9 minute read
საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის აღდგენის 30 წლისთავი
როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის გახსნიდან 30 წლისთავს, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში განვითარებული მოვლენები გასული სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს ურთიერთობები არა მხოლოდ გაგრძელდა, არამედ განვითარდა და მოიცავს უამრავ განზომილებას, დაწყებული პოლიტიკიდან და დიპლომატიიდან, დამთავრებული კულტურითა და ეკონომიკური თანამშრომლობით. საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი „დიპლომატთან“ საუბარში განიხილავს მთავარ მიღწევებს ორმხრივ ურთიერთობებში და სამომავლო პერსპექტივებს.
საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის აღდგენიდან 30 წელი შესრულდა. როგორ შეაფასებთ განვლილ 30 წელს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში?
ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ 30 წელი გავიდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან, ანუ დიპლომატიური მისიის ხელახლა გახსნიდან. გამოცდილებით მივხვდი, რომ ზოგ შემთხვევაში, ევროპაში ჰგონიათ, რომ საქართველო გეოგრაფიულ რუკაზე გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაშინ როცა ჩვენ ჯერ კიდევ 105 წლის წინ გვქონდა ევროპული, უკიდურესად დემოკრატიული კონსტიტუციის მქონე სახელმწიფო და ევროპის მრავალ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები. სამწუხაროდ, საფრანგეთმა გვიან აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, 1921 წლის იანვარში და აღიარებიდან მალევე გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. დიპლომატიური მისიის ხელმღვანელი აკაკი ჩხენკელი გახლდათ. სიმბოლურია ისიც, რომ ლევილში ინახება ფოტო, სადაც აკაკი ჩხენკელი საფრანგეთის პრეზიდენტს, ალექსანდრე მილერანს გადასცემს რწმუნებათა სიგელებს, ფოტო თარიღდება 1921 წლის 25 თებერვალით, ანუ ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა ბოლშევიკურმა არმიამ დაიკავა თბილისი.
1992 წლის დეკემბერში აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთთან, რამდენიმე თვეში კი გაიხსნა საელჩო, პირველი ელჩი გოჩა ჩოგოვაძე იყო. მაშინ, ქართული ემიგრაციის წევრმა კლოდ დე კემულარიამ, რომელიც თავადაც დიპლომატი იყო, (საფრანგეთის ელჩი იყო გაეროში, ჰოლანდიაში და საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც ეკავა საფრანგეთის ხელისუფლებაში) მოახერხა ძალიან კარგ უბანში, ძალიან კარგი ადგილის გამოძებნა და ჩვენი საელჩო ტრიუმფალურ თაღთან დიდი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული.
1993 წელს საელჩოს გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის, ორმაგი დაბეგვრის, სხვადასხვა სფეროებში კონკრეტული თანაშრომლობის შესახებ სახელმწიფო ხელშეკრულებებს, რომლებმაც ერთგვარ ჩარჩოში მოაქცია ქვეყნებს შორის ურთიერთობა.
თუმცა, ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, როცა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას და ჩვენს ურთიერთობებში გაჩნდა ახალი ტერმინი „სტრატეგიული დიალოგი“. ქვეყნებს შორის ამ სტრატეგიულ დიალოგს ეწოდა დიმიტრი ამილახვრის სახელი. დიმიტრი ამილახვარი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში იბრძოდა და გმირულად დაიღუპა ელ-ალამეინში ბრძოლის ველზე. იგი აღიარებულია, როგორც საფრანგეთისთვის თავდადებული ადამიანი და ხშირად როცა საფრანგეთში ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ, სწორედ მისი მაგალითი მოჰყავთ, როგორც ეტალონი იმისა, თუ როგორია საუკეთესო ინტეგრაციული შედეგი. უცხოელი, რომელმაც განათლება მიიღო საფრანგეთში, როგორ დაუფასა საფრანგეთს ის ღვაწლი და სიკეთე, რაც ემიგრანტმა შეიძლება მიიღოს ამ ქვეყანაში. დიმიტრი ამილახვარს ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი: ჩვენ იმდენი რამ მოგვცა საფრანგეთმა, და იმდენად მადლიერები ვართ მისი, რითი შეიძლება ეს დავუფასოთ თუ არა იმით, რომ მისთვის თავი გავწიროთო. მართლაც ასე მოხდა. ფაქტობრივად, ის ორივე ქვეყნისთვის დაიღუპა. როგორც აქ, ემიგრაციაში ამბობენ ხოლმე იყო ორივე ქვეყნის ერთგული კაცი.
რით განსხვავდება აღნიშნული სტრატეგიული დიალოგი იქამდე არსებული ურთიერთობისგან, საქართველოსა და საფრანგეთს შორის?
განსხვავება ის არის, რომ აქამდე თუ უბრალოდ მიმდინარეობდა ურთიერთობები, ეს არ იყო ორგანიზებულად, სტრუქტურირებული როგორც არის ამჟამად „სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მონაცვლეობით იმართება წელიწადში ერთხელ ქვეყნებს შორის, ხან საქართველოში ხან საფრანგეთში. ამ დიალოგისთვის ემზადება ორივე მხარე და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით - პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის და ა.შ. ვცდილობთ, რომ რაიმე შინაარსი შევმატოთ, ამ დიალოგის ფარგლებში ხელი მოეწეროს ახალ შეთანხმებას, თანამშრომლობის ახალ პროექტებს და ა.შ.
გარდა ამისა, ჩვენ საფრანგეთთან გვაქვს ტრადიციული პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც მონაცვლეობით ხან საქართველოში იმართება, ხან საფრანგეთში. ესეც არის ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები და მულტილატერულ (მრავალმხრივ) ურთიერთობებში საფრანგეთის მხარდაჭერა რომ მოვიპოვოთ მაგალითად ნატოსთან, ევროკავშირთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით იმართება პოლიტიკური კონსულტაციები, მინისტრის მოადგილის დონეზე. ხოლო ამილახვარის სტრატეგიულ დიალოგს თავმჯდომარეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები.
ასევე გვაქვს თანამშრომლობის მესამე ფორმატი, ეს გახლავთ გერმანია-საფრანგეთ-საქართველოს სამკუთხედი. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ამ გზაზე გასატარებელი რეფორმების წარმატების მიზნით, ევროკავშირის ამ ორ, შეიძლება ითქვას ლოკომოტივ ქვეყანასთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან კონსულტაციები, ვინაიდან 1960 წლიდან არსებობს ძალიან ინტენსიური ურთიერთობები საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ფრანგები ძალიან უწევენ ანგარიშს გერმანიის პოლიტიკურ მოსაზრებებს, გერმანიის პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და პირიქით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ორ, ევროკავშირის მნიშვნელოვან ქვეყანასთან გვქონოდა ერთგვარი კონსულტაციის ფორმატი. ეს სამკუთხედის პლატფორმა ხან ბერლინში იმართება ხან პარიზში, ხანაც თბილისში, რომელზეც განიხილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
მოგეხსენებათ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ საფრანგეთთან გვაქვს ისტორიული, ემოციური კავშირი ჩვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობა საფრანგეთში იყო პოლიტიკურ ემიგრაციაში, ჩვენი ეროვნული საგანძური ინახებოდა საფრანგეთში და შემდეგ, შარლ დე გოლის ხელშეწყობით, იგი უსასყიდლოდ დაუბრუნდა საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით. გარდა ამისა, საფრანგეთში გვყავს ასევე ამ პერიოდის, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული ემიგრაციის დიდი ტალღა. ლევილი საქართველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული ქალაქია. აქ 80 წლის განმავლობაში ემიგრანტი ქართველები დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს აცოცხლებდნენ. ამჟამად მიმდინარეობს შატოსა და მამულის სრული რეაბილიტაცია და სულ მალე ლევილის ქართული მუზეუმი, ისტორიულ-კულტურული ცენტრი მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელების ადგილი იქნება.
გარდა ამისა, კარგად გვახსოვს საფრანგეთის წვლილი უახლესი ისტორიიდან 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, საფრანგეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ. იცით, რომ რუსეთმა დღემდე არ შეასრულა აღებული ვალდებულებები და საფრანგეთი ამ მხრივაც პერიოდულად ახსენებს რუსეთს, პატივი სცეს აღნიშნულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ასევე, იმ ექვს პუნქტში ჩამოყალიბებულ პირობებს. ხშრად საფრანგეთი საქართველოს მხარდაჭერის მიზნით შეახსენებს რუსეთს, რომ მან საბოლოოდ უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია იმ ტერიტორიებზე და ა.შ.
საფრანგეთი ასევე აქტიურად გვეხმარებოდა და გვეხმარება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში. ის, რომ რუსეთი ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებთან იმუშაოს და მიაღწიოს ამ ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარებას, საფრანგეთი ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს და თავადაც მუშაობს სხვადასხვა კონტინენტზე იმისთვის, რომ ეს აღიარება იქნეს თავიდან აცილებული.
გარდა პოლიტიკურ ასპექტებში მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისა, გვაქვს თანამშრომლობა ასევე კულტურის, განათლების სფეროში. იცით, რომ არის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, რომელიც აერთიანებს ყველა იმ საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებს და მეორეს მხრივ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის ხორციელდება. ეს არ არის ერთი კონკრეტული უნვიერსიტეტი, არამედ სიმბოლურად ჰქვია კრებითი სახელი, რომელიც თავის ქოლგის ქვეშს აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტს, სხვადასხვა მიმართულებით. არის სტუდენტების გაცვლა, მობილობით სარგებლობენ როგორც სტუდენტები, ისე პროფესორები, არის ერთობლივი დიპლომები, არის შესაძლებლობა რომ ქართველმა სტუდენტებმა საფრანგეთში წამოუსვლელად დისტანციური სწავლებით საფრანგეთის უნივერსიტეტების მიერ აღიარებული პროგრამებით მოიპოვონ ფრანგული დიპლომი. საკმაოდ წარმატებული პროექტია, თანდათან უფრო და უფრო მეტი უნივერსიტეტი ერთვება ამ თანამშრომლობაში და ეს ჩვენს ახალგაზრდებს უხსნის ბევრ კარს. ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უზრუნველყოფს მომავალში იმიტომ, რომ მსოფლიო ვითარდება, უფრო მეტად გახსნილი ხდება ევროპული საგანმანათლებლო სივრცე და ეს ჩარჩო შეთანხმებები ჩვენს ახალგაზრდებს ბევრ ისეთ კარს და ფანჯარას გაუღებს, რომლებზეც შეიძლება დღეს ჩვენ არც ვსაუბრობდეთ. მომავალი ნელ-ნელა გამოაჩენს ამ შესაძლებლობებს. ჩვენ მთავარია, რომ დღეს უკვე გვქონდეს თანამშრომლობის ისეთი საფუძველი, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს და გახსნის ამ თანამშრომლობას სამომავლოდაც.
ასევე, სამხედრო სფეროში გვაქვს თანამშრომლობა საფრანგეთთან, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, ჩვენი ოფიცრების მომზადების კუთხით. ყოველწლიურად, ქართველი ოფიცრები აქ გადიან სამხედრო მომზადებას საფრანგეთის სხვადასხვა პრესტიჟულ, სამხედრო სასწავლებლებში.
ეკონომიკის კუთხით, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაინტერესოთ იმ პერიოდში, როცა რუსეთის ბაზარი დატოვა ძალიან ბევრმა კომპანიამ. დავაინტერესოთ იმ საინტერესო საინვესტიციო კლიმატით, რომელიც საქართველოშია. არის გარკვეული მონახაზები სამომავლო თანამშრომლობის, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები არ გვაქვს საფრანგეთთან ისეთ დონეზე, როგორ დონეზეც ვისურვებდით, რომ გვქონდეს. სხვადასხვა ობიქტური მიზეზები განაპირობებს ამას. პირველი, შესაძლოა იყოს ჩვენი რეგიონის სიშორე, მეორე, ასე თუ ისე საფრანგეთის ბიზნეს წრეები მიიჩნევენ, რომ ეს რეგიონი არის არასტაბილური, აქ არის რუსეთის ფაქტორი თუ სხვადასხვა რეგიონალური გამოწვევები... სიფრთხილით უყურებენ, თუმცა იმ ფონზე, რომ საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე კრიზისებისა და არასასურველი სიტუაციისა, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა, საერთაშორისო ინდიკატორები საქართველოს სიის თავში აქცევს ყველა მიმართულებით, ფაქტობრივად. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ფრანგი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოთი.
არის კონკრეტული მიმართულებები, რომლითაც ინტერესდებიან?
კონკრეტული მიმართულება არის სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა ბოლო დროს და ასევე, ენერგეტიკის სფერო. არის სერიოზული კომპანია EDF, რომელიც არის წამყვანი კომპანია, მსოფლიოში სანდოობის და ეფექტურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო. ეს კომპანია საქართველოში მცირე პროექტებში უკვე მონაწილეობს და ასევე გამოხატა ინტერესი, რომ დიდ პროექტებშიც მიიღოს მონაწილეობა.
ნოემბერში გახდება ერთი წელი, რაც საფრანგეთში საქართველოს ელჩი ხართ. როგორც ვხვდები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, კიდევ რომელ მიმართულებას გამოყოფდით?
ეკონომიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან ეკონომიკური დიპლომატია ძალიან კარგად შეიძლება წაადგეს როგორც ორმხრივ ურთიერთობას, ისე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. თუმცა, პოლიტიკურ პრიორიტეტად რა თქმა უნდა რჩება ჩვენი მთავარი კურსის, ევროინტეგრაციის ხელშეწყობა. მთელი ძალებით ვმუშაობთ საფრანგეთთან, რომ ის იყოს ჩვენი მხარდამჭერი ამ თვალსაზრისით. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დღემდე, ყველა პოლიტიკური ვიზიტის ფარგლებში ეს გზავნილი ჟღერდება. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ადრე უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოსთვის ამ პერსპექტივის მინიჭების თაობაზე. მაშინ დესპანი ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ გვეწინააღმდეგებოდნენ ფრანგი კოლეგები და ამბობდნენ, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ეს არ არის მარტივად მისაღწევიო. ჩვენ ვცდილობდით გვეთქვა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ცივილიზაციაა ყველა კრიტერიუმით, რა კრიტერიუმითაც განისაზღვრება ევროპელობის სივრცე. პოლ ვალერის რომ დავესესხოთ, ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპელობაზე სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ეს არის ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, ქრისტიანული რელიგია და დემოკრატიული ტრადიციები. ჩვენ ამ სამივე კრიტერიუმით ვართ პირნათელი ევროპული ქვეყანა. ბერძნულ-რომაული კულტურაც უხვად არის ჩვენთან, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული ცივილიზაცია ვართ და დემოკრატიულ ტრადიციებს რაც შეეხება, უფლისციხეში ჩვ.წ.აღ.-მდე გვქონდა დარბაზები, სადაც იმდროინდელი მთავრები, სუვერენები ერთგვარ დარბაზს მართავდნენ და ხალხთან კონსულტაციით მიიღებოდა გადაწყვეტილება. მეთორმეტე საუკუნეში ქალი მეფე გვყავდა, რომელიც დარბაზთან გადიოდა კონსულტაციას და ა.შ.
თუ არ ჩავთვლით 70 წლიან იძულებით, საბჭოურ ყოფას, სადაც ქართველი ერი არ იყო თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა დემოკრატიული ტრადიციები. 1918-1921 წლებში ჩვენ გვქონდა იმდენად დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო, რომ 1920 წელს „მეორე ინტერნაციონალის“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომ საქართველოს გამოცდილება შეესწავლათ, თუ ამ პატარა ქვეყანამ, რამდენიმე კაციანმა გუნდმა როგორ მოახერხა ასეთი წარმატებული რეფორმები განეხორციელებინა. ამიტომაც გული მწყდება ხოლმე, რომ ჩვენ ასეთი მემკვიდრეობა გვქონდა საუკუნის დასაწყისში. ჩვენი მაშინდელი, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია დღევანდელი სტანდარტებითაც კი აკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნებს. ქალებისთვის, არა მარტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება იყო აღიარებული კონსტიტუციით, არამედ თავად ქალბატონები იყვნენ არჩეულნი პარლამენტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მუსლიმი ქალბატონი იყო არჩევით ორგანოში დეპუტატი. თუნდაც საფრანგეთშიც კი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას დაელოდნენ, რომ ქალებისთვის ოფიციალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. შვეიცარიაში ეს 70-იან წლებში მოხდა...
იმის თქმა მინდა, რომ გული მტკივა ხოლმე, რომ თითქოს საქართველოს მანამდე ისტორია არ ჰქონია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა სხვა ქვეყნებთან ერთად რუკაზე. მაშინ, როცა საქართველოს აქვს გაცილებით დიდი, ღრმა ისტორია, ვიდრე დღეს ბევრ ევროკავშირში მყოფ ქვეყანას. ეს ვინმეს მიმართ უპირატესობის პრეტენზიას კი არ გვიჩენს, მაგრამ იმ სამართლიან პრეტენზიას, რომ ჩვენ ვარსებობდით საბჭოთა კავშირამდე და ვარსებობდით, როგორც წარმატებული სახელმწიფო. საბჭოთა რუსეთს რომ არ მოეხდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია შეიძლება დღეს აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარიაც კი ვყოფილიყავით. ძალიან რთული სათქმელია ვივარაუდოთ დღეს როგორი ქვეყანა ვიქნებოდით, მაგრამ იმ ტემპით და იმ დემოკრატიული რეფორმებით რომ გაგრძელებულიყო ჩვენი ქვეყნის განვითარება, ნამდვილად იქნებოდა უკეთეს პირობებში.
სამწუხაროდ, როგორც საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს დღესაც უწევს ერთგვარი ლავირება დიდ სახელმწიფოებს შორის, როცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ეგზისტენციალური, გადარჩენის პრობლემა. აი ამ გადარჩენის პარალელურად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მოახერხოს განვითარება ისე, რომ არც დემოკრატიულ ღირებულებებს უღალატოს და თან დარჩეს იმ ევროპული გეზისა და არჩევანის ერთგული, რომელიც ქართველი ერის ნებაა.