6 minute read

ინტერვიუ: ზაჰა ქონსთრაქშენის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ლორთქიფანიძე

ზაჰა ქონსთრაქშენმა, სამშენებლო სექტორში 25-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდით, იორკ ჰოლდინგ ჯგუფის სამშენებლო-საინჟინრო მიმართულება ჩაიბარა.

ამჟამად, ზაჰა ქონსთრაქშენი ორ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს ლისის ტბასა და ტაბახმელაში. პროექტი გულისხმობს, არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

Advertisement

ამასთან, უკვე დაწყებულია „ბაზალეთი რეზორტი“-ს პროექტზე მუშაობა, რომელიც 2 000 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საცხოვრებელი და დასასვენებელი ზონების, ასევე, სასტუმროს, სხვადასხვა ტიპის კომერციული, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობა.

ამ ყველაფერს კი, სამშენებლო სფეროში მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მარიამ ლორთქიფანიძე უდგას სათავეში. იგი 10 წელია აღნიშნულ ბიზნესშია და მონაწილეობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო, გლობალურ და ადგილობრივ მასშტაბურ პროექტებში. მან, პრაქტიკულად, დააფუძნა ჰოლდინგის სამშენებლო ბიზნესი და გააკეთა ამისთვის მთავარი - შეკრიბა გუნდი, შექმნა სტრატეგია და პროცესები.

ზაჰა ქონსთრაქშენის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ჟურნალ „დიპლომატ“-ს მარიამ ლორთქიფანიძე თავად ესაუბრა:

თქვენი დირექტორობა პოსტ-კოვიდურ, ბიზნესისთვის საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდს, ასევე იორკ ჰოლდინგ ჯგუფის ისტორიაში ახალ ეტაპს დაემთხვა. რას გულისხმობს ეს ახალი ეტაპი უფრო დეტალურად?

2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდის რეცესიასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 29.9%- ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს სამშენებლო სექტორს, სადაც ზრდა 34%–ია. სექტორში გაზრდილია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ისე მათი საშუალო თვიური ანაზღაურებაც. ნამდვილად იყო საკმაოდ მძიმე პერიოდი, მაგრამ იორკ ჰოლდინგ ჯგუფმა დაამტკიცა, რომ მდგრადია ამ შოკების მიმართ, უფრო მეტიც, ჩვენ გავიზარდეთ და განვვითარდით, ეს დრო გამოვიყენეთ ახალი ორგანიზაციული წყობის ჩამოყალიბებისთვის. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ სამშენებლო პროფესიონალების შიდა გუნდი, რათა უფრო მეტად ჩართულები ვყოფილიყავით ჩვენს დეველოპერულ პროექტებში და საბოლოოდ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც განვიცადეთ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია სტრუქტურის, იდეოლოგიის, ბრენდინგისა და ტექნოლოგიების კუთხით.

რას სთავაზობს ზაჰა ქონსთრაქშენი მშენებლობით დაინტერესებულ პირებს და გარდა აღნიშნული საკითხებისა, რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ერთი ფანჯრის პრინციპით?

ზაჰა ქონსთრაქშენი, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ყოვლისმომცველ მომსახურებას მთელი პროექტის ციკლის განმავლობაში, ესკიზიდან - საცხოვრებელ კონდიციამდე, მათ შორის პროექტის დაგეგმარებით და აზომვით სამუშაოებს, საპროექტო სამუშაოებს, წინასამშენებლო მომსახურებას, ე.წ „DESIGN-BUILD” სერვისს, რომელიც თავის თავში მოიცავს პროექტირებასა და მშენებლობას, ასევე მშენებლობის მენეჯმენტს, ინტერიერის დიზაინს.

ერთია, როდესაც ინვესტორი, რომელსაც სურს ააშენოს სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსი ან სავაჭრო ცენტრი, მოდის ჩვენთან რათა ზუსტად მიიღოს ის შენობა და სტრუქტურა, რაც ქაღალდზეა ნაჩვენები. სულ სხვა საქმეა, როდესაც ინვესტორი იძლევა ზოგად მონახაზს და ჩვენ ის რეალობად უნდა ვაქციოთ. ეს განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, რომელიც აერთიანებს მშენებლობას და დაგეგმვას, პროექტირებას, ანუ „DESIGN-BUILD”-ს.

ზაჰა ქონსთრაქშენში გვჯერა, როდესაც მფლობელები/ინვესტორები ერთ მაგიდასთან სხედან არქიტექტორებთან, მშენებლებთან, ინჟინრებთან და შემფასებლებთან ერთად, სწორედ აქ იბადება საუკეთესო იდეები, მივდივართ კრეატიულ გადაწყვეტილებებამდე, რაც ხარჯების მინიმუმამდე შემცირების და ეფექტიანობის ზრდის საშუალებას იძლევა.

ზაჰა ქონსთრაქშენი ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას და სახელ- შეკრულებო რისკს მშენებლობის ყველა ასპექტზე - დაწყებული შეფასებით, კვლევებითა და წინასამშენებლო სამუშაოებით, დასრულებული არქიტექტურით, სქემებით, ინჟინერიით, ქვეკონტრაქტორების მართვით.

ცხადია, დღეს ბაზარი უფრო რეგულირებულია, ვიდრე ეს ადრე იყო…

ჩვენ მივესალმებით იმას, რაც ახლა სამშენებლო სექტორთან მიმართებით საქართველოში ხდება. ვგულისხმობ შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული რეგულაცია სხვა დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებთან ერთად თანაბარ პირობებში გვაყენებს. მინდა აღვნიშნო იმ ძირეული ცვლილებების სიკეთეც, რაც ასევე ბოლო პერიოდში განხორციელდა და რაც როგორც მშენებლების უსაფრთხოებას, ასევე მშენებლობის ხარისხსაც არეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ იორკ ჰოლდინგ ჯგუფთან ჩვენი ერთობლივი პროექტები აღნიშნული რეგულაციების ამოქმედებამდეც დაცული იყო ამჟამინდელი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, მინდა გითხრათ, ესყოველთვის საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ მაღალი რისკის გარემოში, რაც მოითხოვს ჩვენი პროფესიონალების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების მკაცრ დაცვას, ასევე ზოგადი სამშენებლო ნორმების დაცვას. ჩვენი ინჟინრები თუ მუშასპეციალისტები ყოველთვის წარმოადგენენ ფასდაუდებელ ღირებულებას კომპანიისთვის. ასე იყო რეგულაციებამდეც და ასეა რეგულაციების ამოქმედების შემდეგაც.

საქართველოში, სადაც ბევრი სამშენებლო კომპანიაა, რა არის ის განსაკუთრებული თუ განსხვავებული, რასაც ზაჰა ქონსთრაქშენი სთავაზობთ მომხმარებლებს? რა განიჭებთ უპირატესობას?

ზოგადად, სამშენებლო სფერო კომპლექსურია და კონკურენციაზეც ფართო გაგებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია კონკურენცია საინჟინრო, რკინაბეტონის, ფასადისა და მოპირკეთების სამუშაოების მიმართულებით. ასევე, განსხვავებული სურათი გვაქვს პროექტების ტიპების მიხედვით – იქნება ეს საცხოვრებელი, სავაჭრო, სასტუმრო, საოფისე მულტიფუნქციური კომპლექსები თუ სხვა. მაგალითად, ყველაზე მძაფრად კონკურენცია საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით იგრძნობა, რაც აბსოლუტურად პირიქით არის სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით, რადგან ასეთ კომპლექსურ სამუშაოებს ბევრი ქართული კომპანია ვერ ახორციელებს. ჩვენი უპირატესობა ძლიერი და გამოცდილი ინჟინერ-ტექნოლოგიური პერსონალია, რომელიც ერთ გუნდად აერთიანებს როგორც ვეტერან, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებს – ისინი ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

ამას გარდა, გვაქვს თანამედროვე სისტემები და ყოველთვის ახლის ძიებაში ვართ, რაც აჩქარებს ნებისმიერი მშენებლობის პროცესს, მომგებიანია როგორც დამკვეთისთვის, ისე შემსრულებლისთვის, ანუ ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაში ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ სხვა კომპანიებს ტექნიკურ-სისტემური უზრუნველყოფით გამოწვეული უპირატესობის გამო.

მოკლედ რომ გიპასუხოთ თქვენს შეკითხვაზე, კონკურენტულ უპირატესობად რესურსი, გამოცდილება და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა მიმაჩნია.

მართალია, საქართველოში კვალიფიციური მუშახელის მოძიება შეიძლება რთული იყოს, როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

ჩვენი კომპანიის ძირითადი აქტივი, როგორც უკვე რამდენჯერმე ვახსენე, გამოცდილი ადამიანური რესურსებია. ზაჰა ქონსთრაქშენი, დღეისათვის, 25-მდე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული და ეს ადამიანები ჩვენი სიმდიდრეა, რადგან მათ კონკრეტული საინჟინრო მიმართულებით მუშაობის ათეული წლის გამოცდილება აქვთ და სწორედ ისინი წარმოადგენენ კომპანიის ეგრეთ წოდებულ ბირთვსა და ტვინს. ეს ადამიანები პროექტის დასაწყისისა და განვითარების თითოეულ ეტაპს განსაზღვრავენ და გეგმავენ. ცხადია, პროექტის შემდგომი განვითარება უკვე სპეციალისტი მუშა-პერსონალის საქმე და კომპეტენციაა და ამ მიმართულებითაც კომპანია კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. დღევანდელი მდგომარეობით, ზაჰა ქონსთრაქშენში დაახლოებით 140 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, მომავალ ორ წელიწადში ეს ციფრი მინიმუმ გაორმაგდება.

რამ უნდა მოიტანოს ეს გაორმაგება? შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ რამდენიმე პროექტი, რომელთაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ?

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 1.5 მლნ კვ/მ-მდე აშენებას ვგეგმავთ. ეს ყველაფერი ძირითადად იორკ ჰოლდინგ ჯგუფის პროექტების მეშვეობით განხორციელდება, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ მესამე მხარეებთანაც. გადავდივართ იორკ თაუერსის პროექტების - „ლისი ვიუს“ და „იორკ თაუნის“ მშენებლობის მეორე ფაზაზე, რაც საკმაოდ დიდ მასშტაბებთან არის დაკავშირებული, და რაც მთავარია, უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ბაზალეთი რეზორტის პროექტს, ამ პროექტით ძალიან ვამაყობთ, მისი განხორციელება დიდ სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონს, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავისთავად დააყენებს დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საჭიროებას არა მარტო სამშენებლო, არამედ საოპერაციო და ადმინისტრაციულ პოზიციებზე.

როდესაც ამხელა გუნდის მართვაა საჭირო, ეს გარკვეულ სტრატეგიას და მართვის სტილს მოითხოვს, საინტერესოა, როგორია მარიამ ლორთქიფანიძეს მიდგომა ამ შემთხვევაში?

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ვმუშაობთ თავიდან ბოლომდე ღია კომუნიკაციით და მიზანმიმართული კოლაბორაციით, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ზაჰა ქონსთრაქშენის გუნდის წევრების უმრავლესობა უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს კვლევით, საინჟინრო და საპროექტო სრულ მომსახურებაზე - ეს იმ დროიდან, როდესაც ამ საქმის მთავარი იარაღები ე.წ. „მეტრიანი“ და ქაღალდი იყო. დღეს კი, ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან უახლესი ტექნოლოგიით, რათა პროექტზე მუშაობის პროცესი უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე ზუსტი და ჭკვიანი შესაძლებლობებით.

ჩვენი გუნდის წევრები თვითმმართველი პროფესიონალები არიან, ლიდერები თავიანთ საქმეში, შესაბამისად, ჩემი მართვის სტილი ჰორიზონტალურია და არა ვერტიკალური. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის იდეებს და მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებებამდე. ჩემი მიზანია, გუნდის წევრების წახალისება, მოტივირება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი საუკეთესო შედეგების მიღწევა.

საუბრის დასასრულს რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, რა არის ამ ბიზნესში წარმატების მიღწევის მთავარი წინაპირობა?

უნდა იცოდე რისი მიღწევა გინდა, რა დროში და რა ბიუჯეტით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო პროფესიონალთა გუნდის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, რომელიც მკაფიოდ არის შეთანხმებული ყველა იმ ღირებულებაზე, რამაც ჩვენს საქმეში წარმატება უნდა განაპირობოს - კვალიფიციური, მოტივირებული, ერთ გუნდად შეკრული. მოხარული ვარ, რომ ვმუშაობთ მთელი შემართებით მიზნების ასასრულებლად - ჩვენ შევქმენით ახალი ქართული ბრენდი და ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს ახალი ენერგიით. 2025 წლისთვის ვგეგმავთ, საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია გავხდეთ.

This article is from: