3 minute read

დავით ზალკალიანი: ევროპული ინტეგრაცია რჩება საქართველოს ურყევ და მტკიცე არჩევანად

3 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველო და მოლდოვა შეუერთდნენ უკრაინას ევროკავშირში სწრაფი წევრობისთვის განაცხადით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა გრძელი და დამღლელი გზაა რამდენიმე პროცესით, რომელიც მოიცავს წლების განმავლობაში სოციალურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ რეფორმებს, ე. წ. „ასოცირებული ტრიო“ ფიქრობს, რომ „დრო მოვიდა!“. ამ ისტორიულ მოვლენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟურნალ „დიპლომატს“ გვესაუბრა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის პერსპექტივა გაგვიზიარა.

საქართველო 2024 წელს გეგმავდა განაცხადის გაკეთებას. რამ განაპირობა ის, რომ დღეს ვაკეთებთ ამ განაცხადს?

Advertisement

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ამ მართლაც ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ შეაბიჯა განვითარების ახალ გზაზე და გადადგა მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის კუთხით, სწორედ, აღნიშნული განაცხადის გაკეთების სახით. მართალი ბრძანდებით, საქართველო განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ დღეს სრულიად ახალ გარემოსა და ვითარებაში ვართ.

ვიხილეთ, რომ საფრთხის წინაშე დადგა სუვერენული სახელმწიფოების - უკრაინის, საქართველოს თავისუფალი არჩევანი, რომ იყვნენ დასავლური ცივილიზაციის, დასავლური ოჯახის წევრები. ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო ამისთვის, დღეს, უკრაინამ, 2008 წელს კი საქართველომ - შეიძლება, ითქვას, დაიცვა ევროპული უსაფრთხოება და ევროპული ცივილიზაცია, საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად. შესაბამისად, მომენტი რომ ევროპულმა ქვეყნებმა, ევროკავშირმა მიიღოს ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არის ახლა.

ჩვენი მხრივ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საქართველოსგან განაცხადის გაკეთება არის მკაფიო სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ ჩვენ ვართ ევროპული არჩევანის ერთგული. საქართველომ პირველმა გამოსცადა ღია, სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, იწვნია ომის უმძიმესი შედეგები სწორედ იმ არჩევანის გამო, რაც დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა, განაცხადის უკვე ოფიციალურად გაკეთებით. ჩვენ, ბოლო წლებში, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ოჯახის წევრი და ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, თუნდაც, განხორციელებული რეფორმებით და იმ პოლიტიკური ინიციატივებით, რამაც დაანახა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს ევროპული კურსისადმი ჩვენი ერთგულება.

ევროკავშირში გაწევრიანების რა პროცედურა და ვადაა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს?

რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება რთული და ხანგრძლივი პროცესია, ეს არის გაწერილი პროცედურა, რომელსაც აქვს თავის მოთხოვნები და ვადები, თუმცა, გამომდინარე იმ კომპლექსური, არაორდინალური და რთული ვითარებიდან, როგორიც დღეს მსოფლიოში, კონკრეტულად კი ევროპის კონტინენტზე, არსებობს, პროცედურაზე ყურადღების გამახვილება არ მიმაჩნია აქტუალურად, რადგან მოვლენები დინამიკურად იცვლება და არ ვიცით, ამ მოცემულობაში, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი პროცედურა, რომელიც, მაგალითად, მოიცავს დეტალურ და ფართო კითხვარს და ქვეყანას ეძლევა გარკვეული ვადა კითხვარზე საპასუხოდ. შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, განმცხადებელი ქვეყნისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროკომისია გამოსცემს თავის მოსაზრებას (Opinion) ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და წევრობის მოლაპარაკების დაწყებისთვის მზაობის შესახებ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ამ გადმოსახედიდან რთულია იმის პროგნოზი, რა მიდგომით წავა ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადის განხილვისას.

რა მნიშვნელობის მატარებელია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მიმდინარე მოვლენების ფონზე?

მოკლედ რომ გიპასუხოთ - ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობას ამტკიცებს თუნდაც ის სხვადასხვა მოვლენა, რაც, დღეს, უკრაინაში მიმდინარეობს. უფრო ვრცლად თუ ჩამოვაყალიბებ ჩემს სათქმელს, ვფიქრობ, რომ, საქართველოსთან მიმართებაში, მსგავსი კითხვა არც უნდა დავსვათ

ევროპა არის საქართველოს ისტორიული ოჯახი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მატერიალურ განზომილებაზე, ქართველი ადამიანის მსოფლმხედველობა ეს არის, სწორედ, ევროპული ცივილიზაციის ანარეკლი, ისევე, როგორც ჩვენი ერი, თავისი ისტორიით, წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფოს. საკრალურია, რომ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, სწორედ, საქართველო, როგორც კარიბჭე, იცავდა ევროპის ქრისტიანობას მომხდური მტრისგან და დღესაც, სწორედ, საქართველო და ჩვენი მოძმე უკრაინა დგას და იბრძვის ევროპის დასაცავად.

საქართველო ძალიან ერთგულად მიუყვებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და თანმიმდევრული იყო თავის ყველა ნაბიჯში. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ჩვენი ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ევროპული ღირებულება და ფასეულობა - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა და სხვა.

მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წვერი, რომელმაც 2014 წელს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. კარგად ვიცი ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ აიღო შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, რადგან პარაფირების პროცესში ხელი მაქვს მოწერილი მის თითოეულ ფურცელზე. დიახ, ევროპულ სტანდარტთან ტრანსფორმაცია ეს იყო და რჩება საკმაოდ რთულ პროცესად, მაგრამ, 2014 წელსაც და ახლაც, ეს არის ჩვენი ურყევი და მტკიცე არჩევანი.

This article is from: