მკვლელი ლოკოკინები

Page 1



ნუგზარ ინჯია

მკვლელი ლოკოკინები

შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2018 წ.



- თქვენი ნებართვით, თქვა ლავალიემ და ისე, რომ მიპატიჟებისათვის არ დაუცდია, სკამი გამოსწია. რესტორნის სიღრმეში მაგიდას ორნი უსხდნენ - საკმაოდ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი და წითური, უშნო მამაკაცი. სუფრაზე ის-ის იყო ღვინო შეევსოთ, თუმცა ვახშამი ჯერ არ მოეტანათ. - დაბრძანდით, დეტექტივო, - მიუგო ქალმა უხალისოდ, წითურმა ახმახმა კი დაუფარავი სიძულვილით აათვალიერა. - ხელს ხომ არ შეგიშლით? - იკითხა ახალმოსულმა. - რაღაც მინდოდა, მეთქვა, თან თქვენს კომპანიონსაც გამაცნობთ. იმედია, ესმის ფრანგული. - მოგეხსენებათ, დღეს ბიძიას ფერფლი მიწას მივაბარეთ. ეს კურტია, ჩემი მეგობარი. აქ დარდის გასაქარვებლად, ჭიქა ღვინისთვის შემოვედით. ვახშმობას არ ვაპირებთ, თუმცა თქვენთვის შეგვიძლია რამე შევუკვეთოთ, - თქვა ნაწყვეტნაწყვეტ დადარდიანებულმა ქალმა. - კარგი აზრია, თუნდაც სალათა მოლუსკისებრთა კლასის წარმომადგენელთაგან, სახელდობრ, ლოკოკინის. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და ყუათიანი საკვებია, - ირონია გაერია ხმაში ლავალიეს.

3


ქალს ლამაზი სახე აელანძა, ხოლო კურტის უშნო, წითური სიფათი კიდევ უფრო წამოჭარხლდა. - ხუმრობთ, დეტექტივო, თუმცა არა მგონია, ამისათვის შესაფერი დრო იყოს, - ჩაიჩურჩულა ქალმა. - რაც შეეხება საკვებ ღირებულებებს, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ. ლოკოკინებზე კიდევ ბევრი საინტერესო რამის თქმა შემიძლია, მაგალითად იმისა, რომ მათი სხეული შედგება თავის, ტანისა და ფეხებისაგან. ფეხი სხეულის ქვედა მხარეს აქვთ, ფეხის ქვეშ - ლანჩი. მათ ორგანიზმში წარმოიქმნება წევადი, ბლანტი ლორწო, რომელიც სპეციალურ ლორწოვან ჯირკვლებად შეკრებილი სეკრეტორული ეპითელური უჯრედების სეკრეციის პროდუქტია. ეს ლორწო აფერხებს ორგანიზმის გამოშრობას და მექანიკური დაზიანებისგან იცავს კანს, თუმცა, ამასთან ერთად, საკმაოდ შესამჩნევ კვალსაც ტოვებს გადაადგილებისას. - მერე? - იკითხა პირქუშად კურტმა. - მერე ის, რომ მიუხედავად ვიზუალური და ქიმიური ანალიზისა, ეს კვალი მკვლელობის ადგილზე ვერაფრით აღმოვაჩინე. - მკვლელობის?! - ჩუმად შეჰყვირა ქალმა. - დიახ, მკვლელობის! ბაზალტის საფეხურებზე, რომლებიც ეზოს უკანა მხარეს გადის, ხანდახან მართლა დასეირნობენ ეს აბეზარი ლოკოკინები. ისინი ვენახიდან მოცოცავენ და საზრუნავს უჩენენ მებაღესა და მზარეულს. ეს მათ დაკითხვაზე დაადასტურეს. მახსოვს, ამაში თქვენც დაეთანხმეთ, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც ჩამოხვედით. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ მახვილი თვალი გქონიათ, მით

4


უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ მაგ კიბით სარგებლობა არ გიწევდათ. აი, საწყალი ფრედი კი ხშირად დადიოდა. მიუხედავად ასაკისა, ჯიუტი კაცი იყო და ის ქონება, რომლის ერთადერთი მემკვიდრე თქვენ ბრძანდებით, მთელი ცხოვრების მანძილზე შეუპოვარი შრომით დააგროვა. - ბიძია ალფრედი კიბეზე წაიქცა. ღმერთო ჩემო, ცოცხალს ვერც მივუსწარი, - ამოიოხრა ქალმა. თქვენ კი გინდათ თქვათ, რომ ფეხი არ დასცდენია? - შეიძლებოდა, ეს ვერსია, სხვების მსგავსად, მეც მერწმუნა, რომ არა ლოკოკინა, რომელზეც მოხუცს ფეხი გაუცურდა. ეს უწყინარი არსება, რატომღაც, მეტი დამაჯერებლობისთვის გამოგონილ, ცრუ მოწმედ ჩავთვალე და საჭიროდ მივიჩნიე მისი ლოკომოციის შესწავლა. მოგეხსენებათ, ლოკომოცია ადამიანის ან ცხოველის აქტიური გადაადგილებაა სივრცეში. მას მიეკუთვნება ცურვა, ფრენა და ხმელეთზე გადაადგილების სხვადასხვა ფორმა. არსებობს ლოკომოციის მრავალი საშუალება რთული ლოკომოტორული აქტებიდან ამებისებურ მოძრაობამდე, თუმცა უშუალოდ ის კვალი, რომელსაც ლოკოკინა მკვლელობის ადგილამდე უნდა მიეყვანა, ვერაფრით აღმოვაჩინე. „უჰ, შენი“, ვიფიქრე მაშინ, - „რატომ არ აკმარეს ამ უწყინარ არსებას არაერთი შესანიშნავი კერძის ინგრედიენტობა და ახლა მკვლელობის გადაბრალებაც სცადეს, საიდანღაც აიყვანეს და - ბრახ! მოხუცი ფრედის ბათინკით სწორედ მაშინ მიაჭყლიტეს საჭირო ადგილზე საფეხურს, როცა მსხვერპლი უკვე თავგატეხილი ეგდო ქვის კიბეზე“.

5


- ღმერთო, რას ამბობთ, - კვლავ წაიჩურჩულა გაოგნებულმა ქალმა. - დიახ, დიახ, სწორედ ასეა. შემდეგ ფეხსაცმელი ნაჩქარევად ჩააცვეს გვამს. წესით ის ამნაირად იკრავდა ზონარს, - ფეხი მაღლა ასწია დეტექტივმა და ერთი-ორჯერ მოურიდებლად გააქან-გამოაქანა სუფრასთან. ამას კი, მოგეხსენებათ, რაღაც დრო მაინც სჭირდება, მით უმეტეს, როცა მკვლელი აღელვებულია, ამიტომ ფეხსაცმელზე ზონარი ნაჩქარევად ჰქონდა გამონასკული, აი, ასე, დეტექტივმა ახლა მეორე ფეხი აუქნია ცხვირწინ თანამესუფრეებს. - ამას აშკარად უფრო ცოტა დრო მიაქვს, როგორც ხედავთ, თვითონ შევამოწმე. სასაცილოა, არა, სხვადასხვანაირად შეკრული ზონრები? როგორც წესი, ნორმალური ადამიანი ასე არ იქცევა, მაგრამ ვინ, ვინ ჩაიდინა მკვლელობა? აი, აქ საქმე გაცილებით რთულ ლოკომოტორულ აქტებთან უნდა მქონოდა, რადგან მკვლელი ან მკვლელები ჩვეულებრივი მოტივებით აღსავსე, ჩვეულებრივი ადამიანები იქნებოდნენ. მათ კი ფრენაც შეუძლიათ, ცურვაც და ხმელეთზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებაც. - რა გინდათ, პირდაპირ გვითხარით, დეტექტივო, - თქვა გაყინული ხმით ქალმა. - კარგი, ასე იყოს. გამოგიტყდებით, თავიდანვე ჩაგრიცხეთ ეჭვმიტანილთა სიაში, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, საკმაოდ მწირი გახლდათ. ეჭვი გაძლიერდა, როცა ადვოკატისგან მემკვიდრეობის შესახებ შევიტყვე. ეს ყმაწვილი საკმაოდ კარგი ადვოკატია და პრაგმატულადაც აზროვნებს.

6


ჯერ წინააღმდეგი ბრძანდებოდა ანდერძის და იტალიურ კვარტალში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დატრიალებული სასიყვარულო სცენის დეტალების გაცნობისაგან, თუმცა მალე მიხვდა, რა სერიოზულ დავიდარაბაში გავაბამდი, თუ მკვლელობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველობას ავკიდებდი. ხომ გესმით, მხოლოდ ამ კუთხით საქმის აღძვრაც კი მის კარიერას გააცამტვერებს. ის ტემპერამენტიანი ფრანგი ყმაწვილია და, რა თქმა უნდა, ხიბლავდა თქვენი სექსუალური გარეგნობა, მაგრამ ორი მშვენიერი ბორცვის გარდა, მკერდს რომ გიმშვენებთ, არც იმ სიმდიდრის მიმართ რჩებოდა გულგრილი, რომელსაც ფრედი გიტოვებდათ. მოხუცს სურდა, სიბერის დარჩენილი წლები თქვენი მზრუნველობის ქვეშ გაეტარებინა. სხვა ახლობელი არცა ჰყავდა. აქ ამიტომაც გადმოგიყვანათ ლინდაუდან. თუმცა მოგეხსენებათ, სიბერეში ადამიანები ცოტა ახირებულები ხდებიან. არ სურდა, თქვენ გვერდით მამაკაცი ენახა, რადგან ფიქრობდა, ამით კუთვნილი ყურადღება მოაკლდებოდა. ასე რომ, ანდერძის პირობები მეტისმეტად მკაცრი იყო. თქვენი ფლირტი ახალგაზრდა ადვოკატთან სულ რამდენიმე დღეში სერიოზული ურთიერთობის სახეს იღებს. მეტი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მან ანდერძის დეტალები გაგიმხილათ, რითაც, თავისდაუნებურად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოხუცს. გეგმა ძალზე მარტივია: საყვარელ ბიძიას ეშმაკთან გააგზავნიდი, რომ მის ადვოკატთან ამქვეყნიური სამოთხით დამტკბარიყავი.

7


- რას როშავ? - შეჰყვირა წითურმა ახმახმა და უზარმაზარი ტორი მთელი ძალით დასცხო მაგიდას. ის გაავებული შესცქეროდა დეტექტივს და მზად იყო, შუაზე გაეგლიჯა. ლავალიემ პიჯაკი ოდნავ გადაიწია და განრისხებულმა კურტმა წამით თვალი ჰკიდა ბუდიდან ამოჩრილ პისტოლეტის ტარს. - წყნარად, დიბე, - კვლავ გესლი გაერია ხმაში დეტექტივს, - წეღან გითხარი, ლოკოკინის სხეული თავის, ტანისა და ფეხებისაგან შედგება-მეთქი. უმნიშვნელო დეტალი გამომრჩა - თავზე ორი პატარა წანაზარდიც აქვს - ორი რქა. ეს ისე, ცნობისათვის, მაგრამ შენი მისია მხოლოდ ამ ინფორმაციის მიღებით არ ამოიწურება. მოგეხსენება, ეს ქალბატონი როგორი უწყინარი და ნაზია, დარტყმა კი ძლიერი და ზუსტი უნდა ყოფილიყო - ძალადობის არავითარი კვალი. ახალგაზრდა ადვოკატი თანამზრახველად არ გამოდგებოდა. საეჭვო ჩანდა მისი მკვლელობაზე დათანხმება, აი, ალიბს კი მართლაც მშვენიერს შექმნიდა. იმ დროისათვის, როცა მოხუცი საკუთარ სახლში მხეცურად უნდა მოეკლათ, მის ერთადერთ ნათესავს ოტელ „დელ ჰოპოლოში“ ადვოკატთან პაემანი ჰქონდა დანიშნული და აქ კორექტული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ... ლავალიემ გაიგონა, როგორ გაახრჭიალა კბილები კურტმა. თუმცა დეტექტივს უშიშარი და ბოლომდე მიმწოლი ხასიათი ჰქონდა, შეუბრალეელი ხდებოდა დამნაშავეთა მიმართ. - დიახ, დიახ, რთული ლოკომოტორული აქტები ოტელ „დელ ჰოპოლოში“, საკმაოდ შორს გერმანული და ფრანგული კვარტალებიდან. ალიბი

8


განაღდებული ჩანდა, მაგრამ არ ჩანდა მკვლელი. მე გადავამოწმე ყველა ზარი და შეტყობინება, რომელიც კი საეჭვოდ მეჩვენა და ჩემი ეჭვის დადასტურებას ლინდაუში ვიღაც კურტს - მივაკვლიე. ის წვრილმანი ქურდბაცაცაა. კრიმინალურ სამყაროში დიბეს ეძახიან. ხომ არაფერი მეშლება, მეგობარო? გახსოვს, როგორ გთხოვდა, გეპატიებინა ყველაფერი და ჩამოსულიყავი, რადგან შენი დახმარება სჭირდებოდა. რის პატიებაზე იყო ლაპარაკი, პირადად, ჩემთვის უცნობია და, სიმართლე გითხრათ, ფეხებზეც მკიდია. მკვლელობის დღეს რაინზე კამერებმა დააფიქსირეს შენი ვიზიტი, რომელიც, ვშიშობ, ძალზე გაჭიანურდება, აღმკვეთი ღონისძიებების შესაბამისად. ასე რომ, მოხუცი ფრედის სიკვდილი, ყველას უბედური შემთხვევა რომ ეგონა, თქვენი დაგეგმილი და სისრულეში მოყვანილია. აქაც, მკვლელებო, არა დარდის გასაქარვებლად, არამედ გამარჯვების აღსანიშნავად იმყოფებით. მე კი, ჯანდაბა, ორი დღეა, თვალი არ მომიხუჭავს, - აქ დეტექტივი ფეხზე წამოდგა. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. - ეს სიგიჟეა, - დაარღვია დუმილი ქალმა. - ვერაფერს დაგვიმტკიცებ, - მრისხანედ შეხედა წითურმა და, საერთოდ, რა უფლებით შემოგვეჭერი შენი სულელური მონაჩმახებით... სად არიან მოწმეები... ანაბეჭდები, მტკიცებულებები... - კურტ, გთხოვ, გაჩუმდი, - მოულოდნელად შეცვლილი ტონით შეაწყვეტინა ქალმა. - დეტექტივი, როგორც ჩანს, მართლაც მეტისმეტად გადაიღალა, დასვენება სჭირდება. ღვინო შესთავაზე. დამშვიდ-

9


დება და მიხვდება, რომ ბიძიას მკვლელობაში შეუძლებელია რამე ბრალი მიგვიძღვოდეს. კურტმა უხალისოდ მიუწია ჭიქა. - ვახშამი ვამპირებთან, - გაეცინა დეტექტივს. თვალი არ მომიცილებია, თორემ თქვენთან ჭიქის აწევას ვერ გავბედავდი. დიბესი რა მოგახსენოთ, ალბათ წერა-კითხვასთან მწყრალად არის, აი, თქვენ კი უამრავი კრიმინალური ნოველა გექნებათ წაკითხული, სადაც აბეზარ სამართალდამცავებს წამლავენ... საბრალო ფრედის ხსოვნისა იყოს, - თქვა მერე და ღვინო მოსვა. - მშვენიერია, მაგრამ მე მხოლოდ იაფფასიან სასმელებში ვერკვევი. ძირითადად „ცოდვილი ქალის აღსარებას“ მივირთმევ. ისე, თქვენც გირჩევთ, ძვირფასი ღვინის მოხმარებისგან თავი შეიკავოთ, კარგი ადვოკატი დაგჭირდებათ, მემკვიდრეობა კი ჯერ არ მიგიღიათ. დეტექტივი გარეთ გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. აღფრთოვანებული იყო საკუთარი თავით. ამ, თითქოს მარტივი, საქმის გასახსნელად ბოლო დღეების ჯოჯოხეთური შრომა, ინფორმაციის შეგროვება და თვალთვალი დასჭირდა. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, ჯერ კანტორაში უნდა შეევლო და ბრალდებისათვის ოფიციალური სახე მიეცა. „ამ გადაკარგულში ერთი ბოთლი ღვინისთვის როგორ წამოვიდნენ?“ - გაიფიქრა გზაში, როცა ნათურებით გაჩირაღდნებულ მაგისტრალზე გავიდა. დასაფლავებაზე და წინა დღეებშიც ქალს ფარულად დარაჯობდა - იცოდა, მკვლელობის თანამზრახველს ადრე თუ გვიან უნდა შეხვედროდა. ისინი საკმაოდ ფრთხილობდნენ, მაგრამ შეხვედრა

10


დღეს მაინც შედგა. მხოლოდ მან არ დაიჯერა უბედური შემთხვევის ვერსია. თავები გამოცდილ მაძებრებად მოაქვთ, ხვალ კი თავიანთი ჩაფლავების ამბავს შეიტყობენ, თუმცა ეს ქალი ვის არ შეიყვანდა შეცდომაში? ნამდვილი თვალთმაქცი და ცივსისხლიანი მკვლელია. ერთი სული ჰქონდა, სანამ ყველაფერს პირში მიახლიდა. მათთვის უარესი, თუ მიმალვას შეეცდებიან. არა და, რა უწყინარი შესახედაობა აქვს! უწყინარი, ლოკოკინასავით უწყინარი! დეტექტივს გაეცინა. უწყინარი, მკვლელი ლოკოკინები. ისინი ნელა, უჩუმრად მოძრაობენ, ღამე კი მშვიდი ძილით სძინავთ, მაგრამ ვაი მას, ვინც უნდა ფხიზლობდეს, ვინც სხვების სიცოცხლის სადარაჯოზე დგას და ნეკროლოგების თუ უბედური შემთხვევების მიღმა მათ ნაკვალევს ვერ ამჩნევს. შიშისგან ძრწოდეთ, გაიძვერებო! სანამ ლევალიეს პირში სული უდგას, თქვენ მშვიდი ძილი არ გეღირსებათ. აქ დეტექტივს ფიქრი გაუწყდა. მოულოდნელად უჩვეულო მოდუნება იგრძნო. მთელი დღის ნაშიმშილევს ალკოჰოლის მცირე დოზამ სწრაფად დაუარა ძარღვებში. სიჩქარეს მოუმატა. მაგისტრალზე ამ დროს საცობები იხსნებოდა და დაგვიანებულ მოაგარაკეთა ავტომანქანები საშინელი სისწრაფით მიილტვოდა ქალაქისკენ. კვლავ ქალის მაცდური სახე დაუდგა თვალწინ: „დეტექტივს დასვენება სჭირდება, ღვინო შესთავაზე“. ნეტავ, რა უნდა ექნა ამ წითური ახმახისთვის? ერთი შეხედვით დიდი უტიფარი ვინმე ჩანს, თუმცა ქალს თვალებში შესციცინებს. ეტყობა, ყველა ბრძანებას

11


უსიტყვოდ ასრულებს, მაგრამ ახლა უკვე ზედმეტი ბარგია. საინტერესოა, როგორ აპირებდა მის მოშორებას, თანაც მკვლელობის თანამზრახველები არიან. დეტექტივმა უეცრად თავი საშინლად იგრძნო და ტკივილისგან დაგრეხილმა საჭეს ხელი უშვა. ღმერთო ჩემო, ღვინო! ქალი ამ საღამოს კურტის მოკვლასაც აპირებდა... „ღვინო შესთავაზე“... შენი დედაც! ღვინო უკვე მოწამლული ესხა ჭიქაში. ეს დეტექტივ ლევალიეს საბოლოო აღმოჩენა გახლდათ, თუმცა შესაძლოა, შეჯახების ან მანქანის მსხვრევის ხმაც აღიქვა. *** მეორე დღეს მცირე ნეკროლოგი ავტოკატასტროფის შესახებ იუწყებოდა.

12




Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.