6 minute read
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
ამ ინტერვიუში ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გლობალური ფაკულტეტის პროგრამის მოწვეული პროფესორი და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, საუბრობს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგებზე რუსეთის ეკონომიკაზე. ხოკრიშვილმა ასევე ისაუბრა ამ სანქციების გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე და ხაზი გაუსვა ეფექტიან საპირისპირო ზომებს, რომლებიც შეიძლება, მიღებულ იქნას საქართველოს მიერ, აღნიშნული გავლენის შესამცირებლად.
პირველ რიგში, როგორც ეკონომისტს გკითხავთ, რა ძალა აქვს სანქციებს და როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე ახლო პერსპექტივაში? შესაძლებელია თუ არა, რომ ამ სანქციებმა შეაჩეროს რუსეთი და რა დრო დასჭირდება ამას?
Advertisement
დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და დასავლეთის (თავისუფალი სამყაროს) კონსოლიდაციას მის გარშემო დიდი ძალა აქვს და მას აუცილებლად ექნება დამანგრეველი ეფექტი რუსეთის ეკონომიკაზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლევადიან პერსპექტივაშიც უკვე ვხედავთ სანქციების ხელშესახებ შედეგებს: რუსული რუბლის გაუფასურება, საფინანსო-საბანკო სექტორის ნაწილობრივი მოშლა, უცხოური კომპანიების და ინვესტორების მასობრივად გასვლა რუსეთის ბაზრიდან თუ ერთობლივი საწარმოებიდან, რუსეთთან დაკავშირებული ტვირთების მომსახურებაზე უარის თქმა და რუსეთის საექსპორტო/საიმპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი შეჩერება, რუსეთში კომპლექსური ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი მიწოდების ჯაჭვების მოშლა და პროდუქციის გაჩერება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალის, რა შედეგიც უკვე დადგა.
დღეს ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც მყისიერად არ ჩამოიშალა რუსეთის ეკონომიკა და ეგრეთ წოდებული „საომარი სალარო“ არის ბუნებრივი აირის და ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი; ასევე - ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ ომისთვის დიდ ხანს ემზადებოდა და შესაბამის რეზერვს ქმნიდა.
ჯერ ვერ ხდება დასავლეთში, მასშტაბურად, რუსულ ბუნებრივ აირზე და ნავთობის ყიდვაზე უარის თქმა და მისი სრული სანქცირება, რადგან ალტერნატივის მოძიებისთვის დრო არის საჭირო. თუმცა, უკვე არსებობს კონკრეტული სხვადასხვა გეგმა დასავლეთში (ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი), რომელიც გულისხმობს, უმოკლეს ვადაში, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას და ახალ ალტერნატივაზე გადასვლას.
თქვენ როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, და რატომ გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება ახლა, როცა არც 2014-ში დაუწესებია საქართველოს სანქციები. იყო თუ არა კომუნიკაციის პრობლემა უკრაინასთან და დასავლელ პარტნიორებთან?
ვფიქრობ, პირველ რიგში, უკრაინაც, და თავისუფალი სამყაროც, ჩვენგან ელოდება მკაფიო პოზიციონირებას და გულწრფელ სოლიდარობას. სანქციების ტექნიკური ნაწილის განხილვა, რა თქმა უნდა, კომუნიკაციის პრობლემაზე მიუთითებს. ყველა ქვეყანამ იმოქმედა იმის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში თუ რამდენად შეძლებდნენ, სანქციების დაწესებით, მათ ეკონომიკებზე წარმოქმნილი ფასის გადახდას. ზოგიერთი სანქციის შინაარსიდან გამომდინარე, ისედაც მოუწევს საქართველოს რაღაც ნაწილში აღსრულება. ამიტომ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელთა შინაარსიც იძლევა ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება კრემლის პროპაგანდის სასარგებლოდ.
როგორ აისახება არსებული ვითარება საქართველოზე, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში? და როგორი იქნებოდა თქვენი რეკომენდაციები?
საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა. საგარეო ვაჭრობაში რუსეთი, იმპორტის მხრივ, მეორე ადგილზე, ხოლო, ექსპორტის თვალსაზრისით, მესამე ადგილზე იყო. ამას ემატება რუსეთიდან ფულადი გზავნილები და ტურიზმში რუსეთის მოქალაქეების მაღალი წილი. რუსეთის ეკონომიკა თუ ჩამოიშალა, გზავნილს ვინც ახორციელებდა, მათი უმრავლესობის შემოსავლის წყაროც, ავტომატურად, აღარ იარსებებს და გზავნილებიც მნიშვნელოვნად შემცირდება, მათგან ნაწილი უკან დაბრუნდება და ნაწილი სხვა ქვეყნებში გადავა.
ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თუმცა, რომ ავიღოთ ცალკეული საექსპორტო პროდუქტები (თხილის და სპილენძის მადნების გამოკლებით) თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2018 წლამდე ევროკავშირთან არსებული ვაჭრობა მცირედით არის გაზრდილი, ხოლო 2019-ში შემცირდა და დღეს 2013 წლის მონაცემზე დაბალია. ამით იმას არ ვამბობ, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას შედეგი არ მოუტანია, არამედ - იმას, რომ მას ტრანსფორმაციული ეფექტი არ ჰქონია, თუ საექსპორტო აგრეგატებს შევხედავთ. მას არ შეუმცირებია რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება.
როგორ აფასებთ გერმანიის როლს ამ პროცესში, ხომ არ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო ქმედით ზომებს მათგან?
მიმდინარე მოვლენების ფონზე სრულიად (180 გრადუსით) შეიცვალა გერმანიის თავდაცვის, უსაფრთხოების საგარეო და ენერგეტიკული პოლიტიკა. ფედერალურმა კანცლერმა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ შეიქმნება ასმილიარდიანი ფონდი გერმანიის ჯარის მოდერნიზაციისთვის (დრონები, საბრძოლო თვითმფრინავები) და უკვე დღეიდან, გერმანიის სამხედრო დანახარჯი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტი. გერმანიამ გადადგა ნაბიჯი, რომ უკრაინას მიაწოდოს თავდაცვითი იარაღი და რადიკალურად შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება. დღეს, მოსახლეობის დიდი ნაწილიც და გერმანიის პოლიტიკური წრეც აცნობიერებს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ მე-2 მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად ხდება მასშტაბური, ღია სამხედრო აგრესია ევროპაში სუვერენულ სახელმწიფოზე (რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წელს და ყირიმის ანექსია 2014 წელს, სამწუხაროდ, არ იქნა ასე აღქმული), რაც, პირდაპირ, ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაა. გერმანია, ევროკავშირთან ერთად, ტრანსატლანტიკურ ალიანსში მოქმედებს კოორდინირებულად, რომ მტკიცე პასუხი გასცენ რუსულ აგრესიას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს მეტ ქმედით ზომას მომავალში.
ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ, რა ზომებს უნდა მიმართონ მსოფლიო ლიდერებმა ომის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად და რა უშლით ხელს ამ ზომების ამოქმედებაში?
თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციისკენ და, მეორე მხრივ, უპრეცედენტო ტრანსატლანტიკურ კოორდინაციაზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დასავლეთი ძლიერ მხარდაჭერას და დახმარებას უწევს უკრაინას. სანქციებზე ვისაუბრეთ და სანქციების გამკაცრება არის დამატებითი ზეწოლის მექანიზმი, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. რაც მთავარია, დასავლეთი უკრაინას ეხმარება არა მარტო ფინანსურად, არამედ - თავდაცვითი იარაღის მიწოდებითაც.
დღეს მთავარი მიზანი არის უკრაინაში საომარი მოქმედების შეწყვეტა და, ასევე, დასავლეთსა და რუსეთს შორის ბირთვული კონფლიქტის თავიდან აცილება. მიმდინარეობს კომუნიკაცია რუსეთთან, რომ მოხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და შეთანხმება. კრემლს და რუსეთის საზოგადოებას მოუწევს რეალობის დანახვა, რომ, სამხედრო აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გაიზრდება და ცივილიზებული სამყაროს პასუხი იქნება რუსეთის სრული პოლიტიკური იზოლაცია დამანგრეველი ეკონომიკური შედეგით.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დაჩქარებული წესით შეიტანეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. რამდენად რეალისტურია ევროკავშირის გაფართოება ახლა და როგორია განწყობა ევროპელ ლიდერებში?
დღეს, რა თქმა უნდა, დასავლეთის ლიდერების ყურადღება უკრაინის კონფლიქტისკენ არის მიმართული, მაგრამ ასევე იმ ქვეყნებზე, რომელთაც დემოკრატიული დღის წესრიგი აქვთ და თავიანთ მომავალს თავისუფალ სამყაროში მოიაზრებენ. რუსეთის ქმედებების შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი (წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი) მოიშალა და მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, როგორი იქნება ახალი წესრიგის წონასწორობა. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყნის პოზიციონირება მიმდინარე ღირებულებების ომში არის ასევე მისი გეოპოლიტიკური არჩევანის გამოხატულება. აქედან გამომდინარე, განაცხადის შეტანა მნიშვნელოვანია, იმის და მიუხედავად შემდეგი პროცესები, ამ მიმართულებით, რა სისწრაფით წარიმართება.