5 minute read

მურატ თანსუს სტრატეგია: სასტუმროების წარმატებული მენეჯმენტი COVID-19-ის კრიზისის დროს

ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელიც COVID-19-ის ყველაზე მძიმე შედეგებს განიცდის ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაა. ეს საქართველოს ეკონომიკასაც დაეტყო, რომელიც მნიშვნელოვანწილად სწორედ ტურიზმს ეყრდნობოდა. თუ როგორ აისახა აღნიშნული გამოწვევები ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებზე, ამ საკითხზე „დიპლომატი“ ესაუბრა შპს „გლორიას“ დირექტორს, მურატ თანსუს, რომელიც მართავს სასტუმრო „ტიფლის პალასსა“ და „ტიფლის ვერანდას“ თბილისში და სასტუმრო „გრანდ გლორიას“ ბათუმში.

Advertisement

ბატონო მურატ, თქვენი წარმატების ისტორია საქართველოში სამაგალითოა მრავალი უცხოელისთვის, რომლებიც საქართველოში ბიზნესის კეთებას აპირებენ. როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გემუშავათ საქართველოში, როდესაც შეიძლებოდა, წასულიყავით სხვაგან, რაც მაშინ უფრო პერსპექტიული ჩანდა?

როდესაც პირველად მივიღე შეთავაზება საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე, აქ დიდხანს დარჩენას არ ვგეგმავდი, მაგრამ ეს ქვეყანა ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა. მე მიყვარს ეს ქალაქი და ჩემი საქმე აქ, უკვე თითქმის რვა წელია, საქართველოში ვმუშაობ და იმედი მაქვს, ეს კიდევ მრავალ წელს გასტანს. შემიძლია ისიც კი ვთქვა, რომ ბევრ ქართველზე მეტად მიყვარს თქვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, საქართველო სიცოცხლით სავსე, მწვანე ქვეყანაა, მზიანი, საოცარი ზამთრითა და თოვლით. მე მიყვარს ეს ყველაფერი. თქვენ იცით, როგორ ისიამოვნოთ ცხოვრებით, მაგრამ რაც მთავარია, ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოთ.

საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის სივრცეში ექსპერტი ხართ. თქვენ ასევე მართავთ საქართველოს ორ წამყვან სასტუმროს - ტიფლის პალასსა და გრანდ გლორია ბათუმს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველო მიმდინარე კრიზისს? რომელი საკითხები გაღელვებთ ყველაზე მეტად?

თავდაპირველად სასტუმროები განსაკუთრებულად არ დარდობდნენ, რადგან არ ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენზე დიდ გავლენას მოახდენდა. ეს არის ჩვენი პრობლემის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ ახლა ვიწყებთ მისი ეფექტების გააზრებას - განსაკუთრებით ფინანსების თვალსაზრისით. კომპანიების უმეტესობას ფული ჰქონდა ბანკებში, რომლითაც შეძლეს საქმიანობის გაგრძელება; მეც გამიმართლა, რომ ჩემი სასტუმროს განახლება გადავიფიქრე და თანხები შემოვინახე. ეტყობა, გულმა მიგრძნო, თუმცა დანაზოგი ყოველდღიურად კლებულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ბოლო კვარტალი და 2021 წლის პირველი კვარტალი ყველაზე რთული პერიოდი იქნება ჩვენთვის. ასე რომ, ამ დროისთვის ფინანსური შეზღუდვები გამკაცრდება, რადგან ამჟამად ფულადი ნაკადები და შემოსავალი არ არის.

თქვენი ამჟამინდელი სტუმრების უმეტესობა საქართველოდანაა?

დიახ, ისინი ძირითადად ქართველები არიან და ცოტა უცხოელებიც, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საელჩოებსა და უცხოურ კომპანიებში და ვერ ახერხებენ თავიანთ ქვეყნებში გამგზავრებას. მადლობელი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს „გრანდ გლორია“ ბათუმში, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასტუმრო საქართველოში. ჩვენ მიერ განხორციელებული კამპანია აღმოჩნდა წარმატებული, რადგან ვიღებთ მნიშვნელოვან შემოსავალს მისი მიმდინარე ოპერირებიდან.

როგორი სიტუაციაა ბათუმში? რამდენად განსხვავდება თბილისის სასტუმროსთან შედარებით?

თბილისი არის COVID-19-ით ყველაზე დაზარალებული ქალაქი. ბათუმი დატვირთულია და ჩვენი სასტუმრო „გრანდ გლორიაც“ მშვენივრად მუშაობს. ჩვენ დატვირთვის 80%-ზე მეტი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ დროში ის 95%-ს მიაღწევს.

როგორ აფასებთ კრიზისების მართვის ზოგიერთ ზომას, რომელიც მთავრობამ გამოიყენა?

მჯერა, რომ საქართველოს მთავრობამ დიდი საქმე გააკეთა. ისინი კომპანიებს უჭერდნენ მხარს. მათ შეამცირეს საშემოსავლო გადასახადებიც, მაგრამ კომპანიები არ უნდა ელოდონ ყველაფერს მთავრობისგან, რადგან მთავრობაც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ყველანი. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, ასე რომ, ის, რაც მათ გააკეთეს იმის გათვალისწინებით, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, დიდია. მე აღფრთოვანებული ვარ პრობლემების მოგვარების იმ გზებით, რომლებიც მათ გამოიყენეს, მიუხედავად სირთულეებისა. ახლა ისინი ცდილობენ საზღვრებისა და ეკონომიკის გახსნას, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება შემდეგში. არცერთ მთავრობას არ სურს, რომ მისი საზღვრები დაკეტილი იყოს და მისი ეკონომიკა დაზარალდეს; სიტუაცია რთულია მთავრობისთვისაც.

ეკონომიკის თვალსაზრისით, როგორ შეადარებთ სიტუაციას COVID-19–ამდე და ახლა? რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად და რომელ სფეროებზე უნდა იყოს ორიენტირებული?

საქართველოში სასტუმროს ბიზნესი ახლო მომავალში არ გამოიყურება კარგად, მაგრამ ის გაუმჯობესდება მომავალი ზაფხულიდან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი ფასები ისევ აიწევს, მაგრამ არავინ იცის, ეს როდის მოხდება, რადგან დღეს უფრო მეტი სასტუმროა. ჩვენს სასტუმროებში არავინ გაგვითავისუფლებია, რომ აღარაფერი ვთქვათ უხელფასო შვებულებებზე, რადგან ჭირშიც და ლხინშიც მე და ჩემი თანამშრომლები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. ასე რომ, მე მთელი ჩემი პერსონალი შევინახე და გავაგრძელე მათი ანაზღაურების გადახდა, ივნისის ბოლოდან კი დავიწყე სრული ხელფასების გაცემა. ბიზნესმენები ყველაფერზე მთავრობის იმედად ვერ ვიქნებით, ასე რომ, უმჯობესია, გავაკეთოთ კორექტირება და მოვერგოთ სიტუაციას. სამწუხაროდ, ბევრ სასტუმროს უჭირს COVID-19-თან გამკლავება, მაგრამ ჩემმა გამოცდილებამ, რომელიც თურქეთში ტურისტულ სააგენტოებში მუშაობისას დავაგროვე, პროაქტიური გამხადა. ასე რომ, მე ვფიქრობდი მარტივ კამპანიაზე, რომელიც საშუალებას მისცემდა ხალხს, ადრეული ჯავშნები გაეკეთებინათ „გრანდ გლორიაში“. ფასი თითქმის სასაცილო იყო, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად დაიანგარიშებთ, მიხვდებით, რომ ეს სტრატეგია ამართლებს. ერთადერთი ეფექტური სტრატეგია არის სიტუაციასთან ადაპტირება და მოთხოვნის შექმნა იქ, სადაც ის არ არსებობს. მთელი ეს პერიოდი მე და ჩემი თანამშრომლები ვმუშაობდით და ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. შედეგი სახეზეა, ყველაზე მაღალი შეფასებები TripAdvisor-სა და Booking.com-ზე. ახლა ყველამ იცის, რომ ის პირობები, რაც მათ თურქეთში ხვდებათ, უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. გრანდ გლორია ბათუმში ერთადერთი საკურორტო ტიპის სასტუმროა. დანარჩენები ქალაქის სასტუმროებია. ჩვენ შევქმენით იგივე შენობა, იგივე მომსახურება, იგივე სტილი და გამოცდილება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული.

ვფიქრობ, უკვე ვიცი, სად გავატარებ შვებულებას! მაინტერესებს, რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებული საჭიროებები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მკითხველს ასევე სურს, იცოდეს ის შეთავაზებები, რომლებიც თქვენ გაქვთ. გთხოვთ, გვიამბოთ ამის შესახებ.

15 ივნისს გავხსენით „ტიფლის პალასი“ და ვიყავით ერთ-ერთი პირველი სასტუმრო, რომელიც ადრე გაიხსნა. ჩვენ დავიწყეთ კამპანიები საქმიანი შეხვედრების ჩატარების მსურველთათვის, მაგრამ ისეთ შეზღუდვებს წავაწყდით, რომლებიც, მართალია, უკვე მოიხსნა, მაგრამ ახლა მოთხოვნა აღარ არის. „გრანდ გლორიაში“ გვაქვს სპეციალური ფასები და აქციები. „ტიფლის ვერანდას“ აქვს განახლებული მენიუ, რომლის კერძებსაც ქართველი მზარეულები ამზადებენ, რადგან გადავწყვიტე, ჩვენი კერძები და დესერტი ძირითადად ქართული გავხადო და მე ასევე მივმართე შესყიდვების განყოფილებას იმისთვის, რომ ამიერიდან მხოლოდ ქართული პროდუქტები გამოვიყენოთ. ამ გზით ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და იმედი მაქვს, რომ კრიტიკულ დროში სხვა სასტუმროები და კომპანიებიც მსგავსი სტრატეგიით იმოქმედებენ. ქართულ კერძებსა და დესერტზე უკეთესი საკვები არ არსებობს. ჩვენი ფელამუში და სხვა დესერტები ნამდვილად გემრიელია. მინდა, რომ ყველა ქართველი მოვიდეს და გასინჯოს ეს ყველაფერი. ასევე , რა თქმა უნდა, ტიფლის პალასი ღიაა საქმიანი შეხვედრებისთვის და მოგზაურთათვის საუკეთესო ადგილას ულამაზესი ხედებით აივნიდან, ბრწყინვალე მომსახურებითა და გარემოთი, ჩვენთან თბილისის საუკეთესო ხედებია.

ახლა, როცა თავად ვტკბები ამ ხედებით, არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. ჩემი ბოლო კითხვა ეხება ტურიზმს პანდემიის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად შეიცვლება?

არ მგონია, დიდად შეიცვალოს. გარდა იმისა, რომ გავაგრძელებთ რეგულაციებს, მაგალითად, ნიღბების ტარებასა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას, მაგრამ თვისობრივად ეს არ იქნება განსხვავებული. ვიცი, რომ შემოსავლებზე ეს დიდ გავლენას იქონიებს და იძულებულნი გავხდებით, შევამციროთ ფასები. ზოგადად, გვაქვს გარკვეული პროგნოზები, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ველით, განსაკუთრებით ეს ეხება რესტორნებში გასვლასა და გართობას. ხალხი ჯერ კიდევ არ გამოდის გარეთ, 9 საათის შემდეგ ბევრი მაინც სახლში მიდის, ბევრია სოფლებშიც. ფაქტია, ხალხი აღარ იმოგზაურებს დიდ მანძილებზე; არ მგონია, ვინმემ სამ საათზე მეტხანს ნიღბებით იმგზავროს. ეს ყველაფერი, ცხადია, იმოქმედებს ტურიზმზე, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

რამის დამატება ხომ არ გსურთ? ან რამე რჩევა ხომ არ გექნებოდათ?

მადლობას გიხდით, რომ დრო დამითმეთ. ყველა ბიზნესმენს ვურჩევ, შეეცადონ, შეამცირონ ხარჯები, რადგან ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციის გააზრების ეტაპზე, რომელიც იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება. ქართველები ერთად უნდა დადგნენ, რომ ერთად შეძლონ ამ გამოწვევების გადალახვა. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შეძლებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა, რადგან ვიცი, რომ ბევრმა დაკარგა სამუშაო.

This article is from: