს ტრადიციული მეთოდით აწარმოებენ, ვანის განსაცვიფრებელი არქეოლოგიური მუზეუმის მონახულება, მარნეულში ძლიერი მედიისა და ტკბილეულის საცხობი მაღაზიების გამოცდილება. და თბილი სტუმართმოყვარეობა პანკისში. ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თუ რამდენი რამის ნახვა და გაკეთებაა შესაძლებელი ქვემო ქართლში და მოხიბლული ვარ კახეთის ულამაზესი პეიზაჟებითა და ვენახებით. მე შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო; ეს ინტერვიუ არ იქნება საკმარისი საქართველოს სილამაზის აღსაწერად.
თქვენი საელჩოს საქმიანობა საქართველოში - შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ინფორმაცია თუ როგორ ეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში?
ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტებს. როდესაც ჩვენ ვახდენთ პრიორეტიზაციას, ვცდილობთ, სამართლიანად გავყოთ პროექტები თბილისში დაფუძნებული სსო-ებისა და რეგიონების პროექტებს შორის. რეგიონების ორგანიზაციები კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს აწყდებიან, როდესაც საქმე ეხება სახსრების მოზიდვას, რადგან ჩვენ ვითხოვთ საპროექტო წინადადებებს ინგლისურ ენაზე, შიდა პოლიტიკას და ჰოლანდიურ ფონდებთან მიმართებაში ანგარიშვალდებულების ძლიერ გამოცდილებას. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რეგიონებში ბევრი ერთგული აქტივისტი ადვილად ვერ გაუწევს კონკურენციას ძლიერ, გამოცდილ თბილისის ორგანიზაციებს, რომლებიც უფრო თვალსაჩინო და ინსტიტუციურად უფრო განვითარებულია. საბედნიეროდ, ჩვენი თბილისელი პარტნიორების უმეტესობა ასევე ამყარებს პარტნიორობას რეგიონებში თავიანთ კოლეგებთან და იქ ახორციელებს საქმიანობას, იზიარებს იგივე ენთუზიაზმს, ლტოლვასა და მოტივაციას.
შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითები იმ მიმდინარე პროექტებისა, რომლებშიც საელჩო ჩართულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან?
რეგიონებში ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორი ორგანიზაციაა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, რომელმაც ხელი შეუწყო ადგილობრივი სამღერეთის გოგონათა საფეხბურთო კლუბის გაძლიერებას და მალე მოაწყობს საგანმანათლებლო ბანაკებს ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ აჭარის სოლიდარობის საზოგადოებასთან, ჩართულები ვართ ქალებთან და ახალგაზრდებთან ჯანმრთელობისა და განათლების საკითხებში. გარდა ამისა, თბილისში დაფუძნებული „ინტერნიუსი საქართველო“ აძლიერებს რამდენიმე მედია ორგანიზაციას ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
ჩვენ ასევე ვთანამშრომლობდით მარნეულის რადიოსთან და მხარს ვუჭერთ „ბათუმელებს“. სამეგრელოში ვთანამშრომლობთ ასოციაცია მერკურთან ქალთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით. მარნეულში კიდევ ორი პროექტი გვაქვს: ახალი აზროვნების ინსტიტუტის მიერ შექმნილი პოლიტიკური სკოლა ახალგაზრდებისთვის და მარნეულის კულტურის ცენტრის და ადგილობრივი თოჯინების არმენ ჰოვანისიანის უნიკალური პროექტი, რომლებიც მუშაობენ თოჯინების სპექტაკლზე მრავალეთნიკურ სოფელში მცხოვრებ პატარა გოგონაზე სახელად აისიაზე, სადაც ყველა ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობა. სპექტაკლს მარნეულის მუნიციპალიტეტის 1600 მოსწავლე იხილავს.
ამ პროექტებთან ერთად, ჩვენს საელჩოს აქვს სპეციალური პრიზი სახელწოდებით "ადგილობრივი საელჩოს ტიტები", რომელსაც ჩვენ რამდენიმე წელია ვაძლევთ სპეციალურად საქართველოს რეგიონების თემთა აქტივისტებს. ამ ჯილდოს მეშვეობით ჩვენ აღმოვაჩინეთ ნამდვილი ბრილიანტები, რომელთაც პოზიტიური ცვლილებები მოაქვთ თავიანთი საზოგადოებებისთვის ფართო დონეზე.
თქვენი მისია საქართველოში დასასრულს უახლოვდება. როგორ შეაჯამებდით ამ წლებს, რა კონკრეტული მომენტები ან მიღწევები გახსენდებათ, როგორც თქვენი მოღვაწეობის მთავარი მომენტი?
დიდი პატივი იყო ნიდერლანდების ელჩად ყოფნა საქართველოში და თან ასეთ საინტერესო დროს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოვედი დიდი დიპლომატიური გამოცდილებით და ფართო რეგიონის ცოდნით, მაინც შთაბეჭდილება მოახდინა დინამიკამ: ქვეყანა არასოდეს დგას, მათ შორის გავიხსენებ ისტორიულ მომენტს, როდესაც შარშან საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
Covid-მა გავლენა მოახდინა ჩემს მოღვაწეობაზე: მე პასუხისმგებელი ვიყავი ჩვენი მუშაობის წესის დიდ ცვლილებაზე, იმაზე მეტად ვიზრუნე ჩემი გუნდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, ვიდრე ნორმალურ პირობებში და დავრწმუნდი, რომ ჰოლანდიის მოქალაქეებისთვის ყველა საკონსულო მომსახურება კარგად იყო მიწოდებული. მაგრამ ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით საქართველოში და მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ როგორც საელჩომ, ასევე ჩვენი ოფიციალური კოლეგებისგან.
რუსეთის სასტიკმა და გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში დაჩრდილა ის სიხარული, რომელიც ჩვეულებრივ მუშაობას მოაქვს და გვაფიქრებინებს, რომ საქართველომ ისევე განიცადა ომის ეს ტრაგედია, როგორიც 2008 წელს. ნიდერლანდები ყველა საერთაშორისო ფორუმზე გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მოხარული ვარ, რომ ნიდერლანდებს შეუძლიათ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მრავალი დამკვირვებლისა და ექსპერტის სახით თავისი წვლილი შეიტანოს. ასევე სხვა სფეროებში, ძალიან კარგი იყო, ვყოფილიყავი ევროპის გუნდის ნაწილი საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ აქ დიდი სიამოვნებით ვმსახურობდი, ერთი მოვლენა მახსენდება, როგორც შავი დღე: ეს არის სიამაყის მარში, რომელიც ვერ ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ლგბტ აქტივისტებს, რაც ეწინააღმდეგება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ისტორიას საქართველოში და მის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც მხარს უჭერს ფართო მოსახლეობა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამოსულმა უამრავმა ადამიანმა, რომელიც წინა დღის ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ პრაიდი განიხილება, როგორც თანასწორობისა და მრავალფეროვნების ზეიმი, რაც არის კიდეც და მოხარული ვარ გაზრდილი ტოლერანტობით, როგორც ეს ნაჩვენებია ბოლოდროინდელ გამოკითხვებში.
მე შევაჯამებდი ამ ოთხ წელს, როგორც ინტენსიურს, საინტერესოს, დამაინტრიგებელს და, რა თქმა უნდა, დაუვიწყარს. ვიმედოვნებ, რომ ნიდერლანდების სახელით ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში - რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ასევე არის თქვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი.
მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისაც ამ ოთხი წლის განმავლობაში შევხვდი: ოფიციალურ კოლეგებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, აქტივისტებს, ხელოვანებს, მეწარმეებს და რა თქმა უნდა ჩემი საელჩოს დიდ გუნდს. ყველამ გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ დამეხმარა ქვეყნის უკეთ გააზრებაში, იყო ისეთი მხარდამჭერი, ხელმისაწვდომი, გამომწვევი ჩემთვის აზრების გაზიარებაში, იყო ღია დიალოგისთვის და ძალიან სტუმართმოყვარე. ჩემს გულსა და მეხსიერებაში საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება.