8 minute read
ქართველი მკვლევარის ბრწყინვალე საერთაშორისო კარიერა უსაფრთხოების სფეროში
ამ ინტერვიუში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტს ნათია სესკურიას ვესაუბრებით. ნათია არის „თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის“ (RUSI) ასოცირებული მკვლევარი. აღნიშნული ინსტიტუტი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატრონჟის ქვეშ არსებული მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ანალიტიკური ცენტრია. ნათია ასევე არის თბილისში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის „უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის“ (RISS) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. RISS-ს აქვს განსაკუთრებული პატივი იყოს RUSI-ს ოფიციალური პარტნიორი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ნათიას გავლენას და გამოცდილებას ამ სფეროში. ის არის მრჩეველი Chatham House-ში და ლექციებს კითხულობს რუსეთის პოლიტიკაზე.
ნათიას მაღალი დონის განათლებამ და გამოცდილებამ არა მხოლოდ გამორჩეული რეპუტაცია მოუპოვა, არამედ მისცა შესაძლებლობა თავისი შეხედულებები მთავარ საერთაშორისო მედია პლატფორმებისთვის გაეზიარებინა. მას რეგულარულად აშუქებენ ცნობილი სატელევიზიო არხები, მათ შორის BBC, CNN და მრავალი სხვა.
ჩვენ აქ ვისაუბრებთ ნათიას ბრწყინვალე კარიერაზე, განვიხილავთ მის გზას თბილისიდან საერთაშორისო ასპარეზამდე და ვისაუბრებთ აქტუალურ გლობალურ საკითხებზე.
ნათია, პირველ რიგში გვითხარით თქვენი განათლების შესახებ, ანუ როგორ დაიწყო ყველაფერი?
სასკოლო განათლება თბილისში მივიღე, სადაც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი ოჯახი ხაზს უსვამდა უცხო ენების სწავლის მნიშვნელობას ადრეული ასაკიდან. ვსწავლობდი სხვადასხვა უცხო ენებს, მათ შორის ფრანგულს, იტალიურს და ესპანურს, გარდა იმისა, რომ კარგად ვფლობდი რუსულ და ინგლისურ ენებს. ფრანგული ჩემთვის თითქმის მეორე მშობლიური ენა იყო. სანამ ჩემი სკოლის მეგობრები სკოლის დასრულების შემდეგ საფრანგეთში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობდნენ, მე სულ ინგლისისკენ მიმიწევდა გული. არჩევანის გაკეთება ნამდვილად არასდროს მომწევია, ყოველთვის ვიცოდი, რომ იქ მინდოდა ყოფნა.
შესაბამისად, 17 წლის ასაკში ინგლისში გადავედი საცხოვრებლად. ხუთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის აუცილებელი იყო A-Levels კურსის გავლა (ორწლიანი წინასაუნივერსიტეტო პროგრამა). ეს იყო ჩემი პირველი შეხება ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემასთან და ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. თბილისში წარჩინებით ვსწავლობდი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. თუმცა, დიდ ბრიტანეთში სულ სხვა სტანდარტი დამხვდა. მე ვაფასებდი მათ მიერ დანერგილ ანალიტიკურ მიდგომას, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. მალევე მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გამოწვევა, რომელიც უნდა გადამელახა სისტემასთან ადაპტაციისთვის.
მოკლედ, A-level-ის დასრულების შემდეგ, მივიღე მოწვევა UCL-დან, რომელიც შედის ბრიტანეთის საუკეთესო ხუთ უნივერსიტეტში. ეს იყო წარმოუდგენლად ნაყოფიერი საგანმანათლებლო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო ჩემი პირველი შეხება დამოუკიდებლად ცხოვრებასა და გამოწვევების დამოუკიდებლად დაძლევასთან. პირადად და პროფესიულად, ეს იყო გარდამტეხი ეტაპი. მე აღფრთოვანებული ვარ ინგლისური განათლების სისტემით, რომელიც გიბიძგებს შენი ცხოვრების გზა თავად გამოძერწო. ეს მოითხოვს დიდ შრომას, მაგრამ აუცილებლად გიფასდება. ინგლისში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანმიმდევრულად მაფასებდნენ ჩემი ძალისხმევისთვის. ვაფასებ ჯანსაღ გარემოს და ჯანსაღ კონკურენციას, რასაც თავიდანვე მიმაჩვიეს. თავისუფალი ვარდნის შეგრძნობა, იმის ცოდნა, რომ შეგიძლია საკუთარი მწვერვალების დაპყრობა, იქნება ეს ნელა თუ სწრაფად.
რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება პოლიტიკით?
ჩემი დაინტერესება პოლიტიკით ბავშვობიდანვე დაიწყო. პატარაობიდანვე თვალყურს ვადევნებდი პოლიტიკურ მოვლენებს და ვხედავდი, რომ ამ სფეროში გავაგრძელებდი კარიერას. თავიდან დიპლომატიაზე ვფიქრობდი, მაგრამ მალევე გამიჩნდა დიდი ინტერესი უსაფრთხოების სფეროსადმი. ეს ცვლილება მოხდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) ჩემი სწავლის დროს. აღმოვაჩინე, რომ UCL იდეალურად შეეფერებოდა ჩემს ინტერესებს, ფოკუსირებული იყო ჩვენი რეგიონის პოლიტიკაზე სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლის (SSEES) მეშვეობით.
მაშინ ბევრი მირჩევდა ამერჩია უფრო ზოგადი სფერო, რომ დასაქმების მეტი შესაძლებლობა მქონოდა, რამაც ერთ მომენტში ეჭვქვეშ დააყენა ჩემი არჩევანი. თუმცა, სწორედ იმ გარემოებამ, რომ მივყევი ჩემს ინტერესებს და დავავიწროვე სპეციალიზაცია, მიმიყვანა RUSI-ში. წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციები, როგორიცაა RUSI, ეძებენ ექსპერტებს, ინდივიდებს, რომლებიც ფლობენ ღრმა ცოდნას კონკრეტულ სფეროში და არა მხოლოდ ზოგადი განათლების მქონდე პირებს დიდი ერუდიციით.
მე ძალიან ვაფასებ იმ პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან მათ მიერ არჩეული მიმართულებით. საუნივერსიტეტო სწავლის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა დამეხვეწა ჩემი ფოკუსი, საბოლოოდ გადამეწყვიტა თავდაცვა და უსაფრთხოება რუსეთსა და შავი ზღვის რეგიონზე ფოკუსირებით. 2008 წლის ომის დროს ჩემმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი არჩევანის ჩამოყალიბებაში. ქვეცნობიერად, ეს იყო ალბათ მამოძრავებელი ფაქტორი და მე უფრო მეტად შევისწავლე ეს მიმართულება ამ თემაზე ჩემი საბაკალავრო და სამაგისტრო დისერტაციების დაცვით. გამიჩნდა დიდი ინტერესი რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, რამაც მიბიძგა ამ გზის არჩევისკენ.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენ ხანში შეუერთდით RUSI-ს?
სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას ვასრულებდი RUSI-ს შესახებ რომ გავიგე, ჩემმა პროფესორმა, რომელიც რუსეთის პოლიტიკას გვასწავლიდა და დიდი როლი ითამაშა ჩემი აკადემიური კუთხით ჩამოყალიბებაში და რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ, ერთ-ერთი ლექციის დროს RUSI აღწერა, როგორც ყველაზე მაღალი ინტელექტუალური მწვერვალი ჩვენს სფეროში.
და სწორედ ამ დროს ჩაიფიქრეთ RUSI-ში კარიერის გაგრძელება?
დიახ, ალბათ ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დამიგეგმავს, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს რეალური იყო. როდესაც შევიტყვე რუსეთის კვლევებზე ორიენტირებული კვლევითი ასისტენტის ვაკანსიის შესახებ, ვფიქრობდი გამეგზავნა თუ არა განაცხადი, რადგან იქამდე არ მქონია ანალიტიკურ ცენტრში მუშაობის გამოცდილება. წარსულში ვმუშაობდი რისკების კონსულტანტად სხვადასხვა წამყვან პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ვფიქრობდი, რამდენად სჭირდებოდათ ვინმე ანალიტიკურ ცენტრში მუშაობის გამოცდილების გარეშე.
ერთ დღეს სრულიად შემთხვევით, RUSI-ში აღმოვჩნდი სტუმრის სტატუსით ერთ-ერთ ღონისძიებაზე. როცა იმ გარემოში მოვხვდი, მთელი ღონისძიების განმავლობაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სახლში სწრაფად მივსულიყავი და განაცხადი შემეტანა. საბედნიეროდ, იმ დღესვე გავგზავნე და გასაუბრებაზე დამიბარეს. გასაუბრებაზე მივედი იმ ცოდნით, რაც მქონდა და კვლევებისადმი დიდი სიყვარულით. ეს არ იყო ტრადიციული გაგებით გასაუბრება, უფრო წააგავდა ცოცხალ დებატებს BBC-ის სტუდიაში. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები და გავცვალეთ მოსაზრებები. მომეწონა პროცესი და ეს სასიამოვნო გამოცდილება იყო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღე ელ.წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ათასზე ზე მეტი კანდიდატიდან მე ვიყავი შესაფერისი ამ პოზიციისთვის. ვფიქრობ ეს მოხდა არა იმიტომ, რომ სხვებზე მეტად ჭკვიანი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ ისინი ეძებდნენ კანდიდატს, რომელსაც ექნებოდა იმ სფეროს ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც მე ვეუფლებოდი. მათ გადაწყვეტილებაში ალბათ ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა რუსული ენის ცოდნამ და წარმომავლობამ. საქართველოდან რომ ვიყავი და 2008 წლის ომი განვიცადე, ალბათ, უკეთესად ვიყავი აღჭურვილი რეგიონის გამოწვევების გასაგებად.
ნათია, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ RUSI-ში თქვენი გამოცდილება? რამდენი წელია, რაც ორგანიზაციაში მუშაობთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
RUSI-ს 2015 წლის სექტემბერში შევუერთდი ეს დაემთხვა რუსეთის ინტერვენციას სირიაში, რაც მოითხოვდა მემუშავა გაძლიერებული აქტივობის პერიოდში. პროექტები, რომლებზეც მე ვმუშაობდი, იყო ძალიან საინტერესო და ვხედავდი ჩვენი კვლევის პრაქტიკულ გავლენას პოლიტიკოსებზე. მიუხედავად იმისა, რომ RUSI არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ის ინარჩუნებს ძლიერ რეპუტაციას და მჭიდროდ თანამშრომლობს არა მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობასთან, არამედ მრავალ სხვა მთავრობასთან მთელ მსოფლიოში. ეს გვაყენებს უნიკალურ მდგომარეობაში, სადაც ჩვენი კვლევა პირდაპირ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სამუშაოს ეს ასპექტი განსაკუთრებით მიმზიდველია.
მოგვიანებით, როცა საქართველოში გადმოვედი, ასოცირებული მკვლევარი გავხდი. ამ რეგიონში ყოფნა სასარგებლო აღმოჩნდა ჩემი მუშაობის გარკვეული ასპექტებისთვის. თუმცა, ბევრ დროს ვატარებ ბრიტანეთში სხვადასხვა პროექტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახლახან ჩამოვაყალიბე დამოუკიდებელი ორგანიზაცია უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტი (RISS) თბილისში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც RUSI-მ გახსნა თავისი შვილობილი ორგანიზაცია ამ რეგიონში. ჩვენ ვმუშაობთ კობრენდინგით, მაგრამ ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენი ფიზიკური ყოფნა რეგიონში საშუალებას გვაძლევს უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ RUSI-თან, ჩვენ უკვე ვახოორციელებთ ერთობლივ პროექტებს საქართველოში, და გვაქვს გაფართოების გეგმები ჩვენს რეგიონში.
შეგიძლიათ გამოყოთ პროექტი, რომელიც განსაკუთრებით წარმატებული იყო? ან განიხილოთ სამომავლო მიმართულებები, რომელზე მუშაობასაც გეგმავთ?
ზოგადად, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროზე, აქცენტით შავი ზღვის რეგიონზე. ამჟამად ჩვენ ჩართულები ვართ ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ორიენტირებულია კიბერუსაფრთხოებაზე საქართველოში. ეს ინიციატივა მოიცავს მუშაობას შესაბამის უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კიბერუსაფრთხოებაზე და ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივა „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინიციატივები ბევრ ქვეყანაში არსებობს, ჩვენ პირველები ვართ, ვინც საქართველოში შემოვიტანეთ ეს კონცეფცია.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას კიბერუსაფრთხოებაში. ბოლო წლებში შეინიშნება პროგრესი, მაგრამ მუდმივი სტერეოტიპები კვლავ აფერხებს ქალებს ამ სფეროში შესვლისგან. ეს ის პროექტია, რომლითაც მე განსაკუთრებით ვამაყობ. ოქტომბრის ბოლოს ვიწყებთ რეგიონულ ტურს, რომლის მიზანია მოვინახულოთ სხვადასხვა რეგიონები და გავაცნოთ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები. გარდა ამისა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქალთა ქსელი, რომლიც შედგება პროფესიონალებისგან ვინც მუშაობენ კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორში. ამ ქსელის მეშვეობით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევთავაზებთ მენტორულ პროგრამებს ახალგაზრდა პირებს და გადავლახავთ გენდერულ განსხვავებას ამ სფეროში.
თქვენ მუშაობთ ისეთ სფეროში, სადაც ხშირად მამაკაცები დომინირებენ. რა გამოწვევების წინაშე დგახართ ამ კუთხით?
ჩემ გარშემო მსმენია სხვადასხვა ისტორიები და მაგალითები, რაც ხაზს უსვამს ამ პრობლემის არსებობას. სამწუხაროდ, ეს უფრო გამოხატულია საქართველოში, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. პირადად მე არასოდეს შემხვედრია მნიშვნელოვანი დაბრკოლებები დიდ ბრიტანეთში. არასდროს მიგრძვნია, რომ ჩემი ასაკი ან სქესი ამცირებდა ჩემს წვლილს. თუმცა, ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გენდერული მიკერძოება არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის მიზეზი, რომ განვივითარო კომპლექსები ან ეჭვი შევიტანო ჩემს შესაძლებლობეში. უფრო მეტიც, ეს არის საკითხი, რომელიც წარმოიქმნება იმ ადამიანების აზროვნებიდან, რომლებთაც თავად აქვთ კომპლექსები. ეს გულდასაყვეტია, მაგრამ ეს არ არის ქალების შესაძლებლობების საკითხი; ეს არის პრობლემა, რომელიც მომდინარეობს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასე ფიქრობენ.
დასასრულს, მოდით განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომი. როგორ აფასებთ მიმდინარე კონფლიქტს და ელოდით თუ არა მის გახანგრძლივებას? რა ხდება ამჟამად და რა მოლოდინი გაქვთ?
მე ველოდი ომის გაჭიანურებას, სამწუხაროდ. თებერვალში, ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, იყვნენ ისეთი გამოჩენილი ექსპერტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსეთის ქმედებები უბრალო შანტაჟია და პუტინი არასოდეს გადადგამს ასეთ ნაბიჯს. წინა გამოცდილებასთან შედარებით, როგორიცაა ომი საქართველოში, სირიის კონფლიქტი, 2014 წელს ყირიმის ანექსია, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება ჩემი აზრით სრულიად ირაციონალური იყო. თუმცა ომის დაწყებას ველოდი. რუსეთისთვის ომის პირველადი მიზნების მიღწევა შეუძლებელი იყო და დარწმუნებული არ ვარ, ეს დაზვერვის მარცხი იყო თუ პუტინის პარანოიის შედეგი, სავარაუდოდ ორივე. იდეა, რომ უკრაინელები იარაღს დადებდნენ და კაპიტულაციას აპირებდნენ, თავიდანვე წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ უკრაინამ მრავალი გაკვეთილი ისწავლა და მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და მზადყოფნის გაზრდა. შეიარაღებული ძალების გარდა, აღსანიშნავია თავად უკრაინელი ხალხის დამოკიდებულება. ყველა მოქალაქე ავლენს ურყევ გამძლეობას. დღემდე, გამოკითხვები ასახავს უკრაინელების მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს, რაც ცხადყოფს რომ ხალხს სურს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლა. ეს არის ეგზისტენციალური ომი უკრაინისთვის, რომელიც განაპირობებს მის მომავალს.
ეს არ არის მხოლოდ რიტორიკული განცხადება, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინის ბედი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე. ეს ომი 2008 წლის კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც სამწუხაროდ არაადეკვატურად იქნა შეფასებული საერთაშორისო დონეზე. იმ დროს თითქოს ყველაფერი განიხილებოდა როგორც ცალკეული, იზოლირებული შემთხვევა და არა აგრესიის გამოვლინება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს უფრო დიდ კონფლიქტებს. სამწუხაროდ, ომი უკრაინაში გრძელდება და შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. სიტუაცია უკიდურესად რთულია. დღეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჩვენი რეგიონისა და მსოფლიოს წინაშე. რუსეთის საბოლოო მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიკვიდაცია. გასაგებია, რომ რუსეთი არანაირ დათმობებზე წასვლას არ აპირებს. ომის ბუნება ასევე ძალიან რთულია, რომელიც მოიცავს როგორც კონვენციურ, ისე არაკონვენციურ მეთოდებს, როგორიცაა კიბერ შეტევები და დეზინფორმაციული კამპანიები. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებზე და მის ფარგლებს გარეთ.