6 minute read
კარგი პარლამენტები ერთ დღეში ვერ იქმნება
სერ ევან პოლ სილქი ბრიტანელი ექსპერტია, რომელმაც საქართველოში საპარლამენტო რეგლამენტის რეფორმები, წელს, ორჯერ შეაფასა. ინტერვიუში, ჟურნალ პარლამენტთან, სილქი საუბრობს საპარლამენტო რეგლამენტის რეფორმების დადებით მხარეებზე. მან ასევე ისაუბრა ბრიტანულ პარლამენტზე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია, საქართველოს პარლამენტის დადებით მუშაობას უწყვეტი ხასიათი ჰქონდეს.
რეგლამენტის რეფორმები საქართველოში თქვენ წელს ორჯერ შეაფასეთ, პირველად იანვარში, მეორედ კი - ივლისში. მიუხედავას იმისა, რომ ორ შეფასებას შორის ექვსი თვე იყო გასული, რაც, შესაძლებელია, არ იყოს საკმარისი დრო დიდი ცვლილებებისთვის, თქვენ მაინც დადებითი ცვლილებები შენიშნეთ. როგორ შეაფასებდით საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას?
Advertisement
ცვლილება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მეორე შეფასება მოიცავდა ცვლილებების განხორციელების წინადადებებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენ ადამიანს სურს საქართველოში ცვლილებების დანახვა. ეს იყო პროცესი და რეფორმა, რომელშიც წამყვანი როლი საქართველოს ჰქონდა, მე კი საპარლამენტო პროცედურის გარე ექსპერტად მომიწვიეს, რომელსაც გარედან უნდა გაეკეთებინა შეფასება განხორციელებულ ცვლილებებზე. ვფიქრობ, რაც საქართველომ გააკეთა, ეს დადებითი რამ არის - იმდენად უცხადებდე ნდობას იმას, თუ რას აკეთებენ შენი თანამემამულეები, რომ თხოვო გარედან შემოსულ პირს მოვიდეს და შეაფასოს.
როგორც გარე პირი, შენ ვერასოდეს გაიგებ ბოლომდე ყველაფერს იმ ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაზე, რომელშიც მიდიხარ. მაგრამ შენ შეგიძლია, გარე ექსპერტული ცოდნა შეთავაზო, თუ დოგმატური არ ხარ მასთან მიმართებაში და თუ არ არიგებ ხალხს ჭკუას, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე. ქართულ პრობლემებს სწორედ ქართული გადაჭრის გზები ესაჭიროება. ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს პირველი ვიცე სპიკერის მსგავსი პირების ლიდერობით. დასაკვირვებლად ეს ძალიან შთამბეჭდავი პროცესია.
ვფიქრობ, ახალ რეგლამენტში ბევრი ნოვატორული რამ შევიდა. მაგალითად, თემატური მომხსენებლები, პარლამენტში აღმასრულებელი ანგარიშვალდებულების უფრო ეფექტიანი ფორმები, ინტერპელაციის ახალი პროცედურა, მინისტრთა დაკითხვისა და ანგარიშვალდებულების ახალი გზები. ბევრ სხვა პარლამენტს შეშურდებოდა იმის, თუ როგორ არის რეგულირებული ნდობის ჯგუფი და როგორ არის გადანაწილებული მისი წევრობა პარლამენტის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს შორის. ასევე, მინდა ვახსენო ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს დღეს უკვე ზედამხვედველობითი ფუნქციებიც აქვთ. ეს ნოვატორულია და, ძალიან მისასალმებელი. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცვლილებების მაგალითებია ზედამხედველობის ფუნქციის გაზრდის მიზნით.
მე მჯერა, რომ რეფორმების პროცესი კარგ პარლამენტში არასოდეს მთავრდება. კარგი პარლამენტი ყოველთვის ცდილობს საპროცედურო წესების გაუმჯობესებას. არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეიძლება მომავალში საქართველოს პარლამენტის გაუმჯობესებისთვის. დარწმუნებული ვარ, არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება განხორციელდეს საფრანგეთის პარლამენტში, გერმანიის პარლამენტში, ბრიტანეთის პარლამენტში და ნებისმიერ სხვა პარლამენტში, რათა მათ თავისი საქმიანობა გააუმჯობესონ. მაგრამ სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის წინადადებები, რომლებიც ახლა საქართველოს პარლამენტშია - რომლებიც, როგორც ვიცი, ჯერ ფორმალურად არ მიუღიათ - აუცილებლად გაზრდის ზედამხედველობით ფუნქციას.
პირველ შეფასებაში, თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს რაღაცეები, რომელთა მიღწევა სასურველია, მაგრამ ვერ მიიღწევა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი შესაძლებლობა მომზადებისთვის და განხორციელებისთვის, და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. თუ შეიძლება, უფრო ვრცლად მოგვიყევით ამის შესახებ.
ეს ზოგადი მითითება იყო. ყოველ კარგ პარლამენტს სურს თავისი რეგლამენტის გაუმჯობესება და საქმიანობის უკეთ წარმართვა. შეიძლება, იდეალურ სამყაროში არსებობს აბსოლუტურად სრულყოფილი საპარლამენტო პრაქტიკა, მაგრამ ეს თეორიულად არსებული სრულყოფილი საპარლამენტო პრაქტიკა ვერ მიიღწევა ვერც ერთი პარლამენტის მიერ პოლიტიკური და პრაქტიკული მიზეზების გამო.
შესაძლებლობით დავიწყებ. აშშ-ის კონგრესში თითოეულ კომიტეტს 30 ან 40 თანამშრომელი ჰყავს. მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ბრიტანეთის პარლამენტის თანამშრომლებს, ბრიტანეთის პარლამენტი კი უფრო მეტი თანამშრომლითაა დაკომპლექტებული, ვიდრე საქართველოს პარლამენტი, თავის მხრივ, საქართველოს პარლემენტს კი მეტი თანამშრომელი ჰყავს, ვიდრე, მაგალითად, აფრიკული ქვეყნების პარლამენტებს. თითოეულ პარლამენტს მხოლოდ იმის გაკეთება შეუძლია, რის შესაძლებლობასაც მას რესურსი აძლევს. თუ არ გაქვს რესურსები, რომ კანონმდებლობის ანალიზი გააკეთო, თუ არ გყავს ხალხი ან თანხა, რომ ეს გააკეთო, მაშინ მასთან დაკავშირებული რეგლამენტის ქონას აზრი ეკარგება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, როცა რესურსი, შესაძლებლობების, თანხისა და ადამიანის ნაკლებობა ვახსენე.
მეორე მხრივ კი, ზოგჯერ, ჩემნაირი გარე პირი ფიქრობს, რომ გარკვეული რაღაცის შეცვლა სასურველი იქნებოდა. შეიძლება, მე ვფიქრობდე, რომ კარგი იქნებოდა საქართველოში საპარლამენტო რეგლამენტი ამა თუ იმ მხრივ შეიცვალოს. მერე კი შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ ეს არასოდეს იმუშავებს საქართველოში, რადგან ინტერესთა გარკვეული ჯგუფი ამას არ დაუშვებს. ამიტომაც, როცა გარე დამკვირვებელი ხარ, უნდა იაზრებდე, რომ ყოველ ქვეყანაში ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური თავისებურებები. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბედნიერება მქონდა 20-25 სხვადასხვა ქვეყანაში მემუშავა და ყოველთვის მიხდებოდა გამეაზრებინა, რომ თითოეულ მათგანს აქვს საქმის კეთების საკუთარი გზა და არ არსებობს რაიმე ერთი რეგლამენტი, რომელსაც ყველა მათგანს მოვარგებდით.
ასე რომ, არსებითად, ეს იყო, რის თქმასაც ვცდილობდი. ეს იყო ზოგადი მითითება; და არა მითითება, რომლითაც მე საქართველოს ვაკრიტიკებდი. ასევე ერთი რამ, რისი თქმაც მინდა, მიუხედავად მკვეთრი პოლიტიკური განსხვავებებისა საქართველოს პარლამენტში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა ფრაქციის მხრიდან იმის გააზრებამ, რომ ისინი იქ ერთი საქმისთვის არიან. ყველა მათგანს სურს, რომ უფრო ეფექტიანი პარლამენტი ქონდეთ. საქართველოში ყოფნის დროს, ნამდვილად არ შემინიშნავს, რომ რეგლამენტის რეფორმის პოლიტიკური ნება არ იყო. რასაკვირველია, პირებს სურდათ, რომ რეფორმა ისე გატარებულიყო, როგორც ეს მათ პირად ინტერესებში იყო. მაგრამ, მთლიანობაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტარებს ყველა მხრიდან სურდათ, ემუშავათ იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტიანი პარლამენტი ჰქონდეთ, რომელიც აღიარებს როგორც (საპარლამენტო) უმრავლესობის, ისე უმცირესობის უფლებებს.
რა არის საპარლამენტო ზედამხედველობის ბრიტანული მაგალითი და რა შეუძლია საქართველოს ისწავლოს მისგან?
ჩვენ, ხანგრძლივი საპარლამენტო ტრადიცია გვაქვს, მაგრამ სრულყოფილი არ არის. ყოველთვის ვცდილობთ, რეფორმები გავატაროთ. ამიტომ, არის ხალხი, რომელიც გეტყვით, რომ ბრიტანეთში შეიძლება ზედამხედველობის გაუმჯობესება.
ზედამხედველობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ბრიტანელი მინისტრები პარლამენტის წევრები არიან, ისინი არ არიან პარლამენტისგან ცალკე, როგორც ეს არის საფრანგეთში.
გვაქვს ძალიან ძლიერი ტრადიცია, რომლის მიხედვით, ყოველი ნაბიჯისთვის, რომელსაც მინისტრი გადადგამს, ის საბოლოოდ პასუხს პარლამენტის წინაშე აგებს. არსებობს ორი ასპექტი, რომელიც საინტერესო და რელევანტურია ქართული კონტექსტისთვის. პირველი ასპექტი პარლამენტში მინისტრების დაკითხვაა. კვირაში ოთხი დღე, ყოველ დღე ერთი საათი, მინისტრი კითხვებს პასუხობს, ან რამდენიმე მინისტრი პასუხობს კითხვებს, რომლებსაც პარლამენტის წევრები უსვამენ.
ეს კითხვები სხვადასხვა მინისტრებს შორის არის გადანაწილებული სამართლიანად. უფროსი მინისტრები კითხვებს თვეში ერთხელ პასუხობენ, მაგრამ ზოგი მინისტრი - ყოველ დღე. მაგალითად, საგარეო საკითხთა მინისტრი კითხვებს თვეში ერთხელ პასუხობს, ისევე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი. ასევე ყოველ კვირა, პრემიერ მინისტრი პასუხობს კითხვებს ნახევარი საათი. ეს ბრიტანეთის პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია: ყოველ ოთხშაბათ დღის 3 საათიდან 3:40-მდე, პრემიერ მინისტრი პარლამენტარების კითხვებს პასუხობს. ასე რომ, ეს ის გზაა, რომლითაც მინისტრები ანგარიშვალდებულები რჩებიან.
მაგრამ ყველაზე ეფექტური ზედამხვედველობა კომიტეტების სისტემიდან გამომდინარეობს. ჩვენ საერთაშორისო დონეზე ორი სახის კომიტეტის უცნაური თავისებურების გამო გამოვირჩევით. გვაქვს კომიტეტები, რომლებსაც კანონდმდებლობა ეხება, მაგრამ გვაქვს, ასევე, კომიტეტები, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობა მხოლოდ ზედამხედველობაა. თითოეულ სამთავრობო დეპარტამენტს, თითოეულ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჰყავს კომისია, რომელიც დეპარტამენტის საქმიანობას აკონტროლებს. ასე, მაგალითად, არის თავდაცვის კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგათ საქმეთა კომიტეტი ზედამხედველობს და ასე შემდეგ. ამ კომიტეტებს გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ ამ დეპარტამენტებიდან ინფორმაცია ნახონ, მოიწვიონ მინისტრები და თანამდებობის პირები და შეისწავლონ ყველაფერი, რაც დეპარტამენტის ხარჯებს, ადმინისტრაციას და პოლიტიკას ეხება. კომიტეტებს აქვთ უფლება საკუთარი გამოძიება წარმართონ, რაც კონტროლის უმნიშვნელოვანესი და ძლიერი ინსტრუმენტია.
პლენარული კითხვა-პასუხი და კომიტეტების ზედამხედველობითი ფუნქცია ანგარიშვალდებულების ეფექტიან საშუალებებს წარმოადგენს. მემარცხენე ბრიტანელ პარლამენტარებს, მთელ რიგ საკითხებზე, მემარჯვენე პარლამენტარებისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რის გამოც, მხარეებს შორის დაპირისპირება არსებობს. ეს პარლამენტისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, მათ შორის თანამშრომლობაც არის. ჩემი გამოცდილებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ბევრ საკითხზე, ბევრ საკითხზე მათ ერთნაირი შედეგის დანახვა სურთ. მაგალითად, ადამიანები, შეიძლება, განსხვავებულად უყურებდნენ იმას, თუ რა არის ქვეყნის მართვის საუკეთესო ეკონომიკური მექანიზმი, მაგრამ ყველა მათგანს სურს, რომ შვილებმა კარგი განათლება მიიღონ; ყველა მათგანს სურს, რომ საავადმყოფოები კარგად ფუნქციონირებდეს; ყველა მათგანს სურს, რომ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს; ყველა მათგანს სურს, რომ ეფექტიანი შეიარაღებული ძალები გვყავდეს. ამიტომ, ბრიტანეთის პარლამენტში უფრო მეტი თანამშრომლობაა, ვიდრე, დაპირისპირება.
პირველი შეფასების მერე, გაჩნდა მინისტრის საათი, როდესაც, მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ წარდგეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ეფექტიანი მექანიზმია, ვიდრე წინა „სამთავრობო საათი“, ის მაინც არ არის საკმარისი, თქვენი შეფასების მიხედვით. რას ფიქრობთ ამაზე?
ძალიან მიხარია, რომ რეგლამენტი შეიცვალა იმისთვის, რომ „მინისტრის საათი“ უფრო ეფექტური გამხდარიყო. ახლა გაქვთ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, წელიწადში ერთხელ, ყოველი მინისტრის წარდგომას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ეს შესანიშნავი ცვლილებაა. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ მომავალში ამან უფრო ხშირი ხასიათი მიიღოს. ვფიქრობ, იქამდე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველკვირა წარდგეს, დიდი გზაა გასავლელი. წელიწადში ერთხელ მოსვლა კარგია, მაგრამ, იქნებ, მინისტრების წარდგომის სიხშირე თანდათან გაიზარდოს, იქნებ, ორჯერ წარდგომით შეიცვალოს. ბრიტანული სისტემა ძალიან განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ, მიმაჩნია, შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროცედურის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფდა მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის უფრო ხშირად მოსვლას პლენარულ სხდომაზე.
ქუთაისის პარლამენტის შენობას არაეფექტიანი უწოდეთ საპარლამენტო სისტემისთვის, წინა წელს იგივე თქვა ჩვენთან ინტერვიუში, ყოფილმა სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ნების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე თუ ობიექტური მიზეზი არსებობს ამისთვის?
როგორც უცხოელს, ისევ და ისევ, მიჭირს რამის თქმა საკითხზე, რომელიც ასეთი სენსიტიურია საქართველოში. მხოლოდ ერთი ქვეყანა ვიცი, რომელშიც პარლამენტი მთავრობისგან განსხვავებულ ქალაქში იკრიბება. არის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრალია და ნიდერლანდები, რომელთა დედაქალაქები ყველაზე დიდი ქალაქები არაა, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა, რომლის სამთავრობო ოფისები ერთ ქალაქშია, ხოლო პარლამენტი - მეორეში, არის კოტ-დ’ივუარი. მესმის, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის - ჩემსაშიც, ხალხი ამბობს, რომ ზედმეტად ბევრი რამაა კონცენტრირებული დედაქალაქში. ხალხი ამბობს, რომ ლონდონს ბევრი ეკონომიკური უპირატესობა აქვს და მთავრობამ სხვა ქალაქებში ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს. რაც უნდა უცნაური იყოს, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრიტანეთში საპარლამენტო შენობას ექსტენსიური რესტავრაცია ჩაუტარდება. ხალხი ამბობს, რომ ბრიტანეთის პარლამენტი სხვა ქალაქში უნდა გადავიდეს, ლონდონის შენობა კი დაიხუროს რესტავრაციისთვის. ეს იდეა უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ მთავრობა ლონდონშია. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ფუნდამენტური პრობლემაა. ის ფაქტი, რომ მთავრობა თბილისშია, რომ მინისტრები თბილისში არიან, რომ მათ ქუთაისში წასვლა არ სურთ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. და ადმინისტრაციულადაც რთულია. პარლამენტის წევრებისთვის რთულია ორ ადგილას ჰქონდეთ ოფისები. ეს ასევე რთულია თანამშრომლებისთვისაც. იცით, ევროპული პარლამენტი სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც იკრიბება და ეს ხარჯთანაცაა დაკავშირებული და რთულიცაა. მანამ, სანამ მთავრობა თბილისშია, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, პარლამენტიც იქ იყოს.
საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით პარლამენტარიზმს საქართველოში, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას და ერთ-პალატიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს?
ერთპალატიანობასთან დაკავშირებით, გამოწვევები არსებობს. ბრიტანეთში პარლამენტს ორი პალატა აქვს. გვერდზე გადავდოთ ის უცნაური ფაქტი, რომ ერთ-ერთი მათგანი არჩევითი გზით არ კომპლექტდება - რაც სრულიად გაუმართლებელია. მაგრამ ხალხის მიერ არარჩეულ პალატას, ბრიტანეთში, ხშირად მოიხსენიებენ სარევიზიო პალატად. მას შეუძლია, კიდევ ერთხელ გადახედოს კანონმდებლობას და აქვს დრო, რომ დარწმუნდეს იმაში, რომ ის კარგადაა შედგენილი, სანამ გავა. ასე რომ, არსებობს გარკვეული უპირატესობები. გყავს პალატა, რომელსაც შეუძლია, კანონმდებლობას კიდევ ერთხელ გადახედოს. ეს საკანონმდებლო პროცესს ცოტა ანელებს. საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ კანონმდებლობა ზედმეტად სწრაფად მიიღება. ხშირად, კანონმდებლობა, რომელზეც ძალიან სწრაფად იმუშავეს, არ მუშაობს კარგად. ამიტომ საჭიროა, განხილვა უფრო ნელა წარიმართოს და მეტი ყურადღება დაეთმოს, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ის კარგად იმუშავებს. ეს უფრო მარტივია, როცა პარლამენტი ორპალატიანია.
თუმცა, მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი პარლამენტი გადადის ერთპალატიან მოდელზე. ერთპალატიანობა მუშაობს. განსაკუთრებით, როცა გაქვს უნიტარული, არაფედერალური სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, არ ვფიქრობ, რომ ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო რამე პრობლემას წარმოადგენს. ერთადერთი რჩევა, რომელიც შემიძლია მოგცეთ, საქართველოს პარლამენტმა უნდა გააცნობიეროს ერთპალატიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები და შეანელოს საკანონმდებლო პროცესები, რათა, კანონმდებლობა უკეთესად იქნას შესწავლილი.
როგორ შევაფასებდი, ზოგადად, პარლამენტარიზმს საქართველოში? როგორც უკვე ვახსენე, არის ზოგიერთი მართლაც შთამბეჭდავი ადამიანი, რომელიც ცდილობს, სიტუაცია გააუმჯობესოს - პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ ცვლილებები და ასევე - თანამშრომლები, რომლებსაც მე შევხვდი. მათ ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მართლაც ჰერკულესური სამუშაოს მოცულობა იყო საჭირო, რათა რეგლამენტი უკეთესობისკენ შეეცვალათ. ეს შესანიშნავია. არსებობს სურვილი, რომ რაღაც შეიცვალოს და ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო შთამბეჭდავი ადამიანები. მოხარული ვიყავი, რომ ახალმა რეგლამენტმა გააუმჯობესა სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მუშაობა. კმაყოფილი ვიყავი იმითაც, რომ დავინახე უკეთესი ბალანსი საპარლამენტო ჯგუფებს შორის და უმცირესობათა უფლებების გაძლიერების აუცილებლობა და ამასთანავე, უმრავლესობის უფლების აღიარება, გაატაროს საკუთარი ინტერესებიც. დღის წესრიგი უკეთესად იგეგმება, საკომიტეტო სტრუქტურა მუშაობს, საკანონმდებლო სისტემა გაუმჯობესებულია და გაწეულია რეალური ძალისხმევა, რათა პარლამენტი გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობდეს. ასე რომ, გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ პარლამენტარიზმი საქართველოში სწორი მიმართულებით წავიდა. არსებობს რაღაცები, რაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ არც ერთი პარლამენტი არაა სრულყოფილი. კარგი პარლამენტები ყოველთვის აღიარებენ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მომავალში.