7 minute read
საქართველოს მხარდაჭერა კეთილდღეობისა და დემოკრატიის გზაზე: ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან, ჯონ პენელთან
ჯონ პენელი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში გვიზიარებს თავის შეხედულებებს საქართველოს მიერ კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის მდიდარი გამოცდილებით, ბ-ნი პენელი ხაზს უსვამს საქართველოს უნიკალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, გვიზიარებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, სტრატეგიებსა და პარტნიორობას, რომლებიც ამ ტრანსფორმაციულ პროცესს განაპირობებს. ეს ინტერვიუ ასახავს USAID-ის როლს საქართველოს უფრო ნათელი და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვის მხარდასაჭერად.
შეგიძლიათ გაგვაცნოთ კონკრეტული ინიციატივა ან პროგრამა, რომლითაც განსაკუთრებულად აღფრთოვანებული ხართ ან ამაყობთ საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორად მუშაობის პერიოდში.
USAID საქართველოს ძლიერ, სტაბილურ, აყვავებულ და დემოკრატიულ პარტნიორად თვლის სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი ყველა პროგრამა ხელს უწყობს ამ პარტნიორობის გაძლიერებას. 2022 წლიდან, საქართველოში ჩამოსვლის დღიდან პრივილეგია მქონდა მონაწილეობა მიმეღო მნიშვნელოვან ინიციატივებში. ყველაზე მეტად ვამაყობ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით. ყოველთვის, როცა ვხვდები საქართველოს ახალგაზრდებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა წარმომავლობისა არიან, გაოცებული ვარ იმით, თუ რამდენად ერთგულად ცდილობენ წვლილი შეიტანონ წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული მომავლის მქონე ქვეყნის მშენებლობაში. ახლახან შევხვდი რამდენიმე შთამბეჭდავ ახალგაზრდას ახალციხეში, რომლებმაც სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ევროპის გზაზე მდგარი საქართველოსთვის. ვამაყობ რომ USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ახალგაზრდებს, დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს, გაეცნონ თავიანთ უფლებებს და პასუხისმგებლობას. ვამაყობ, რომ USAID ინვესტიციას ახორციელებს უნარების განვითარების პროგრამებში, რათა დაეხმაროს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს დასაქმებაში, რაც საშუალებას მისცემს მათ დარჩნენ საქართველოში და აქ შექმნან თავიანთი მომავალი. ვამაყობ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრატორებთან, რათა ხელი შევუწყოთ სამოქალაქო განათლებას საქართველოს სკოლებში. ასევე ვამაყობ, რომ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდულ ცენტრებს სოფლებში, რათა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებმა ერთად იმუშაონ და გააძლიერონ ქვეყნის დემოკრატია.
თუ გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ლიბიასა და უკრაინაში, როგორ მოარგეთ თქვენი ლიდერობის სტილი და სტრატეგიები საქართველოს განვითარებაში არსებულ გამოწვევებს?
პატივი მქონდა, მემსახურა USAID-ის მისიებში მთელ რიგ ქვეყნებში, ლიბიისა და უკრაინის გარდა, ვიყავი ერაყში, ავღანეთსა და სომალიში, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი უნიკალური კონტექსტი კულტურის, ისტორიისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. USAID-ის პროგრამები კარგად უნდა იყოს მორგებული ადგილობრივ საჭიროებებზე და უნდა ვიმუშაოთ ისეთ ადგილობრივ პარტნიორებთან, რომლებსაც კარგად ესმით ადგილზე არსებული პირობები. ეს ეხება საქართველოსაც, სადაც USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესთან და მოქალაქეებთან, რათა ჩვენმა პროგრამებმა მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანოს საქართველოს მოსახლეობას. ერთი რამ, რაც უცვლელი რჩება ყველგან, სადაც USAID მუშაობს, არის ჩვენი ერთგულება ისეთი ძირითადი ღირებულებებისადმი, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა და იმ ადამიანების სოციალური ჩართულობა, რომლებსაც ისტორიულად არ ჰქონდათ შესაძლებლობები, მაგალითად ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. მიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სწორედ ამ საერთო ფასეულობებზეა აგებული.
საქართველო აგრძელებს განვითარების მიზნებზე მუშაობას. შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიღწეული პროგრესი და სტრატეგიები, რომლებსაც იყენებთ საქართველოს ამ მიმართულებით წინსვლის მხარდასაჭერად?
USAID ყოველთვის ისე ქმნის პროგრამებს, რომ ისინი მოერგონ ქვეყნის განვითარებად საჭიროებებს. რამდენიმე მაგალითს ჩამოგითვლით. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა და გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. USAID მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გააგრძელოს პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოები, მოქალაქეებზე ორიენტირებული ადგილობრივი მმართველობა და მედიის თავისუფლება. ასევე გავზარდეთ ინვესტიციები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში - დავეხმარეთ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ინვესტირებას განახლებადი ენერგიის ახალ, შიდა წყაროებში, რაც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას შეამციროს სხვა, ავტორიტარულ ქვეყნებზე დამოკიდებულება; გავაუმჯობესეთ მარეგულირებელი გარემო, რათა საქართველომ შეძლოს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრირება. USAID-ის ახალი პროგრამების ფარგლებში ხელს ვუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს, ფერმერებს, მეწარმეებს და სტუდენტებს, დასაქმდნენ კარგ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე და ოჯახების რჩენის მიზნით არ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება. ახალი პროექტები მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას, რათა მოქალაქეებმა მიიღონ კარგი საჯარო სერვისები - სკოლები, საავადმყოფოები, გზები, საჯარო სივრცეები. ჩვენს პროგრამებს შორისაა ბრძოლა კრემლისა და სხვების მიერ გავრცელებულ მავნე დეზინფორმაციასთან, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყოს და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენ ხელს ვუწყობთ სკოლებს სათანადოდ მოამზადონ მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ როგორც აქტიურმა და პასუხისმგებელმა მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიაში.
თქვენ მნიშვნელოვანი აკადემიური ცოდნა გაქვთ ომისა და თავდაცვის კვლევებში. რა გავლენა იქონია ამ ცოდნამ თქვენს მიდგომაზე განვითარებისა და საგარეო დახმარების მიმართ, განსაკუთრებით ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც კავკასიაა?
მადლობთ რომ მკითხეთ! დიდი დრო გავატარე სამეცნიერო საზოგადოებაში, რათა გამეგო, როგორ შეუძლია საერთაშორისო განვითარებამ - რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ში - გახადოს ქვეყნები უფრო უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული, თუნდაც ისეთი მავნე პირობებში, როგორიცაა კრემლის მცდელობა გავლენა იქნიოს საქართველოზე. ბოროტი ზეგავლენა მრავალ ფორმას იღებს - დეზინფორმაცია, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის შელახვის მცდელობები. USAID პარტნიორობს საქართველოსთან, რათა შეიმუშაოს ისეთი სტრატეგია, რაომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ სახის მავნე გავლენებს - ამას ჩვენ ვუწოდებთ "მდგრადობის მშენებლობას". საქართველოსთან ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში, ხელი შევუწყოთ საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებას ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგეტიკაში და ამავდროულად შევზღუდოთ დამოკიდებულება რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული ქვეყნებიდან იმპორტზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ფაქტებზე დაფუძნებულ მედიასა და ინფორმაციაზე, რომელიც აქარწყლებს მავნე დეზინფორმაციულ ნარატივებს და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დასაცავად აძლიერებს კიბერუსაფრთხოებას. ეს ყველაფერი ეხმარება საქართველოს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროპასთან მიახლოებისას.
საქართველოში ქვეყნის განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით როგორ თანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნესთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და რა წარმატებები ან პარტნიორობა გაჩნდა ამ თანამშრომლობის შედეგად?
ჩვენ ყველაფერს საქართველოს საზოგადოებასთან ერთად ვაკეთებთ– ვთანამშრომლობთ ეროვნულ და ადგილობრივ სამთავრობო ინსტიტუტებთან და ოფიციალურ პირებთან, ბიზნესებთან და ბიზნეს ასოციაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედია საშუალებებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. ამ პარტნიორობაზე ორიენტირებულმა, ადგილობრივმა მიდგომამ კარგი შედეგი გამოიღო. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს მხარი დავუჭირეთ 25 000-ზე მეტ ფერმერს და ბიზნესს. ჩვენი მხარდაჭერით კერძო სექტორმა შეძლო დაახლოებით 5 300 სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის შექმნა და 269 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა გაყიდვებიდან, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. ახალგაზრდული აქტივობების დასაფინანსებისა და შშმ მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხელი შევუწყეთ ქართულ ბიზნესს, სკოლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარტნიორობის დაწყებას. ასევე ვიმუშავეთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, რათა დავხმარებოდით რუსეთის ოკუპაციის ჩრდილში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის ისეთი ახალი შესაძლებლობების შექმნაში, როგორებიიცაა: დასაქმება, განათლება, სამოქალაქო აქტივობები. რუხში, სამეგრელოში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, დავეხმარეთ ადგილობრივ კომპანიას, შპს „ეკოტექნოლოგიას“ გაეხსნა ქარხანა, რომელიც ნახშირს აწარმოებს თხილის ნაჭუჭისგან. ეს კომპანია მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს და ამასთანავე ქმნის სამუშაო ადგილებს თავიანთ თემში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. სოფელ ძეგვში თანადაფინანსება გავუწიეთ კომპანიას „ფაბრიკა 1900“, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 100% გადამუშავებადი და ბიოდეგრადირებადი მუყაოს შეფუთვის წარმოება გაზარდა და თავიანთი პროდუქციის მიწოდება შეძლო ასობით ქართული ბიზნესისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც ექსპორტს ახორციელებს ევროპასა და სხვა მაღალი ღირებულების ბაზრებზე. ამ ბიზნესებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების უზრუნველყოფა ისეთი უნარებითა და რესურსებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთი რეგიონების განვითარებაში. ეს ის მაგალითებია, რამაც მომცა მოტივაცია მემუშავა USAID-ში. კიდევ ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემეძლო, მაგრამ ვიცი, რომ ადგილი შეზღუდულია თქვენს ჟურნალში!
რა არის თქვენი მთავარი მიზნები და პრიორიტეტები USAID-ის მისიისთვის საქართველოში მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში?
ეს მართლაც რთული კითხვაა – ამჟამად USAID ახორციელებს დაახლოებით 40 სხვადასხვა პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს განვითარების ხელშეწყობას. მაგრამ ნება მომეცით გამოვყო რამდენიმე პრიორიტეტული სფერო მომდევნო წლებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოუკერძოებლობას, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივცეთ რჩევები და რეკომენდაციები პროცედურების გასაუმჯობესებლად და გავაგრძელებთ არჩევნებზე დამკვირვებელთა ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რათა მათ უზრუნველყონ 2024 წლის არჩევნების კარგად ადმინისტრირება და რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა საქართველოს მოსახლეობისთვის. გავაგრძელებთ საკვანძო რეფორმების მხარდაჭერას, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ამასთანავე გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპასთან ინტეგრირებული თანამედროვე და უსაფრთხო ენერგეტიკული სისტემის შექმნაში. გავაგრძელებთ ქართული ბიზნესის დახმარებას გაფართოებაში და მათი პროდუქციის ექსპორტზე ევროპასა და სხვა მომგებიან ბაზრებზე გატანაში. გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ქალაქებსა და სოფლებში, რათა მათ მიიღონ უფრო მაღალი შემოსავალები დემოკრატიული პროცესის საშუალებით. გავაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას, მათ დასაქმებას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ასევე ხელს შევუწყობთ მათ გახდნენ მეწარმეები და გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მომავალ წლებში.
ეს ყველაფერი დაეხმარება USAID-ს დასახული ამოცანების შესრულებაში და საქართველოს მხარდაჭერაში, რისი სურვილიც ცალსახად გამოხატა საქართველოს მოსახლეობამაც: იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ევროპულ საზოგადოებაში, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შექმნას უკეთესი ცხოვრება თავისთვის და თავიანთი ოჯახებისთვის. საქართველოს მთავრობას და ხალხს აქვს ასეთი მომავლის აშენების შანსი და მე ვამაყობ, რომ USAID-ს წვლილი შეაქვს ამ ძალისხმევაში.