6 minute read

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი ათვისება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ეკონომიკას

თამაზ ჩხიკვიშვილი, ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, ამჯერად ყაზახეთში აფართოებს სტრატეგიულ ბიზნესშესაძლებლობებს. ამ ინტერვიუში ჩხიკვიშვილმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც მათი ძალისხმევა არის კონცენტრირებული და იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველოს ამ სფეროებში მიღწეული წარმატებები მოუტანს.

30 წელია, ბიზნესსაქმიანობას ეწევით, ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით ბიზნესგარემოს საქართველოში?

Advertisement

ძალიან ბევრი რამ შეიცვალა 30 წლის განმავლობაში, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა 30 წლის წინანდელ ბიზნესგარემოსა და დღევანდელ ბიზნესგარემოს შორის. ქართულმა ბიზნესმა ძალიან რთული გზით იარა, ბევრი წნეხი გადაიტანა. ის, რაც ხდებოდა იმდროინდელ საქართველოში, აუცილებლად აისახებოდა ბიზნესზეც. თუ დღევანდელობით ვიმსჯელებთ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს ბიზნესი სრულიად თავისუფალია, ვინაიდან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს სასურველი მიმართულება ბიზნესში, არაფერს უშლიან, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესი კარგად აეწყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის საჭიროა ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ამ მიმართულებით დასახვეწიც შეიძლება ბევრი ჰქონდეს. თუმცა მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დღეს ნებისმიერ პიროვნებას, არა მარტო საქართველოს მოქალაქეს, არამედ უცხოელსაც, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება, ყველა პირობა გააჩნია ამისთვის, რაშიც ხელისუფლება ძალიან დიდ როლს თამაშობს.

რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები?

ჩვენი ბიზნესსაქმიანობის ამჟამინდელი ძირითადი მიმართულება, შეიძლება ითქვას, ოცნება, ისაა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად დავისახეთ. პროექტი ეხება ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენებას და მის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სულ ორი, ფოთის და ბათუმის პორტი და მხოლოდ ნავთობპროდუქტებზე მომუშავე სუფსისა და ყულევის ტერმინალებია. სამწუხაროდ, ჩვენი ქართული პორტები ეფექტურად ვერ პასუხობენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც, ნებისმიერი რაოდენობისა და სახეობის ტვირთის გატარებას ესაჭიროება. ჩვენი პორტების დაბალი სიღრმეები თუ სხვა პრობლემები ხელს უშლის საქართველოს, გამოიყენოს თავისი ძირითადი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება აბრეშუმის გზა, ჩვენი კორიდორი, რომელმაც წესით უნდა შეამოკლოს გზა და გააიოლოს ტვირთების აზიის ქვეყნებიდან, შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით მოკლე დროსა და ტვირთმფლობელებისათვის სასურველ ფასებში გადატანა. ამ იდეას ემსახურება ჩვენი პროექტიც ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენების თაობაზე. ჩვენი პატრნიორია - მსოფლიოში ცნობილი „მაერსკის“ შვილობილი კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს საოკეანო და საზღვაო გადაზიდვების საქმეში . ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ ამ პროექტს და ვიმედოვნებთ, რომ მშენებლობა დაიწყება მომავალ წელს და უახლოეს ორ-სამ წელიწადში გვექნება შესაძლებლობა, პირველი გემები მივიღოთ.

ბიზნესსაქმიანობას მხოლოდ საქართველოში ეწევით თუ სხვა ქვეყნებშიც აფართოებთ?

სწორედ ამ პროექტმა განგვაწყო იმისთვის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელთათვისაც მისაღებია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და მათ გეგმებში შედის საქართველოს პორტებით სარგებლობა, დაგვეწყო პარტნიორების ძებნა. აი, ამან მიგვიყვანა ისეთ დიდსა და მძლავრ ქვეყანასთან, როგორიც არის ყაზახეთი. მალე მესამე წელი დაიწყება, რაც ჩვენი ბიზნესაქტივობები გავრცელებული გვაქვს შუა აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ძირითადად კონცენტრირებული ვართ ყაზახეთში. ჩვენი მიზანია, მომავალ პარტნიორებს ნათლად ავუხსნათ ჩვენი პროექტისა და მისი საჭიროების შესახებ. მოგეხსენებათ, ხატოვნად ამბობენ, რომ მთელი მენდელეევის ცხრილი წარმოდგენილია ყაზახეთში, ეს არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა და მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული, რომ ისარგებლოს ჩვენი კორიდორით, მისმა ტვირთებმა თავი მოიყაროს ფოთისა და ბათუმის პორტებში და აქედან იქნეს გადატვირთული ევროპისა და სხვა მიმართულებით.

ერთ ფაქტორსაც მინდა გავუსვა ხაზი - დღეს ძალიან ბევრი კონკურენტული მარშრუტი კეთდება სწორედ ამ რეგიონში, რუსეთის ფაქტორი დომინირებს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ტვირთმა არ გადაინაცვლოს სხვა კორიდორების, თუნდაც ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჰაერივით საჭიროა, ჩვენს ყაზახ ბიზნესმენებს ჰქონდეთ ალტერნატივა, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულებით გაუშვან ეს ტვირთები. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ისეთი ტვირთები, როგორიცაა ხორბალი, ნახშირი, სხვადასხვა ნედლეული, მადნეული, ლითონის პროდუქცია და შავი ლითონის ჯართი, რომელიც უხვად არის ყაზახეთში და დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, რუსეთის მარშრუტით და რუსეთის ტერიტორიიდან ხვდება ევროპაში. ყაზახები ძალიან არიან დაინტერესებულნი ჩემ მიერ ჩამოთვლილი პროდუქციის ექსპორტით, რადგან ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ ქვეყანაში ჭარბი ოდენობის მარაგი რჩებათ, ამიტომაც სურთ, ნახონ ალტერნატიული მარშრუტები. სწორედ ამ იდეამ ჩაგვიყვანა ამ ქვეყანაში, შევქმენით იქ ჩვენ ინფრასტრუქტურა და ვთვლით, რომ წარმატებულად ვსაქმიანობთ ბოლო წლების განმავლობაში.

არ შემიძლია ამ კონტექსტში არ შეგეკითხოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ, რომელიც ლოგიკურად აღქმული უნდა იყოს, როგორც სატრანზიტო ტვირთების კონკურენტი მიმართულება.

რაც შეეხება აღნიშნულ მარშრუტს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ეს მარშრუტი საწყის ეტაპზე ძირითადად გამოყენებული იქნება კონტეინერებისათვის და არასაკონტეინერო ბრუნვაზე ქართულ პორტებში დიდ გავლენას ვერ იქონიებს. ეს პროექტი, ჩემი ვარაუდით, გათვლილია ძირითადად თურქეთის ვაჭრობაზე შუა აზიის ქვეყნებთან. ქართული პორტების მეშვეობით გაწეულმა მომსახურებამ უნდა მოიცვას შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების ვაჭრობა ევროპასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და შორეულ აღმოსავლეთთან.

რატომ დაინტერესდით ყაზახეთით და უშუალოდ რა გეგმები გაქვთ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით?

ხშირად წლების განმავლობაში იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა ტარიფების შეჯერება რეგიონის ორ ქვეყანას: ყაზახეთს და აზერბაიჯანს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, ეს უშლიდა ხელს ბიზნესს, რომ ძალიან ბევრი ტვირთი, რომელიც იწარმოება ყაზახეთში, დაძრულიყო კასპიის ზღვის გავლით, ჩამოსულიყო საქართველოში და შემდეგ მისწოდებოდა შორეული აღმოსავლეთის თუ ევროპის ქვეყნებს, ხშირად ჭარბობდა ამბიციები სხვადასხვა მხრიდან და, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, როგორც აღვნიშნე, ეს თემები იყო დაულაგებელი, დღეს უკვე ყველა ჯერდება იმ აზრზე, რომ მხოლოდ ბუნებრივი რესურსების, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ხარჯზე არ შეიძლება ცხოვრების გაგრძელება და, აი, სწორედ ეს ქვეყნები ეძებენ ნებისმიერ გზას, სადაც უფრო ეფექტური გახდება მათი ბიზნესსაქმიანობა.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზეზი არის კონტაქტების დამყარება სხვადასხვა სამსახურთან, ტვირთმფლობელებთან, რომ ჩვენ გავხდეთ ამ დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი ან, უფრო სწორად, დამაგვირგვინებელი რგოლი, ვინაიდან იმ პროექტის მეშვეობით, რომელსაც ვაკეთებთ, ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დიდი გემებით, რის საშუალებასაც

მოკლებულია საქართველო დღეს, ყაზახეთში წარმოებული პროდუქცია თუ ტრანზიტული ტვირთი ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ჩვენ მიერ იქნება გადაზიდული და, საბოლოო ჯამში, ამ დიდი გემებით მივიტანთ დანიშნულების ადგილამდე. აი, ამ ინფორმაციის მიწოდებით ვართ დაკავებული. ლოგისტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ლოგისტიკა ხშირად წყვეტს ბიზნესმიმართულების ბედს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალისხმევით ჩვენი პორტები მზად იყოს დიდი ოდენობით სატრანზიტო საქონლის მისაღებად, პორტებში გადასამუშავებლად და დიდი გემებით გასაშვებად სხვადასხვა შორეული მიმართულებით. ჩვენი მეგობრების ძალისხმევა როგორც ყაზახეთში, ისე აზერბაიჯანში პასუხობს ამ მოთხოვნებს.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობა მსოფლიოში ცნობილ ისეთ კომპანიასთან, როგორიც აიპიემ ტერმინალია, რომელიც ფოთის პორტის ერთპიროვნული მმართველია, ნიშნავს იმას, რომ შენს კომპანიას გააჩნია იმიჯი, გააჩნია ავტორიტეტი და ეს ნათელი ხდება მაღალი რანგის ბიზნესმენებისთვის მათთან საუბრის დროს. ჩვენ კარგი პირადი კონტაქტები გვაქვს იმ საწარმოს ხელმძღვანელებთან, რომლებიც ქმნიან ამინდს თავიანთ დარგში. მე მქონდა შესაძლებლობა, მიწვეული ვყოფილიყავი კასპიის ზღვის

სანაოსნოს საიუბილეო დღესთან დაკავშირებით ბაქოში, სადაც თავი მოიყარა აბსოლუტურად ყველა გადამზიდავმა, ყველა ლოგისტიკურმა კომპანიამ, ასევე მქონდა საშუალება, რომ ურთიერთობა დაგვემყარებინა ყაზახეთის რკინიგზის სამსახურის მაღალ ეშელონთან და მიგვეწოდებინა ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაცია. ასევე მერგო პატივი, რომ შევხვედროდი ყაზახეთის ახალ პრეზიდენტს ქალაქ ნურსულთანში და ვრცლად მესაუბრა ჩვენი საინვესტიციო გეგმების შესახებ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი, კონსორციუმი, ჩვენი პროექტები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ყაზახეთში ჩვენს საქმიანობას, მხარდაჭერილ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის მხრიდან.

რა იყო ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანი და რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული შეხვედრა თქვენთვის?

ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი გეგმების შესახებ ვრცლად გვესაუბრა და მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილობა დატოვა ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრამ არა მარტო იმიტომ, რომ დრო გამონახა ჩვენთან შეხვედრისთვის, არამედ იმის გამო, რომ მან ყოვლისმომცველი და ამომწურავი კითხვები დაგვისვა თავის ქვეყანაში ჩვენი ბიზნესაქტოვობის ასპექტებზე. ძირითადად საუბარი იყო კასპიის ზღვის გავლით ტრანზიტულ გადაზიდვებზე, ასევე ჩვენს ზოგიერთ ინიციატივაზე, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე გაგვეკეთებინა ინვესტირება, ჩვენ უკვე მესამე წელია, რაც ყაზახეთში ვართ, გვაქვს კომპანია შექმნილი, გვაქვს ხელშეკრულებები დადებული, მაგალითისთვის, ყაზახეთის ძირითადი საზღვაო ქალაქის, აქტაუს, ორივე პორტთან. ჩვენ გვაინტერესებდა მისი ხედვაც, როგორც შედარებით ახალი პრეზიდენტის, და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმ პროგრამით, რომელიც მოვისმინე ამ შეხვედრის დროს არა მარტო ბიზნესის, არამედ ზოგადი ხედვების შესახებ და ეს შეხვედრა, ეს რეკომენდაციები გამოგვადგება ჩვენს ბიზნესსაქმიანობაში.

