5 minute read

პარლამენტარიზმის განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში

ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები იზრდება. ცვლილებები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ძლიერი პარლამენტის არსებობას მოითხოვს. მოქმედი რეგლამენტი კანონს ეწინააღმდეგება, აქედან გამომდინარე, საჭიროა მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა განხორციელდა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა რეკომენდაციები და ანგარიში მოამზადეს.

რა არის ყველაზე ცხადად გამოკვეთილი საჭიროება, რომელიც საქართველოში ძლიერი პარლამენტისთვის აუცილებელია, რომელ რეკომენდაციაზე მოუწიათ მხარეებს დავა და საპარლამენტო კონტროლის რა ნიშნები არსებობს უკვე, ქვეყანაში? ამ საკითხებზე ესაუბრა ჟურნალ „პარლამენტს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი:

Advertisement

პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს და მოსახლეობის უშუალო წარმომადგენელს, აქვს რამდენიმე ფუნქცია - კანონების შექმნა; ამომრჩეველთან ურთიერთობა, და ძალიან მნიშვნელოვანი - მთავრობისა და ყველა იმ ორგანოს კონტროლი, რომელიც პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული - თუ ქვეყანაში რაღაც კარგად ვერ კეთდება და მოსახლეობა უკმაყოფილოა, გარკვეულწილად, ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა. პარლამენტი უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას სხვადასხვა ფორმით: მაგალითად, დაიბაროს მინისტრი; შექმნას საგამომძიებლო კომისია; - სხვა ტიპის დროებითი კომისიები; დაგეგმოს „მთავრობის საათი“, და მუდმივად ჰყავდეს მთავრობა ფორმაში. ყველა ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა ასე ცხოვრობს - მუდმივად არის მთავრობა პარლამენტში, ეს ზოგან ხდება ყოველ კვირაში, ზოგან - თვეში ერთხელ, მაგრამ ძალიან ინტენსიური კონტაქტი არსებობს მთავრობასა და პარლამენტს შორის. ფაქტობრივად, პარლამენტი ყოველთვე და ყოველკვირა სთხოვს მთავრობას ანგარიშს მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ტრადიციულად, საქართველოში ჩვენ გვყავდა ძალიან ძლიერი მთავრობა და სუსტი პარლამენტი, რომელსაც ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდა - ხელს აწერდა მთავრობის მიერ შექმნილ კანონებს და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ჩვენი, ამ მოწვევის პარლამენტის ამოცანაა, რომ ეს დამოკიდებულება შევცვალოთ - პირველი, რითაც იცვლება ეს ყველაფერი, ეს არის კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც პარლამენტსა და მთავრობას შორის როლი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ პარლამენტს ჰქონდეს ძალა, ადგეს და აკონტროლოს მთავრობა, და თუ არ მოსწონს ის, დაითხოვოს. ეს ჩანაწერები კონსტიტუციაში უკვე შევცვალეთ და პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. როგორც კი ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს, ეს ცვლილებები ძალაში შედის. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი კონსტიტუციაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება რეგლამენტს, რომელზეც ერთ წელზე მეტი ვიმუშავეთ. ალბათ, ცვლილებებს შემოდგომაზე მივიღებთ. აქამდე არსებული პრაქტიკით, პარლამენტი ზედაპირულად ახორციელებდა საზედამხედველო ფუნქციას. მაქსიმუმ, ეს შეიძლებოდა, გამოხატულიყო იმაში, რომ კომიტეტზე მოსულიყო მინისტრი, და ბოლო პერიოდში, ეს საკითხი მაქსიმალურად გავააქტიურეთ. წელს, პარლამენტში მინისტრების დაბარების სტატისტიკა გაიზარდა. როგორც იცით, შევქმენით საგამომძიებლო კომისია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის გადაგვეცა ოპოზიციისთვის, რაც არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ არა უმრავლესობამ გამოიძიოს მაღალი ინტერესის მქონე საქმე, არამედ - ოპოზიციამ. ესეც პირველად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და რაღაც ნიშნები იმისა, რომ საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება, უკვე არსებობს. მაგრამ მთავარი ცვლილებები ხელშესახები იქნება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი. კანონმდებლობით ბევრად უკეთ იქნება განსაზღვრული, რა ძალაუფლება აქვს პარლამენტს და როგორ შეუძლია, რომ გამოიყენოს მან ეს ძალაუფლება.

თქვენ ისაუბრეთ პარლამენტში პრემიერის მისვლის საკითხზე, რაც მუდმივი განხილვის საგანია ოპოზიციის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რა სიხშირით უნდა იმართებოდეს კითხვა-პასუხი პრემიერ-მინისტრთან?

აქამდე, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მიდიოდა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - თუ მისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინათ. ეს ცოტა ანომალიური მოცემულობაა, რადგან, იგი ბევრად უფრო ხშირად უნდა დადიოდეს საქართველოს პარლამენტში. გვაქვს რამდენიმე შესაძლებლობა, რომლის თანახმად, პარლამენტს შეუძლია, რომ ის მოიყვანოს საკანონმდებლო ორგანოში. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს. ეს მოხდება ივნისში, აღნიშნული თვის ბოლო კვირა პოლიტიკურად ყოველთვის ძალიან დატვირთული იქნება იმიტომ, რომ იგი მთავრობასთან ერთად მოვა თავისი ანგარიშით. გარდა ამისა, პარლამენტს შეეძლება, გამოიყენოს ახალი პროცედურა, რომელიც აქამდე არ გვქონდა - ინტერპელაცია - თუ ფრაქცია ან 7 დეპუტატი წერილობით გაუგზავნის კითხვას პრემიერს, ის ვალდებულია, მოვიდეს და პირადად უპასუხოს ამ კითხვას სხდომათა დარბაზში. ჩვენ გვაქვს დრო გამოყოფილი თითო სესიაზე ორჯერ, ფაქტობრივად, ამ ცვლილებებით ისეა, რომ სესიების განმავლობაში, დაახლოებით ხუთჯერ გვექნება მისი მოხსენება პარლამენტის წინაშე. გარდა ამისა, პარლამენტს შეუძლია, რომ ბევრად უფრო მეტჯერ მოიყვანოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს პარლამენტს, რომ აკონტროლოს მთავრობაც და - პრემიერიც.

საერთაშორისო ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია ფრაქციების მიერ მინისტრების დაბარების საკითხს და ამ წესის გაუქმებას ეხება...

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელზეც ძალიან ბევრი ვიდავეთ. ჩვენს პარლამენტს აქვს ერთი ანომალიური წესი, რომელიც წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და რომელიც ამბობს, რომ მინისტრები უნდა დავიბაროთ ფრაქციებში - პოლიტიკურ პარტიებში, და არა - კომიტეტებში. მსოფლიოში ეს არცერთ პარლამენტს არ აქვს. არსად, მინისტრი არ მოდის პოლიტიკურ პარტიაში. ყველგან მიდის კომიტეტზე, სადაც ყველა პარტიაა წარმოდგენილი და სადაც კონკრეტულ საკითხზე ხდება დაბარება. ეს არის სწორი ფორმა. ჩვენთან აქცენტი იყო იმაზე, რომ მინისტრი დავიბაროთ ფრაქციაში, სადაც განსახილველი საკითხი არ არის; მიდის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, პოლიტიკური კინკლაობა, უხეში და ცუდი ფორმით, პოლიტიკური გარჩევა. გვირჩიეს, რომ ამაზე უარი გვეთქვა იმიტომ, რომ ეს არცერთ პარლამენტში არ მუშაობს, ჩვენთანაც არ მუშაობს, ეს აზიანებს პარლამენტის რეპუტაციას. ამის ნაცვლად, ვთქვით, რომ უნდა გამარტივდეს პარლამენტში დაბარება, არამხოლოდ უმრავლესობას, არამედ სულ რაღაც 3-4 დეპუტატსაც უნდა შეეძლოს კომიტეტზე დაიბაროს მინისტრი - საერთო ინტერესია, რომ უფრო მეტი მინისტრი მოვიდეს პარლამენტში, მაგრამ თან ისე, რომ მოვხსენით ფრაქციაში დაბარების უფლება.

ბრიტანელი ექსპერტის მიერ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად არის მოხსენიებული პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხიც. თქვენ რამდენად მიგაჩნიათ ძლიერი პარლამენტის შემადგენელ ნაწილად ის, რომ საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს?

ის რომ პარლამენტს აქვს ორი შენობა, პარლამენტის მუშაობას ძალიან ართულებს და პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ძალიან ასუსტებს. როდესაც მთელი პარლამენტი, დეპუტატები, მუდმივად, გზაში არიან, ეს ძალიან დიდ სირთულეს ქმნის და ეს პარლამენტისთვის ძალიან სერიოზული დარტყმაა. როდესაც ახალ რეგლამენტს განვიხილავდით, პარლამენტის წევრები, თითქმის ყველა დეპუტატი, ძალიან აქტიურად მოითხოვდა, რომ პარლამენტი თბილისში დაგვებრუნებინა. ეს საკითხი კენჭისყრაზე, სექტემბერში დადგება და გაირკვევა, მიიღებს თუ არა პარლამენტი თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილებას. მაგრამ გიდასტურებთ, რომ პარლამენტს ასუსტებს ორ ქალაქში ყოფნა.

რა არის ყველაზე ცხადად გამოკვეთილი საჭიროება, რომელიც, თქვენი წარმოდგენით, ყველაზე მთავარი იქნება ძლიერი პარლამენტისთვის?

ერთდროულად რამდენიმე რამ. პირველ რიგში - დეპუტატების მიერ საზედამხედველო ფუნქციის უფრო აქტიურად გამოყენება. დღეს ისინი სათანადოდ არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რაც აქვთ. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ ანგარიშვალდებულ პირს დაუსვან წერილობითი შეკითხვა და მიიღონ წერილობითი პასუხი დაუყოვნებლივ. შეუძლიათ, მოიყვანონ ნებისმიერი პირი და გამოიკვლიონ ნებისმიერი უწყების მუშაობა; ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. სამწუხაროდ, პარლამენტის წევრები სათანადოდ არ იყენებენ ძალაუფლებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ, პირველ რიგში, ეს კანონი მივიღოთ და პარლამენტის წევრებმა ამ კანონის გამოყენება დაიწყონ. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველა პარლამენტში, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს, არსებობს კვლევითი და ანალიტიკური ცენტრი, სადაც მომუშავე ადამიანები დიდწილად განსაზღვრავენ პარლამენტის წარმატებით ფუნქციონირებას, რომელთა კვალიფიკაციაც პარლამენტის წევრებზე უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, და ვფიქრობ, შიდა რეფორმებიც საჭიროა, რომ ამ კუთხითაც გავაძლიეროთ პარლამენტი.

ოპოზიციის ჩართულობაზე რას ფიქრობთ, გარკვეული შენიშვნები არსებობდა ამასთან დაკავშირებით.

პარლამენტი მარტო უმრავლესობა არ არის. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ერთმანეთი, პარლამენტს ყველა ერთად ვქმნით. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო აგრესიული იყო ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ცივილიზებულ გზას ვადგებით, ამის ნიშნებს ვხედავ. მათ შორის, საგამომძიებლო კომისიის შექმნა ამის ერთ-ერთი მაგალითია - როგორ დაუთმო უმრავლესობამ ოპოზიციას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიება. როდესაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სხვები პარლამენტში ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, ბუნებრივია, ეს ართულებს ხოლმე თანამშრომლობით გარემოს - ძალიან ძლიერია ერთი მხარე და ძალიან სუსტები არიან დანარჩენები. ამ პარლამენტში ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ესეც გადაივლის, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვცვლით საარჩევნო სისტემას - ბევრი რამ იცვლება ქვეყანაში, ნელ-ნელა, ჭრელი იქნება პარლამენტი და ერთი პოლიტიკური ძალის ამხელა დომინანტობა აღარ იქნება. შესაბამისად, ოპოზიციის როლიც გაიზრდება, ეს გარდაუვალია.

საბოლოოდ, როგორი წარმოგიდგენიათ საქართველოს ძლიერი საკანონმდებლო ორგანო?

პარლამენტი რეალურად უნდა იყოს პოლიტიკის განმსაზღვრელი, პარლამენტი უნდა ამბობდეს, რა როგორ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში; შემდეგ, აკონტროლებდეს, ის რაც თქვა, სრულდება თუ - არა. პარლამენტი ხალხთან უნდა იყოს ძალიან ახლოს. ბევრად მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოსახლეობასთან, ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს მთავრობასთან ურთიერთობაში და ბევრად უფრო ხარისხიან კანონმდებლობას უნდა ქმნიდეს, ვიდრე დღეს ქმნის. შესაბამისად, საზოგადოების ნდობაც მაღალი იქნება. როცა საზოგადოების ნდობა პარლამენტის მიმართ გაიზრდება, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ, რეალურად, პარლამენტი შედგა. ის რომ დღეს საზოგადოების ნდობა დაბალია, შემთხვევითი არ არის, ამას თავისი მიზეზი აქვს და ეს უნდა ვიკვლიოთ. მგონია, რომ 15 წელი დაგვჭირდება და მეთორმეტე მოწვევის პარლამენტი უკვე იქნება ხარისხობრივად ის, რაც დღეს წარმომიდგენია ჩემს ქვეყანაში.

როგორ ფიქრობთ, 15 წელი ბევრი არაა?

ისტორიისთვის ცოტა, ჩვენთვის - ბევრი. ვფიქრობ, რომ ეს სწრაფ პროგრესს ნიშნავს. თუ მეთერთმეტე, მეთორმეტე მოწვევის პარლამენტი იქნება იმ სტანდარტის, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ, ჩემი აზრით, ეს არის სწრაფი განვითარება.

This article is from: