4 minute read

არჩევნები COVID-19–ის დროს: გაკვეთილი პოლონური მაგალითიდან - Diplomat Magazine

COVID-19-ის პანდემიამ გავლენა იქონია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე. გამოწვევები აშკარაა, მაგრამ პანდემიის მკვეთრი გამოვლინებები ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილებები. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი სკეპტიკოსი და ოპტიმისტი მის ჩასატარებლად სხვადასხვა გზებს გვთავაზობს. პოლონეთში საქართველო პოულობს პრაქტიკულ მაგალითს, რომელიც სირთულეების მიუხედავად, უბიძგებს წარმატებული არჩევნების ჩატარებისკენ. რისი სწავლა შეუძლია საქართველოს პოლონეთის მაგალითიდან, რომ გააძლიეროს თავისი დემოკრატია ამ კრიტიკულ დროს? ამ და სხვა საკითხებზე პოლონეთის ელჩს საქართველოში, მარიუშ მასკიევიჩს, ვესაუბრეთ.

პოლონეთი ეკონომიკური თვალსაზრისით შედარებით კარგ მდგომარეობაშია, რადგან მან წარმატებულად შეძლო ვირუსის გავრცელების მართვა. ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კორონავირუსული პანდემიიდან გამოვიდეს უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე იყო. როგორ აფასებთ პოლონეთში არსებულ ვითარებას და რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია თქვენს ქვეყანას ამ კუთხით?

Advertisement

კორონა ვირუსის პანდემია, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება პოლონეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ექსპერტების, მათ შორის ევროკომისიის ანალიტიკოსების, აზრით, ეს ნაკლებად დამაზიანებელი იქნება, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორაევიჩმა, ცოტა ხნის წინ ხაზგასმით აღნიშნა თავის ბოლო ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა 16 ივლისის „The Daily Telegraphის“ მიერ: ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც დიდი ბრძოლებისა და შედეგების დრო. ჩვენი ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ არის ეპიკური ადამიანური ძალისხმევა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის, რომელიც მომდევნო თვეებში იქნება ეკონომიკის მოწყობისთვის პოსტპანდემიის ეტაპზე. სინამდვილეში ინფიცირების დონე პოლონეთში ძალიან დაბალია, დაახლოებით 1 000 შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე - ევროკავშირში მე-8 ყველაზე დაბალი და „დიდ“ და „საშუალო“ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, პოლონეთის მშპ 2020 წელს შემცირდება -4,6%-ით მთლიანი ევროკავშირის -8,3%-თან შედარებით. მოსალოდნელია, რომ პოლონეთის მშპ 2021 წელს 4,3%-იან ზრდას მიაღწევს.

როგორი ურთიერთთანამშრომლობა აქვს პოლონეთს საქართველოსთან პანდემიის დაწყებიდან დღემდე?

ჩვენ შევთავაზეთ პერსონალური დაცვის საშუალებები პოლონური დახმარების ფარგლებში - 7 ტონა სადეზინფექციო სითხე და სახის ფარი. შესაძლოა, ეს არ იყოს დიდი დახმარება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ძლიერი ურთიერთობის სიმბოლო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო ვიდეოკონფერენცია პოლონელსა და ქართველ სპეციალისტებს შორის, პოლონელმა ექიმებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ლომბარდიისა და ჩიკაგოს მისიებში, თავიანთი გამოცდილება და შედეგები გაუზიარეს ქართველ პარტნიორებს.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს კრიზისი პოლონეთისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე?

უახლოეს მომავალში ორივე ქვეყანაში უარყოფითი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ვაჭრობის გაცვლის მოკლევადიანი შემცირება შეიძლება მართლაც მოხდეს (დაახლოებით 18% წინა წელთან შედარებით). ამასთან, როგორც პოლონელი, ისე ქართველი მეწარმეებისთვის ეს კრიზისი შეიძლება იყოს საშუალება ახალი ბიზნესშესაძლებლობების მოსაძებნად და თანამშრომლობის გასაზრდელად გრძელვადიანი სარგებლის თვალსაზრისით.

მრავალი პოლონელი ტურისტი სტუმრობდა საქართველოს პანდემიის დაწყებამდე, თქვენი აზრით, რა იზიდავთ მათ ჩვენს ქვეყანაში? ჩვენი ქვეყნის რომელი ღირსშესანიშნაობებია ყველაზე მიმზიდველი პოლონელი ტურისტებისთვის?

წინა წელს დაახლოებით 90 000 ათასი პოლონელი ტურისტი ეწვია საქართველოს. ეს 21 000-ით მეტია 2018 წელთან შედარებით, 32%–იანი ზრდაა! დღეს მე ველოდები თბილისში მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ პოლონეთი დაამატონ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში (ისე, როგორც, მაგალითად, გერმანია, ლიტვა ან საფრანგეთი), რომ დაუშვას პოლონური LOT ავიახაზები და ფრენის სხვა ოპერატორები პოლონეთიდან საქართველოს აეროპორტებში. ჩვენ ცოტათი შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი გამოტოვებულია და უგულებელყოფილია 8 ივლისის გადაწყვეტილებაში. ორი მინისტრისგან მოვისმინე, რომ მალე პოლონეთი ამ სიაში განთავსდება. პოლონეთს უფრო ნაკლები ვირუსული მაჩვენებელი აქვს, ვიდრე გერმანიას ან საფრანგეთს. პოლონელ ტურისტებს საქართველოს ეკონომიკისთვის (ტურიზმის სექტორი) საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვთ. ტურისტების ნაკლებობა სერიოზული ზარალის მომტანია საქართველოს ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი პოლონელი ელოდება აქ ჩამოსვლას, რათა გარკვეული დრო გაატაროს თქვენს მშვენიერ რეგიონებში - ზღვისპირეთსა თუ მთებში.

ახერხებთ თუ არა მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით და რომლებია თქვენი საყვარელი ადგილები? გაქვთ რამე გეგმები ამ მხრივ ამ ზაფხულს?

აქ ყოფნის ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მე ვნახე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. ერთ კონკრეტულს ვერ გამოვყოფდი. ბევრი მათგანი მომწონს - სვანეთი, აჭარა, კახეთი და სხვ. განსაკუთრებით ძველი მონასტრები და ეკლესიები, კოშკები და ციხე-სიმაგრეები. მე მომწონს ბორჯომი და ბაკურიანი ისევე, როგორც გუდაური ზამთარში და საოცარი გარემო ყაზბეგში. თქვენი ქვეყანა მშვენიერია.

რა გავლენა იქონია პანდემიამ საელჩოს მუშაობასა და თქვენს გეგმებზე?

იძულებული გავხდით, ბევრი ღონისძიება, შეხვედრა და კონფერენცია გაგვეჩერებინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლონეთის საელჩო ასრულებს ნატოს საკონტაქტო პუნქტის როლს თბილისში და ამ ფუნქციას კიდევ ორი წლით შეასრულებს. ეს არის საქმიანობა საზოგადოებრივი დიპლომატიის სფეროში. საკარანტინო რეჟიმისა და Covid–19-ის გამო ჩვენ მოგვიწია ხილული აქტივობების შეჩერება, მაგრამ არ შევჩერდით სხვა ფორმით - მაგალითად, ვიდეოკონფერენციები, ვირტუალური შეხვედრები. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე სპეციალური გამოცემა, სტატია და წიგნი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ფასეულობების პოპულარიზაციის შესახებ პოლონური ისტორიის ჭრილში. რა თქმა უნდა, პანდემიამ ჩაშალა ჩვენი მრავალი გეგმა, მაგრამ ჩვენ არ დავკარგეთ დრო და ქართულ აუდიტორიასთან ურთიერთობა განვაგრძეთ კომუნიკაციის სხვა გზებით.

პოლონეთს ახლახან ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 10 მაისს, მაგრამ გადაიდო COVID19-ის პანდემიის გამო, რადგან საქართველო ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რას ურჩევდით ამ მხრივ?

პოლონეთმა არაერთ ზომას მიმართა (საფოსტო კენჭისყრა ყველასთვის, ვისაც პირადად ხმის მიცემის ეშინია, საარჩევნო უბნებში სანიტარული ზომების ჩატარება, "სწრაფი" რიგები 60 წელზე მეტი ასაკის პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა და ორსული ქალებისთვის), რამაც ხელი შეუწყო, ჩატარებულიყო უსაფრთხო და მოწესრიგებული არჩევნები. განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ჩვენ ახლადარჩეული პრეზიდენტი გვყავს - ბატონი ანდრიჟ დუდა მეორე ვადით, ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ჩვენ მივიღეთ ამომრჩეველთა თითქმის 70%-იანი აქტივობა. დემოკრატია პოლონეთში დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

This article is from: