4 minute read
ვერ წარმომიდგენია ძლიერი პარლამენტი ძლიერი აპარატის გარეშე
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი პარლამენტის აპარატს უჭირავს. უფრო კონკრეტულად კი, რა როლი აქვს მას და რა ნაბიჯები იდგმება ზედამხედველობის ფუნქციის გასაძლიერებლად, ამაზე პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე საუბრობს:
„პარლამენტის აპარატი უმნიშვნელოვანესი ერთეულია ამ პროცესში, რამეთუ, პარლამენტის საქმიანობის ხელშემწყობ ფაქტორს მთლიანად აპარატის ფუნქციონირება წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანწილად, აქ დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხარისხზე, უნარსა და კომპეტენციაზე არის დამოკიდებული პარლამენტის მიერ საკონტროლო ფუნქციის განხორციელება.
Advertisement
სწორედ აპარატის თანამშრომლებმა უნდა მოამზადონ მაღალპროფესიულ დონეზე დამუშავებული დოკუმენტაცია, კვლევა და სხვა აუცილებელი დოკუმენტები პარლამენტის მიერ ამ ფუნქციის განსახორციელებლად. აპარატის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია იმისთვის, რომ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების რეალიზება მოხდეს პრაქტიკაში და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პარლამენტს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების სრულფასოვნად განხორციელებაში.“
რა სამუშაო ტარდება, თქვენი მხრიდან, პარლამენტის საკონტროლო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით?
იმისთვის, რომ მზად შევხვდეთ ამ პროცესს, ვგეგმავთ და ვახორციელებთ შემდეგ ღონისძიებებს:
საგანმანათლებლო მიმართულება - პარლამენტს აქვს თავისი სასწავლო ცენტრი, რომლის გაძლიერებაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. აღნიშნული კი პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მუდმივ რეჟიმში კვალიფიკაციის ამაღლების საწინდარია, რაც პირდაპირ აისახება აპარატის მიერ წარმოებული საქმიანობის ხარისხზე.
დავიწყეთ თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მაისიდან დღემდე 16 ასეთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ამ დაწესებულების წარმომადგენლები პარლამენტში მოდიან და ჩვენი აპარატის თანამშრომლებისთვის, მათ მიერვე წინასწარ იდენტიფიცირებულ საკითხებზე, უსასყიდლოდ მართავენ ტრენინგებს. ჩვენი თანამშრომლები უფრო სიღრმისეულად ეცნობიან ინფორმაციას დარგის სპეციალისტებისგან, სფეროში მიმდინარე საკითხებისა და კანონის განხორციელების თაობაზე.
გარდა ამისა, გვყავს შიდა ტრენერების ჯგუფი, რომელთა გადამზადება-გაძლიერებაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გვეხმარება.
გვაქვს მომავალი წლის გეგმაც - ვაპირებთ დავნერგოთ ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რაც ელექტრონული სასწავლო მასალის მომზადებასა და პროგრამების შემუშავებას გულისხმობს პარლამენტის აპარატისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებისთვის (რომლებიც 73 საარჩევნო ოლქის 95 ერთეულში არიან განთავსებულნი), რათა იქ მოქმედ თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ელექტრონული სწავლების ფორმატით მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე და თავიანთი უფლებამოსილება უფრო მაღალ დონეზე განახორციელონ.
უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კვლევითი დეპარტამენტის რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად „საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი“. დღეს, პარლამენტის აპარატში ფუნქციონირებს კვლევითი დეპარტამენტი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან და ღირებულ საქმეს ახორციელებს. უპირველეს ყოვლისა, კომიტეტებს და, რიგ შემთხვევაში, დეპუტატებსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას სხვადასხვა საკითხზე უცხოეთის პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზში ეხმარება.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგულირების გავლენის შეფასების დამკვიდრებას, რაც წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაშია დანერგილი. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა, შერჩევითობისა და პრიორიტეტულობის თვალსაზრისით, რიგ კანონპროექტებთან მიმართებით, რეგულირების გავლენის შეფასების მეშვეობით, წინასწარი კვლევა განახორციელოს; ამ ფუნქციით არსებული კვლევითი დეპარტამენტი არ არის აღჭურვილი. რეორგანიზაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის ის, რომ ფუნქციონალურად გაიზარდოს კვლევითი დეპარტამენტის საქმიანობა და მის ერთ-ერთ კომპონენტად, სწორედ, ნახსენები რეგულირების გავლენის შეფასების ფუნქცია ჩამოყალიბდეს.
ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ და უკვე მიღებულ კანონებზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩატარდეს რეგულირების შემდგომი გავლენის შეფასება, რაც მოგვცემს იმის ხედვას, თუ მიღებულმა კანონმა რა დადებითი და უარყოფითი ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებაში. ეს პარლამენტს მისცემს არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის შესაძლებლობას. სწორედ ამ კუთხით მოხდება კვლევითი დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ახალი სტატუსის ფარგლებში, ამ უწყებას ექნება თავისი ბიუჯეტიც და შესაძლებლობა, რომ დონორებთან აქტიური თანამშრომლობით, დაფინანსება და ხელშეწყობა მიიღოს, რაც, საბოლოო ჯამში, სათანადოდ აისახება ამ უწყების და მთლიანად პარლამენტის საქმიანობაზე.
კვლევითი დეპარტამენტის განვითარება, რაშიც ხელს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი გვიწყობს, ძალიან პრიორიტეტულია და იმ რეფორმების მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც პარლამენტის აპარატში მიმდინარეობს. ამავდროულად, მისი გაზრდილი უფლებამოსილება პირდაპირპროპორციულად ხელს შეუწყობს პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ფუნქციის მატარებელი ორგანოს, გაძლიერებას. კვლევითი ცენტრის ფარგლებში შესაძლებელი გახდება იმ ექსპერტთა ბაზის გაზრდა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ყველა დარგის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ შესაბამისი სფეროს ექსპერტული ცოდნა.
კვლევითი დეპარტამენტი გაწევრიანებულია ECPRD-ში, რაც ევროპის ქვეყნების პარლამენტებში მოქმედი კვლევითი დეპარტამენტების ქსელს წარმოადგენს. ის შექმნილია ევროკავშირის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, ერთობლივად. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი ამ ქსელში. ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამ ქსელის მეშვეობით, საშუალოდ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია, ევროპის ქვეყნების პარლამენტებიდან მივიღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორია საკანონმდებლო რეგულირების პრაქტიკა ამ ქვეყნებში. მათი ანალიზის საფუძველზე კი შესაძლებლობა გვაქვს, კონკრეტული და საფუძვლიანი დასკვნა მოვამზადოთ და ის გამოვიყენოთ როგორც რეგულირების შეფასების გავლენის ფუნქციის განხორციელებისას, ასევე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნის მომზადებისას.
ამ ყველაფრის შემაჯამებელი და დამაგვირგვინებელია აპარატის საერთო ინიციატივა, რასაც მხარი დაუჭირა პარლამენტის ხელმძღვანელობამაც, რომ პარლამენტში შეიქმნას მცირე სტამბა. ამ კუთხით, გერმანიის ტექნიკური განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწია სპეციალური კომპიუტერული ლაბორატორიის ჩვენთვის შეძენის სახით. ახლა კი დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, უშუალოდ, სტამბის დანადგარების შესაძენად. პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა სტამბის განსათავსებლად ფართის კეთილმოწყობისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ წლის ბოლომდე, წარმატებული შედეგები გვექნება დონორებთან ურთიერთობაში და უკვე 2019 წლიდან, ეს სტამბა დაიწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას. მისი ამოქმედება საშუალებას მოგვცემს, რომ კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალები, კომიტეტებისა და პარლამენტის წლიური ანგარიშები, რომელიც საზედამხედველო ფუნქციის კუთხითაც მნიშვნელოვანია, მატერიალურად გამოვცეთ და დაინტერესებული პირებისა და უწყებებისთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამასთან, შეგვიძლია, სხვადასხვა ანგარიში გამოვცეთ ჟურნალის სახით და გავავრცელოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ რეგიონებთან?
ოქტომბრიდან ვიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას ბიუროს ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. 9-10 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს, 11-12 ოქტომბერს კი აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსებთან იგეგმება პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის შეხვედრები. ამ შეხვედრების ფორმატში, ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ პრობლემას, რაც მათ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რეგიონებში ბიუროები უშუალოდ მოქალაქეებთან მუშაობს. არაერთი მოქალაქე მიმართავს მათ განცხადებით, საჩივრით, დახმარების თხოვნით. შესაბამისად, მათგან წამოსული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გააანალიზებული იქნება, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის კონკრეტული უწყების ხელმძღვანელებთან კონტაქტის მეშვეობითაც.
ბიუროების გაძლიერება და მათთან თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის აპარატისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა და მის განვითარებას სწორედ ახლა ვიწყებთ.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღონისძიება - სასწავლო პროცესის გაძლიერება, ბიუროებთან მუშაობის დაწყება, კვლევითი დეპარტამენტის რეორგანიზება, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება და სტამბის შექმნა - ის ნაბიჯებია, რომლის ნაწილიც უკვე განხორციელებულია, ნაწილი კი ჯერ კიდევ პროცესშია; თუმცა, უახლოეს მომავალში, საბოლოო სახეს მიიღებს და ეს, საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერებას და, კონკრეტულად, პარლამენტის საკონტროლო, საზედამხედველო ფუნქციის განმტკიცებას.
რა წარმატებული შედეგი გაქვთ სახეზე უკვე განხორციელებული ღონისძიებებიდან?
საგანმანათლებლო თვალსაზრისით მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს ამ მოკლე პერიოდში. ივნისიდან დღემდე პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 8 ტრენინგი ჩატარდა, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდა აპარატის თანამშრომელთა ცოდნა და კვალიფიკაცია სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით.
პარალელურად, გრძელდება და ვითარდება ურთიერთობა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, გერმანიის ტექნიკური განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, ამერიკის მთავრობისგან დაფინანსებული „კარგი მმართველობის ინიციატივა“ და ნატოს პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 10-მდე ტრენინგი ჩატარდა ჩვენი აპარატის თანამშრომლებისთვის, რაც ხაზს უსვამს ამ კუთხით წარმოებულ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
შეიქმნა სტაჟირების 5-კვირიანი, საბაზისო სასწავლო პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა. სტაჟირების ახალი მექანიზმიც დავნერგეთ, სადაც ვადა 3-დან 6 თვემდე გავახანგრძლივეთ. პირველი 5 კვირა სწორედ ამ სასწავლო პროგრამას დაეთმობა და მისი გამოცდა 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ამ საბაზისო პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრი პრაქტიკული ელემენტი (საკომიტეტო მოსმენაზე დასწრება, ბიუროს სხდომის ანალიზი, სესიაზე დასწრება და ანალიზი) განხორციელდება, რაც ძალიან გააძლიერებთ სტაჟიორებს. ასევე, აღნიშნული პროგრამა გამოყენებული იქნება ყველა ახალმიღებული თანამშრომლისთვის.
რაც შეეხება კვლევას, ამ მიმართულებითაც ხომ არ დაწყებულა უკვე, სამუშაოები?
აპრილში, ბუნდესტაგში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს, აპარატის ხელმძღვანელთან მოვილაპარაკეთ, რომ ბუნდესტაგი აქტიურად შეგვიწყობს ხელს კვლევითი დეპარტამენტის განვითარებაში. სექტემბრის ბოლოს გვეწვევა ბუნდესტაგის აპარატის უფროსის მოადგილე, რომელიც გერმანიაში უშუალოდ ხელმძღვანელობს კვლევით მიმართულებას. ის ორდღიან ტრენინგს ჩაუტარებს ჩვენი კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებს და გაუზიარებს საქმიანობის იმ გამოცდილებას და მეთოდოლოგიას, რაც ბუნდესტაგშია დამკვიდრებული.
საბოლოოდ, საერთო ჯამში, რამდენად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აპარატის გაძლიერება პარლამენტის საკონტროლო ფუნქციაზე?
მინდა, გითხრათ, რომ ვერ წარმომიდგენია ძლიერი პარლამენტი, ძლიერი აპარატის გარეშე. აქ წრედის პრინციპია - ძლიერი აპარატი საფუძველია ძლიერი პარლამენტისა; ხოლო ძლიერი პარლამენტი და საკონტროლო, საზედამხედველო ფუნქცია არის გარანტი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პარლამენტის მიღებული კანონმდებლობის სრულყოფილი განხორციელება იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ საქმიანობას უკავშირდება.