9 minute read

მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი - უკრაინის მხარდაჭერით მისი შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება

უკრაინის პარლამენტის წევრი და უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე იმ წარმოუდგენელი განსაცდელის წინაშე დგას, რომელსაც უკრაინელები რუსეთის შემოჭრის შემდეგ განიცდიან. უკრაინელი პოლიტიკოსი თვლის, რომ დასავლეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს უკრაინის სწრაფვაში, შეაჩეროს რუსეთი, სანამ გვიანი არ არის.

რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს. მას შემდეგ ბევრი ადამიანი, მათ შორის, მთავრობები და კერძო ორგანიზაციები, ჩაერთნენ უკრაინის მხარდასაჭერ ქმედებებში. თქვენ იმყოფებით ადგილზე. რას გვეტყვით, როგორია თქვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა?

Advertisement

ეს არის სასტიკი და სისხლიანი ომი, რომელიც რუსმა დიქტატორმა აწარმოა ჩვენ წინააღმდეგ და მისი ქვეყნის ტერორისტული არმია ეხმარება მას, განახორციელოს თავისი სისხლისმღვრელი სურვილი, წაშალოს უკრაინელი ერი მსოფლიოს რუკიდან. მაგრამ მათი ბლიცკრიგი ბლიც მარცხი გამოდგა, რადგან ყველამ, როგორც პუტინმა, ისე პუტინისტურმა რუსეთმა და დასავლელმა პარტნიორებმა არ შეაფასეს სათანადოდ, რომ ა) ჩვენი შეიარაღებული ძალები ასე ძლიერად იბრძოლებდნენ და ბ) უკრაინული საზოგადოება, რომელიც ასე სწრაფად მობილიზდებოდა და, რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, შიშველი ხელებით, მხოლოდ უკრაინული დროშებით გამოდიან რუსული ტანკების, რუსული სამხედრო მანქანების წინააღმდეგ და ცდილობენ მათ შეჩერებას.

ასე რომ, ამ კონკრეტულ მომენტში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს ბრძოლა და დაბომბვა ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებული უკრაინელი ხალხის, წამოსულნი სამხრეთიდან მარიუპოლი, მიკოლაევი, მიმავალნი ხარკოვში, სუმიში, ჩერნიგოვში, კიევში. კიევის გარეუბანში კი უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა. ვხედავთ, როგორ არ უშვებენ ხალხს ევაკუაციისთვის, როგორ ჰყავთ მძევლად. და, სამწუხაროდ, უკვე ვიცნობთ რამდენიმე ადამიანს, რომელთა ევაკუაცია და გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. უკვე 40 ბავშვია, რომლებიც, როგორც ვიცით, დაიღუპნენ, დაწყებული ძალიან პატარებით, დამთავრებული შედარებით უფროსებით. ეს ყველასთვის გულსატკენია.

რუსულ აგრესიას ქვეყანა ერთიანობით ჰპასუხობს და ეს არის მთავარი. საუბარია იმაზე, რომ უკრაინელები გაერთიანდნენ ქვეყნის დასაცავად, სამშობლოს ირგვლივ, თავიანთი სახლების ირგვლივ, საყვარელი ადამიანების ირგვლივ და ეს არის ის, რაც უნდა გვესმოდეს. ვხედავთ, დასავლეთ უკრაინაში თუ როგორ ცდილობს ხალხი მათ მასპინძლობას, ვინც გაქცეულია აღმოსავლეთიდან, ცენტრალური ნაწილებიდან. ამავდროულად, ორგანიზება გაუწიეს ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოსავლეთში გასაგზავნად და ორგანიზებას უწევენ, დაეხმარონ იპოვონ ღამის გასათევი ადგილები, სადაც მათ შეუძლიათ, მიიღონ თავშესაფარი და ასე შემდეგ.

როგორ უძლებენ თქვენი მოქალაქეები შექმნილ სიტუაციას?

ცხადია, კიევში მძიმე მდგომარეობაა, რადგან, როგორც ზოგიერთ სხვა ქალაქში, აქაც სულ უფრო ნაკლები საკვებია. პური და კვერცხი დეფიციტური ხდება. კიევის ირგვლივ, ზოგიერთ ქალაქსა და პატარა სოფელში, არის ძალიან ძირითადი რამ, რაც ხალხს სჭირდება. ელექტროენერგია უკვე არ არის, რადგან დაბომბვაა, რადგან შეგნებულად აფუჭებენ ელექტროქსელებს. ზოგიერთ ქალაქში კი გაზი არ არის ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო. ადამიანები, რა თქმა უნდა, მუდმივად განიცდიან ექსტრემალურ სტრესს. ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. უკვე იგრძნობთ ადამიანების დაღლილობას, მაგრამ ყველა ძალიან არა მარტო მობილიზებულია, არამედ - ძალიან მონდომებულია, ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისთვის. ასევე, ჩვენ ვიხმობთ და ყველანი, მათ შორის, დეპუტატები, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებმაც იციან სროლა და ბრძოლა, ჩაირიცხა ტერიტორიულ დაცვაში, ხოლო ვისაც მენეჯერული უნარი აქვს, მათ შეუძლიათ სხვა რამის გაკეთება, მაგალითად, ისინი ცდილობენ, უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება; მათ, ვისაც შეუძლია საერთაშორისო კოლეგებთან კონტაქტის შენარჩუნება და დღის წესრიგში იმ პრიორიტეტების დაყენება, რომლებიც დღეს გვჭირდება, ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან.

რა ქმედით როლს ასრულებს საერთაშორისო საზოგადოება?

ცხადია, ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი, რომ დასავლეთში ჩვენთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მთავარი პრიორიტეტული გადაწყვეტილებების მიღებას ამდენი დრო სჭირდება. ასევე ძალიან კარგად გვესმის ისევ და ისევ, რომ ეს შეტევა, ეს სისხლიანი ომი, არის დამშვიდების პოლიტიკის, პუტინის არპროვოცირების პოლიტიკის შედეგი, იმ ტიპის დიპლომატია, სადაც ხალხი ფიქრობდა, რომ პუტინის ნდობა შეიძლება და მის სიტყვებს რამე მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, თუ დასავლეთის მხრიდან მკვეთრ რეაქციას მივიღებდით 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს ან გვექნებოდა სერიოზული და რადიკალური სანქციები 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და შეუტია უკრაინის აღმოსავლეთს. ასევე, იმ მხარდაჭერის ნაწილიც რომ მიგვეღო, რომელსაც ამ კონკრეტულ მომენტში ვიღებთ დასავლეთისგან, ვფიქრობ, ჩვენ არ აღმოვჩნდებოდით ამ ადგილას, სადაც დღეს ვართ. ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისი ანალიზიც ყვე- ლას მოუწევს და „მიღებული გაკვეთილის“ შესრულება, რათა არ განმეორდეს ასეთი მკვეთრი, დამღუპველი შეცდომები მომავალში.

მაგრამ ახლაც ვხედავთ ტექტონიკურ ცვლილებას დასავლეთის ქვეყნების ქცევაში. მოგეხსენებათ, ის, რაც შეუძლებელი იყო გუშინწინ, დღეს უკვე ხორციელდება, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკის შეცვლა უკრაინის რეალურად, სამხედრო მხარდაჭერისთვის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის მზაობა. მაგრამ მაინც, ჩვენ ჩამოვრჩებით, როგორც საერთაშორისო საზოგადოება. ვფიქრობ, რომ სერიოზულად ჩამოვრჩებით ამ პროაქტიულ განადგურებას, რომელსაც პუტინი გვიმზადებს. და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა.

რა არის ის გადამწყვეტი ზომები, რომლებიც, თქვენი აზრით, უნდა გატარდეს, რათა რუსეთი დაზარალდეს უკრაინაში შეჭრის გამო?

ვმუშაობთ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგოზე, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა ბანკი Swift-ისგან რეალურად გაითიშოს და არა მხოლოდ მათი საბანკო სისტემის 15 პროცენტი. ახლა ვმუშაობთ იმ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსეთის ფედერაციაში, რომ დატოვონ რუსული ბაზარი, ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, არა მხოლოდ ოლიგარქებისა და პუტინის ახლო წრის წინააღმდეგ, არამედ იმისთვის, რომ მათი შვილები და ოჯახები სასწრაფოდ განდევნონ უსაფრთხო „სამოთხედან“, სადაც ისინი იმყოფებიან დასავლეთის ქვეყნებში და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, უკრაინის პრიორიტეტი და მთავარი მოთხოვნა არის არასაფრენი ზონის დაწესება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევძლოთ, მივიღოთ საჰაერო თავდაცვა და თვითმფრინავები, მოიერიშე თვითმფრინავები, რომელთაც გამოვიყენებდით თავის დასაცავად, რადგან გამოვავლინეთ სიმტკიცე, გამბედაობა, მზადყოფნა საპასუხოდ. მაგრამ გვჭირდება გაძლიერება. გვჭირდება დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა ტერიტორიული თავდაცვისთვის, დაწყებული ჯავშანტექნიკით, დამთავრებული საკომუნიკაციო მოწყობილობებით, ღამის ხედვის სათვალით, ჩექმით და ასე შემდეგ. ამ დროის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი ადამიანი ჩაირიცხა ტერიტორიულ თავდაცვაში, მაგრამ ისინი შიშველი ხელებით არიან. არ აქვთ რეალური იარაღი და რეალური დამცავი აღჭურვილობა, რომ ეფექტიანად იბრძოლონ. არის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ასე რომ, სწორედ ეს არის ჩვენი თხოვნა და მოლოდინი დასავლური საზოგადოებისგან.

