3 minute read

წარმატების სურნელი "ლუტეცია ჯგუფის" პრეზიდენტისგან

ფრანგული სუნამოს წარმატების სურნელის გავრცელებას საქართველოში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან შეუწყო ხელი. ბიზნესის დაწყებას, პირველ ეტაპზე, მეგობრების საერთო იდეას უკავშირებს, შემდეგ იყო საქმისადმი დიდი ინტერესი, წარმატების მიღწევის ჟინი და შრომისმოყვარეობა. „ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტის, ვახტანგ ფხაკაძის წარმატების ისტორია საფრანგეთს უკავშირდება. როგორც თავად „დიპლომატთან“ ინტერვიუში ამბობს, სწორედ ამ ქვეყანამ შეასრულა გადამწყვეტი როლი მისი საქმიანობის განვითარებაში:

ჩემი ბიზნესი, სწორედ, საფრანგეთიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საფრანგეთს დავუკავშირდით - ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, თუ არა - პარფიუმერიის მიმართულებით გვეცადა ბედი სწორედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ფრანგული სუნამო იყო ყველაზე ძვირფასი. რაც შეეხება იმას, თუ რამ შეუწყო ხელი საფრანგეთთან ჩემი ურთიერთობის განვითარებას, მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 90-იან წლებში, ამ სფეროში გაგვეღრმავებინა ურთიერთობები. 1995 წელს ჩავედით საფრანგეთში, დავიწყეთ ოფისიდან ოფისში სიარული, ვუმტკიცებდით, რომ ჩვენ ვიყავით საუკეთესონი. უკვე 1996-1997 წელს, პირველი ბრენდი, რომელიც საქართველოში შემოვიყვანეთ, „ივ როშე“ იყო, მანამდე, მათთან ერთად, რუსეთში დავიწყე ეს ბიზნესი და საქართველოშიც შევთავაზე მაღაზიის გახსნა - ჩემთვის ეს ზეიმი იყო.

Advertisement

თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდით. რამდენად რთული იყო ეს და რა იყო ეს უპირატესობა, რამაც ითამაშა გადამწყვეტი როლი?

მეტ-ნაკლებად ერუდირებული, ინტელიგენტები ვიყავით. პედაგოგები გახლდით - მე მათემატიკოსი, ჩემი მეგობარი - ფიზიკოსი. ლოგიკა კარგად გვქონდა განვითარებული. წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რა შეგვეძლო - ავდექით და პირველი მაღაზია გავაკეთეთ - ვიღაცამ დაგვიჯერა, ვიღაცამ - არა. მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემმა ფრანგმა მეგობრებმა. ერთი იყო „სალვადორ დალის“ წარმომადგენელი, მეორე - „კლარენსის“. მოგვცეს დისტრიბუცია რუსეთზე და საქართველოზე. ამას უკვე სხვა ბრენდები მოჰყვა და როცა პორტფოლიო შეგვექმნა, უკვე მარტივი ასახსნელი იყო, რას ვაკეთებდით. როდესაც უკვე, „ნინა რიჩის“ აღება გვსურდა სადისტრიბუციოდ, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამიწია ჩემმა მეგობარმა, რომელიც მიმტკიცებდა, რომ არ გვინდოდა ეს ბრენდი, რადგან უკვე ძველია და არავის აინტერესებდა, თუმცა, დავიყოლიე. დავიწყეთ მუშაობა და დღეს, ორასორმოცდაათ ბრენდთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის დისტრიბუტორები ვართ.

როგორი იყო განვითარების დინამიკა მაშინ და ახლა რამდენად მზარდია?

1997 წლიდან 2007 წლამდე, ძალიან ნელი დინამიკა გვქონდა, რადგან 2004 წლამდე, მძიმე ვითარება იყო. მერე, რაღაც იმპულსი მიეცა ქვეყანას - 2001 წელს გავხსენით პირველი დიდი ფორმატის მაღაზია. ეს იყო ცოტა სარისკო ნაბიჯი. საერთოდ, ბიზნესის უპირატესობა იმაშია, რომ, თუ შრომა არ გეზარება და საქმე გიყვარს, თან, ამავე დროს, სხვებსაც ასწრებ საქმის კეთებას, წარმატება გარანტირებულია.

ამ წარმატებამ გიბიძგათ თუ არა იმისკენ, რომ უფრო გააღრმავოთ ეს ბიზნესურთიერთობები და თუნდაც, ახალი ბრენდი შემოიყვანოთ?

რა თქმა უნდა! ამას ჰქვია წარმატების სურნელი და როცა ამ სურნელს იგრძნობ, ძალიან რთულია, მშვიდად იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც მომხმარებელს ვხედავ კმაყოფილს - როდესაც მომხმარებელი შემოდის და გეუბნება - „ეს ბრენდი თქვენ უკვე გაქვთ?! ჩვენ კიდევ საიდანღაც შემოგვქონდა“, მაშინ ვხვდები, რომ თუნდაც ამ ერთი რეაქციით მივიღე სასიამოვნო ემოცია.

როგორ ფიქრობთ, საჭიროებს თუ არა ბიზნესურთიერთობები კიდევ უფრო განვითარებას და რა არის საჭირო ორი ქვეყნის უფრო დაახლოებისთვის?

დღეს, ევროპასთან არსებული ძალიან კარგი ურთიერთობები ამარტივებს პროდუქციის შეძენას. მე სხვა ქვეყნებშიც მქონდა ბიზნესი და თუ შევადარებთ 2004 წლიდან, დღეს, საქართველოში, ყველაზე კარგი კანონმდებლობაა ბიზნესის სამართავად. უკვე 2014, 2015, 2016 წლებში, მიღწეულია ისეთი შეთანხმებები, რომ გამარტივებულია ევროპიდან საქონლის მიღება. თუ ევროპაში წარმოებული საქონელი შემოგაქვს, ბევრი წინააღმდეგობა ქრება, ზედმეტი გადასახადები არ გაქვს და ვისაც შრომა უნდა, ბიზნესის წარმოება მარტივია. საქართველოს ხელისუფლებაც და ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ეკონომიკური განვითარებისკენ არიან მომართულნი.

რაც შეეხება შედარებით ახალ და განსხვავებულ მიმართულებას, ჩაის ბიზნესს?

„პალე დე ტე“ არის ჩაის ფრანგული ბრენდი, რომელიც 1987 წელს, პარიზში დაარსდა. დღეს, ეს ბრენდი უკვე 200-ზე მეტი სახეობის ჩაის და სხვადასხვა თემატურ აქსესუარს აერთიანებს. „ივ როშეს“ ვიცე-პრეზიდენტის იდეა იყო, რომ ჩაის შემოტანა დაგვეწყო. იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ღვინის, არამედ ჩაის ქვეყანა ვართ, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. ახლა უკვე, ვეძებთ კარგ ჩაის, რომელიც მსოფლიოში, ოთხმოცივე მაღაზიაში, ქართული ბრენდის სახელით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სიახლეებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, მომხმარებელს 5 სახის „დეტოქს“ ჩაის ვთავაზობთ - ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და სკანდინავია აერთიანებს ჩაის მომზადების უნიკალურ მეთოდებს.

რამდენად რთული იყო, ამ კუთხით, სამუშაოს წარმოება იქიდან გამომდინარე, რომ მაინც განსხვავებული მიმართულებაა?

მომხმარებელს ვთავაზობთ არა პარფიუმერიას, არამედ - ემოციას. რა იქნება ამ ემოციის ქვეშ შეფუთული, სულ ერთია. მთავარია მომსახურება, გახსნილობა, ღიმილი. ჩაიც ხომ სურნელთან არის დაკავშირებული.

თქვენ, წლების განმავლობაში, ცხოვრობდით საფრანგეთში და დღემდე, საქმიანი ურთიერთობები გაკავშირებთ. თქვენი აღქმით, როგორი ქვეყანაა ის?

საფრანგეთი არის ქვეყანა, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის იყო კიდევ ერთი დამატებითი განათლება ბიზნესთან მიმართებაში. ძალიან ბევრი კარგი, ცუდიც ვისწავლე, და მადლობა იმიტომ, რომ გავიგე, ცუდიც არსებობს. ურთიერთობაში უკვე ვგრძნობ, როდის მოდის ცუდი და სწორედ ეს მასწავლა მათთან ცხოვრებამ. დიდი გამოცდილება მივიღე. როდესაც 1994 წელს, ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა საფრანგეთში წასვლა, წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი, შენ წადი-მეთქი, და დღეს მადლობელი ვარ მისი. იმ პერიოდში, რუსეთში დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა, თუმცა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა და განვითარებაზე ვიზრუნეთ. 10-ჯერ მაინც გავიზარდეთ, მომხმარებლის გონებაში, ჩვენი კომპანია დარჩა, როგორც სიახლეების მომტანი და საიდან ეს, თუ არა უცხოელებთან სიახლოვით.

This article is from: