2 minute read
ანტუან ბარდონი - ფრანგული კომპანიების ინტერესი საქართველოსადმი დღითიდღე იზრდება
პირველად საქართველოში 1993 წელს ჩამოვედი პირადი ვიზიტით. ჩემი აქ დაბრუნება კასტელ ჯგუფს უკავშირდება. მათ 1996 წელს, პირველი ფრანგული ინვესტიცია განახორციელეს თბილისში. გაიხსნა ლუდის მწარმოებელი კომპანია, რომელსაც მე ჩავუდექი სათავეში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელდა. 10 წლის განმავლობაში ვიყავი კასტელ ჯორჯიას გენერალური დირექტორი, ხოლო მას მერე რაც კასტელ ჯორჯია სხვა კომპანიაზე გასხვისდა, ჩემი საკუთარი საქმე წამოვიწყე - ასე იხსენებს საქართველოში პირველ „ფრანგულ ნაბიჯებს“ სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველოს პრეზიდენტი, ანტუან ბარდონი. წარმატების ფრანგული ისტორიიდან 22 წლის შემდეგ, ის ამბობს, რომ დღეს უკვე ფრანგული კომპანიების ინტერესი საქართველოსადმი დღითიდღე იზრდება. როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოსა და საფრაგეთს შორის ბიზნესურთიერთობები და რომელ ფრანგულ კომპანიებს აქვთ პოტენციალი, გაზარდონ საქართველოში ინვესტიციები, ამ და სხვა საკითხებზე „დიპლომატს“ანტუან ბარდონი ესაუბრა:
რა მიმართულებით გაგრძელდა თქვენი საქმიანობა.
Advertisement
დავაარსე საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებაში ეხმარებოდა. ეს იყო ჩემი პირადი საქმიანობა.
როგორ შეადარებთ დღევანდელ საქართველოს იმ ქვეყანას, რომელიც პირველად 1993 წელს ნახეთ?
დიდი განსხვავებაა - სამოქალაქო ომისა და შიდა ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ, ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არსებობდა. არ იყო დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება. ქვეყანა ბევრი გამოწვევების წინაშე იდგა. ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, თუ გავიხსენებთ იმჟამინდელ საქართველოს, დღეს აბსოლუტურად სხვა მოდელის ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ და საქართველო პროგრესის გზას დაადგა.
რაც შეეხება თქვენს მიერ განვლილ გზას, შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, როგორ მოხვედით აქამდე?
როგორც უკვე მოგახსენეთ, კასტელ ჯორჯიადან წამოსვლის შემდეგ საკუთარი საკონსულტაციო კომპანია გავხსენი. ამ პერიოდში, საქართველოში შემოვიდა ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული ბანკი „Société Générale“ , რომლის დირექტორთან ერთად, 2008 წელს, ფრანგ ბიზნესმენთა კლუბი დავაარსეთ. კლუბის წევრების რაოდენობა ეტაპობრიბად გაიზარდა და 2011 წელს, გადავწყვიტეთ საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა დაგვეარსებინა.
ჩვენი პალატა საზღვარგარეთ მდებარე 112 ფრანგული სავაჭრო და სამრეწველო პალატების ქსელშია გაერთიანებული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კერძო ფრანგულ ქსელს წარმოადგენს, 32 000-ზე მეტი გაწევრიანებული კომპანიით.
რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რომლის გამკლავებაც მოგიხდათ?
პირველი დიდი გამოწვევა იყო რა თქმა უნდა, ფრანგული ინვესტიციების განხორციელება. არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს ფონზე, რთული იყო ბიზნესის წარმოება საქართველოში.
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოსა და საფრაგეთს შორის ბიზნესურთიერთობები?
საქართველოში არსებული პოზიტიური ბიზნესკლიმატიდან გამომდინარე, ფრანგული კომპანიების ინტერესი საქართველოსადმი დღითიდღე იზრდება. საჭიროა სამთავრობო დონეზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების განვითარება და მხარდაჭერა. განისაზღვროს კონკრეტული პრიორიტეტული სექტორები და მოხდეს მათზე ფოკუსირება.
რომელ ფრანგულ კომპანიებს აქვთ პოტენციალი, გაზარდონ საქართველოში ინვესტიციები და პირიქით, ქართულ კომპანიებზეც რომ გვესაუბროთ ამ მიმართულებით?
პოტენციალი დიდია. საქართველოში ოპერირებენ ისეთი მსხვილი ფრანგული კომპანიები, როგორიცაა: ატლანტიკ ჯორჯია; „კარფური“ „ლაკტალის ჯორჯია“, „ორანჟი“, ასევე, სასტუმროების ქსელი „Accor Hotels Group“-ი, რომელთაც მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში და დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. მათ აქვთ სტრატეგია განვითარების და გაფართოების კუთხით, რაც შესაბამისად ინვესტიციებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება საქართველოს, აქ არის პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების კუთხით, საქართველოს ასევე გააჩნია განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომ არაფერი ვთქვათ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროზე.
რაც შეეხება თქვენს მოლოდინებს, მთავარი რა არის თქვენთვის განვითარების გზაზე?
პოლიტიკური და ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვანია კომპანიიების და ინვესტორების ნდობის მოპოვებისთვის. ქვეყნის მდგრადი განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტიაა.
როგორია თქვენი სამომავლო, ხანგრძლივი პერიოდის გეგ- მები?
უკეთესის მოლოდინში ვარ .... თუ თქვენ გადახედავთ გასულ წლებს, საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბების კუთხით და ასე შემდეგ. არ მგონია, რომ თქვენ, ახალგაზრდა ადამიანები საბჭოთა პერიოდში, ან შევარდნაძის პერიოდში დაბრუნდებით.