1 minute read
ახალგაზრდების გაძლიერება განათლების გზით: "მინდორის" ძალისხმევა რეგიონებში ცვლილებებისთვის
ამ ინტერვიუში ვსაუბრობთ MinDoor-ის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან ლანა ჩხარტიშვილთან და MinDoor-ის დამფუძნებელთან და მმართველ პარტნიორთან ნინო ბერუაშვილთან. ახლადდაარსებულმა ორგანიზაციამ, MinDoor-მა უკვე წამოიწყო გავლენიანი პროექტები რეგიონებში, რომლებიც ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე და დასაქმების ხელშეწყობაზე საჯარო-კერძო პარტნიორობით. განვიხილავთ მათ მისიას, მიმდინარე ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებს და ვსაუბრობთ მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების გაძლიერებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში.
სულ რამდენიმე თვეა, რაც „მინდორი“ დაფუძნდა და უკვე აქტიურად ატარებთ პროექტებს რეგიონებში. პირველ რიგში რომ გვითხრათ, რატომ არის რეგიონები „მინდორისთვის“ პრიორიტეტული და რა მნიშვნელობა აქვს იქ თქვენს სხვადასხვა აქტივობას?
რეგიონებში პროექტების განხორციელება სრულად ეხმიანება ჩვენს ძირითად მისიას: ჩვენი ძირითადი დანიშნულებაა, სხვადასხვა ჯგუფისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი განათლება და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. როდესაც ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა რეგიონში ხორციელდება, ეს ეხმარება ახალგაზრდებს, გაიღრმავონ ცოდნა, გაიუმჯობესონ კომპეტენცია და უნარები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პიროვნული, ასევე, ზოგადად, საზოგადოების განვითარებისთვის. ეს კი მათ სამომავლოდ ეხმარებათ პროდუქტიულად დასაქმებაში, რაც ხელს უწყობს რეგიონების ეკონომიკურ აქტივობას; რომელიც ჩვენს რეგიონებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ.
რა პროექტები განახორციელეთ რეგიონებში, რომელ რეგიონებში და რა შედეგით დასრულდა?
ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებისთვის იმ ეგრეთ წოდებული „რბილი უნარების“ გამომუშავებაა, რომლებიც შრომით ბაზარზეა ამჟამად მოთხოვნადი და სამომავლოდ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება. ჩვენი მიმდინარე პროექტიც ზუსტად ამ უნარების გამომუშავებას უკავშირდება, და ის ხორციელდება თელავის, გორისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ტრენინგს, პროექტის ფარგლებში, 150 სტუდენტი გაივლის.
პროექტი ჯერ მიმდინარეა და შედეგზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, არ შეგვიძლია, ხაზი არ გავუსვათ მონაწილეების პოზიტიურ, ანონიმურ უკუკავშირს ტრენინგის დასასრულს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ 6 თვის გასვლის შემდეგ შევაფასოთ პროექტის შედეგი და დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიპლომატის“ შემდგომ ნომრებში კვლავ გვექნება ამაზე საუბრის შესაძლებლობა.
თუ იყო რამე ისეთი, რამაც თქვენი გაკვირვება გამოიწვია ან უფრო სხვანაირად დაგაფიქრათ თქვენი პროექტების საჭიროებაზე?
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოდ გასაოცარი იყო მოტივაციის ის დონე და ენთუზიაზმი, რომლითაც ახალგაზრდები პროექტში ერთვებიან. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მოტივაციის დონე მათი მხრიდან მაღალი იქნებოდა, თუმცა, რაც ადგილზე დაგვხვდა, მან ცალსახად გადააჭარბა მოლოდინს. სტუდენტების ჩართულობა, მათი სურვილი, რომ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიონ და ღირებული წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში, ძალიან მაღალია, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს და სურვილს გვიჩენს, რომ კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ რეგიონებისთვის.
ბევრს საუბრობენ, თუ რამდენად ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ რეგიონებში. თქვენ თუ გაიცანით იქ ვინმე ისეთი, რომელმაც თქვენი აღფრთოვანება გამოიწვია?
თითოეული მონაწილე ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თავისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობით, თუმცა, განსაკუთრებით შეგვიძლია, გამოვყოთ ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც გარკვეული ნეიროგანვითარების სირთულე გააჩნდა. ჩვენთვის გასაოცარი აღმოჩნდა, თუ რამდენი რამ ჰქონდა მას დამოუკიდებლად წაკითხული და შესწავლილი საკუთარ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორი სიმამაცითა და შეუპოვრობით ახერხებდა, რომ გამკლავებოდა ყოველდღიური ცხოვრების სირთულეს. ამ ადამიანის შეუპოვრობა და ცნობისმოყვარეობა, ცალსახად, მისაბაძი შეიძლება, იყოს ბევრი ჩვენგანისთვის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები რეგიონების მიმართულებით?
სექტემბრიდან კვლავ განვაგრძობთ იმავე რეგიონებში ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარების პროგრამას სტუდენტებისთვის. ამავე ტრენინგის ფარგლებში აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტების სამომავლო საჭიროების გამოკვეთაზე. ჩვენი შემდგომი პროგრამებიც ზუსტად ამ საჭიროებას დაეფუძნება და მათი მიზანი ახალგაზრდების პროდუქტიულობის ზრდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა იქნება.