ასევე, ვფიქრობ, საერთაშორისო არენაზე ტექტონიკური ძვრები ხდება. და ვნახავთ, როგორ მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამომავლოდ, რესტრუქტურიზაცია და ხელახალი განსაზღვრა. და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის უპრეცედენტო მხარდაჭერა რუსეთის შესახებ, უკრაინიდან დაუყოვნებლივი და უპირობო გასვლა, რომელსაც მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა. ვფიქრობ, ეს დიდი მხარდაჭერაა, მაგრამ უნდა მივყვეთ ამას. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ახლა, რაც შეიძლება მალე, სამშვიდობო ძალა შემოვიდეს უკრაინაში. როგორც გაეროს ან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება და რუსეთს, ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა აეკრძალოს კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში.

ვფიქრობ, რუსი დიპლომატები ყველა ქვეყნიდან უნდა განდევნონ. ეს უნდა იყოს იზოლაცია, რადგან პუტინი, რომელიც მათ ხელმძღვანელობს, შეშლილია, მაგრამ მხოლოდ ის არ არის შეშლილი, მთელი საზოგადოება სავსეა პროპაგანდით, და შეძრწუნებული ვარ იმ მონაცემით, სადაც ჩანს, რომ რუსების 60 ან 70 პროცენტი მხარს უჭერს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ისინი განაგრძობენ თავიანთი აშკარა ტყუილის მთელ მსოფლიოში გავრცელებას, აყალიბებენ ყალბ, ცრუ ისტორიებს უკრაინის ბირთვულ იარაღზე მუშაობის თაობაზე. უკრაინამ, ფაქტობრივად, დათმო თავისი მესამე უდიდესი ბირთვული არსენალი მსოფლიოში 1994 წელს იმ ფურცლის გამო, რომელმაც არ დაგვიცვა, ვგულისხმობ ბუდაპეშტის მემორანდუმს, სადაც უსაფრთხოების გარანტია მიეცა უკრაინას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც, მიუხედავად ამისა თავს გვესხმოდა და გვიტევდა. მაგრამ უკრაინელებს არასოდეს გასჩენიათ ბირთვული იარაღის ქონაზე ფიქრიც კი. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საერთაშორისო ნორმებსა და კანონებს და ასეც ვიყავით. განვაგრძობთ მშვიდობის დაცვას, მაგრამ ცხადია, ჯოჯოხეთურად ვიბრძოლებთ საკუთარ ტერიტორიაზე, ჩვენი მიწისთვის და ჩვენი ქალაქებისთვის.

მინდა, გკითხოთ მეტი, არასაფრენი ზონის დაწესებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ჯერ კიდევ რატომ არის ამდენი ყოყმანი ამ საკითხთან დაკავშირებით? და რა იმედი გაქვთ მის აქტუალიზაციაზე?

ყოყმანი იმიტომ არის, რომ ნატოს ქვეყნებს ეშინიათ, რომ თუ ისინი თავიანთი თვითმფრინავებით ჩვენი ქვეყნის თავზე იფრენენ, გაუთვალისწინებელი შეტაკება იქნება რუსულ ძალასთან, და ეს ნიშნავს, რომ ნატო გახდება ამ კონფლიქტის ნაწილი. ისევ და ისევ, ეს არის კრიტიკული შეცდომა, რაც მათ მოსდით. მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს, პუტინი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით. თუ უკრაინა დაეცემა, ეს ომი კიდევ უფრო გაფართოვდება და დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი, თუ უკრაინა დაეცემა, თავს დაესხმება მოლდოვას, თავს დაესხმება საქართველოს და შემდეგ თავს დაესხმება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, ის შეეცდება, შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოში არ არიან, მაგალითად, შვედეთს და ფინეთს. და კიდევ უფრო შორს წავლენ. თან, ეს არის ის, რისიც ჯერ კიდევ არ სჯერათ ჩვენს დასავლელ კოლეგებს. მაინც იმის იმედი აქვთ, რომ ეს გიჟური დღე არ დადგება, მაგრამ ის აუცილებლად დადგება და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ შეაჩერონ, ახლა აქ არის, უკრაინაში. ასე რომ, რაც უფრო მალე მივიღებთ აზროვნების ცვლილების ამგვარ კრიტიკულ წერტილს საერთაშორისო პარტნიორების გონებაში, ნაკლები იქნება უკრაინელების დაღუპულთა რიცხვი და ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ ეს, შემდგომში, უფრო ფართო ომში გადაიზარდოს.

როგორ შეაფასებდით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას? რომელი ქვეყნები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ნელთბილ პოზიციას იკავებენ? ასევე, როგორ შეაფასებთ საქართველოს პოზიციას? ჩვენ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მხარს უჭერს და ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების უმოქმედო პოზიციას. მაგრამ, როგორ ჩანს ეს თქვენი გადმოსახედიდან?

ვმუშაობთ ყველა პარტნიორზე, ნატოსა და ევროკავშირის წევრებზე და - ასევე მათზე, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ არ არის ამ ორგანიზაციების ნაწილი, როგორიცაა იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ყველა მათგანის, ერთგვარი, კოორდინირებული ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ უკრაინა მეტი სამხედრო მხარდაჭერით და საჰაერო თავდაცვით, თვითმფრინავებით და რეალურად გადადგმული ნაბიჯით უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესებასთან დაკავშირებით.

უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი და პუტინისტური რუსეთი არ კარგავდნენ დროს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებთან, მედიასთან, ასევე, მათი პროპაგანდისტული არხებით დასავლეთში და ამ მიზნით ხარჯავდნენ ფულს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. გვყავს ეგრეთ წოდებული „პუტინფერშტეერები“, რომლებიც უკრაინის დახმარების საპირისპიროდ სკეპტიციზმის მარცვალს თესავენ პუტინისა და პუტინისტური რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. ისინი არიან ყველგან, თითქმის ყველა ქვეყანაში, სადღაც ნაკლები, სადღაც მეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მთავრობასთან უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც გამოდის და აპროტესტებს, და მხარს უჭერს უკრაინას. ვამბობთ, რომ ვაფასებთ იმ უზარმაზარ გამოვლინებებს, რაც ქვეყანაში ხდება. მე მესმის ხელისუფლების სიფრთხილე, რადგან, როგორც ვთქვი, მესმის ისიც, რომ ომი შეიძლება, თქვენთანაც დაიწყოს, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ესმის, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ეს ომი თქვენს მიწაზე იქნება. ასე რომ, ახლავე უნდა დაუდგეთ გვერდში უკრაინას, და ეს იქნება საქართველოს დაცვა ამ კონკრეტულ მომენტში. როგორც მარტინ ლუთერ კინგმა უმცროსმა თქვა, „საბოლოოდ, ჩვენ მეგობრების დუმილს ვიმახსოვრებთ და არა ჩვენი მტრების სიტყვებს“. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან. მაქვს შეხება საქართველოს პარლამენტის წევრებთან, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ ცვლილებას საქართველოს პოლიტიკაში, უნდა ჩაითვალოს, რომ უკრაინის არდახმარებით გამოწვეული საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე უკრაინის დახმარებით გამოწვეული საფრთხე.

არ მინდა, ბევრი დრო წაგართვათ, ამიტომ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი მოლოდინი? როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას?

ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ევროპარლამენტმა გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილებაც ევროკავშირის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ევროპარლამენტის და ევროკომისიის მიერ მისი პოლიტიკური მიმართვის შეფასების შედეგად. მაგრამ ცხადია, გვესმის, რომ კარგად მომზადება დაგვჭირდება. წარმოუდგენელი სამუშაო, რომლის შესრულებაც მოგვიწევს როგორც ქვეყნის აღსადგენად, ასევე იმის გარდასაქმნელად, რაც არ გაკეთებულა, განსაკუთრებით - ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ომი უკრაინაში არის ომი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ და თუ ვინმეს სჯერა, რომ სიცოცხლე ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა, ყველას, ვისაც ამის სჯერა, უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის უკან დახევაში.

This article is from: