5 minute read
ფონდ „SOS Talents“-ის იუბილე - მსოფლიო საფორტეპიანო ვარსკვლავების შექმნის ოცი წელიწადი
ამ ინტერვიუში, მიშელ სონისთან, ფრანგ პიანისტთან, კომპოზიტორთან და ფორტეპიანოს დიდაქტიკური ნაწარმოებების ავტორთან, ვსაუბრობთ მისი მეთოდოლოგიის ფაქტობრივ დეტალებზე და როგორ მიაღწია წარმოუდგენელ წარმატებას SOS Talents-ის ფონდმა ბოლო ოც წელიწადში.
რა არის გასაოცარი თქვენს მეთოდში, რაც მას განსაკუთრებულს ხდის და როგორ აღმოაჩინეთ ის?
Advertisement
ფორტეპიანოს სწავლების ჩემი მეთოდი შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლემ შეიგრძნოს ხელოვნება მუსიკალური პრაქტიკის მეშვეობით. ნებისმიერმა მოსწავლემ უნდა იპოვოს ხელოვნება და დაუკავშირდეს მას პრაქტიკის საშუალებით.
ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ ეს კონცეფცია და სწორედ ამიტომ ასწავლიდნენ მუსიკას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ დისციპლინას მათ განათლების სისტემაში. მაგალითად, პითაგორამ თავის სტუდენტებს ურჩია, არასოდეს დაეძინათ ისე, რომ რამდენიმე ნოტი არ დაეკრათ ლირაზე. იმ დროს ითვლებოდა, რომ მუსიკალურ პრაქტიკას შეუძლია, ხელი შეუწყოს „სულის განწმენდას...“ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუსიკის გაკვეთილები სწავლის დაწყებიდანვე ასოცირდება სიამოვნებასთან.
მუსიკას აქვს ძალა, გამოავლინოს ის მგრძნობელობა, რომელსაც ადამიანი ატარებს საკუთარ თავში, რაც საშუალებას აძლევს მას, გამოითქვას ორიგინალურ ენაზე, რომელიც, პირველ რიგში, ეხება გრძნობებს. ეს განსაკუთრებით ეხება ფორტეპიანოს - ინსტრუმენტს, რომელიც იძლევა კვაზიმეტაფიზიკურ გამოცდილებას, რომ გქონდეს საკუთარი მგრძნობელობის შეგრძნება თითების წვერებზე, ხმის ასახვისას. და ეს მგრძნობელობა შეიძლება, განვითარდეს, შეიძლება, შეფასდეს და დაიხვეწოს, თუ სწორი სწავლება ამის საშუალებას იძლევა.
სწორედ ამ ფილოსოფიით ვხელმძღვანელობ ჩემი პედაგოგიკის განვითარების განმავლობაში. ამ მიზნით შევადგინე დიდაქტიკური მუსიკალური ნაწარმოები, რომლის მეშვეობითაც ამ პრინციპს ვიყენებ.
თავიდან, შევქმენი ახალი გზა მუსიკის თეორიის მოკლე დროში შესასწავლად. ეს არის 6-საათიანი სოლფეჯიოს სემინარი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, წაიკითხოს მუსიკალური ნოტები და სემინარის დასრულების შემდეგ გაიგოს, თუ როგორ იწერება მუსიკა. შემდეგ შევქმენი ფორტეპიანოს ახალი საფუძვლები. პირველ საფუძველს წარმოადგენს „Prolégomènes à une Eidétique musicale“ თითქმის 400 ნაწილისგან შემდგარი ეს ციკლი საშუალებას აძლევს მგრძნობელობას, გადაადგილდეს და გამოხატოს საკუთარი თავი მუსიკალურ ენაზე, რომელიც შემცირებულია მის უმარტივეს გამოხატვამდე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
ამ მეთოდით, მუსიკალური შეგრძნების განცდა შესაძლებელია მისი ყველა შესაძლო მდგომარეობითა და ფორმით. ის ვითარდება, სრულყოფს საკუთარ თავს მელოდიებში და რადგან მას არ აქვს რამე ფორმალური სირთულე, ის მხოლოდ შეინარჩუნებს განცდის განუსაზღვრელ შეგრძნებას, რომელსაც ის იწვევს მოსწავლეში. ამგვარად, მუსიკალური შეგრძნების განცდის უნარი მეთოდურად სტიმულირდება, რათა გადასცეს ემოცია, რომელსაც ის გამოხატავს. ამრიგად, ასე ვემზადებით ხელოვანთა ტრენინგისთვის, რომლის მიზანია, მივაღწიოთ სრულყოფილ შეხამებას გრძნობასა და მის გადმოცემას შორის.
ჩემი სწავლების მეორე საფუძველს წარმოადგენს 300-ზე მეტი ეტიუდის ციკლი ფორტეპიანოსთვის. ეს სხვადასხვა კვლევა შედგენილია იმისთვის, რომ შეეხოს ყველა ასპექტს, რომელიც აუცილებელია ფორტეპიანოს ტექნიკის დაუფლებისთვის, მათი კლასიფიკაციისა და პროგრესული ციკლის შეთავაზებისთვის, რომელსაც თანდათან მიჰყავს მოსწავლე ინსტრუმენტის დაუფლებამდე. აქცენტი, ყოველთვის, შემოქმედებით ფანტაზიაზეა და ეს მიიღწევა მუსიკალური ესთეტიკის პედაგოგიურ ეფექტიანობასთან შერწყმით. გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი იძლევა ტექნიკურ თავისუფლებაზე წვდომას, რაც აუცილებელია ფორტეპიანოს რეპერტუართან დაკავშირებული შიშის დასამარცხებლად, სწავლის პროცესში მუსიკალური ინტერპრეტაციის სიამოვნების მისაღებად.
რატომ დააფუძნეთ SOS Talents Foundation?
მქონდა შემოთავაზება, 1995 წლიდან 2002 წლამდე ვყოფილი- ყავი ავსტრიაში, ვილა შინდლერში არსებული მუსიკალური დაწესე- ბულების ხელმძღვანელი. იმ დროს ვილა შინდლერს თავმჯდომარეობდა იეჰუდი მენუჰინი. ფორტეპიანოს ფესტივალის გარდა, რომელიც იქ შევქმენი, მეჩვენებოდა, რომ ავსტრიის ტიროლში მდებარე ეს შესანიშნავი ადგილი შეიძლებოდა, გამხდარიყო ერთგვარი ვილა მედიჩი ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომლებიც იქ იცხოვრებდნენ. შევარჩიე ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელთანაც ჩავატარე მნიშვნელოვანი საფორტეპიანო სამუშაო, რამაც საშუალება მისცა, მიეღწია თავისი ნიჭის სრული განვითარებისთვის. შემდეგ მოვიდნენ ქართველი ახალგაზრდები ხატია ბუნიათიშვილი და მისი და - გვანცა; ასევე - თამარ ბერაია, იანა ვასილიევა რუსეთიდან და მრავალი სხვა.
ამ ახალგაზრდა ხელოვანთა, რომელთაც მე ვამზადებდი, წარმოჩენის მიზნით, გამიჩნდა იდეა, შემექმნა SOS Talents Foundation 2000 წელს.
ფონდისთვის ძალიან ღირებული იყო დასოს ოჯახის მხარდაჭერა ნიკოლ დასოს ინიციატივით, რომელიც ენთუზიაზმით იყო განწყობილი ამ პროექტისადმი.
შთამბეჭდავია თქვენი მეთოდით გამოზრდილი ახალგაზრდა ტალანტების ყურება, რომელთაც აცნობთ ფართო საზოგადოებას და ასე იკვალავენ გზას თავიანთ საერთაშორისო კარიერაში. როგორ იხსენებთ მიღწეულ წარმატებებს ფონდის დაფუძნებიდან 20 წლის თავზე?
გასული ოცი წელი იყო ძალიან პროდუქტიული და დინამიკური ფონდისთვის. ბევრმა ახალგაზრდა ნიჭიერმა გაიარა ტრენინგი და მოიპოვა მთავარი საერთაშორისო პრიზები. SOS Talents Foundation-მა მოაწყო მრავალი კონცერტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Mezzo TV-ზე. ჩვენ გვყავს ჩვენი ტრენინგის მრავალი ბენეფიციარი, რომლებმაც გაიკეთეს შთამბეჭდავი საერთაშორისო კარიერა, განსაკუთრებით, ელისო ბოლქვაძე, ხატია ბუნიათიშვილი, ანა ყიფიანი, ანა ფედოროვა, ალექსანდრა მასალევა, თამარ ბერაია და ასე შემდეგ.
მომდევნო თაობაც, წინა თაობის მსგავსად, ბრწყინვალედ გამოიყურება, დაიმსახურეს საყოველთაო აღიარება და არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მათ შორის საქართველოდან აღსანიშნავია თედო დიაკონიძე, ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და ლიზა მეგრელიშვილი.
ლიეტუვიდან არიან - პიიუს პიროგოვასი, მარჯიკა კალენიჩენკო, მილდა დაუნორაიტე, მორტა გრიგალიუნიტე და კასპარას მიკუზისი.
ფონდს დავარქვი SOS Talents Foundation, რადგან სულს მიფორიაქებდა იმის ცოდნა, რომ ნიჭი შეიძლებოდა გამქრალიყო, შესაბამისი დამხმარე ინსტრუმენტების არარსებობის გამო.
ვფიქრობ, რომ ყველა იმ ახალგაზრდამ, ვინც გაიარა სწავლება ფონდში, განურჩევლად მათი ბედისა, მიიღო ყველაზე ძვირფასი ფასეულობა, რაც შეიძლება, გააჩნდეთ, ეს არის მუსიკით გატაცება, რომელიც არასოდეს მიატოვებს მათ და რომელიც მათ კვლავ შეუძლიათ, განავითარონ.
რა პროექტები და ინიციატივები იგეგმება უახლოეს წლებში?
მომავალ წლებში, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ გალაკონცერტების გაგრძელებას პარიზის ისტორიულ სასტუმრო Marcel Dassault-ში, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ამ ახალგაზრდებისთვის, რომ წარმოაჩინონ თავი ბრწყინვალე ადგილას, რომელიც მათ შთააგონებს.
ჩემი მიზანია, განვაგრძო მუსიკის შექმნით ბედნიერების გადმოცემა. დღევანდელ სამყაროში, ისე, როგორც არასდროს, ვფიქრობ, ამ ხელოვნებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს იმ კუთხით, რომ საშუალებას გვაძლევს, თავი ცოტა ხნით დავაღწიოთ იმ უამრავ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი ცხოვრება გვიწესებს. ჰარმონიისა და მგრძნობელობის ამ სამყაროში შესვლა აუცილებელია რეგენერაციისთვის და საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალის მოსაძებნად. მუსიკას აქვს ეს ძალა. ნუ დააყოვნებთ მისგან ამ შეგრძნების მიღებას. გაუმარჯოს მუსიკას და დაე, მუსიკა სულ იკვრებოდეს.