2 minute read

ინტერვიუ სერ როჯერ გეილთან

სერ როჯერ გეილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ მიღებულ მდიდარ გამოცდილებას ფლობს. დეპუტატმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „არავის აქვს მონოპოლია სიბრძნეზე“, გამომდინარე აქედან, მიიჩნევს, რომ, როგორც სხვა ქვეყნები სწავლობენ და იძიებენ მაგალითს ბრიტანეთის პარლამენტში, დიდი ბრიტანეთიც იღებს სხვა ერების გამოცდილებას. ბრიტანელი დეპუტატი ჟურნალ „პარლამენტს“ თავის ცხოვრებაზე, საქმიანობაზე, მიღწევებზე ესაუბრა და საქართველოს შესახებ საკუთარი ფიქრიც გაგვიზიარა.

თქვენ იყავით 40 წლის, როცა აგირჩიეს, და ახლა უკვე ოცდათხუთმეტი წელია, რაც აქტიურ სამსახურში ხართ. რამ გიბიძგათ პოლიტიკისკენ და რატომ ურჩევთ თქვენს შვილებსა და მათ თაობას, რომ თავი აარიდონ პარლამენტს?

Advertisement

მე შევუერთდი კონსერვატიულ პარტიას, რუსეთის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობისა და ლონდონში მასობრივი დემონსტრაციის შემდეგ, რომელშიც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი.

არ მჯერა, რომ ბრიტანეთის პარლამენტი და მისი წევრები იმსახურებენ იმ პატივისცემას, რაც იყო ადრე. პირადი შეშფოთების მიუხედავად, მე არ მჯერა, რომ პარლამენტი არის ადგილი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ჰყავთ პატარა ბავშვები, რადგან, დრო და ენერგია, რომელსაც ეს საქმე მოითხოვს, ოჯახურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, ეს ვერ შეაჩერებს იმ ჩამოყალიბებულ ახალგაზრდებს, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ხალხმა ისინი აირჩიოს.

რა არის თქვენი, როგორც დეპუტატის, მთავარი მიღწევა?

ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მივუძღვენი ოლქში მუშაობას, ჯანდაცვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სოციალურ დასაქმებას. ასევე ვმუშაობდი ამერიკაში (ადრეული წლები), აფრიკაში (შუა წლები) და ევროპის საბჭოში (2010 წლიდან, 1987-1989 წლებში - მცირე მისიით).

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის რანგში?

მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაშინდელ პრეზიდენტს შეუჩერდა უფლებამოსილება გასულ წელს, მე მომიხდა მისი მოვალეობის შესრულება მოკლე, მაგრამ რთულ პერიოდში. მიმაჩნია, რომ ეს იყო შესაძლებლობა და გამოწვევა და მქონდა პატივი, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა. ჩემი საქმიანობა ბრიტანეთში, როგორც თავმჯდომარის საბჭოს ყველაზე ხანგრძლივი წევრი, უდავოდ დამეხმარა, რომ ამ დავალებისთვის მზად ვყოფილიყავი და მოხარული ვარ, რომ ევროსაბჭო, როგორც ჩანს, შესაძლოა, ჯერ სუსტი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მზად არის წინსვლისთვის. როგორც ვიცე-პრეზიდენტი და ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩემს როლს იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში, ზოგჯერ არცთუ ისე სასიამოვნო ჭეშმარიტებაზე ვისაუბრო. ეს არ არის პოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ვთქვა და ვამტკიცო სიმართლე.

თქვენ აკვირდებოდით არჩევნებს, ასამბლეის მისიის ფარგლებში, ეს თქვენი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში და როგორ აფასებთ ქვეყნის განვითარებას?

ყოველთვის სიამოვნებით ვერთვები არჩევნების დაკვირვების პროცესში და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი დემოკრატიულ პროცესში, რომლის შეტანაც ევროსაბჭოს შეუძლია. ჩემი მისია საქართველოში იყო ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. მოუთმენლად ველი მეორე ვიზიტს, რომელიც მექნება მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, მაგრამ, ამ ეტაპზე, ვერ გავაკეთებ კომენტარს ქვეყნის პოზიტიურ განვითარებაზე ან მის ნაკლებობაზე.

რა არის ასეთი უნიკალური, ბრიტანეთის საპარლამენტო სისტემაში და რა გაკვეთილი შეიძლება, ისწავლონ სხვა ქვეყნებმა?

ბრიტანეთი წარმოადგენს „დედა-პარლამენტს“. ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ჩვეულებანი და ჩვენი თავაზიანობა კარგად არის გამოცდილი, მაგრამ ისინი არ არის სრულყოფილი - ისევე, როგორც ჩვენი საკუთარი საარჩევნო პროცესები. არ ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყანას შეუძლია, აიღოს გაკვეთილი ბრიტანეთისგან, მაგრამ მჯერა, რომ პარლამენტის წევრებმა ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. პოლიტიკაში არავის აქვს სიბრძნის მონოპოლია.

როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია საქართველოს საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის განმტკიცების შესახებ?

ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ქართველ კოლეგებს ვუთხრა, როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ეროვნული საქმე. როდესაც ვსაუბრობ საპარლამენტო საკითხებზე, როგორც სახლში, ისე უცხოეთში, როცა მიწვევენ, ყოველთვის ხაზს ვუსვამ პატიოსნების, უბრალო საუბრისა და დამოუკიდებლობის აუცილებლობას. ჩვენ ყველანი აგვირჩიეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ ჩვენი ამომრჩევლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, და არავინ არის შეუცვლელი. ყველას უნდა ახსოვდეს ეს მძიმე მოცემულობა.

This article is from: