5 minute read
იტალიის ელჩი გადაგეგმვის პროცესში: სექტემრიდან ძველი და ახალი პროექტების განსახორციელებლად ვემზადებით - Diplomat Magazine
იტალია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ი ქვეყანაა პანდემიის შედეგად. „დიპლომატი“ ესაუბრა იტალიის ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს, იტალიაში არსებულ ვითარებასა და გავლენაზე, რომელსაც არსებული სიტუაცია ახდენს საელჩოს პროგრამებზე. ელჩმა საქართველოში დაგეგმილი მრავალი პროგრამის შესახებ საინტერესო, ოპტიმისტური მოსაზრებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ საელჩო მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს თითოეული აქტივობის წარმატებით განსახორციელებლად 2020 წლის სექტემბრიდან.
ბატონო ელჩო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება COVID19-ის გაჩენის შემდეგ და როგორი ვითარებაა ახლა თქვენს სამშობლოში?
Advertisement
რა თქმა უნდა, COVID-19-მა შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება და არც ჩემი იყო გამონაკლისი. პროფესიული თვალსაზრისით, მომიწია ადაპტირება მუშაობის ახალ მეთოდებთან: დისტანციური მუშაობა, როგორც წესი, და შეხვედრების ჩანაცვლება ვიდეოკონფერენციებით. ამან მიმიყვანა ინფორმატიკის გარკვეული უნარების გამომუშავებამდე, რომელსაც არ ველოდი, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ „ნორმალურ“ ცხოვრებასთან დაბრუნებამ საშუალება მომცა, კლასიკურ დიპლომატიაში დავბრუნებულიყავი უშუალო შეხვედრებით ჩემს თანამოსაუბრეებთან. უფრო პირადი თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ COVID-19-ის მიერ შექმნილმა ვითარებამ ნათლად აჩვენა, თუ როგორ არ აფასებენ ადამიანები - მათ შორის მეც - „ნორმალურს“, სანამ ის არ გაქრება. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება იტალიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შეზღუდვების უმეტესობა მაისის მეორე ნახევარსა და ივნისში თანდათანობით და ფრთხილად მოიხსნა და ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლირებადია, რაც სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის ნორმალური განვითარების საშუალებას იძლევა. იტალიის შესაბამისი ორგანოები მუდმივად აკვირდებიან სიტუაციას, რათა სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება შესაძლო ახალი გართულებების საპასუხოდ. იტალიის მთავრობა ახლა ცდილობს ეკონომიკის განახლებას როგორც ეროვნული, ისე ევროკავშირის ფარგლებში მიღებული ზომებით.
დიპლომატია პანდემიის დროს - როგორ გაუმკლავდა თქვენი საელჩო სიტუაციას და რა არის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდით ან კვლავ რჩება თქვენ წინაშე?
ჩვენ, ძირითადად, დავნერგეთ იმ წესების ერთობლიობა, რომლებიც საქართველოსა და იტალიის საჯარო ადმინისტრაციებმა შეიმუშავეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში დაწესდა დისტანციური საქმიანობა პერსონალის უმეტესობისთვის, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, სპეციალურ საგანგებო სიტუაციებთან გამკლავების ან საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველდღიური პარტნიორობის უზრუნველყოფის მიზნით. მეორე ეტაპზე საელჩოს თანამშრომლები მუშაობდნენ ცვლაში, რათა თავიდან აგვეცილებინა ხალხმრავლობა, ვიღებდით ჯანდაცვის კონკრეტულ ზომებს (ოთახების ხშირი სანიტარიული სამუშაოები, ნიღბების გამოყენება, თანამშრომლებისა და ვიზიტორთა თერმოსკრინინგი და ა.შ.). ამჟამად საელჩო სრულად ფუნქციონირებს, მათ შორის საკონსულო/სავიზო განყოფილება. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის სპეციფიკური ზომების განხორციელება გრძელდება. პირველ ეტაპზე მთავარი გამოწვევა იყო დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ყველა საქმიანობა ვერ შესრულდებოდა დისტანციურად. ამჟამად ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ზომები (განსაკუთრებით საკონსულო/სავიზო განყოფილების შესასვლელთან) უარყოფითად ისახება საზოგადოებისთვის ჩვენი მომსახურების მიღების დროზე.
რა ტიპის საქმიანობას გეგმავდით 2020 წელს, ვირუსული კრიზისის დაწყებამდე და რა გავლენა იქონია COVID-19-მა თქვენს გეგმებზე?
ჩვენ ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს საქართველოში, კულტურული ინიციატივების თვალსაზრისით (მათ შორის, სემინარებს ექსპერტთა მონაწილეობით) და პოლიტიკურ ვიზიტებს (კერძოდ, საპარლამენტო სფეროში). რა თქმა უნდა, გლობალური პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა მათი განხორციელება. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ინიციატივების გონივრული ხელახალი დაგეგმვა სექტემბრიდან და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, დინამიკურად დავიწყოთ მათი განხორციელება. ჩვენ ასევე მალე ხელახლა გავხსნით იტალიის სავაჭრო სააგენტოს „ფანჯარას“ თბილისში, რათა კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ თანამშრომლობას. მინდა აღვნიშნო ერთი კონკრეტული საქმიანობა, რომლის განხორციელებაც შევძელით საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობის წყალობით, კერძოდ, იტალიის სამხედრო- -საზღვაო ფლოტის ფრეგატი ITS Fasan-ის მონაწილეობა ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ერთობლივ წვრთნებში ფოთის მახლობლად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მასპინძლობით 7-9 აპრილს. ეს იყო გზა, წარმოგვეჩინა იტალიის ერთგულება საქართველო-ნატოს პარტნიორობის მიმართ, მიუხედავად პანდემიის გლობალური გამოწვევებისა.
რამდენად ახერხებთ საელჩოდან გასვლასა და ჩვენი ქვეყნის დათვალიერებას? რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ? უკვე იპოვეთ ისეთი ტურისტული ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ საქართველოში?
იმ დღიდან, როდესაც ქართულმა რეგულაციებმა ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილება დაუშვეს, დავიწყე აქტიური მოგზაურობა შაბათ-კვირას და მოკლე შვებულების პერიოდში, რომ გავცნობოდი საქართველოს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს. საშუალება მომეცა, დავმტკბარიყავი სვანეთის შესანიშნავი ხედებით (განსაკუთრებით, მთა უშბით და გამაოგნებელი სოფელი უშგულით), ბათუმის დატვირთული ცხოვრებითა და კვარიათის სასიამოვნო პლაჟით, მომხიბლავი ციხე-ქალაქი ვარძიითა და კახეთის შესანიშნავი ვენახებით. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ყაზბეგის მთა იყო დანახული გერგეთის ეკლესიიდან. საქართველოში მე შემიძლია, მივიღო ბუნებისა და კულტურის ისეთივე სრულყოფილი ნაზავი, როგორიც ჩემს სამშობლოშია.
როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ჩვენი ქვეყნის შესახებ? რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები?
საქართველო სარგებლობს სტუმართმოყვარეობის, ღიაობის, მოქნილობისა და სიყვარულის შთამბეჭდავი რეპუტაციით. საქართველოში ჩემი ყოფნის პირველ თვეებში დავინახე, რომ ეს რეპუტაცია ნამდვილად კარგად არის დასაბუთებული, რამაც მიბიძგა, გავრკვეულიყავი იტალიელებსა და ქართველებს შორის მრავალ მსგავსებაში, მათ შორისაა პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და ყველაფერი იმისადმი, რასაც ეს ცხოვრება გვთავაზობს.
COVID-19-ის პანდემია გამოწვევაა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რას ურჩევდით ქართველ ხალხს და მთავრობას, როგორ გარდაქმნან ეს გამოწვევა შესაძლებლობად?
მე ვერ მოგცემთ კონკრეტულ რჩევას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ტურიზმის საკითხები გლობალური პანდემიის დროს. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მოითხოვს ძალიან ფრთხილ ბალანსს ეკონომიკურსა და ჯანმრთელობის საკითხებს შორის. მე შემიძლია, გაგიზიაროთ იტალიური გამოცდილება, რომელიც შეიძლება, საინტერესო იყოს თქვენთვის, რადგან ჩვენს მშპ-ში ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი მსგავსია საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან. იტალიაში ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო ტურიზმის სექტორის ხელახალი ენერგიის შექმნა მას შემდეგ, რაც პრობლემები გვქონდა - მარტიდან მაისამდე. ბევრი რამის მიღწევა გახდა შესაძლებელი შენგენის სივრცის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენით. პარალელურად შემუშავდა ჯანმრთელობის სპეციფიკური ოქმები თითოეული ტურისტული საქმიანობისთვის და შესაბამისი ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა ჩვენს მთავარ ტრადიციულ პარტნიორებთან. შედეგები დამაიმედებელია, თუმცა ამ ზაფხულს სიტუაცია არ იქნება ისეთი კარგი, როგორც ადრე, პანდემიის დონის გამო, ჩვენს ზოგიერთ მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარზე.
კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა გავლენას მოახდენს საქართველო-იტალიის სავაჭრო ურთიერთობებზე. რა ზომები მიიღება აღნიშნულთან დაკავშირებით?
კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაცია გავლენას ახდენს ვაჭრობაზე გლობალური მასშტაბით, არა მხოლოდ საქართველოსა და იტალიას შორის. რეგულაციები, რომლებიც ორივე მხარემ მიიღო, საქონლის უსაფრთხო ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ვშიშობ, რომ გლობალური პანდემიის შედეგებმა უკვე უარყოფითად იმოქმედა მოხმარების დონეზე. ჩვენ მომართული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ზრდას ვაჭრობის სფეროში და თბილისში იტალიის სავაჭრო სააგენტოს „ფანჯრის“ ხელახალი გახსნა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ სტრატეგიის ნაწილია.
2008-2012 წლებში რუსეთში იტალიის საელჩოში მუშაობდით, ეს ის წლებია, როცა საქართველო-რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომლის შედეგადაც რუსული ჯარი კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე და განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებებს, რას ფიქრობთ თქვენ ამაზე, როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის მოგვარება?
მართალი ბრძანდებით. რუსეთში 2008 წლის აგვისტოში ჩავედი, როცა კონფლიქტი ახალი დაწყებული იყო და ვხედავდი იმ ნეგატიური განვითარებების დასაწყისს, რომელიც ახლა იკვეთება. ამ მიზეზების გამო მე არ ვუშვებ ხელიდან შესაძლებლობას, რომ აღვნიშნო, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, ვფიქრობ, რომ დღემდე გატარებული პოლიტიკა რაციონალურია: არაღიარების პოლიტიკა, ე.წ. საზღვრის ორივე მხრიდან მოსახლეობებს შორის საბაზისო კონტაქტების პოპულარიზაცია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური დამკვირვებლისა.
როგორ აფასებთ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და რა რეკომენდაციები გაქვთ შემოდგმომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის?
ჩემი აზრით, საქართველო აშკარად პროგრესირებს ევროპული და დასავლური ინსტიტუტებისკენ მიმავალ გზაზე. ეს ეხება როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური ცხოვრების რამდენიმე ასპექტს. მივესალმები საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც ნაბიჯს თამაშის წესებისკენ, რომლებიც ეხმიანება ფართო საზოგადოების მისწრაფებას და, შესაბამისად, წარმოადგენს წინსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით. რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ყველა პარტნიორისა და მეგობრის მოლოდინია, რომ ის ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტების დაცვით ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში.