6 minute read

ხატია ბუნიათიშვილის ორი სამშობლო და მისი როლი დიპლომატიაში

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, თანამედროვე ვარსკვლავია. მან კარიერა საქართველოში დაიწყო, ვენაში განაგრძო და, საბოლოოდ, საფრანგეთში დამკვიდრდა. დღეს, ხატიას კონცერტები წარმატებით იმართება მსოფლიოს წამყვან სცენებზე. უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი, უცხოეთში, საქართველოს, ერთგვარი, საიმიჯო სახე და ელჩია. ხატია ახლახან დაბრუნდა აზიური ტურნედან. მის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე, კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე, პიანისტი „დიპლომატს“ ესაუბრა.

როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება საფრანგეთს?

Advertisement

ვენაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, როცა გადავწყვიტე, რომ გადავსულიყავი საფრანგეთში ახალი ცხოვრების დასაწყებად, ეს არ იყო დაკავშირებული კონკრეტულ გეგმასთან, არამედ ავირჩიე პარიზი ახალ ეტაპად ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, იქამდე, საფრანგეთი უკვე არსებობდა ჩემს გონებაში, რადგან ფრანგული ენის შესწავლა დავიწყე ადრეულ ასაკში და, როგორც მოგეხსენებათ, ენის სწავლასთან ერთად, კავშირი გარკვეულ ქვეყანასთან და კულტურასთან უკვე იწყება გონებაში და იქიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე წელს მაინც გავატარებდი. არჩევანი გამოწვეული იყო ამ ქვეყნის და მისი კულტურის სიყვარულით, რომელიც საფრანგეთს ჩემი მხრიდან ეკუთვნოდა იმ ფასეულობებისთვის, რომელიც ამ ქვეყნის კულტურაში არსებობს, ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით მთელი ისტორიული ნაწილი, რომელიც ბავშვობიდან კარგად მქონდა შესწავლილი და დამოკიდებულება მქონდა პატივისცემის და სიყვარულის, მისი ფასეულობებისადმი და კულტურული მემკვიდრეობისადმი.

მთელი ქართული საზოგადოება ამაყი იყო თქვენი ხილვით ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თუმცა, შარშან, უარი განაცხადეთ ამ კონცერტში მონაწილეობაზე. არ გაგიჭირდათ მაშინ, ამ გადაწყვეტილების მიღება და როგორი განცდა დაგეუფლათ წელს, როცა მეორედ მიიღეთ იგივე შემოთავაზება?

უარის თქმა არ გამიჭირდა, რადგან არის გარკვეული პრინციპები ჩემთვის, რომელიც შეუცვლელია. რა თქმა უნდა, გული დამწყდა იმიტომ, რომ საოცრად ბედნიერი ვიყავი, როდესაც შემომთავაზეს ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება, თუმცა, იქვე, ვიყავი ძალიან უკმაყოფილო, როდესაც მითხრეს, ვინ იდირიჟორებდა (რედ.: გულისხმობს რუს დირიჟორს, ვალერი გერგიევს, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის და ასევე, სირიაში - ასადისთვის), იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არის სიმბოლური დღე საფრანგეთში და არა მარტო საფრანგეთში, იმიტომ, რომ ვთვლი თავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქედ, შემდეგ - საფრანგეთის და შემდეგ - მსოფლიოს მოქალაქედ, და მიმაჩნია, რომ ეს არის მით უმეტეს სიმბოლური კონცერტები, რომლებიც გვახედებს ისტორიაში, რომელიც შესაძლებელია, იყო სისხლიანი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც ადამიანების უფლებებს პატივს ვცემთ. ყველაფერი უნდა იყოს სიმბოლური და ჩემთვის დირიჟორი, რომელიც აგრესიული პოლიტიკის გარკვეულ პროპაგანდას ეწევა, იყო მიუღებელი, როგორც ადამიანისთვის და როგორც ქართველისთვის. და, აქედან გამომდინარე, თავისთავად, დაუფიქრებლად ვუთხარი უარი. რაც შეეხება წლევანდელ წელს, გამიხარდა, რომ მეორედ შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. ჩემთვის დიდი სიამაყე იყო იქ მონაწილეობა და, ასევე, სასიამოვნოა იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს უყურებ თვალებში, პირისპირ და ასეთი საზეიმო მომენტები განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. ამ სითბოს და სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობ საფრანგეთისგან, არ ვუყურებ, რომ თითქოს, ეს ასეც უნდა იყოს. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი და ვცდილობ, მეც მაქსიმალურად უკან დავუბრუნო, რადგან მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, მეც მაქვს სიყვარული ამ ქვეყნისადმი, და მადლიერი ვარ ამ სიყვარულის, რომელსაც ვგრძნობ.

თქვენს ცხოვრებაში და კარიერაში, საქართველო დიდ ადგილს იკავებს, მუდმივად პოზიციონირებთ, როგორც ქართველი მუსიკოსი, საქართველოს სახე ხართ ევროპაში, შესაბამისად, მიწვეული ხართ საქართველოს ყველა მნიშვნელოვან საიმიჯო ღონისძიებაზე, რაზეც უარს არასოდეს ამბობთ, ცოტა ხნის წინ, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზეც დაუკარით. რა მნიშვნელობის არის ეს ყველაფერი თქვენთვის?

უარს არ ვამბობ მაშინ, როდესაც შემიძლია და როდესაც მიმაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ის არის კულტურული დანიშნულების და ასევე - გეოპოლიტიკურიც. საქართველო იყო ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ლიტერატურით არის დაინტერესებული, და ეს იყო საოცარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოეჩინა თავი ლიტერატურის გზით. ბუნებრივია, ეს გზას ხსნიდა ქართველი ავტორებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, წარმოაჩინა სრულიად საქართველო ისტორიულად, რაც კი ნაბიჯები გადადგმულა კულტურის და ცივილიზაციის მიმართულებით. ასეთი ნაბიჯები შესაძლებელია, ბევრად უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე გარკვეული, დიპლომატიური სვლები. ამიტომ, რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად დავუკარი გახსნაზე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ასე ლამაზად და სწორად ჩატარდა გახსნა. ჩემი აზრით, ძალიან სწორი აქცენტი იყო დასმული კულტურულად.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორც მსოფლიოში აღიარებული პიანისტისთვის, რომელსაც, სიმბოლურად, ორი სამშობლო გააჩნია, საქართველო და საფრანგეთი, როგორია ამ ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობა? და რა მსგავსებებს ხედავთ ამ ორ ქვეყანას შორის?

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, ვგრძობდი, რომ საქართველოში იყო განსაკუთრებული ინტერესი საფრანგეთის და მისი კულტურისადმი. ჩემი აზრით, ქართველებში დევს საფრანგეთისადმი სიყვარული. საფრანგეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, ნაკლებია ცნობადობა საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა, ჩემი აზრით, ინტერესი და ცნობადობა დღითიდღე მატულობს. მსგავსება ამ ქვეყნებს შორის, გარკვეულწილად, არის. ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, გვიყვარს ფანტაზია, გონებით შორს წასვლა. საფრანგეთიც არის ასე, ძალიან დიდი კულტურა აქვს, აზროვნების. რეალურად, მთელი განმანათლებელი კულტურა, რომელზეც დამყარებულია საფრანგეთის კულტურული თუ სოციალური განვითარება, არის მოაზროვნეების მიერ შექმნილი. ამ მხრივ, ვთვლი, რომ ეს ორი ერი კარგად ერწყმის და შეუძლიათ, ერთმანეთს კარგად გაუგონ. ბუნებრივია, ეს ძალიან ინდივიდუალური ხედვაა, თუმცა, მე ასე ვგრძნობ. საფრანგეთში ძალიან ორგანულად ვგრძნობ თავს. სულ მეუბნებიან, რომ ალბათ, საფრანგეთში რთულია, დაფუძნდე, თავი იგრძნო ამ კულტურისა და საზოგადოების ორგანულ ნაწილად; მაგრამ არასოდეს ამის პრობლემა არ მქონია. პირველ რიგში, პატივი უნდა სცე ენას, და როდესაც ჩამოდიხარ და ენას ფლობ და, ამავდროულად, იგრძნობა ნამდვილი ავთენტური სიყვარული ქვეყნისადმი და იმ ფასეულობებისადმი, რომლებიც მყარად არის გამჯდარი ფრანგულ თავისუფალ ხასიათში, ამ შემთხვევაში, მგონი, ორგანულად გიღებენ და თავისიანად მიგიჩნევენ, და არ აქვთ დამოკიდებულება, როგორც უცხოსადმი, რაც ამ ქვეყნის სილამაზეს და თავისებურებას უსვამს ხაზს, იმიტომ, რომ არ არიან ჩაკეტილები, თუკი გრძნობენ უცხოს მხრიდან გარკვეულ სიყვარულს, ცოდნას და პატივისცემას მათი კულტურის.

როგორ უყურებთ მუსიკას და ხელოვნებას, როგორც დიპლომატიის საშუალებას?

გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ეს შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინტერესებისთვის, ამიტომ ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს, მათ შორის, ხელოვანებს, იმიტომ, რომ ხშირად, ხელოვანებს განიხილავენ როგორც ცალკე ადამიანებს, რომლებიც თითქოს, გარკვეულ სივრცეში ვცხოვრობთ და ჩვენ რაღაცები არ გვეხება, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან ნებისმიერი ხელოვანი არის მოქალაქე და ნებისმიერი პასუხისმგებლობა მასაც აკისრია. თუ არის ადამიანური და მოქალაქეობრივი ღირსება დაცული და ხელოვანს აქვს გარკვეული პასუხისმგებლობის შეგრძნება სიტუაციასთან და სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში, ხელოვნება შეიძლება, იყოს არა გარკვეული ინტერესების გამტარი, არამედ წარმართული სწორად გარკვეული ცვლილებების მოსახდენად, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნება შეიძლება, იყოს გამამართლებელი ასევე ბევრი არასწორი და აგრესიული ნაბიჯის, ამიტომ, ძალიან რთულად გასავლელი გზაა, ძალიან ვფრთხილობ და ვცდილობ, ფაქიზად და ღირსების დაკარგვის გარეშე გავიარო ეს გზა.

თქვენ ორჯერ გაქვთ მიღებული „ექო კლასიკის“ ჯილდო. როგორ აფასებთ ამ მიღწევას?

ეს არის გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და მუსიკოსისთვის ორჯერ მისი მიღება ბედნიერებაა. როცა გაჟღერდება, რომ თუნდაც ქართველი და ფრანგი ამას იღებს, ეს გარკვეულ ინტერესს ქმნის ამ ქვეყნისადმი, ამ მხრივ, ხშირად მეუბნებიან, რომ ვარ, გარკვეულწილად, ელჩი ქვეყნისთვის, ამას უცხოელები ხშირად ამბობენ, ვინაიდან, როცა არის ინტერესი კონკრეტული ინდივიდისადმი, ადამიანებს აინტერესებთ, საიდან ვარ, რა კულტურაა, რა ბექგრაუნდია, და ეს იწვევს ინტერესს ქვეყნისადმი. რამდენადმე, ესეც ქმნის იმ სიტუაციას, რომ ადამიანებს სურთ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, კულტურის გაცნობა, სიახლეების ძიება, მუდმივად, სიახლის აღმოჩენაში არიან და საქართველოს აქვს, ჩემი აზრით, იმის საშუალება, რომ ის ინტერესის წრეში მოექცეს. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი წარმატება მიმაჩნია, როგორც პირადი წინსვლა, ისე წინსვლა ჩემი ქვეყნის კულტურული ნაწილისთვის.

როგორ ხედავთ თანამედროვე კლასიკოსის კარიერას? საინტერესოა თქვენი შეფასება, ადამიანისგან, რომელიც მოღვაწეობს წამყვან სცენებზე და წამყვან ორკესტრებთან, გამოდის „კარნეგი ჰოლში“ და შანზ-ელიზეზე, ჰყავს უდიდესი აუდიტორია, მაინც, პარალელურად, საინტერესოდ ავითარებს კარიერას. ამის დასტურია „ქოლდფლეისთან“ ალბომის ჩაწერა 2016 წელს.

ასეთი ხმამაღალი ნაბიჯები ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, დაუგეგმავად ხდებოდა, იმიტომ, რომ, რაღაცნაირად, დაკავშირება ხდება ხოლმე სხვების მხრიდან. ეს ჩემთვის არის დიდი სიურპრიზი, მაგრამ ინტერესით ვეკიდები, თუ საინტერესოა, რადგან არ მაქვს დოგმა. ხელოვნება ეს ის სივრცეა, სადაც, წესით, საზღვრები არ უნდა არსებობდეს. ადამიანებს გვაქვს ფანტაზია და ერთადერთი საშუალება, სადაც ბოლომდე ამის რეალიზების შესაძლებლობა გვაქვს საზღვრების გარეშე, ეს ხელოვნებაა. ამიტომ, ჩემს თავს არასდროს ვზღუდავ ასეთი შესაძლებლობების დროს. ამიტომ, ასეთი ნაბიჯები ჩემს ცხოვრებაში იყო და იქნება აუცილებლად, ვინაიდან მიყვარს შემოქმედება და სიახლეები, არა იმიტომ, რომ ეს კარიერული წინსვლის გარანტია, უბრალოდ,შემოქმედებითი პროცესი მსიამოვნებს, თვითონ ეს არის საინტერესო და არა მიზანი. რთულია დღევანდელ სიტუაციაში გქონდეს ქალს კარიერა, მოგზაურობდე, იყო დამოუკიდებელი. და კარიერასაც გააჩნია, არის გარკვეული კარიერა, როდესაც გაქვს ზურგი დირიჟორების ან სისტემის მხრიდან, ჩემს შემთხვევაში, კარიერა შეიქმნა ყოველგვარი დოგმატური ჩარჩოების გარეშე. გადავწყვიტე, რომ შემექმნა დამოუკიდებელი, ინდივიდუალური და სრულიად ჩემზე დამოკიდებული კარიერა, რომ მე გადამეწყვიტა ყველაფერი და არა სხვებს. ეს რთული გზა იყო, მაგრამ ეს იყო სწორი არჩევანი, ვთვლი და იყო მყარი, ეს არის დამოკიდებული ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე, და არავინ მეუბნება, რა უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, გარშემო ბევრია მტერი, რომელიც თვლის, რომ კონკრეტული პერსონის დამარცხება უფრო ადვილია, ვიდრე ჯგუფის ან სისტემის, მაგრამ მთავარი მაინც არის ხალხის სიყვარული და ის, რომ ხალხი გრძნობს, რა არის ავთენტური. რასაც ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები და მაქვს ნამდვილი და არა - ყალბად შექმნილი ურთიერთობა მსმენელთან. ეს აძლევს ამ ყველაფერს სიმყარეს და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე.

ყველა სეგმენტისთვის საყვარელი მუსიკოსი ხართ, რაც კლასიკური მუსიკის შემსრულებლის შემთხვევაში, ძალიან დიდი იშვიათობაა. როგორ შეძელით და რამ განაპირობა ეს?

ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ მსმენელი გრძნობს, რომ ჩემს თავს ბოლომდე წარმოვაჩენ და ეს არის რისკის ფაქტორი, რეალურად, დღევანდელ, კლასიკური მუსიკის სისტემის ნაკლოვანებას წარმოადგენს პრომოუტერების მიერ შექმნილი და დანახული, გარკვეულწილად, ნეიტრალური სურათი. მათ რაღაც ინტერესი აქვთ და რისკზე არ მიდიან, ზედმეტის შემთხვევაში შეიძლება, ჯეკპოტი მოიგონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, დაკარგონ ბევრი. ასეთი გათვლები აქვთ ადამიანებს, სამწუხაროდ, ყველაფერში, და როდესაც ამ დროს მოდის ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს ციფრებზე და რეაქციაზე, და გულით აკეთებს თავის გასაკეთებელს, ეს ნებისმიერი ასაკის ადამიანში, ალბათ, იწვევს ენთუზიაზმის შეგრძნებას და სიყვარულს, ვინაიდან, მათ აქვთ იმის შეგრძნება, რომ ეს ნამდვილია და არაა გათვლილი პროექტი. ცხოვრებაში ალბათ გვაკლია ნამდვილი, და ამას უფრო ვეჭიდებით და ის, რაღაცნაირად, გვივსებს გულს. მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულება მქონდა ისეთი ადამიანების მიმართ, რომელთაც ვაფასებ, მაგალითად, რეჟისორი იქნება თუ კოლეგა ან ნებისმიერ რამეს, რაც ნიჭიერებასთან და გულწრფელობასთან არის დაკავშირებული. ეს იმდენად მავსებს ბედნიერებით რომ ვერ წარმომიდგენია, განვიცადო ეჭვი ან შური ნიჭიერებისადმი. ვთვლი, რომ ნამდვილ ნიჭიერებას მოაქვს ბედნიერება, რადგან ეს არის გაცემის შესაძლებლობა, როდესაც გაქვს უნარი, რომ გასცე მაქსიმალურად და ამას რომ იღებ ადამიანისგან, გინდა, თქვა მადლობა, რომ რაღაცით შეივსე და ჩვენ გვჭირდება ასეთი შევსება და ადამიანები ალბათ გრძნობენ გაცემის ამ გულწრფელ პროცესს და არა - იმას, რომ ეს დაგეგმილია, შესაძლებლობა არის შეხების და გრძნობენ, რომ ჩემთან საუბარი მუსიკალურ ენაზე, ასევე, ადამიანური კონტაქტი, ნამდვილია. მე ეს მჭირდება ხალხისგან და ალბათ, ისინიც ამას იღებ ჩემგან.

ცოტა ხნის წინ დაასრულეთ აზიური ტური. როგორ შეაფასებდით მას და რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

კარგად ჩაიარა ძალიან. ასე მოვიხსენიებთ ხოლმე ერთიანობაში, როგორც აზიური, მაგრამ ყველა ქვეყანაში, პუბლიკას თავისი ძალიან ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს და მეც მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ყველა ქვეყანაში ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა და სიამოვნებით დავბრუნდები უკან. უკვე ვგეგმავ შემდეგ ტურნეს. მომავალი გეგმები დაკავშირებულია კონცერტებთან, ასევე - ახალ ალბომთან, რომელიც ახალი შეფუთვით იქნება, რომელშიც ჩავდებ სულს და გულს და იქნება სიახლე, მაგრამ წინასწარ არ მიყვარს საუბარი, რადგან ეს არ არის დაგეგმილი სიახლე. ყველაფერი, რაც იქნება, იქნება ჩადებული თავად ალბომში და - მის გარშემო კონცეფციაში, რომელსაც რამდენიმე თვეში სიამოვნებით წარგიდგენთ.

This article is from: