4 minute read
ზურაბ აბაშიძე: წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაო გველის
საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები წლებია, წარმატებით ვითარდება, ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა მიმართულებით, თუმცა პოტენციალი უფრო დიდია და მხარეები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე, „დიპლომატის“ შეკითხვებს პასუხობს:
გასულ თვეში საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, როგორ შეაფასებთ აღნიშნულ შეხვედრას?
Advertisement
უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა მოგახსენოთ იმ ინტერესის გამო, რომელიც ჟურნალმა „დიპლომატმა“ გამოიჩინა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მიმართ და მივესალმო თქვენი გამოცემის მკითხველებს.
თავდაპირველად, მინდა ხაზი გავუსვა იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ქართველ და ყაზახ ხალხებს შორის. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ურთიერთობების ახალი ისტორია ასევე მდიდარია ურთიერთმხარდაჭერის მაგალითებით.
საქართველო დიდად აფასებს ყაზახეთის ხელისუფლებისა და მთლიანად საზოგადოების ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მაგალითად, საქართველომ მხარი დაუჭირა ყაზახეთს 2010 წელს ეუთო-ის თავმჯდომარის პოსტზე არჩევისას. ასევე, ჩვენი ქვეყანა არაერთგზის გამხდარა ყაზახეთის მიერ ინიცირებული გაერო-ის რეზოლუციების თანასპონსორი.
ინტენსიურად ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. წლებია, რაც ამოქმედდა და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს მოცემული მომენტისათვის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრას, ასევე ურთიერთქმედების პრაქტიკული ნაბიჯების შეთანხმებას. კონსულტაციების დროს ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ხედვებს ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გვაძლევს პოზიციების შეჯერების შესაძლებლობას.
ამჯერადაც თბილისის კონსულტაციების მსვლელობისას ჩვენ შევაჯამეთ განვლილი პერიოდის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ასევე, ვიმსჯელეთ იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რის გამოც ცალკეულ მიმართულებებზე ვერ მოხერხდა საკითხების გადაჭრა და დავსახეთ სამომავლო სამოქმედო გეგმა.
მაგალითად, წლის ბოლომდე საბოლოოდ შევათანხმებთ „საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2020-2021 წლების პროგრამას“.
კონსულტაციებზე ასევე შევთანხმდით, რომ დავიწყებთ მუშაობას 2020 წელს საქართველოში ყაზახეთიდან მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ორგანიზების მიმართულებით. კერძოდ, საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი ტლეუბერდის, საქართველოში ვიზიტის განხორცილებაზე.
ჩამოყალიბდა დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების ხელმ- ძღვანელების ვიზიტების გაცვლის კარგი ტრადიცია. ამ მხრივ მომდევნო წელიც არ იქნება გამონაკლისი და პრაქტიკული ხასიათის საკითხებზე დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
სულ რამდენიმე თვეა, რაც ყაზახეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს ორმხრივ ურთიერთობებზე და თუ მუშაობთ მის საქართველოში მოწვევის საკითხზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, ქართველ და ყაზახ ხალხებს მრავალი წლის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდათ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ბ-ნ ნურსულთან ნაზარბაევს. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბ-ნი კასიმ ჟომარტ ტოკაევი, გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობის კურსს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს დაწყებული და ახალი ერთობლივი რეგიონული თუ გლობალური პროექტების განხორცილებაში.
ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური კონსულტაციების ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნი ტოკაევის, ვიზიტი წარმოადგენდა. ჩვენ და ყაზახმა კოლეგებმა ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი ვიზიტის განხორცილება უმნიშვნელოვანესია და უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები მძლავრ იმპულსს მისცემს ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აყვანას.
როდესაც საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს სავაჭრო ურთიერთობები, ყაზახეთის ელჩი საქართველოში ფიქრობს, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია და ამაზე ორივე მხარემ აქტიურად უნდა იმუშავოს; თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რა უშლის ხელს უფრო მეტი ყაზახი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში და პირიქით - ქართველი ბიზნესმენების საქმიანობის გაფართოებას ყაზახეთში? რა უნდა გაკეთდეს ამის სტიმულირებისთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ამჟამინდელი დონე საკმაოდ მაღალია. შექმნილია და უკვე მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებს მთავრობათაშორისი ორმხრივი ეკონომიკური კომისია, რომელიც თანამშრომლობის ხელშეწყობის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს. ჩვენ საკმაოდ სოლიდური სახელმწიფოთაშორისი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა გაგვაჩნია. ხელმოწერილია 80-ზე მეტი ხელშეკრულება და შეთანხმება. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით საქონელბრუნვამ შეადგინა 77.158 მლნ. აშშ დოლარი. საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
საქართველოსა და ყაზახეთის პოზიციები თანხვედრაშია ახალი აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობასთან დაკავშრებით. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ TRASECA-ს პროექტისა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში. ეს უკანასკნელი შეიქმნა 2013 წელს, ხოლო 2018 წლიდან იგი ცნობილია როგორც Middle Corridor. ამასთანავე, ვიზიარებ ჩემი კოლეგის შეფასებას, ჩვენს ურთიერთობებს ნამდვილად მდიდარი პოტენციალი გააჩნია. თუმცა ამ მოვლენას დადებით კონტექსტში განვიხილავ. დრო იცვლება და მასთან ერთად ჩნდება ახალი გამოწვევები. ცხოვრება გვისახავს ახალ ამოცანებს და ჩვენგან ითხოვს ახალ მიდგომებს მათ გადასაჭრელად. მთავარია, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება და ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს სულისკვეთება სუფევდა ორმხრივი კონსულტაციების დროს, რასაც ჩემი კოლეგის სიტყვებიც ადასტურებს.
ჩვენ ვთავაზობთ ყაზახ მეგობრებს, უფრო ინტენსიურად გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო საშუალებები და გაზარდონ ტვირთების მოცულობები. მათ შორის საუბარია ნავთობპროდუქტებზე.
გარდა ამისა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ ინოვაციების სფეროში თანამშრომლობით. მაგალითად, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ICT და R&D კომერციალიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ჩვენი აზრით, პერსპექტიულია თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო მისიებისა და სტარტაპებისთვის pitching სესიების ორგანიზების კუთხით, ასევე ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროგრამების (H2020, etc.) ფარგლებში. საქართველო მზად არის ტექნოლოგიურ პარკში მოიწვიოს პოტენციური პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ასევე დაინტერესებულები ვართ, ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებსა და ინოვატორებს ყაზახეთის ბაზარზე შესვლაში.
რა თქმა უნდა, მივესალმებით ყაზახურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახ მეგობრებს, უფრო თამამად შემოვიდნენ საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე.
მიუხედავად ინტენსიური ფრენებისა ყაზახეთის 4 ქალაქიდან და მიუხედავად ყაზახ ვიზიტორთა 25%-იანი ზრდისა გასულ წელს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივაც პოტენციალი უფრო დიდია, ვიდრე დღევანდელი მოცემულობა, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?
2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემით ყაზახეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 63,9%-ით. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყაზახეთიდან ტურისტებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები განსაკუთრებულად იზიდავს. მოახლოებული ზამთარი სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენი მთიანი რეგიონები მასპინძლობენ მრავლად ჩამოსულ ტურისტებს. თუმცა გეთანხმებით, თანამშრომლობის ეს მიმართულებაც ძალიან პერსპექტიულია და წინ ბევრი სამუშაო გველის.
საელჩოს საქმიანობაზეც რომ ვისაუბროთ, რომელ მთავარ მიღწევას გამოყოფდით თქვენი ელჩად დანიშვნის შემდეგ?
თქვენს კითხვასთან დაკავშირებით მახსენდება დიპლომატებში გავრცელებული ერთი სახუმარო გამონათქვამი. ელჩის მივლინება უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ საზღვარგარეთ დიპლომატიური როტაციის განმავლობაში განხორციელდა თავისი ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ამ მხრივ მე გამიმართლა, 2017 წლიდან დღემდე ყაზახეთში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, ვიზიტები. 2010 წლის შემდეგ, საქართველოს უკვე ახალი მთავრობის პირობებში, გაიმართა საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, ვიზიტი. ასევე, სხვადასხვა დროს ყაზახეთს სტუმრობდნენ საქართველოს ვიცეპრემიერები. როგორც უკვე მოგახსენეთ, რეგულარულ ხასიათს ატარებს დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელების გაცვლითი ვიზიტები. ყაზახეთში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, რამდენჯერმე განხორცილდა ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტი. ყოველივე ეს მეტყველებს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად თბილ, მეგობრულსა და საქმიან ურთიერთობებზე. თუმცა, მიუხედავად „დიპლომატიური გამონათქვამისა“, ამით ჩვენი საელჩოს გეგმები არ ამოწურულა. პირიქით, წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაო გველის.
დაბოლოს, თქვენს პირად გამოცდილებაზეც გკითხავთ, თქვენ პირველად ხართ ელჩის რანგში, რამდენად რთული იყო საჯარო მოხელისა და პოლიტიკოსის კარიერის შემდეგ დიპლომატიური სამსახური? როგორ მიეჩვიეთ ყაზახეთსა და მანდაურ ცივ კლიმატს? რას ეტყოდით ქართულ დიასპორას ყაზახეთში?
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო მოხელისა და პოლიტიკოსის გამოცდილებამ გამიადვილა ადაპტაციის პერიოდი. თუმცა, ჩემი აზრით, დიპლომატიური სამსახური იმდენად საინტერესო და სპეციფიკურია, რომ კარიერული დიპლომატიც კი ვერ დაიტრაბახებს, რომ მისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიის ყველა საიდუმლო ცნობილია.
მსურს, ვისარგებლო მოცემული შესაძლებლობით და განსაკუთრებულად აღვნიშნო ჩვენი სათვისტომოს მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხში. აქ მცხოვრები ქართველები მაღალი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობენ ყაზახეთის საზოგადოებაში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გვეხმარება ჩვენ და ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.
ხოლო რაც შეეხება თქვენს კითხვას კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით, ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუმცა გულახდილად გეტყვით - კლიმატს ადამიანებს შორის ურთიერთობები ქმნის. აქ კი ქართველებისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებაა.