3 minute read

გერმანიის ელჩი: საქართველოს შეუძლია ჰქონდეს სტაბილური დემოკრატია და ძლიერი საბაზრო ეკონომიკა - Diplomat Magazine

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრს აღარ საუბრობენ საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებზე, ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი და ევროკავშირთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა არსებულ რთულ ვითარებაშიც კი მიუთითებს ქვეყნის მზადყოფნისკენ წარმატების მისაღწევად. გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კვალდაკვალ „დიპლომატი“ ესაუბრა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის ხელმძღვანელობის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, განსაკუთრებით სტაბილური დემოკრატიისა და ძლიერი საბაზრო ეკონომიკის მისაღწევად. ინტერვიუში საუბარი ასევე შეეხო COVID-19–ით გამოწვეულ სირთულეებს, გერმანულ ინვესტიციებს საქართველოში, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.

გასულ თვეს გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი პრეზიდენტობა გადმოიბარა, რა ადგილს იკავებს აღმოსავლეთ პარტნიორობა გერმანიის პრეზიდენტობის პრიორიტეტებში?

Advertisement

როგორც ზოგადად, ისე ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოსავლეთ სამეზობლო გერმანიის საგარეო პოლიტიკაში მაღალი პრიორიტეტულობით სარგებლობს. ევროკავშირის ყველა პარტნიორთან ერთად ჩვენს დიდ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ვიხილოთ ამ რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარება, რომელიც გარდაიქმნება სტაბილურ დემოკრატიად და ძლიერ საბაზრო ეკონომიკად - ამის მაგალითად შეგვიძლია, დავასახელოთ ჩვენი ახლო მეზობლები - პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიჰყვეს ამ გზას.

რა როლი აქვს გერმანიას მსოფლიო არენაზე COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების დახმარების, ვაქცინებზე მუშაობის თუ სხვა მიმართულებით?

გერმანიამ და, ზოგადად, ევროკავშირმა ვირუსის პირველი ტალღა გაიარეს. დარწმუნებული ვარ, დისციპლინისა და სიფხიზლის წყალობით თავიდან ავიცილებთ მეორე ტალღას. მსოფლიოს ყველა ქვეყანა არ არის ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ვგრძნობთ, რომ დახმარების საუკეთესოდ მიწოდება შესაძლებელია მულტილატერალური ორგანიზაციების, მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამ მხრივ დიდი ძალისხმევით გამოირჩევა წითელი ჯვრის ორგანიზაციაც და მათი საქმიანობა საქართველოში ამის შესანიშნავი მაგალითია. ჩემი აზრით, ეს საქმე საჭიროებს და იმსახურებს სრულ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა შემუშავდება მეცნიერთა, კვლევითი ინსტიტუტებისა და კომპანიების ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელ მსოფლიოში თავიდანვე.

რა გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე?

გერმანულ – ქართული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემით ხასიათდება და ეს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებულად გაუმკლავდნენ კრიზისს ქართველები. ახლა ველი პირველი გერმანელი ვიზიტორების დაბრუნებას საქართველოში, თუნდაც ეს რიცხვი თავიდან მცირე იყოს. საქართველოსა და ევროკავშირს აშკარა გზა აქვთ აღებული - გლობალური კრიზისიც კი ვერ გამოიწვევს მათ.

როგორ იმოქმედა COVID-19-ის პანდემიამ საელჩოს მუშაობასა და თქვენს გეგმებზე?

სხვა ადამიანების მსგავსად ჩვენც შევეჩვიეთ სახლიდან მუშაობასა და ვიდეოკონფერენციებს. ჩვენ კვლავ დიპლომატები ვართ, მაშინაც კი, თუ ვერ ვმართავთ და ვესწრებით მიღებებს! მთავარია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენს პროექტებს.

გთხოვთ, გვიამბოთ მარნეულის მუნიციპალიტეტში თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტისა და იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც დაეხმარება დევნილ ოჯახებს უკეთესი საცხოვრებელი პირობების მიღებასა და დასაქმებაში.

ქვემო ქართლს ძლიერი ზიანი მიაყენა პანდემიამ. იგი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია, მრავალეთნიკური წარსულითა და აწმყოთი. მიხარია, რომ მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს მას. ჩემი ბოლო ვიზიტების დროს ბოლნისში შესანიშნავი რეგიონული მუზეუმის გახსნის მოწმე გავხდი და მოხარული ვარ, რომ აღდგენილია გერმანელების რამდენიმე შენობა, სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ. ბოლნისში დევნილთა ჩამოსახლება ამ მიმართულებით ხანგრძლივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია და, ასევე, ზრდასრულთა განათლების ცენტრები, რომელთა შექმნას გერმანულმა ორგანიზაციებმა შეუწყვეს ხელი, ერთ-ერთი მათგანი კოდაში მოვინახულე. მართლაც, სიამოვნებით ვხვდები დედაქალაქს გარეთ მყოფ ხალხს და ვხედავ, როგორ იყენებენ შესაძლებლობებს თავიანთი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა თბილისში მოღვაწე უცხოელ დიპლომატებს, ემოგზაურათ საქართველოს გარშემო ამ ზაფხულს. მჯერა, რომ თქვენი მისიის განმავლობაში უკვე ბევრგან ხართ ნამყოფი, შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენი საყვარელი ტურისტული მიმართულებები და რით მოგხიბლეს მათ?

ძალიან მარტივი იყო, ჩემი და ჩემი ოჯახის დარწმუნება, რომ მხოლოდ ერთი შვებულება კი არ გაგვეტარებინა საქართველოში, არამედ ერთი მეორის მიყოლებით. შაბათის მოგზაურობისთვის გვიყვარს ცივ-გომბორის უღელტეხილი კახეთში ან ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ახლა ცოტა მეტი დროით ვგეგმავთ რამდენიმე სერიოზულ ლაშქრობას ხევსურეთში. შემდეგი იქნება დასავლეთ საქართველო შავი ზღვის ლამაზი სასტუმროებითა და გურია-აჭარის გასაოცარი მთიანი რეგიონებით. ისევ და ისევ ჩემს აღფრთოვანებას იწვევს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები.

საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე გერმანული ინვესტიციაა, რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ისინი პანდემიის გამო და რომელ სფეროში ხედავთ დამატებით პოტენციალს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის?

ტურისტულმა კომპანიებმა მძიმე დარტყმა მიიღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მტკიცედ დაუბრუნდებიან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ზოგადად რომ განვიხილოთ, სიტუაცია არ იყოსხვა ქვეყნებთან შედარებით უარესი. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ ბიზნესდელეგაციების მასპინძლობას, რათა მათ შეისწავლონ შესაძლებლობები ევროკავშირის მახლობლად მდებარე ქვეყნებში ინვესტიციის განსახორციელებლად.

როგორ აფასებთ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორია თქვენი მოსაზრებები მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ?

ცვლილებებით დასრულდა დებატები, რომელიც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ისინი აღნიშნავენ გადასვლას სრულ პროპორციულ სისტემაზე, რომელიც გამოყენებული იქნება 2024 წლიდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ მშვიდობიან კამპანიას ხმის მიცემის წნეხის ან ბუნდოვანების გარეშე და საბოლოოდ - პლურალისტულ, ცოცხალ პარლამენტს.

This article is from: