3 minute read
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მოღვაწეობის წლებს აჯამებს - „საქართველოდან დადებითი ემოციებით სავსე მივდივარ" - Diplomat Magazine
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობამ შესანიშნავ სიმაღლეებს მიაღწია, საქართველოში ბრიტანეთის მოქმედი ელჩის, ჯასტინ მაკკენზი სმიტის, სტრატეგიული ხელმძღვანელობის წყალობით. ამ ინტერვიუში შევეცადეთ, აღგვებეჭდა გამორჩეული ბრიტანელი დიპლომატის საქართველოში მოღვაწეობის წლები.
საქართველოში თქვენი მისია 2016 წელს დაიწყო. აქ რომ ჩამოხვედით, ქვეყანასა და რეგიონს უკვე კარგად იცნობდით. რა იყო თქვენთვის ახალი და მოულოდნელი?
Advertisement
დიახ, გამიმართლა და საქართველოში სტუმრობის საშუალება ადრეც მქონდა, ამიტომ გამიხარდა და ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოში ელჩად დანიშვნა, მაგრამ ბოლო 4 წლის გამოცდილება ძალიან განსხვავებული იყო. ყველაზე მეტად გამოვყოფდი საქართველოში მცხოვრები ახალაგაზრდების ნიჭს, ენერგიასა და კრეატიულობას, რაც ჩემი თვალით მინახავს როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში სტუმრობისას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მომავალი ძალიან კარგ ხელშია.
რა შთაბეჭდილებებით ტოვებთ საქართველოს? გქონდათ თუ არა ისეთი გეგმები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელეთ. როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია მათზე?
მე და ჩემი ოჯახი ემოციებით ავსებულნი ვტოვებთ საქართველოს. ძალიან გაგვიმართლა და ოთხი დაუვიწყარი წელი გავატარეთ ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ცოტა დამწუხრებულებიც ვართ, რადგან ვტოვებთ ჩვენს მეგობრებს, სახლს და ჩვენს აქაური ცხოვრების წესს. თავისთავად, კოვიდ 19-ის პანდემიამ გარკვეული გეგმების განხორციელება შეაფერხა. ვწუხვარ, რომ ბევრ ადამიანთან ვერ ვახერხებ პირადად დამშვიდობებას, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისევ მომეცა საშუალება, საქართველოში მემოგზაურა. ვესტუმრე ინგლისურ-ქართულ არქეოლოგიურ ექსპედიციას ნოქალაქევში და ასევე ვეწვიე ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ველური ბუნების კონსერვაციას მდინარე რიონში. ამ ეტაპზე ვერ მოვახერხე თუშეთში წასვლა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი იმ ბევრი მიზეზებიდან, რის გამოც აუცილებლად კიდევ დავბრუნდებით საქართველოში.
როგორ შეაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს პანდემიის გამოვლენიდან, როგორი გამოწვევებია ვაჭრობის მიმართულებით და რა წუხილები აქვთ ბრიტანულ ბიზნესებს საქართველოში?
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ეს პანდემიის დროსაც ასე იყო. მთავრობებს შორის მუდმივად იყო დისტანციური გზებით კავშირი და ახლაც ვემზადებით შემდეგი უორდროპის სტრატეგიული დიალოგისთვის, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. საქართველოს მხრიდან პანდემიის ეფექტურმა მართვამ ბრიტანეთში გულწრფელი აღრფთოვანება გამოიწვია და მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით ამ ძალისხმევის მხარდაჭერა სხვადასხვა გზით. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთის მზარდი ბიზნესინტერესი საქართველოში, რომელიც პანდემიამდეც არსებობდა, აუცილებლად გაგრძელდება. საელჩოში გამუდმებით ვიღებთ დაინტერესებული ბრიტანული კომპანიებისგან შეკითხვებს. ბრიტანეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებსაც, იდეალური ჩარჩოა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
რა მოლოდინები გაქვთ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების მიმართულებით? როგორ აფასებთ მთელ პროცესს, დაწყებული კონსულტაციებიდან, დამთავრებული საკონსტიტუციო ცვლილებებით?
ივნისში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების საკითხი უკვე დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას. მივესალმები პროცესში მონაწილე ყველა მხარისა და ფასილიტატორის ძალისხმევას. ყველაზე მეტად კი ქართველ ხალხს ვულოცავ, ვინაიდან სწორედ მათი ნება და სურვილი იყო უფრო სამართლიანი და წარმომადგენლობითი დემოკრატიული სისტემის არსებობა. იმედი მაქვს, შემოდგომით არჩევნები მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და ისეთი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართება, რომლის მიმართაც ყველა მივიღვწით. საქართველოს 1919 წლის დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნებზე ხუთი ქალი პარლამენტარის არჩევა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო. 2020-ში პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამომრჩეველს საშუალება მისცენ, აირჩიონ ისეთი პარლამენტი, რომელიც უფრო წარმომადგენლობითი იქნება.
თქვენი მისიის განმავლობაში საქართველოს ბევრ რეგიონს ესტუმრეთ, დიდსა თუ პატარას. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? ემოციები, რომლებსაც თან წაიღებთ...
გამიმართლა და ამ ულამაზესი ქვეყნის ბევრი მხარე მოვინახულე, თუმცა ჯერ კიდევ არის რამდენიმე ადგილი, სადაც არ ვყოფილვარ და იმედი მაქვს, ერთ დღეს დავბრუნდები და ვესტუმრები. დაუვიწყარი იყო „მოძრავი საელჩოები“, რომლებიც „ბრიტანეთი/საქართველო 2019-ის“ სეზონის ფარგლებში გავმართეთ და ინგლისური ენის კლუბები, რომლებიც ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებენ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ ნებისმიერ გარემოში, სადაც მეგობრები, ახლად გამომცხვარი პური, ქართული კერძები და ქვევრის ღვინოა.
ურჩევთ თუ არა თქვენს მეგობრებს საქართველოში ჩამოსვლას? და რის მონახულებას ურჩევდით?
კი, რა თქმა უნდა. ძალიან გამიხარდა, რომ 2017 წელს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. ამის შედეგად ყოველწლიურად იზრდებოდა ბრიტანელი სტუმრების რაოდენობა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს ასე გაგრძელდება, როგორც კი საერთაშორისო მგზავრობა ისევ შესაძლებელი გახდება. მიხაროდა, როდესაც საქართველოს ჯადოსნური შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფ ჩვენს მეგობრებს ვხედავდი, როდესაც ისინი აქ პირველად ჩამოდიოდნენ. ძალიან ბევრ ადგილს გავუწევდი რეკომენდაციას. სულ ახალხან, ივნისში, რაჭაში პირველად ვიყავი და ნამდვილად დაემატება ჩემი რეკომენდაციების სიას.
ახალი ელჩი მალე ჩამოვა და შეუდგება საქმიანობას, რას ეტყოდით მას?
სამ რამეს: პირველი, მას თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში, არაჩვეულებრივი გუნდი ეყოლება. მეორე, ბევრი შესაძლებლობა და კეთილი ნებაა იმისათვის, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. დაბოლოს, მას მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე კარგი სამსახური აქვს!