როგორ შეაფასებთ ყაზახეთ-საქართველოს სავაჭრო ბიზნესურთიერთობებს და როგორ ხედავთ განვითარების პოტენციალს?

საკმაოდ დინამიკურად ვითარდება ქართულ-ყაზახური ბიზნესურთიერთობები, ამაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ყაზახეთში საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ აბაშიძე, ალბათ, გამოვხატავ საერთო აზრს ყველა ქართველი ბიზნესმენისა, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც მიუმართავს ჩვენი საელჩოსთვის ამ ქვეყანაში, პირადად ელჩი და მისი თითოეული თანამშრომელი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუწყონ კონტაქტების დამყარებას ქართველსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის, მისცენ რჩევები და დაეხმარონ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარებაში. ასევე საპატიო კონსულის რანგში ჩვენი თანამემამულე, ბატონი შოთა ჯახუტაშვილი, რომელიც თუ არ ვცდები, უკვე 30 წელიწადია, ყაზახეთის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ ბიზნესსექტორთან, ისე ყაზახურთან და ხელს უწყობს ამ ვიზიტების განხორციელებას. მას დიდი ავტორიტეტი გააჩნია ყაზახეთის რესპუბლიკაში და ერთგვარ „ხიდს“ წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი კავშირების დამყარების საქმეში. მე ძალიან ბევრი ქართველი ბიზნესმენი გავიცანი ყაზახეთში, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა დარგში, ეს არის სავაჭრო ბიზნესი, სატრანსპორტო ბიზნესი, კვება, მრეწველობა თუ სხვა.

ასევე თქვენ, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი წელიწადია, თუ მეტი არა, განსაკუთრებული ბუმია ყაზახი ბიზნესმენებისა საქართველოში. ერთ-ერთი ჩვენი პორტი, ბათუმის პორტი, ხანგრძლივი იჯარის ვადით აქვს აღებული ერთ-ერთ ყაზახურ კომპანიას, ეს უკვე მრავლისმეტყველია, თქვენ იცით, რომ ყაზახი ბიზნესმენები აბანდებენ თანხებს უძრავ ქონებაში, კონკრეტულად ბათუმში, თბილისშია ძალიან ბევრი ინვესტიცია, მშენებლობის დარგში. თუ მიადევნებთ თვალს, დაახლოებით ხუთი პირდაპირი რეისია კვირის განმავლობაში ალმათიდან, ნურსულთანიდან და აქტაუდან. მე ხშირად მიწევს მგზავრობა და თვითმფრინავის სალონში სულ ყაზახებს ვხედავ, ერთი-ორი თუ იქნება ქართველი. ამიტომ პერსპექტივა ძალიან დიდია, ძირითადი მიმართულება კი, თუ უმთავრესი არა, ალბათ, არის ის, რასაც მოიცავს ჩვენი კონსორციუმის - „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის" საქმიანობა, რომ ჩვენ ამ უზარმაზარ ქვეყანას და მისი საკუთარი თუ სატრანზიტო ტვირთების საქართველოსკენ მოდინებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ ქართული პორტები, ქართული რკინიგზა იყოს დატვირთული - ეს ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ამ ფაქტორებს შემოაქვს ბიუჯეტში ფული და ამ სატრანზიტო პოტენციალით ქვეყანა დგამს ფართო და წინმიმავალ ნაბიჯებს. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი არის სატრანსპორტო სფეროში მოღვაწეობა, თუმცა ერთიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სხვა პოტენციალიც უნდა გამოვიყენოთ - პირველ რიგში, ამის მიზეზს გვაძლევს სიყვარულით გამორჩეული ყაზახი ერი, ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ისინი სიმპათიებით არიან განწყობილნი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ დამოკიდებულებამ სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც დღეს არც ისეთ მაღალ ნიშნულზეა, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

დაბოლოს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენს უდიდეს პატივისცემას იმსახურებს გმირი ყაზახი ხალხი, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე. ამასთან დაკავშირებით მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მივულოცო ყაზახ ხალხს, ჩემს მეგობრებსა და პარტნიორებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის მორიგი წლისთავი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მომავალ 2020 წელს.

This article is from: