3 minute read
საფრანგეთი და საქართველო: ძლიერი ურთიერთობის შენება და შენარჩუნება რთულ დროს
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინაში მომხდარი უმძიმესი მოვლენების კვალდაკვალ, ჩვენ ვესაუბრეთ საფრანგეთის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს, არსებულ ვითარებაზე და მის საფრთხეებზე საქართველოსთვის.
როგორ აფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორების (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) ინიციატივას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანაზე? როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ამ მიმართულებით?
Advertisement
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აშკარად ევროპული ქვეყნებია. მათი მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კარგად არის ცნობილი და მოწონება დაიმსახურა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტზე. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მათ ევროპულ მისწრაფებებს ახალი შუქი აუნთო. უკრაინელები გაერთიანდნენ და იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და თავისუფლებას დიდი სიმამაცითა და გმირობით. ეს არის ჩვენთვის შთამაგონებელი, რადგან ეს ასევე არის ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლე დრიანმა, უკვე განაცხადა, რომ ამ ახალი რეალობიდან დასკვნების გამოტანა მოგვიწევს.
საქართველო და მოლდოვა ასევე მოწადინებულნი იყვნენ, დარჩნილიყვნენ მჭიდრო კოორდინაციაში უკრაინის ინიციატივასთან და საკუთარი სურვილები ევროკავშირთან ერთობლივი მომავლის შესახებ ერთობლივად დაედასტურებინათ, როგორც ასოცირებულ სამეულს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტად ვიქნებით ერთად ამ ბრძოლაში ჩვენი ღირებულებებისთვის, მით უფრო მეტად ვიმუშავებთ ერთად ევროპის საერთო მომავლის მშენებლობაში.
ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში არის შესაძლებელი, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იყოს?
ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტულ პროცესს მიჰყვება. ის დგება საფუძვლიანი დემოკრატიული განხილვის შედეგად, რომელიც მოიცავს კენჭისყრას ევროპარლამენტში, წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნებას საბჭოში, ევროკომისიის მოსაზრებას და ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების გადაწყვეტილებებს. ეს ბუნებრივია, რადგან გაფართოება არის პროცესი, რომელიც ეხება ევროკავშირის არსებობას და მის შესაძლებლობებს, იყოს კარგად მოქმედი აქტორი სახიფათო სამყაროში.
ახლა ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ძალადობის დასრულება. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულად განვახორციელოთ უკვე გადაწყვეტილი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი და კიდევ გავზარდოთ ეს მხარდაჭერა. ეს ახლა ყველაზე მთავარია.
მაშინ გაჩნდება აუცილებლობა, ერთად ჩამოვაყალიბოთ, როგორი მომავალი გვინდა ვიხილოთ ევროპისთვის, როგორ იმუშავებს, რას გააკეთებს, როგორ არის ორგანიზებული. ყველას, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, რადგან ეს არის ბრძოლა ევროპის სულისა და ფასეულობებისთვის, რა თქმა უნდა, მათ ხმას მოუსმენენ.
როგორ აფასებთ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას?
პრეზიდენტ მაკრონისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ რთულ დროს დაედასტურებინა საფრანგეთის სოლიდარობა საქართველოს მიმართ და პრეზიდენტი ზურაბიშვილისგან სიტუაციის შეფასება მოესმინა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავიღეთ ამ მოწოდების ინიციატივა და მივესალმებით შემდგომი ვიზიტის შესაძლებლობას უფრო სრულყოფილი შეხვედრისთვის. მინისტრმა ლე დრიანმა მინისტრ ზალკალიანსაც იმავე მიზეზების გამო დაურეკა. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საუბარი იყო.
ჩვენი ორი პრეზიდენტი შარშან რამდენჯერმე შეხვდა ერთმანეთს, კერძოდ, ფრანგი და ქართველი გმირის, დიმიტრი ამილახვარის, პატივისცემის ნიშნად გამართულ ღონისძიებაზე და საფრანგეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების, შემდეგ კი საფრანგეთში ქართული დემოკრატიული მთავრობის შეფარებიდან, რომელიც 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადასახლდა, 100 წლისთავის აღსანიშნავად. ასეთ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება.
რას ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რა გავლენას იქონიებს ის საქართველოზე?
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული მასიური თავდასხმა არის აგრესიის ომი, დანაშაული საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ, საერთაშორისო წესრიგის ისეთი ფუნდამენტური საყრდენების სასტიკი დარღვევა, როგორიცაა გაეროს წესდება, მრავალი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამან არ ჩაიარა ძლიერი რეაქციის გარეშე. გაოცებული ვარ ევროპელთა და სხვა ქვეყნების მიერ გამოვლენილი შესანიშნავი ერთობით უკრაინის ყველა შესაძლო საშუალებით მხარდაჭერის, ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების უსაფრთხოების კონსოლიდაციაში, ყოვლისმომცველი და ძალიან მნიშვნელოვანი სანქციების მიღებაში. დეზინფორმაციის იარაღების განეიტრალებაში. ასეთი ერთიანობა ასევე საყურადღებო იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც აგრესიის დაგმობის მხარდაჭერა აბსოლუტური იყო.
ასე რომ, ამ მოვლენების ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მართლაც ძლიერი, მობილიზებული და სანდოა. ვინც ამტკიცებდა, რომ ასე არ იქნებოდნენ, დრამატული შეცდომა დაუშვეს და უნდა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც საქართველომ უნდა დაინახოს ამ რთულ დროს.